სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას შეფასებით, საქართველოში ფქვილის ფასის მომატება მოსალოდნელი არ არის, რადგან წელს ხორბლის მოსავალი ძალიან დიდია.
„ამას ემატება საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფებული ხორბლის ფასები. შესაბამისად, ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს”, – განაცხადა დანელიამ.
მანამდე, პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ სააგენტო ipn.ge-ს განუცხადა, რომ ფქვილის ფასი საქართველოში მკვეთრად გაიზარდა.
„ჩვენ ეს საკითხი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დავსვით. ვუთხარით, რომ ფქვილის ფასებმა საკმაოდ, თვალშისაცემად მოიმატა. იქედან იყო დაპირება, რომ ალბათ, ეს რამდენიმე დღეში დარეგულირდება და საბაჟოზე შეფერხება აღარ იქნება”, – განაცხადა დოლიძემ.