11–17 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, როგორც “საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის” (IdEA) რეგიონული პარტნიორი, გლობალურ დიასპორულ კვირეულის ღონისძიებებს გამართავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის რეგიონულ ქვეყნებში.
უწყების ცნობით, დიასპორული კვირეულის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქართული დიასპორის აქტიურ მონაწილეობას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, დიასპორის, როგორც ფენომენის აღქმადობის გაძლიერებას, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას, მათი აქტივობების წარმოჩენას, თანამშრომლობის გაღრმავებას.
კვირეულის ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება რეგიონული დიასპორული ეკონომიკური ფორუმი. ასევე, ჩატარდება საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანების საქველმოქმედო კონცერტი; გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – “მიგრაციული პროცესები, საზღვრები და იდენტობათა ტრანსლაცია”; მოეწყობა კონკურსის – “დიასპორელი ახალგაზრდა ლიდერების განვითარება”, გაიმართება პროექტ “მიგრანტების ამბების” ვიდეო–რგოლის პრეზენტაცია; მოეწყობა დიასპორელ ხელოვანთა ნახატების გამოფენა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის ღია ლექცია;
გლობალური დიასპორული კვირეულის მონაწილე დიასპორებისათვის მოეწყობა შემეცნებითი ტური კახეთში; ქ. სიღნაღში გაიმართება აზერბაიჯანის კახის რაიონის ალიბეგლოს სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი. მონაწილეები დაესწრებიან ღვინის ფესტივალს კახეთში.