საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 142 ადამიანია რეგისტრირებული. აქედან 4 392 შემთხვევა 0-დან 15 წლამდე ბავშვია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2021 წლის მონაცემების თანახმად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე, 25 წლის ზემოთ ასაკის 71 525 შემთხვევიდან 38 598 კაცია, ხოლო 32 927 – ქალი. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის. კლასიფიკაცია ასეთია: ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით – 11 684; ფსიქოაქტიური ნივთიერებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი – 1884; შიზოფრენია, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობანი – 25 252, მათ შორის შიზოფრენია – 12961, ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობა – 3083; ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი – 11 731.
ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ამ ტენდენციების მეცნიერული შესწავლაა საჭირო, როგორია ქვეყანაში ფსიქიკური დაავადების ზრდის დინამიკა, რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და სხვა. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, გასული საუკუნის 90 -იანი წლების შემდეგ, სავარაუდოდ, მთელი რიგი დაავადებების დინამიკა მზარდი უნდა იყოს, მათ შორის, არის ე.წ. ფსიქო-სომატური დაავადებები, ანუ ის დაავადებები, რომლებსაც ფსიქოლოგიური წარმომავლობა აქვთ. მძიმე და ემოციურად დაძაბული ცხოვრების შედეგია – გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია და ონკოლოგიური დაავადებები.
“თავისთავად, როდესაც საზოგადოებაში არის ნევროზული მდგომარეობა, ეს დაავადებები იჩენს თავს. არასწორად, რომ არ ვიყო აღქმული, ეს მდგომარეობა არ არის დამოკიდებული ობიექტურად ხალხი ცუდად არის თუ კარგად. ეს მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, ადამიანები საკუთარ თავს აღიქვამენ ცუდად მყოფს, კარგად მყოფს, თუ ნორმალურად მყოფს”, – განმარტავს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, ომების დროს, ყველა სხვა ტიპის ნევროზები ქრება. თითქოს ომის ტრაგედიებით გარემოცული ადამიანი გადადის რეჟიმზე, – “რა დროს წვრილმანებზე ნერვიულობაა?” როცა ადამიანი ხედავს, რომ მის გვერდით სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება, სხვა ყველა საკითხი ფასს კარგავს მისთვის. ასეთ დროს ადამიანს არ ახასიათებს ნევროზულობა იმის გამო, მისი პარტიის ლიდერი ევროპული ორიენტაციისაა თუ რუსულის, ჭკვიანია თუ სულელი.
თუ დავუკვირდებით, ყოველივე ზემოთ თქმულზე, ჩვენთვის ჩვეულ გარემოში, საკმაოდ ბევრი ემოცია იხარჯება. ამას მოწმობს, თუნდაც სოციალურ ქსელებში არსებული განწყობები. ადამიანები ისეთ საკითხებზე ღიზიანდებიან, ნერვიულობენ და გამოხატავენ ნეგატიურ განწყობას, რაზედაც, არამშვიდობიან პერიოდში არც კი იდარდებდნენ. როგორც რამაზ საყვარელიძე განმარტავს, ომის დროს ძირითადი ემოციები “მიბჯენილია სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებზე და ფსიქოსომატური დაავადებებიც იკლებს”.
რაც შეეხება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის პრობლემას 0-დან 15 წლამდე ბავშვებში. ფსიქოლოგის თქმით, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, შეიძლება გავამარტივოთ და ერთ მოვლენად წარმოვადგინოთ, როდესაც ადამიანი განიცდის მძიმედ იმას, რაც არ არის მძიმედ განსაცდელი, ან საერთოდ მძიმე განცდები აქვს, მაგალითად, დეპრესიული ან მანიაკური და ამ განცდებით ნაკარნახევ ქცევებს ასრულებს. როგორც წესი, არაადეკვატური განცდებით ნაკარნახევი ქცევაც არაადეკვატურია. ადამიანი კონფლიქტურია, ნაყოფიერ მუშაობას ვერ ახერხებს, ადვილად იღლება და სხვა.
Dalma News-ის კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება შეიძინოს 15-წლამდე მოზარდმა დეპრესიული ქცევები და შეიძლება თუ არა ამის ერთ-ერთი მიზეზი ინტერნეტ დამოკიდებულება იყოს, რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ ფსიქიკური აშლილობის წყაროდ მთლად მძიმე ცხოვრება არ უნდა მივიჩნიოთ. მოზარდობის ასაკის პრობლემებს არ აქვთ ეთნიკური და გეოგრაფიული კუთვნილება, ის უფრო გლობალურია, ვიდრე ლოკალური.
“ახალგაზრდებს ყველა ქვეყანაში თავიანთი ცხოვრება აქვთ და ჩვენი ცხოვრების სიმძიმე და სიმსუბუქე მათ ყოფა-ცხოვრებას, დიდწილად, არც ამძიმებს და არც ამსუბუქებს. ეს არის გარდამავალი ასაკი, როდესაც ახალგაზრდა სხეულში ხდება ძალიან დიდი ძვრები, მაგ პერიოდში, ენდოკრინული სისტემა ფაქტობრივად ქარიშხალია. ეს აისახება ნერვულ სისტემაზე, ემოციურ მდგომარეობაზე და ძალიან მწვავე და ძლიერი ემოციებით ხასიათდება. ამ ასაკში მწვავედ არის გამოხატული სიყვარული, სიძულვილი, მშობლების მიმართ ჯანყი და ა.შ”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, ძალიან ძლიერი გავლენა აქვს ამ პერიოდში ახალგაზრდაზე, მისი თანატოლების წრეს. ამიტომ, ძალიან ხშირად, ის, რაც მათ თანატოლებშია მოდაში, ძლიერ ზემოქმედებას ახდენს თითოეულ მოზარდზე.
