შაბათს, მთიანი ყარაბაღის ზონაში კონფლიქტის გამოწვევასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების უმოქმედობის გამო ერევანში საპროტესტო აქცია მოეწყო. რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო “სომხეთი მარიოტის” შენობასთან, იქ სადაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების პრეს-კონფერენცია იმართებოდა, ხალგაზრდობა შეიკრიბა და ეუთოს მინსკის ჯგუფის პასიური მოქმედებები გააპროტესტა. მათი შეკრების მთავარი მიზანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა იყო.
ორი აპრილის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. კონფლიქტის ესკალაციაში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოფიციალურმა ბაქომ განაცხადა, რომ ცეცხლი სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს. ერევნიდან გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ოთხდღიანი ომის შედეგად მსხვერპლი ორივე მხარეს იყო, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმება 5 აპრილს, მოსკოვში გაფორმდა, თუმცა მხარეები საბოლოოდ მაინც არ შერიგებულან. ორივე მხრიდან ვრცელდება განცხადებები, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან ადამიანები, რომლებიც სოციალურ და მედია-პლატფორმებზე სანდო ინფორმაციის გავრცელებას საკუთარ თავზე იღებენ. მათი თქმით, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთელს საზღვარზე, აზერბაიჯანის მიერ 2 აპრილს წამოწყებულმა ომმა, ხოლო შემდგომ მყიფე შერიგებამ, კონფლიქტის მოგვარებაში ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო.
“ვხედავთ საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ ზოგიერთი საერთაშორისო სტრუქტურისა და ქვეყნის დამნაშავეობრივ დუმილს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები რეგულირების პროცესსში. არანაკლებ დამნაშავეობრივია სომხეთის, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის მხარეების მოქმედებების გათანაბრების მცდელობა”, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
როგორც საორგანიზაციო ჯგუფის მონაწილე მარინე მანუჩარიანმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, მიტინგი საგანგებოდ მოეწყო, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ერევანში ვიზიტთან დაკავშირებით. “მთელი მსოფლიოს ყურადღება დღეს, აქეთკენაა მიმართული. გადავწყვიტეთ, ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო რეგულირების პროცესში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, 7-8 პუნქტისგან შემდგარი მკაფიო გზავნილი შეგვედგინა, რაიც facebook-ის ჩვენს გვერდზე ხანგრძლივი მსჯელობის შედეგია”.
მარინე მანუჩარიანის თქმით, მსგავსი აქციების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ არასოდეს იცი, რომელი აღმოჩნდება გადამწყვეტი. თუმცა, დარწმუნებულია, რომ ყველა მსგავსი აქცია, თავის წილს შეიტანს არსებული ვითარების მოგვარებაში.
«კაცობრიობას დღეს მშვიდობა აკლია. ჩემთვის მშვიდობა ის არის, რომ საკუთარი ოჯახის გამო არ მეშინოდეს, არ ვფიქრობდე, რომ საზღვარზე საშიშროება არსებობს, არ ვხტოდე მოულოდნელი ხმაურის გამო. ბავშვობა ომში გავატარე და ნამდვილად არ მსურს იგივე განვიცადო».
საპროტესტო აქცია, დაღუპული სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის საპატივსაცემოდ წუთიერი დუმილით დაიწყო. ამის შემდეგ ორგანიზატორებმა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისთვის მომზადებული გზავნილი წაიკითხეს.
მიტინგის მსვლელობისას გაირკვა, რომ პრეს-კონფერენციის ჩატარების დრო გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო. აშშ-ს საელჩომ სომხეთში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, აქციის მიმდინარეობისას ადგილიდან შორს ყოფილიყვნენ.
მომიტინგეებს ერევნის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი ოსიპანიანმა სთხოვა, კანონის ფარგლებში ემოქმედათ და თავიანთ რიგებში არასამართლებრივი მოქმედებები არ დაეშვათ.
სომხეთში არსებულ საფრანგეთის, რუსეთის ფედერაციის, აშშ-ს საელჩოებთან, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების პრეს-კონფერენციის გამართვის ადგილთან, აქციის მონაწილეებს პოლიციელების კორდონი დახვდათ.
ლოდინის ოცდამესამე წუთზე, აქციის მონაწილეებთან, საფრანგეთის საელჩოდან ჟანდარმი გავიდა და მიმართვის ტექსტი გამოართვა, თავის მხრივ კი დაჰპირდა, რომ ზემდგომ ხელმძღვანელობას გადასცემდა.
სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის საელჩოს წარმომადგენელი, აქციის მონაწილეებთან არ გასულა.
აშშ-ს ელჩმა სომხეთში რიჩარდ მ. მილს უმცროსმა პრეს-კონფერენციის დაწყებამდე აქციის სამი ორგანიზატორი მიიღო და მათი მოთხოვნები მოისმინა.
P.S. ამ დღეებში მთელი სომხეთის მასშტაბით ბევრი ადამიანი მოხალისედ ეწერებოდა ჯარში. გორისის მკვიდრი, 22 წლის ნელი მინასიანი რამდენიმე დღის განმავლობაში მოხალისედ წინა ხაზზე იმყოფებოდა. “მოხალისედ წასვლა ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს. მე წავედი საბრძოლველად და იმისთვის, რომ აზერბაიჯანისთვის ხელი შემეშალა ნაბიჯის გადმოდგმაში. მსგავსი აუცილებლობა მომავალშიც რომ წარმოიშვას, კვლავ წავალ და ბოლომდე წინა ხაზზე ვიდგები. მშვიდობა ის არის, როდესაც დედები შვილების გამო არ ტირიან და თავიანთ ვაჟებს მიწას არ აბარებენ. დღეს სწორედ ამისთვის ვიბრძვი. მწამს, რომ ერთობა, ერი და სამშობლო – წარმატების საწინდარია”.
მოამზადა არმინე აგარონიანმა
Lina Levine-ის ფოტოსურათები