საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ჰესების მშენებლობას მოსახლეობა დიდი ხანია პროტესტით ხვდება. მიზეზი ეკოსისტემის ცვლილებაა. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ქვეყანა ვითარდება და მეტი ენერგეტიკაა საჭირო.
ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ ახსოვს 2016 წელს, სვანეთში, “ნენსკრა ჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ გამართული ხმაურიანი საპროტესტო აქცია, როცა პოლიციამ აქციის 8 მონაწილე დააკავა. მოსახლეობის წინააღმდეგ მაშინ, სპეცდანიშნულების რაზმიც კი გამოიყენეს. 280 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობას ჭუბერის მოსახლეობა დღემდე აპროტესტებს და აცხადებენ, რომ ჰესები უკვე, საზიანო გახდა. ისინი იძულებულნი ხდებიან, სტიქიით მიყენებული ზიანის გამო საცხოვრებელი დატოვონ.
“სახალხო აჯანყებას მიიღებენ, როგორც ვატყობ, იმიტომ, რომ ერის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან. გამოჰყავთ სპეცდანიშნულების რაზმები, შსს-ს შენაერთები. ხალხთან კომუნიკაცია არ აქვთ. ჰიდროელექტროსადგურები არ ამართლებს”, – ამის შესახებ, Dalma News-ის კორესპონდენტს ჭუბერის ერთ-ერთმა მკვიდრმა, ჯერ კიდევ 2 თვის წინათ, “ნენსკრა ჰესის” წინააღმდეგ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განუცხადა.
წლების შემდეგ ხელისუფლებას ძალის გამოყენება უკვე კახეთის რეგიონში, კერძოდ, პანკისის ხეობაში დასჭირდა, სადაც მცირე ჰესის “ხადორი–3”-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს. 5,4 მგვტ-ის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს მდინარე ალაზანზე, კომპანიები “ალაზანი ენერჯი” და “ფერი” აშენებენ. იდეის თანახმად, ჰესმა წელიწადში 27,5 მილიონი კლვტ/სთ ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, იგეგმება “სამყურაწყალი 2”-ის ჰესის მშენებლობა. კომპანიაში განმარტავენ, რომ პანკისის ხეობაში დაგეგმილი ჰესები, “მცირე ენერგეტიკას” განეკუთვნებიან და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ადგილობრივ ეკონომიკაში.
კომპანიის ხელმძღვანელები ადგილობრივებს 100 სამუშაო ადგილს და სხვადასხვა სიკეთეებს დაჰპირდა, კერძოდ, ახლადშექმნილ პანკისის ხეობის ფონდში 120 ათასი ლარის შეტანას, სოციალური პროექტების დაფინანსებას, განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მოჭრილი ხე-ტყის ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადაცემას, სასმელი წყლის სისტემის მშენებლობას. ყველა ამ სიკეთის მიუხედავად პანკისელებმა არჩევანი ეკოლოგიის სასარგებლოდ გააკეთეს, სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებამ მწვავე სახე მიიღო. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას კვლავ, სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით შეეცადა. შსს-ს მაღალჩინოსნებმა მოსახლეობას სიმშვიდისა და დიალოგისკენ მოუწოდეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პანკისელებს შორის მოლაპარაკებები თელავში გაიმართა. პროცესში შს მინისტრი გიორგი გახარია პირადად ჩაერთო. პარალელურად კი, პანკისის ხეობაში ვითარება გართულდა. ხეობაში სამართალდამცველების დამატებითი ძალების გამოჩენას ადგილობრივები ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებულნი დახვდნენ. საქმეში “მოლოტოვის კოქტეილებიც” ჩაერთო. შედეგად, ხეობაში, ჰესის მშენებლობისთვის შეყვანილ ტექნიკას და პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორც პანკისელები აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, ამისთვის ჯარის შეყვანა საჭირო არ იყო. მათ დახმარება დიპლომატებს, საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვეს. პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მისი მოსაზრებით ამ სიტუაციაში ერთადერთი გზა შეთანხმებაა. პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი იღონოს, რათა დაცული იყოს, როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები.
მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. ნაწილი ხელისუფლებას პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარების მცდელობას უწუნებს, მეორე ნაწილი კი, მთავრობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს, რაც მათივე აზრით, ეფექტიანად გამოიყენა მესამე ძალამ და პანკისელებს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისკენ უბიძგეს.
ანალიტიკოს გია აბაშიძის მოსაზრებით, პანკისში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა ადგილობრივებს არასწორი განწყობა შეუქმნა, რაც ვითარების ხელოვნურად დაძაბვას ისახავდა მიზნად.
