თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ამიერიდან სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ იქნება. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე შესაბამისი დადგენილება გამოსცა, რომლის საფუძველზეც თეატრს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
გერმანელი არქიტექტორის, შრეტერის მიერ დაპროექტებული თბილისის, ე. წ. “სახაზინო თეატრის” შენობა მავრიტანულ სტილშია აგებული. მის სახეს ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს – კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი მუქი და ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლები, სწორკუთხა ნიშაში ჩასმული შეისრული და ნალისებური ღიობები, სტალაქტიტური ფრიზები, სტუკოს ტექნიკით შესრულებული კედლის მონაკვეთები, მუშარაბიანი სარკმლები და სხვ. ფასადის მთავარ აქცენტს წარმოადგენს უხვად შემკული ორსართულიანი პორტიკი. ინტერიერს ნაძერწ შემკულობასთან ერთად ფსევდო-მავრიტანული მოხატულობა და ელეგანტური წვრილი სვეტების და აჟურული კონსოლებისგან შემდგარი რკინის კონსტრუქციები ამკობს.
არქიტექტორ თამაზ დოგრაშვილის შეფასებით, ოპერის თეატრი თბილისის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტურული სამკაული და მავრიტანული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ის ზოგადსაკაცობრიო კულტური არქიტექტურული მარგალიტია, რომელიც თამამად უნდა მოვიხსენიოთ მსოფლიოს სხვა ლამაზ შენობებს შორის.
მისივე თქმით, ოპერის თეატრის შენობამ რამდენჯერმე განიცადა რეკონსტრუქცია, რაზეც უდიდესი პროფესიონალები მუშაობდნენ. ერთ-ერთი ურთულესი სამუშაო ჩაატარა არქიტექტორმა ლერი მეძმარიაშვილმა. მისი წყალობით, თბილისის ოპერის თეატრისთვის შრეტერის მიერ შემუშავებული სტილი აბსოლუტურად არ დაკარგულა და მოერგო თანამედროვე მოთხოვნებს.
“ამით, ლერი მეძმარიაშვილმა არქიტექტურის სფეროს შემდგომ თაობებს აჩვენა, თუ რა დონეს უნდა მიაღწიოს პროფესიონალმა არქიტექტორმა, რომ ის იყოს უნივერსალური. რომ არქიტექტორს ყველა სტილზე უნდა შეეძლოს მუშაობა”, – აცხადებს თამაზ დოგრაშვილი და გული წყდება, რომ მისი კოლეგას მიერ გაწეული უდიდესი სამუშაო არ იყო სათანადოდ აღნიშნული, როდესაც რესტავრირებული შენობა, ექსპლუატაციაში შევიდა სულ რამდენიმე წლის წინათ.
როგორც Dalma News-ს თამაზ დოგრაშვილმა განუცხადა, იგი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ოპერის თეატრის რეკონსტრუქციისთვის ლერი მეძმარიაშვილი ეროვნული პრემიით დაჯილდოვდებოდა.
“ეს შენობა არაერთგზის იქნება მოხსენიებული ჩვენი არქიტექტურის ისტორიაში, როგორც დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი თვალსაჩინო შენობა. თუ კი ფუნიკულიორის ზედა სართული, სატელევიზიო ანძასთან ერთად არის თბილისის სიმბოლო, არანაკლები მხატვრული დატვირთვა აქვს ოპერის თეატრს. ძალიან კარგია თუ ოპერის თეატრს მიენიჭა ეროვნული სტატუსი, ეს ადრეც უნდა მომხდარიყო”, – მიაჩნია თამაზ დოგრაშვილს.
მისივე თქმით, შრეტერი ძალიან ცნობილი ხუროთმოძღვარი იყო, რომლის შემოქმედებაში თბილისის ოპერის თეატრი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. სანამ იქნება ჩვენი დედაქალაქი, ეს შენობა სამკაულად გაჰყვება. შენობა საინტერესოა თავისი დაგეგმარებით, რომელიც საკუთრივ ოპერისთვის შეიქმნა ყველა თავისი ფუნქციით. ლერი მეძმარიაშვილმა კი რეკონსტრუქციის სამუშაოები იმგვარად ჩაატარა, რომ აბსულუტურად არ შებღალა შრეტერის ხელწერა.
სანამ გერმანელი არქიტექტორი შრეტერი თბილისს, 1200 კაცზე გათვლილ თეატრს აუშენებდა, ქალაქში საოპერო სპექტაკლები აქტიურად იდგმებოდა. იტალიელი არქიტექტორის, სკუდიერის ხელმძღვანელობით 1847 წლის 15 აპრილს საძირკველი ჩაეყარა 800 მაყურებელზე გაანგარიშებულ, ე.წ. “ქარვასლის თეატრის” შენობას. ზუსტად 27 წლის თავზე თეატრი დაიწვა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა დედაქალაქის ცენტრალური მოედანზე, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე აშენებულიყო ახალი თეატრი.
არქიტექტორ თამაზ დოგრაშვილის თქმით, XIX საუკუნის თბილისის არქიტექტურა გამორჩეულია და სტუდენტებისთვის მის შესწავლას ცალკე საათები ეთმობა. საინტერესოა თბილისის ოპერის შენობის გეგმარება, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითი და ურთულესი შესასწავლია.
