ხანგრძლივი ფიქრისა და მოლაპარაკებების შემდეგ, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თბილისის მაჟორიტარობის რვა კანდიდატზე საბოლოოდ შეთანხმდა. მანამდე დასახელებულ 6 კანდიდატს, 18 აგვისტოს, დარჩენილი 2 კანდიდატიც შეემატა.
კერძოდ, საბურთალოს ოლქში გაერთიანებულ ოპოზიციას პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი წარმოადგენს, რომელიც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ დავით სერგეენკოს დაუპირისპირდება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის დეპუტატობის კანდიდატი “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. აქ ის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი “მთავარი სახის”, გია ვოლსკის დამარცხებას გეგმავს.
დანარჩენ 6 ოლქში “ენმ”-ს 2 კანდიდატია წარმოდგენილი, გლდანში – ნიკა მელია და სამგორში, ლევან ხაბეიშვილი. ნაციონალების განაყარი პარტია “ევროპული საქართველო” თბილისში, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ვაკეში იბრძოლებს, სადაც ელენე ხოშტარიას კანდიდატურაა დასახელებული. გიორგი ვაშაძე თავისი “სტრატეგია აღმაშენებლით” ისნის რაიონში იბრძოლებს გამარჯვებისთვის, ხოლო მთაწმინდა -კრწანისში შალვა შავგულიძე (“თავისუფალი დემოკრატებიდან”), ნაძალადევში კი – ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
როგორც ნიკა მელია აცხადებს, “ენმ” დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ჯაფარიძეს მხარს ღიად უჭერს და მას “ქართული ოცნების” კანდიდატის დამარცხებაში დაეხმარება, ხოლო საბურთალოს ოლქში, ნაციონალების მხრიდან მათი ყოფილი თანაპარტიელის, თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მხარდაჭერა იმაში გამოიხატება, რომ უბრალოდ კონკურენტ კანდიდატს არ დაასახელებენ. მელიას განმარტებით, საბურთალოზე არაერთი ღირსეული ოპოზიციური კანდიდატია წარმოდგენილი.
თბილისის მასშტაბით, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც. მისივე შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების “ძალიან მაღალი შანსი” აქვთ.
“ივანიშვილის დამარცხება და მისი მშვიდობიანად გასტუმრება მთელი ქვეყნისთვის საკვანძო ამოცანაა”, – აცხადებს ბოკერია.
ერთმანეთის ხმების დაცვის პირობა, ოპოზიციურმა პარტიებმა დოკუმენტითაც გაამყარეს და მემორანდუმი გააფორმეს. ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ საერთაშორისო დამკვირვებლებთანაც, რათა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს.
“ეს ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში და პოლიტიკის სახელმძღვანელოებში. ქართულმა პოლიტიკურმა გონმა ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად ვისწავლეთ დათმობა, საერთო ინტერესებისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის და სწორედ ეს პარადიგმა იქნება ის, რომელიც ჩვენ გაგვიყვანს განვითარების დემოკრატიულ გზაზე და არასდროს არ განმეორდება ის ამბები, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში”, – შეაფასა შალვა ნათელაშვილმა გაერთიანებულ ოპოზიციაში მიმდინარე რთული და დაძაბული კონსულტაციების საერთო შედეგი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სარკასტულად აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში “დაშლა-არმოშლის” პროცესი მიდის. მისივე თქმით, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე პარტიებს შორის ერთიანობის დიდი ხნით შენარჩუნებას არ ელოდება. ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურა კი, მათ საზიანოდ იმოქმედებს.
“პარტიებმა ერთსულოვნად მოაწერეს ხელი იმას, რომ მხარს უჭერენ ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას. ირაკლი ოქრუაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც 2011 წელს განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩო არის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგობის ბუდე და საჭიროა “ონკანი გადაიკეტოს”. ასევე აღარა, რომ მისი მინისტრობის დროს, საქართველოში, ისლამისტი ტერორისტების დერეფანი იყო გახსნილი. ამ პარტიებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ პროდასავლურები არიან, მხარი ირაკლი ოქრუაშვილს დაუჭირეს. სხვა კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ეს არის ფაქტი, რომელიც უბრალოდ უნდა გავიხსენოთ”, – აცხადებს გია აბაშიძე.
რაც შეეხება საქართველოს რეგიონებში დანარჩენი მაჟორიტარების დასახელებას, ანალიტიკოსის აზრით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებს გაუჭირდებათ საერთო კანდიდატებზე შეთანხმება და კვლავ იქნება კინკლაობა, დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა, როგორც სჩვევიათ. გარდა ამისა, აბაშიძის თქმით, ტრაგიკომიკურია ის, რომ არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და “ერთნიშნა რეიტინგის მქონე პარტიების ლიდერები” პრემიერ-მინისტრის სავარძელს ერთმანეთის მიყოლებით იჩემებენ.
ოპოზიციურ პარტიებში ძალთა გადაადგილება და პოლიტიკოსების ადგილმონაცვლეობა აქტიურად მიმდინარეობს. არჩევნებამდე 2 თვით ადრე, პარტია “თავისუფალი დემოკრატები” პარტიის თავმჯდომარე შალვა შავგულიძემ და წევრმა – ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა დატოვეს და “ევროპული საქართველოს” საარჩევნო სიაში იქნებიან.
