საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ინფორმაციით, დასრულდა პურის რეგლამენტზე მუშაობა, რაც მეწარმეებისთვის გარკვეული სტანდარტების დაწესებას გულისხმობ, კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი პური, ხოლო პურის შიგთავსი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას.
რეგლამენტი ძალაში პირველი იანვრიდან შევა და ეტიკეტირებისა და შეფუთვის გარეშე პური აღარ გაიყიდება. “არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს მოუწევთ ან ამ პირობების დაკმაყოფილება, ან ბაზრიდან გასვლა”, – განაცხადა დანელიამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
მინისტრის თქმით, დღევანდელი მოცემულობით პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს. არსებობს სტანდარტი, რომლის თანახმადაც, კონკრეტული წარმადობის პირობებში, მეწარმემ განსაზღვრული რაოდენობის პური უნდა გამოაცხოს. დღეს კი, დანელიას თქმით, მწარმოებლები ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი პურის წარმოებაში ეჯიბრებიან.
მინისტრი ამ სფეროში დამკვიდრებულ არაჯანსაღ კონკურენციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ზოგი პურს საღებავს ამატებს, ვიღაც რაღაც ახალ ტექნოლოგიას იგონებს, ვიღაც კი საფუარში რაღაცას ურევს. “ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩვენი პური რომ ნახა, გაოცდა: ეს რა არის, რას ჭამთო? რა თქმა უნდა, ვიცით, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პურის ტექნიკური რეგლამენტის შემოღება, ამიტომაც გვინდა, ერთის მხრივ, ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მაგრამ მოვთხოვოთ ხარისხიანი პურის წარმოებაც. რაც შეეხება ფქვილის რეგლამენტს, ის გულისხმობს ეტიკეტირების წესის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესის დაცვას, რათა ეს პროდუქტი იყოს უვნებელი და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს შიგთავსს”, – განაცხადა დანელიამ.
მისივე ინფორმაციით, წელს ხორბლის უხვი მოსავალია ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში და ამის გამო ხორბლის ფასი მსოფლიო ბირჟებზე შემცირებულია. ხორბლის წარმოების ყველა შიდა რეკორდი მოხსნა საქართველომაც, წელს საშუალოდ 1 ჰექტარზე 3 ტონამდე ხორბალი მოვიდა. “გაისად არანაკლებ მოსავალს ველოდებით, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ისტორიული მაჩვენებელი გვექნება”, – განაცხადა დანელიამ.