Dalma News-ი ცნობილ არქიტექტორ ლერი მეძმარიაშვილსაც გაესაუბრა. მისი თქმით, მავრიტანული სტილი იმ ეპოქის რუსეთში მეტად გავრცელებული და პოპულარული იყო. მსგავსი შენობები შენდებოდა რუსეთში. როდესაც შენობის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა, საგანგებოდ იყო მითითებული, რომ მავრიტანულ სტილში უნდა აგებულიყო. ამ სტილშია აგებული იმ დროის რამდენიმე შენობა თბილისშიც, მათ შორის, დედაქალაქის საკრებულოს ამჟამინდელი შენობა თავისუფლების მოედანზე.
“ოპერის თეატრი კულტურის ძეგლია, თუნდაც თავისი მნიშვნელობით, თავისი ისტორიითა და არქიტექტურით. როგორც მშენებლობის მეთოდის თვალსაზრისით, ის არ იყოს რაღაც უნიკალური, ასეთი შენობები მაშინ შენდებოდა რუსეთში, ერთ-ერთი იყო თბილისის ოპერის თეატრი. კიევის და ოდესის ოპერის თეატრებიც მაშინ აშენდა. აგურის ნაგებობაა, სოლიდური და კაპიტალური, არაფერი უჩვეულო იქ არ იყო, მაგრამ არქიტექტურა არის თვითონ ძალიან მოხდენილი და კარგი. მაშინ ასეთი მოდა იყო აღმოსავლეთში. არქიტექტურის ხარისხი ძალიან მაღალია”, – აცხადებს არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი.
1896 წელს გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე, ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული თბილისის ოპერის თეატრი რუსული საოპერო დასის სპექტაკლით – მიხაილ გლინკას „ცხოვრება მეფისთვის“, გაიხსნა. მის სცენაზე გამოდიოდნენ მსოფლიოს ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები: იტალიური ოპერა, ვენის საიმპერატორო ოპერეტა, მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები, პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი. 1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასავლეთ ევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც საოპერო ხელოვნების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს უწყობდა ხელს და მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა.
ყოველივე ამან ხელი შეუწყო ქართული ეროვნული ოპერის შექმნას. დაიდგა ქართველ კომპოზიტორთა სპექტაკლები: “თამარ ცბიერი”, “ქრისტინე”, “თქმულება შოთა რუსთაველზე”, “აბესალომ და ეთერი”, “ქეთო და კოტე”. 1937 წლიდან დღემდე თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს და ტრადიციულად, ყოველ ახალ სეზონს “აბესალომ და ეთერით” ხსნის.
1973 წელს ხანძრის შემდეგ თბილისის ოპერა დაიწვა, განადგურდა თითქმის მთელი ინტერიერი, სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული უძვირფასესი და ულამაზესი ფარდა, კოსტიუმები, რეკვიზიტი, სამუზეუმო და საარქივო მასალების დიდი ნაწილი.
1978 წელს თეატრის შენობა თავდაპირველი სახით აღდგენაზე იმუშავეს არქიტექტორებმა ლერი მეძმარიაშვილმა და მურთაზ ჩაჩანიძემ. გაფართოვდა ინტერიერი, სცენა. შენარჩუნდა შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილი. მოეწყო 6 სარეპეტიციო დარბაზი – 3 საბალეტო, 2 საოპერო და ერთი ორკესტრისთვის. შეიცვალა და გაიზარდა სცენის ნაწილი, საფუძვლიანად შეიცვალა მაყურებელთა დარბაზის ფორმა და იერსახე. თეატრის მაყურებელთა დარბაზი 1065 მაყურებელს იტევს. სცენას აქვს 4 მოძრავი ბაქანი. საორკესტრო ორმოს კონსტრუქცია ასაწევ-დასაწევი იატაკით სიმფონიური კონცერტების ჩატარების საშუალებას იძლევა. თეატრის ფოიეში მდებარეობს შესანიშნავი დარბაზები, ე. წ. წითელი დარბაზი და სარკეებიანი დარბაზები, სადაც შეიძლება კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვა.
შენარჩუნდა შენობის წინა ფასადი. ცვლილება განიცადა გვერდითმა ფასადებმა, ზოგ ადგილას დაემატა ერთი სართული.
2010 წელს თეატრის შენობაში კვლავ ჩატარდა მასშტაბური სარემონტო სამუშაოები, რომლის განხორციელება კვლავ ლერი მეძმარიაშვილს დაევალა. განახლდა და სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძირითად შენობას, დარბაზს, დამხმარე ნაგებობებს, ყველა ფლიგელს. თეატრს დაემატება ახალი ფუნქციის მქონე ობიექტები და ტერიტორიები. სცენა და ასევე ყველა საჭირო კომუნიკაცია აღიჭურვა უახლესი ცენტრალიზებული და კომპიუტერიზებული მართვის სისტემით. დაიბეჭდა და სცენას დაუბრუნდა “თეატრის სავიზიტო ბარათი” სერგო ქობულაძის ფარდის პრინტი. განახლებული თეატრი 2016 წლის 30 იანვარს ოპერა “აბესალომ და ეთერის” პრემიერით საზეიმოდ გაიხსნა.
თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი Opera Europa-ს წევრია. თეატრი ჩართულია მასშტაბურ ევროპულ კულტურულ პროექტში “ისტორიული თეატრების ევროპული მარშრუტი”. პროექტი ევროკავშირის კულტურის პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.
შორენა პაპაშვილი