მარნეულის მუნიციპალიტეტში, დაბა შაუმიანში მეთოჯინე–მეზღაპრე არმენ ჰოვანისიანის თოჯინების მუზეუმ–სტუდია გაიხსნა. სივრცის მოწყობაში ნიდერლანდების საელჩო და ევროკავშირის მცირე გრანტი დაეხმარა. მეთოჯინე წლების განმავლობაში გასვლით წარმოდგენებს მართავდა სოფლებში ბავშვებისთვის, სახელოსნო კი თავის საძინებელ ოთახში ჰქონდა მოწყობილი. მისი მთელი თეატრალური დასი ერთ ჩემოდანში ეტეოდა, დღეს კი მის პერსონაჟებს სახლის მთელი ოთახი არ ჰყოფნით.
ხელოვანთან სტუმრად მისულმა ნიდერლანდების ყოფილმა ელჩმა მააიკე ვან კოლდამმა, არმენს სტუდიის მოწყობისა და თანხის გამომუშავების იდეა შესთავაზა. დაფინანსება სიმბოლური იყო (10 000 ლარი) და მთელი ხარჯის მხოლოდ მესამედს შეადგენდა, მაგრამ არმენისთვის ეს ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდა, იმისთვის, რომ დიდი ხნის ოცნება განეხორციელებინა. მეთოჯინემ დამატებით მიწის ნაკვეთი გაყიდა, ფულის ნაწილი ოჯახის წევრებმაც დაუმატეს და თავის სახლში შექმნა პატარა თეატრი. 20 კვ/მ ფართობის ოთახში დამთვალიერებელს ელოდება, როგორც თოჯინების გამოფენა მუდმივად განახლებადი ექსპოზიციითა, ასევე, თოჯინების თეატრი 15-კაციანი დარბაზით.
Dalma News–ი, ორწლიანი შუალედით, არმენ ჰოვანისიანთან მორიგ ინტერვიუს გთავაზობთ.
– ნიდერლანდების ყოფილი ელჩი მესტუმრა, დაათვალიერა თოჯინები, ნახა პირობები, სადაც ვმუშაობდი – ჩემს საძინებელ ოთახში მოსწავლეებთან ერთად და იქვე ვმართავდი სპექტაკლებს. თოჯინები კარადაში მქონდა გამოფენილი. ამის შემდეგ, დამპატიჟა საელჩოში და შემომთავაზა სპექტაკლის გამართვა, თემად აირჩია ტოლერანტობა. მითხრა, – გამართე სპექტაკლები და მიღებული თანხით მოაწყვე სახელოსნო. მარნეულის კულტურის სახლთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გავმართე წარმოდგენები. ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა – თოჯინების თეატრი თოჯინების თეატრში. ყველა ეროვნების ბავშვი მოდიოდა სპექტაკლზე. გამოვიმუშავე მცირე თანხა, კიდევ მამაპაპისეული მიწა მქონდა, ისიც გავყიდე და რემონტისთვის თანხა მოვაგროვე. ჩემი სახლის პირველ სართულზე მოვაწყვე ოთახი.
– როგორც მივხვდი, ძირითადი თანხა თქვენვე გაიღეთ?
– კი ასეა, მაგრამ მაინც მადლიერი ვარ ყურადღების. ელჩის შემოთავაზება ერთგვარი სტიმული იყო, რომ ჩემს დიდი ხნის ოცნებას ფრთები შესხმოდა. გარდა ამისა, ევროკავშირს აქვს მცირე გრანტები – რეგიონში ბიზნესის განვითარებისთვის, ჩემი მეგობრების დახმარებით დავწერეთ პროექტი და მიღებული გრანტით თეატრისთვის ინვენტარი შევიძინე. მანამდე თეატრში პლასტმასის სკამები მედგა. ვფიქრობდი, რომ ჩემს თეატრს ძველებური ხის სკამები მოუხდებოდა. გრანტით სკამები და თოჯინების შესანახი ავეჯი შევიძინე. ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე. ხელოსნისთვის ფული მართლა აღარ მქონდა, მთელი ფინანსები მასალის შეძენას დასჭირდა. ოთახის წინ, მომავალში, კოშკის აშენებას ვგეგმავ.
– როგორ ხედავთ თქვენი მუზეუმის პერსპექტივას ტურისტული თვალსაზრისით?