“არასამთავრობოთა ერთი ნაწილის მიერ, ტელეეთერებში იგრძნობოდა ვითარების ხელოვნური დაძაბვის, გარკვეულწილად ეთნო-რელიგიური კონფლიქტის შექმნის, მიუღებელი მცდელობა, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია და არაფერი გვეშველება. როცა ასეთ მგრძნობიარე რეგიონზეა საუბარი, ზოგიერთი ანალიტიკოსი ტელეეთერით, რომ აცხადებს, პანკისში შესვლა არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ მოსახლეობა შეიარაღებულიაო, ხომ არ ქმნის ასეთი განცხადებები ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვის სამიზნეს”, – აცხადებს გია აბაშიძე და მიაჩნია, რომ ხელოვნურად ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება.
თითქმის არავის დაუწყია პოლიტიკური სარჩულის ძებნა მაშინ, როცა ჰესის მშენებლობას სვანეთში აპროტესტებდნენ, მაგრამ, როცა ჯერი პანკისის ხეობაზე მიდგა, ნებსით თუ უნებლიეთ, საზოგადოების დიდ ნაწილს გასული საუკუნის 90-იანი წლები, ნარკოტრაფიკი, ადამიანების გატაცება და მსგავსი დანაშაულები გაახსენდა, რაც სამართლიანად თუ უსამართლოდ, სწორედ პანკისის ხეობას უკავშირდებოდა. სხვა მრავალ მოსაზრებებს შორის, ისიც კი ითქვა, რომ პანკისელები შეგნებულად უშლიან ხელს იქ ჰესის აშენებას, რათა ამით, რეგიონის მიმართ ხელისუფლების ყურადღება გაიზრდება და ნარკომოვაჭრეები თავს კომფორტულად ვეღარ იგრძნობენ.
ექსპერტი ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ნარკოტრაფიკის პრობლემა პანკისის ხეობაში 2003 წლამდე მართლაც არსებობდა, სანამ იქ, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა კონტრტერორისტული ოპერაცია არ ჩაატარა. მას შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნა. პანკისის ხეობის მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგშია ჩართული, მაგრამ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და ზოგადად მათი ინტეგრაცია.
“პანკისში ეკოლოგიური პრობლემების მთელი კასკადი არსებობს, ის მაღალმთიანი რეგიონია, თავისი მეწყერსაშიში ელემენტებით. პრობლემები არსებობს ალაზანთან დაკავშირებითაც, რომელიც ისედაც წყალმეჩხერი მდინარეა და ჰესმა შესაძლოა სრულებით შეცვალოს იქ ეკოლოგიური ბალანსი”, – აცხადებს მაისაია.
ვახტანგ მაისაია პანკისის ხეობაში დღეისთვის რადიკალური, პოლიტიკური ისლამის პრობლემასაც გამორიცხავს და დარწმუნებით აცხადებს, რომ პანკისის არაქრისტიანი მოსახლეობა არ არის აგრესიულად განწყობილები, უფრო მეტიც, ისინი მზად არიან ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის.
“სხვათა შორის, პანკისის ხეობაში პოლიტიკურ ისლამს, სხვათა შორის, სააკაშვილის ხელისუფლება მფარველობდა”, – აცხადებს იგი.
როგორც Dalma News-ს მაისაიამ განუცხადა, არც 23-24 აპრილის მოვლენებია გარეშე ძალების მიერ პროვოცირებული, ეს წმინდად მოსახლეობის სოციალური პროტესტი იყო, რაც ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური ძალების დემონსტრირებამ გამოიწვია. ყველაფრის მიუხედავად, პოლიციელებისთვის ქვების სროლა დანაშაულია.
