სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, პენიტენციური სისტემის ყველა დაწესებულებაში შეიქმენება ლოკალური ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მაღაზიების ფუნქციონირებას და ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერი რეაგირება ექნებათ.
სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მაღაზიით სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფას ეხებოდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ დღესდღეობით პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარება კარდინალურად შეცვლილია.
როგორც Dalma News-ს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუმარტეს, მნიშვნელოვანია დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები გამართულად ფუნციონირებდეს და მსჯავრდებულებს სასურველი პროდუქციის შეძენა შეუფერხებლად შეეძლოთ. სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციაში ნათქვამი იყო, რომ შპს GMM-მა თავი ვერ გაართვა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების პროდუქციით მომარაგებას.
“დასახელებული კომპანია პირველი აგვისტოდან აღარ ამარაგებენ დაწესებულებებას. 24 აგვისტოდან დაწესებულებების მაღაზიებს ემსახურება კომპანია “კალინა ჯორჯია”, რომელმაც სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა და პრობლემები, რომლებიც სახალხო დამცველის რეკომენდაციაში აისახა, უკვე ერთი თვეა აღმოფხვრილია. ამ ეტაპზე მსჯავრდებულთა მხრიდან ამ კუთხით რაიმე უკმაყოფილება და პრეტენზია არ დაფიქსირებულა”, – აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.