– ეს ოთახი მართლა გახდა მნიშვნელოვანი ადგილი არა მარტო თვითონ რეგიონისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. ტურისტული სააგენტოებიც დაინტერესდნენ. უცხო ადამიანები მანამდეც ხშირად სტუმრობდნენ ჩემს სახლს, მაგრამ ელემენტარული პირობები არ მქონდა, რომ ყავა ან ჩაი მიმერთმია და წარმოდგენა გამემართა. პირად საძინებელში ხომ ვერ შევიყვანდი ამ ხალხს? ახლა უკვე არსებობს შესაბამისი სივრცე და 15-მდე მაყურებლის მიღება შემიძლია. კედლებზე გამოფენილია თოჯინები, პერიოდულად ვცვლი ექსპოზიციას. გამოფენაზე ჩემი თოჯინების მხოლოდ 15%-ია წარმოდგენილი, დანარჩენები შენახულია და თავის რიგს ელოდებიან. მარნეულის მსგავს რეგიონში ეს არის მართლაც, ერთადერთი ნათელი წერტილი და ბავშვებისთვის საინტერესო ადგილი. ბავშვები მოდიან მეზღაპრის სახლის სანახავად.
– სპექტაკლებზეც გვითხარით, როგორც ვიცი, ზღაპრის ცნობილ სიუჟეტებს საკუთარი ინტერპრეტაციით ათანამედროვებთ?
– ვცდილობ, რომ ზღაპარი საინტერესო იყოს თანამედროვე ბავშვისთვის. ასე, მაგალითად, წითელქუდას ზღაპარში შევიტანე არჩევნების თემა, ტელევიზორი, ბებია არის მოდის მინისტრი, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან. ახლა ვფიქრობ „ტრავიატას“ დადგმას – ოპერა თოჯინებით. ეს უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება, რათა სკოლის ასაკიდან ეზიარონ ბავშვები კლასიკურ მუსიკას, ჩამოუყალიბდეთ გემოვნება.
– როგორც ვიცი, შეგირდებიც გყავთ, ბავშვები თავად ინტერესდებიან თოჯინების შექმნის ხელობის შესწავლით?
– მარნეულის კულტურის ცენტრში და სოფელ თამარისში პატარა სტუდიები მაქვს. ჩემი მოსწავლეები არიან სხვადასხვა ეროვნების ბავშვები. კვირაში ორჯერ მაქვს გაკვეთილები. ბავშვები მთლიანად არიან ჩართულები თოჯინების შექმნის პროცესში. მერე თავად ფიქრობენ სცენარზე, რომ დადგან პატარა სპექტაკლები. ხვალ ეს ბავშვები დიდი თეატრების კარგი მაყურებლები იქნებიან. თოჯინების დამზადებასთან ერთად ისინი სწავლობენ ელემენტარულ პატივისცემას ხელოვნების, ადამიანების მიმართ. სულ ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, თქვენ შეიძლება ყველა არ გახდეთ ხელოვანები, მაგრამ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, იქნებით ხელოვნების კარგი შემფასებლები.
– ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები ქუჩას მოწყდნენ და სულიერი საზრდო მიიღონ, ესეც ხომ ბევრს ნიშნავს?
– მშობლები ამბობენ ხოლმე, მუსიკაზე ან ცეკვაზე ძალით მიგვყავსო, მაგრამ თქვენს გაკვეთილამდე დღეებს ითვლიანო.
– ყველაფერი დაიწყეთ ერთი ჩემოდნით. ალბათ, ახლა, თქვენი სამსახიობო დასი ერთ ჩემოდანში აღარ ჩაეტევა?
– ჩემოდანი დარჩა სპექტაკლებისთვის. ახლა თოჯინებს დიდ სკივრებში ვინახავ. ძალიან ბევრი პერსონაჟი შეემატა, ამჟამად ვმუშაობ ბოშა ქალზე, მისთვის სპექტაკლი ძალიან დიდი ხნის წინ მაქვს მოფიქრებული. პერსონაჟები გზადაგზა იბადებიან, სიზმარში მოდიან და თავს მახსენებენ, რადგან დავპირდი, ესე იგი, უნდა დაიბადონ. როცა მოვნახავ დროს და საშუალებას, ვქმნი პერსონაჟებს.
– მახსოვს თქვენი სპექტაკლი „სიყვარული“, სადაც პერსონაჟები ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელები არიან. როგორ გაჩნდა იდეა?
– სცენარი დაიბადა თბილისის მეტროში (იცინის). ძალიან მიყვარს თბილისის მეტრო, სხვა ქალაქებშიც ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩვენი მეტრო განსაკუთრებით მიყვარს. მე იქ პერსონაჟებს ვეძებ. დავინახე ერთი ქალბატონი, რომელსაც ძალიან ლამაზი ფეხები ჰქონდა, ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. სახე აღარც მახსოვს. ფეხები რომ დავინახე, უკვე სპექტაკლის იდეა დაიბადა. იმ დღესვე წავედი ძველმანების ბაზრობაზე და დავიწყე ისეთივე ფეხსაცმლის ძებნა. ძალიან დიდხანს ვეძებე და ერთ დღესაც ვიპოვე ორივე – ქალისა და კაცის ფეხსაცმელი ჩემი სპექტაკლისთვის.
