გლობალური გამოწვევებისა და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოში კიდევ ერთი ეკონომიკური წელი მიიწურა. საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლის მიუხედავად ქვეყანა ახალ 2025 წელს ახალი გამოწვევებით ხვდება. როგორი იყო გასული 2024 წელი და რას უნდა ველოდოთ მომავალი წლისთვის, ამ საკითხებზე Dalma News პროფესორი ლადო პაპავა ესაუბრა.

როგორი იყო 2024 ეკონომიკური წელი საქართველოსთვის, რა გამოწვევებს გაუმკლავდა ქვეყანა და რასთან გამკლავება ვერ შეძლო?

– 2024 წელი განსაკუთრებული მნიშვნელობის წელია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. 2024 წელი იყო საპარლამენტო არჩევნების წელი, რაც საპარლამენტო მმართველობის მქონე სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საინტერესოა იმითაც, რომ 2024 წელს იყო გაგრძელება იმ გლობალური კონფლიქტების, რაც ჩვენ რეგიონში და მის გარშემო მიმდინარეობს ბოლო რამდენიმე წელია. პირველ რიგში ესაა რუსეთის ომი უკრაინაში, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები, რასაც არაბულ სამყაროში ისრაელის საომარი მოქმედებები დაემატა. ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალე, საერთოდ არ არის ეკონომიკური მოვლენები, მაგრამ ამან ყველაფერმა იქონია გავლენა ეკონომიკაზეც.

დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური არჩევნებია, ამ დროს, როგორც წესი, ფრთხილობს ბიზნესი, განსაკუთრებით კი უცხოელი ბიზნესმენები. განვითარებადი ბაზრების მქონე ქვეყნებში ნებისმიერი პოლიტიკური რყევა უშუალოდ აისახება ეკონომიკაზეც. ამას საქართველომ წარმატებით გაართვა თავი და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდა და საკმაოდ დაბალი ინფლაცია. ცალკე პრობლემა იყო რუსეთ-უკრაინის ომი და დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. დასავლეთმა შემოიღო არა ერთი მნიშვნელოვანი პაკეტი. პაკეტების სიმრავლე მეტყველებს იმაზე, რომ ყველა წინა პაკეტი მოიცავდა გარკვეულ ხვრელს. სწორედ ამ ხვრელებს იყენებენ როგორ რუსი ბიზნესმენები, ისე მათი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. მთელი ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ის, რომ ამ სანქციების გვერდის ავლით მიმდინარეობდა ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ამ ეკონომიკური გამოწვევასაც გაუძლო საქართველომ, რადგანაც ჯერჯერობით არც ერთ საერთაშორისო აქტორს არ დაუდანაშაულებია საქართველო იმაში, რომ სანქციების გვერდის ავლით ხდებოდა ურთიერთობები რუსეთთან.

ლადო პაპავა

ასეთ ვითარებაში საქართველოში ვხედავთ პოლიტიკურ დაძაბულობებს. გაზაფხულზე, როდესაც მიღებულ იქნა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი. არ მესმის, რატომ მიიღეს კანონი, რომელსაც ქვეყანაში მოჰყვა პოლიტიკური წინააღმდეგობები, თუ ის არ ამოქმედდებოდა. კანონი ძალაში შევიდა სექტემბრიდან, მაგრამ ამ დრომდე არ ამოქმედებულა. მაშინ, რა საჭირო იყო ამ კანონის მიღება, რომელმაც ასეთი დაპირისპირება შექმნა საქართველოსა და მის უცხოელ პარტნიორებს შორის? ეს ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს. იმავე დროს, ყველა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მისი პერსპექტივები არის ოპტიმისტურად შეფასებული. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელი იყო რთული გამოწვევებით აღსავსე წელი, თუმცა უშუალოდ ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველომ ეს წელი, მეტ-ნაკლები წარმატებით დაასრულა.

– 2024 წელს საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებს ჩაეყარა საფუძველი, ბოლოს და ბოლოს დაიძრა ადგილიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ასევე შუა დერეფნის, შავი ზღვის კაბელისა და აბრეშუმის გზის პროექტები. რამდენად აახლოებს ასეთი პროექტები საქართველოს დასავლეთთან?

– ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პროექტები. ეს არის საერთაშორისო პროექტები, სულ მცირე, რეგიონული მასშტაბის. შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანა აახლოებს საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის რუმინეთი და უნგრეთი. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენი პორტების გამტარუნარიანობა სერიოზულად გაზარდოს და კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს ის მარშრუტი, რასაც ჰქვია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფანი, რომელმაც უნდა გაიაროს აზერბაიჯანსა და საქართველოზე. ამ დერეფანს, როგორც ცნობილია, „შუა დერეფანი“ დაერქვა. ეს მნიშვნელოვანია, არა მარტო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო კიდევ უფრო საჭირო გახდება სხვადასხვა საერთაშორისო აქტორისთვის.