“პოლიციაზე ხელის აღმართვა, ეს სახელმწიფო დანაშაულია. ამას მე გეუბნებით, როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი. როცა მაწამებდნენ, მაშინაც კი ჩემი ჯალათების მიმართ არ აღმიმართავს ხელი. ციხიდან რომ გამოვედი, ამას კანონისა და სამართლის გზით მივხედე. პოლიციელი არის კანონის დამცველი და მისი აღმსრულებელი. კანონი როგორია, ეს სხვა საკითხია. პოლიცია არის სიმბოლო და მას თუ შეეხები, ნიშნავს, რომ ეხები საკუთარ თავს, საკუთარ სახელმწიფოს. მეორე მხრივ, ხელისუფლებამ ცოტა არასწორი ნაბიჯები გადადგა, რაც უნდა გამოსწორდეს. როცა საუბარია გეოპოლიტიკურად მოწყვლად რეგიონზე, მეტი დაკვირვებაა საჭირო. პანკისელები ყოველთვის იცავდნენ საქართველოს ლეკიანობისგან. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბრძოლებში ღირსეულად ედგნენ გვერდით ჩვენს სახელმწიფოებრიობას”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
და მაინც, სჭირდება თუ არა პანკისის ხეობას კიდევ ერთი ჰესი, როცა იქ უკვე არსებობს 2 ჰესი – “ხადორი 1” და “ხადორი 2”, რომლებიც სავსებით აკმაყოფილებს არა მარტო რეგიონის მოთხოვნას, არამედ ელექტროენერგიით ამარაგებს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს. რატომ არის ასე მწვავე და აუცილებელია 5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა, მაღალმთიანი რაიონი, სადაც წლებია არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა. ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით, თუ საუბარია რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაზე, კარგი იქნებოდა პანკისის ხეობის გაზიფიკაცია და ამის საფუძველზე თბოელექტროსადგურების შექმნა, რაც ეკოლოგიურადაც აბსოლუტურად უსაფრთხო იქნებოდა და მოსახლეობის სოციალურ ადაპტაციასაც შეუწყობდა ხელს. პანკისი მოსახლეობა დღემდე შეშით თბება და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის ელექტროენერგიას მოიხმარს.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ექსპერტი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ პანკისის ხეობა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ქართული ენერგეტიკისთვის. დამოუკიდებელი საქართველო ისტორიაში, პირველი, 24 მგვტ/სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური სწორედ აქ აშენდა, ჩინური ინვესტიციით, იმავე კომპანია “ფერის” მიერ. პანკისის მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კახეთის რეგიონის ძალიან ბევრი სოფლისთვის წყალმომარაგება დღემდე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამას არც დავით მირცხულავა უარყოფს. თუმცა განმარტავს, რომ პანკისის მოსახლეობის წყალმომარაგება მდინარე ალაზანზე არ არის დამოკიდებული, ხოლო ინვესტორმა მოსახლეობას სასმელი წყლის სისტემის საკუთარი ხარჯით გაკეთება შესთავაზა.
“იმ რესურსისა და შეზღუდვების პირობებში, რაც საქართველოს ენერგოსისტემაში არსებობს, შეგვიძლია, 2030 წლისთვის, 1200 მგვტ/სიმძლავრის ქარის და 300 მგვტ-ზე ოდნავ მეტი სიმძლავრის მზის სადგურები ავაშენოთ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ქართულ ენერგეტიკაში დომინანტი უნდა იყოს ჰიდროელექტროსადგურები. ეს განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. 75% -ით ვართ დამოკიდებული შემოტანილ ენერგორესურსზე, რაც ჩვენი ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტია. პანკისელებთან აუცილებელია საუბარი”, – აცხადებს დავით მირცხულავა.
რას ამბობენ ეკოლოგები?
ენერგეტიკოსებისგან სრულიად საპირისპირო არგუმენტები აქვთ ბუნების დამცველებს. მათი აზრით, ენერგეტიკა ისე უნდა განვითარდეს, რომ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს. რისკი მაქსიმალურად უნდა შეფასდეს.
გარემოს დაცვის ექსმინისტრი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ საქართველოში წყალი მალე, სერიოზული პრობლემა იქნება. ის კლებულობს და კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან ერთად, კიდევ მოიკლებს. ამას ემატება ისიც, რომ წყლის მოდინებაზე ორიენტირებულმა სადგურებმა ძალიან ბევრ ადგილას უკვე, სერიოზული პრობლემები შექმნა. მდგომარეობა საგანგაშოა და ამას მთის მოსახლეობა ხედავს.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ყველა ინვესტორი, რომელიც ფულს ჰესის მშენებლობაში დებს, 3-4 წლის განმავლობაში მოსახლეობასთან კამათს უნდება ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ, მდინარეში წყლის ხარჯი გაზომოს. როცა მდინარე სადერევაციო მილში და სოფელს წყალი გაუქრა.
“მდინარეებში წყლის მარაგის შეფასება XX საუკუნის შემდეგ არ გაკეთებულა. დღეს, კლიმატის ცვლილება გეომეტრიული პროგრესით მიდის და წყლის ნაკლებობა თითქმის ყველგან აშკარაა. წყლის 10% უნდა დარჩეს სოფელს. ავაშენეთ დარიალჰესი და მდინარე თერგი აღარ არსებობს. პატარა ნაკადულად მოედინება. ერთია რომ არსებობს წყალი, მეორეა რამდენად შეგიძლია წყლის გამოყენება. ზოგ ეკოსისტებას მეტად სჭირდება წყალი, ზოგს ნაკლებად. პანკისის შემთხვევაში, არც მოსახლეობის და არც ეკოსისტემის ინტერესები არ არის დაცული”, – განუცხადა Dalma News-ს ნინო ჩხობაძემ.
ენერგოუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობამ 2015 წელს შემუშავდა, სადაც პრიორიტეტულია გაზის დივერსიფიკაცია, ხოლო ჰესები მეორეხარისხოვან, დამხმარე საშუალებად არის განხილული. შესაბამისად, პანკისის პროექტი ამ დოკუმენტთან წინააღმდეგობაში მოდის.
შორენა პაპაშვილი