ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი საქმიანი დისკუსია გაიმართა, რომელზეც სამინისტრომ წარადგინა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი ესწრებოდნენ.
“შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების მიერ მომზადებული პროგნოზები, მათ შორის, ლარის კურსზე მოქმედი ყველა ფაქტორი და შეჯერდა პოზიციები, რომ ამ ეტაპზე არსებული პროგნოზების მიხედვით ლარის კურსზე, ბიუჯეტის მხრიდან მოქმედი პარამეტრების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. სახელმწიფო ბიუჯეტის გავლენა 2015 წელს სავალუტო ნაკადებზე მხოლოდ პოზიტიურია”, – აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.
კერძოდ, დღეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში უცხოური ვალუტის შემოდინება 81 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს გადინებას. აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე გადააჭარბებს 190 მლნ აშშ დოლარს.
უწყების პროგნოზით, ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ წლის ბოლომდე ფისკალური სექტორის მხრიდან ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა არ განხორციელდება.
“მნიშნელოვანი გარემოებაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ 3%-მდე შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლის გაზრდა არ იგეგმება არც 2016 წელს”, – აცხადებენ უწყებაში.