რა ეტაპზე ვართ დღეს? ამ პროექტებით გახდება საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილი?

– შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ პროექტების გარეშეც არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი. ის არის იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. ჩვენ დიდად ვართ დამოკიდებულნი იმაზე, თუ იმპორტის განხორციელების რა შესაძლებლობებია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდა. საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის. პოლიტიკურმა ფაქტორებმა თუ არ დაუმძიმა ქვეყანას ეკონომიკური მდგომარეობა 2025 წელი არანაკლებ წარმატებული იქნება.

ხედავთ ასეთ საფრთხეებს? გაგრძელდება 2025 წელს დამამძიმებელი ფაქტორები?

– გამორიცხული არაფერია. უკრაინის ომი დასრულებული არ არის. გარკვეული მოლოდინები არსებობს აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თუმცა პერსპექტივა ჯერ-ჯერობით მაინც ბუნდოვანია. გარდა ამისა, საქართველოში პოლიტიკურად არასტაბილური მდგომარეობაა, რასაც აუცილებლად სჭირდება განმუხტვა, რათა გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარება. რა თქმა უნდა, როდესაც უკრაინაში რუსეთის ომი დაიწყო, საქართველოსკენ სერიოზული ნაკადი წამოვიდა უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან იმ ადამიანების, რომლებმაც აქ ბიზნესი გადმოიტანეს. მათმა ნაწილმა დატოვა საქართველო, თუმცა ეკონომიკური აქტიურობა შენარჩუნდა. როდესაც ბიზნესი სახელისუფლებო სტრუქტურებიდან არ გრძნობს არაჯანსაღ დამოკიდებულებას, ის ვითარდება. ბიზნესის განვითარება კი აისახება ქვეყანაზე, მის ეკონომიკურ ზრდაზე. თუ ჩავიხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა თუ სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოების შეფასებებში, ისინი არა მარტო იზიარებენ საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას, არამედ სამომავლო პროგნოზებიც არის საკმაოდ ოპტიმისტური.

თუმცა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არ ასახავს მოსახლეობის კეთილდღეობას

– ეს მართლაც ასეა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არ არის ის იდეალური მაჩვენებელი, რომელიც ადამიანების კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული. შეიძლება მთლიანი სამამულო პროდუქტი გაიზარდოს, მაგრამ მოსახლეობის კეთილდღეობა ამ დროს არათუ იზრდებოდეს, არამედ მცირდებოდეს კიდეც. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დღეს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, ანუ მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობით. ამისათვის საჭიროა კიდევ უფრო ინტენსიურად განვავითაროთ ეკონომიკის ისეთი დარგები, როგორიც არის სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავება, რაშიც ჩართულები იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. მაშინ ეკონომიკის ზრდა იქნება ისეთი, რასაც უფრო მეტად იგრძნობს მოსახლეობა. სტრატეგიულად კი, აუცილებელია ქვეყანა გადავიყვანოთ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე, რომელიც არის ისეთი სიმდიდრის შემქმნელი, რითაც ქვეყანაში ცხოვრების დონე შესამჩნევად ამაღლდება.

რა კონკრეტულ რჩევებს მისცემდით ხელისუფლებას ეკონომიკის მიმართულებით 2025 წლისთვის?

– პრაქტიკულად, საქართველოს ეკონომიკა დღეს პოლიტიკური ვითარების მძევალი ხდება. ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან, თვითონ ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ინტენსიური მუშაობა. გარკვეულწილად იმედის მომცემია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება 20 იანვრის შემდეგ. მაგრამ მარტო ის, რომ ტრამპი შევა თეთრ სახლში, ეს არაფრის მომტანია საქართველოსთვის, თუ ინტენსიური მუშაობა არ წარიმართა მასთან და მის გუნდთან. ასევე აუცილებელია ვიმუშაოთ ყველა ჩვენ რეგიონულ პარტნიორებთან, მხედველობაში მაქვს ჩვენი უშუალო სამეზობლო: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. რაც მთავარია, ქვეყანა არ უნდა გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნები არის ერთ-ერთი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც კონსტიტუციურად არის განსაზღვრული.

ესაუბრა შორენა ქარჩავა