პარტიიდან წასვლის მიზეზად შავგულიძემ “თავისუფალ დემოკრატებში” შექმნილი არაჯანსაღი ვითარება და პარტიის გამგეობის უმრავლესობის მიერ პოზიციის მოულოდნელად შეცვლა დაასახელა. როგორც ირკვევა, “თავისუფალ დემოკრატებში” განხეთქილება “ევროპულ საქართველოსთან” საარჩევნო ბლოკისა და საერთო სიის შექმნამ გამოიწვია. პარტიის რიგები მანამდე ლევან სამუშიამ დატოვა, რომელიც ბანკირ მამუკა ხაზარაძის ახალ პოლიტიკურ ორგანიზაცია “ლელოს” შეუერთდა.
“თავისუფალი დემოკრატებიდან” რამდენიმე წევრის ერთდროულად წასვლის ფაქტს, ანალიტიკოსი გია აბაშიძე მორიგ ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ შალვა შავგულიძე დიდი ხანია ევრონაცებთან (იგულისხმება პარტია “ევროპული საქართველო”) იყო აფილირებული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში შავგულიძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
“საინტერესოა, ვისთან ჰქონდათ დაპირისპირება პარტიაში გოგუაძეს და შავგულიძეს. მგონი მათ უბრალოდ, კარი გამოიხურეს და შუქი ჩააქრეს. სხვა ვინ დარჩა მათ პარტიაში?”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
მემორანდუმით, რომელსაც 30-მდე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მოაწერა ხელი, პარტიები თანხმდებიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთის ხმებს დაიცავენ, ერთობლივი ძალისხმევით არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას და არჩევნების გზით შეცვლიან მოქმედ ხელისუფლებას. ოპოზიცია ერთობლივ დეკლარაციაზე 18 აგვისტოს შეთანხმდა.
ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, დეკლარაცია ნიშნავს იმას, რომ ოპოციზიური პარტიები თავიდანვე უნდობლობას უცხადებენ საარჩევნო პროცესს. წინასწარ აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდება, ამიტომაც საუბრობენ წესების დაცვის აუცილებლობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ, თუნდაც დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგებს, თუ ის მათთვის სასურველ შედეგს არ მოიტანს.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ჯერჯერობით, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ ისინი აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ სამართლიანად და დემოკრატიულად ცნობილი არჩევნების შედეგებს, როგორც არ უნდა იყოს ის. ეს არის მთავარი პრობლემა და დეკლარაცია უბრალოდ იმისთვის დასჭირდათ, რომ საზოგადოების, საკუთარი ამომრჩევლის თვალში, ერთიანობის დემონსტრირება მოეხდინათ.
ბოლო წლებში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, დღეს უკვე, არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი იქნება არჩევნების მეორე დღე? ვინ აღიარებს მის შედეგებს და მოჰყვება თუ არა მას პროტესტი?
ცხადია 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” მოვლენების განმეორებას არავინ ელის, მაგრამ მიღებული პროცენტებით უკმაყოფილო რომ იქნება ოპოზიცია, ამაში ექსპერტების ნაწილი წინასწარ დარწმუნებულია. მთავარია, როგორი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.
“2003 წელს, ეუთომ არ აღიარა ჩვენი არჩევნების ლეგიტიმურობა. ამან, ფაქტობრივად, რევოლუციას მისცა ლეგიტიმაცია. მაშინ, ხალხიც გაბრაზებული იყო ხელისუფლებაზე და საპროტესტო მუხტი უფრო დიდი იყო. არ მგონია დღეს, “ნაცმოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და სხვა პარტიები, რომლებიც საზოგადოებაში მაინცადამაინც დიდი მხარდაჭერითა და ნდობით არ სარგებლობენ, მათი ლიდერები კი დისკრიმინირებულები არიან, არამგონია მოსახლეობის მობილიზების საფუძველი გახდნენ. ჩემი დაკვირვებით, საზოგადოება არ მისცემთ მათ უფლებას, რომ ხელისუფლება დაამხონ. არც დღევანდელი ხელისუფლებაა ექსპრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლება და შესაბამისად, არ მისცემს მოვლენებს იმგვარად განვითარების უფლებას. 2003 წელს, შევარდნაძის მთავრობის არა ერთი წევრი თანამშრომლობდა რევოლუციონერებთან”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ თავისი პროტესტით მიაღწიოს, ეს პოლიტიკური კრიზისის შექმნაა. ისიც იმ შემთხვევაში, რა ხანგრძლივობის იქნება მათი საპროტესტო აქციები.
“პოლიტიკურ კრიზისს შექმნის განგრძობადი საპროტესტო აქციები, ახალარჩეულ პარლამენტში ოპოზიცია თუ არ შევა. ალბათ, პროცესებში ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ჩაერევიან. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად ჩატარდება არჩევნები.ამ მხრივ უდიდესი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას აკისრია. ხალხს უნდა მიეცეს საკუთარი ნების თავისუფლად დაფიქსირების საშუალება. საერთაშორისო სტანდარტებს არც ერთი პარამეტრით არ უნდა დავშორდეთ. სხვა შემთხვევაში, ხალხი არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის გზით დაბრუნებას”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
დღეს, თუ ვინმეს ინტერესებშია საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, პირველ რიგში ქართველი ამომრჩევლის, რათა ის უმძიმესი პერიოდი, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო შეიქმნა და მისგან გამოწვეული სოციალური პრობლემები, რაც შეიძლება მარტივად და ნაკლები დანაკარგით გადაილახოს. ისიც ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს, თანაბრად არის გაბრაზებული ყველა პოლიტიკურ ძალაზე უკლებლივ და ამისთვის უამრავი მიზეზი არსებობს.
გიორგი მესხი