“თამაშებზე მიჯაჭვულობა ერთ-ერთი ის მოვლენაა, რომელსაც დიდი ადგილი აქვს ახალგაზრდებში. კომპიუტერული თამაშები, შესაძლოა, გარკვეული თვალსაზრისით უწყინრად გამოიყურებოდეს, მაგრამ გვაქვს საკმაოდ მძიმე ტიპის გავლენები ბავშვებისა ერთმანეთზე და რიგ შემთხვევებში, ეს გავლენები ძალიან მძიმე შედეგის მომტანია. გახსოვთ, ერთ ხანს, ბავშვებში გავრცელებული იყო თამაშები – „ლურჯი ვეშაპი“, რომლის შედეგად ბავშვები ხშირად სიცოცხლეს ესალმებოდნენ. ამ ტიპის მოვლენა არ არის დიდების ცხოვრების ნაწილი. ეს ფენომენი ბავშვების სუბკულტურამ შექმნა, იქ წარმოიშვა, ჩამოყალიბდა და მათზე ახდენს სწორედ გავლენას”, – აცხადებს ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, მართალია, მშობლების ცხოვრება და ცხოვრებისეული სიმძიმეები ბავშვებს ნაკლებად ამძიმებთ, თუმცა, მათზე შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს უფროსების ცხოვრების სტილმა. ფსიქოლოგის განმარტებით, სწორედ უფროსებზეა დამოკიდებული მოზარდების მათ მიმართ ქცევა – გააპროტესტებენ უფროსთან ურთიერთობას თუ დაუჯერებენ მათ.
ქცევითი აშლილობის ყველაზე მძაფრი გამოხატულება არის თვითმკვლელობა. რაც ბოლო წლებში საქართველოში ხშირი მოვლენა გახდა. ეს ტრაგედიაა საზოგადოებისთვის. ყველა ეპოქაში არსებობს თაობათა შორის ჭიდილი, როცა უფროსებისგან რაღაც-რაღაცებს არ იღებენ ბავშვები, თუმცა, მეორე მხრივ თანამედროვე მშობლები ხშირად, თავად უბიძგებენ შვილებს მავნე მიჯაჭვულობისკენ. იმის გამო, რომ ბავშვისგან ცოტა ხნით „დაისვენონ“, მშობლები მოზარდებს უფლებას აძლევენ საჭიროზე მეტი დრო გაატარონ ინტერნეტში, თავად აძლევენ ბავშვებს ხელში ტელეფონს, პლანშეტს და ა.შ.
რამაზ საყვარელიძის თქმით, ესეც მსოფლიო პრობლემაა. ბავშვების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ქართული ეთნოსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა არ არის, თუმცა ნელ-ნელა გადავდივართ დასავლეთის სტანდარტებზე, როდესაც დედასაც და მამასაც თავიანთი საქმე აქვთ და აღარ სცალიათ ბავშვებისთვის. საქართველოში ბებია-ბაბუის ინსტიტუტი არსებობდა და ქვეყნის რეგიონებში დღესაც, მეტ-ნაკლებად შემორჩენილია. თუმცა, განსხვავებული მდგომარეობაა დედაქალაქში. ცხოვრების წესი უფროსებს აიძულებს გადაანაწილონ თავიანთი ყურადღება და აღარ რჩებათ დროს ბავშვებისთვის, ბავშვები რჩებიან კომპიუტერებთან.
“ნებისმიერი მიჯაჭვულობა ქცევითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა. აზარტულ თამაშებზე, როცა არის მიჯაჭვული ადამიანი, ეს ნორმალური ქცევაა? ეს პრობლემა ზოგადად მსოფლიოში არის მოუგვარებელი, იმ მხრივ, რომ ყველა ქვეყანა თავისი ტრადიციებითა და კულტურით მოქმედებს. ისლამური სამყარო სხვანაირად იქცევა, შორეული აღმოსავლეთი – ჩინეთი და ინდოეთი სხვადასხვანაირად იქცევიან და ოჯახის კულტი იქაც სხვანაირია. აღმოსავლეთში „მრავალსართულიანი“ ოჯახებია – როცა, რამდენიმე თაობის ადამიანი ერთად ცხოვრობს”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, ოჯახში, სადაც ბევრი წევრია, არის ბებია და ბაბუა, ყურადღება ბავშვის მიმართ სხვადასხვა თაობიდან მოდის და ბავშვი არ გრძნობს მარტოობას. ბავშვის ასეთი მარტოობა, ევროპისთვის უფრო ტიპურია. ამ პროცესში ბავშვს უჩნდება ემოციის დეფიციტი. თითოეულ ჩვენგანს და ბავშვს განსაკუთრებით, სჭირდება სითბო, ჩახუტება, ემოცია, როცა ამით არ არის განებივრებული ბავშვი, მას სითბოს დეფიციტი უჩნდება და მერე ეს დეფიციტი აჩენს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის სტიმულს, რაც მერე პრობლემად ყალიბდება.
შ. ქარჩავა