– ევროპაშიც იყავით გასტროლებზე ხომ?
– ნოემბერში ვიყავი 2 კვირით გერმანიაში. რამდენიმე ქალაქში მქონდა გასტროლები. ამაში საქართველოში სომხეთის საელჩო დამეხმარა.
– გერმანიიდან ახალი პერსონაჟები არ გამოგყვნენ?
– არა, მე თბილისი მიყვარს ძალიან. ეს ქალაქი არის ჩემი შთაგონება.
– რეალური ადამიანებიც ხდებიან ხომ, თქვენი პერსონაჟები?
– კი, მყავს ასეთი პერსონაჟები – სოლოლაკელი ქალბატონები. რეალური პერსონაჟებიდან მყავს ფიროსმანი, ფარაჯანოვი, ფრიდა. მყავს ისეთი პერსონაჟებიც, რომლებსაც ხალხი არ იცნობდა, მაგალითად, ფარაჯანოვის მეზობლების მთელი სერია მყავს სპექტაკლისთვის. ძალიან საინტერესო პერსონაჟები გამოვიდნენ, რომლებიც ფარაჯანოვის წერილებისა და არქივის მიხედვით შევქმენი.
– ადამიანში რა თვისება მოგწონთ?
– მიყვარს განათლებული ადამიანები. ძალიან მეშინია გაუნათლებლის. პრობლემა არის ისიც, რომ ხალხმა დაკარგა ინტერესი ხელოვნებისა და კულტურისადმი. ადამიანები ნივთებზე დამოკიდებულნი გახდნენ. ზოგჯერ მგონია, რომ ისტორიის არასწორ პერიოდში დავიბადე. სამყარო ძალიან პოლიტიზებული გახდა. ერთხელ დამირეკა ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა და შეხვედრა დამინიშნა თავის ოფისში, თბილისში. ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე, რომ ჩემი დახმარება სურდა. გზაში ვფიქრობდი, – ალბათ, ფიროსმანზე ჩემი სპექტაკლი ნახა და რაიმე საინტერესო პროექტს შემომთავაზებს. მივედი ოფისში და იცით რა შემომთავაზა? „ ქართული ოცნების“ ლიდერების თოჯინები გააკეთე და სამასხრო სპექტაკლი დადგი, რამდენსაც მეტყვი გადავიხდიო. – ბოდიში, არასწორ მისამართზე მოხვდით-მეთქი, – ვუთხარი და წამოვედი. შემოქმედება შორს უნდა იყოს ასეთი პოლიტიკური გავლენისგან.
– ფინანსური ცდუნების გამო, არ წახვედით საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ, არ გააფუჭეთ საკუთარი შემოქმედება, ეს დასაფასებელია…
– ადამიანი საკუთარი შემოქმედების ერთგული უნდა იყოს. ერთხელ მოსკოვიდან დამირეკეს. თქვენზე და თქვენს თეატრზე სიუჟეტები ვნახეთ და გვსურს დაგპატიჟოთ მოსკოვში, მოსკოვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღოთ მონაწილეობა და თქვენი სპექტაკლით თბილისური კოლორიტი წარმოადგინოთო. მინდოდა უარი კულტურული ფორმით მეთქვა, ისე, რომ არ სწყენოდათ და ვუპასუხე: – ჩემმა თოჯინებმა არ იციან რუსული. სამწუხაროდ, რამდენჯერაც ვცადე, არ ისწავლეს-მეთქი. გაეცინათ. გული მწყდება, რომ საქართველოში, ჩემი ხელოვნების მიმართ ინტერესს არ იჩენს კულტურის სამინისტრო.
– ხელოვნებას აქვს დიდი ძალა?
-თოჯინების თეატრი მართლაც დიდი ძალაა. ბავშვი თუ გინდა, რომ გაიზარდოს სწორად, სწორი გზავნილები უნდა ჩადო თოჯინების თეატრში. ბავშვსა და თოჯინას შორის სხვაგვარი მაგიაა.
– თქვენი ზღაპრების ბოლო ყოველთვის კეთილია?
– რა თქმა უნდა. სიმახინჯეც საჭიროა სილამაზე და სიკეთე რომ ჩანდეს. ძალიან მინდა სიკეთე ბევრი იყოს, ყოველდღიურად ვცდილობ ამას. თოჯინების თეატრი შევქმენი იმისთვის, რომ რეალობიდან გავქცეულიყავი. ზოგჯერ ჩემთვის ეს რეალობა შეუძლებელი ხდება. რეგიონებში პრობლემები კიდევ უფრო თვალსაჩინოა, განსაკუთრებით ეთნიკურად ჭრელ რეგიონში.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი