ჯალათი და მხსნელი, მღვდელი და ცოდვილი, ბრძენი და უჭკუო – ყველაფერი ერთ ადამიანში. ეს არის მარტინ მაკ-დონახი. იცით, ვინ არის ის? შესაძლოა, არ წაგიკითხავთ მისი პიესები, არ გინახავთ მისი სპექტაკლები, მაგრამ ფილმი “In Bruges” აუცილებლად გექნებათ ნანახი. გახსოვთ, ფილმში როგორი მიმზიდველი და მომხიბვლელი “ქილერები” არიან? რთულია სიმპატია არ გაგიჩნდეს ასეთი პერსონაჟის მიმართ. სწორედ ამაში მდგომარეობს მაკ-დონახის განსაკუთრებულობა. იგი გაიძულებს დავეჭვდეთ პერსონაჟის ამორალურობაში და მასში სიკეთის მარცვალი ვეძებოთ. შეგვიძლია გავიხსენოთ მაკ-დონახის კიდევ ერთი დრამა “Three Billboards Outside Ebbing, Missouri” ფილმში მოძალადე და სასტიკი ოფიცერი, შერიფის მოადგილე დიკონი ფილმის ბოლოს გაკეთილშობილდება და უფრო მგრძნობიარე გახდება. ყველაფერი არც ისე ერთმნიშვნელოვანი და მარტივია, ადამიანური თვისებების აღმოჩენა ყბადაღებულ გაიძვერაშიც შეიძლება. მაკ-დონახი თავის ნაწარმოებებში სწორედ ამის თქმას ცდილობს.
მაკ-დონახი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი დრამატურგია. მის პიესებზე იდგმება სპექტაკლები, ეწყობა ფესტივალები. მაკ-დონახის ერთ-ერთ თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც პერმის თეატრმა – У Моста მოაწყო, ქართული „ღია თეატრიც“ იმყოფებოდა. ფესტივალზე ქართველები სპექტაკლით „ობლები“ წარსდგა. ეს არის ორი ძმის მტრობის ისტორია, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მამა მოკლა, ხოლო მეორე, რომელსაც მემკვიდრეობის ხელში ჩაგდება სურს, მას აშანტაჟებს. პიესაში, ასევე, არიან მღვდელი უოლში, რომელიც ქრისტეს მსგავსად, ძმების შერიგებას ცდილობს და ახალგაზრდა ქალი გერლინი, რომელსაც უოლში უყვარს და ძმებ კონორებთან მეგობრობს.
შეთქმულება და ქვიშის სათამაშო მოედანი
– ჩვენ ირლანდიელებს ვთამაშობდით. ეს ხომ მაკ-დონახის ფესტივალი იყო. თუმცა, ქართული ტემპერამენტით ვთამაშობდით, – ამბობს კოულმენ კონორის როლის შემსრულებელი სერგეი საფარიანი. სპექტაკლის რეჟისორმა, ვახტანგ ნიკოლავამ წარმოსთქვა ფრაზა, რომელმაც ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. მან თქვა, რომ საკუთარი თავებისგან შორს არ წავიდოდნენ, რომ თავიანთ შინაგან პიროვნებებთან ბრძოლის ნაცვლად, სააშკარაოზე გამოიტანდნენ და ყველას აჩვენებდნენ. დიახ, ირლანდიელებს ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენ ხომ ემოციური და მხურვალე კავკასიელები ვართ. სპექტაკლი “ობლები” მესამე საერთაშორისო ფესტივალის “მოვლენად” აღიარეს. სპექტაკლში ერთ ადგილას ქართულად ვმღერით, რითაც იმის ჩვენება გვინდოდა, რომ ჩვენ საქართველოდან ჩამოვედით და ჩვენი მთავარი გზავნილი ის არის, რომ ადამიანური არაადამიანურ პირობებში გვეჩვენებინა.
– ჩემის აზრით, პიესაში ადამიანური არც არაფერი იყო…
– ამას შევადარებდი ქვიშის სათამაშო მოედანს. ყველაზე მკაცრი წესები ბავშვებს აქვთ. ისინი ბავშვურად არაპროგნოზირებადი არიან. დასავლეთში ყოფნისას და ქვიშის სათამაშო მოედნის წესების მიუღებლობისას, ერთადერთი გამოსავალი გაქვს -თავი უნდა დაიხრჩო.
– როგორც მღვდელმა…
– დიახ, როგორც მღვდელმა. ან თამაშის წესებს იღებ, ან თამაშიდან ვარდები.
– საუბარია მკვლელობაზე! შენ ადამიანურობაზე საუბრობ, ერთ-ერთი ძმა კი საკუთარ მამას კლავს!
– რომელი ჩვენგანი არ მოკლავს ადამიანს, რომელიც მუდმივად გტანჯავს? ჩვენ ყველანი ნორმალურ ადამიანებად ვიბადებით, შემდეგ ვიღაც კოულმენად იზრდება და ვიღაც ველინად. კონორები და მათი მსგავსი ადამიანები ისეთ ნიადაგზე იზრდებიან, სადაც არც ერთი მცენარე არ იძლევა ნაყოფს. ეს არის ნიადაგი, რომელზეც მხოლოდ სარეველა იზრდება. თუმცა, სარეველაც თავისებურად ლამაზია. ძმები მთელი გზა ერთმანეთს ებრძვიან, კამათობენ, ჩხუბობენ, მაგრამ ერთმანეთის გარეშე მაინც ვერ ძლებენ. ერთი რამ ზუსტად ვიცი, მართალია, ველინმა კოულმენს ესროლა, თუმცა იარაღი ცარიელი აღმოჩნდა, მაგრამ ძმა რომ მოეკლა, მეორე გასროლით თავს მოიკლავდა. ისინი ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი თავის რეალიზებას მხოლოდ ერთმანეთში ხედავდნენ. მათ მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთმანეთთან დაპირისპირებაზე ქონდათ აგებული.
– არ არის კონფლიქტი, არ არის სპექტაკლი…
– ზუსტადაც!
– რით განსხვავდება ქართული კონფლიქტი ირლანდიურისგან?
– ფეთქებადობით, მოუთმენლობით და ცხელი ტემპერამენტით. კონფლიქტის განვითარების პოზიციიდან, ისინი ერთმანეთის მიმართ ბევრად მომთმენნი არიან. ძმებმა ნახევარი ცხოვრების მანძილზე გულით ატარეს სიბრაზე, ბოლოს დასხდნენ და ურთიერთობა გაარკვიეს. ჩვენი კონფლიქტი ბევრად უფრო ადრე მოგვარდებოდა. ჩვენი ურთიერთობები ხშირად კონფლიქტით იწყება. იჩხუბეს, დაუჟეჟეს ერთმანეთს გვერდები და დამეგობრდნენ. ზოგადად, კონფლიქტები ადამიანებს უფრო მეტად აახლოებს. როდესაც საგრიმიოროში შევდივარ და გოგონები ყავას სვამენ, ვეკითხები: ვის წინააღმდეგ სვამთ ყავას? პრაქტიკულად, ნებისმიერი სპექტაკლი შეთქმულებაა. ის საზოგადოების მანკიერებებს ასახავს. თუ სპექტაკლმა მაყურებლამდე მიაღწია, მაშინ შეთქმულება აღსრულდა, ყველაფერი ქვიშის სწორ სათამაშო მოედანზე შეიკრიბა.
მაკდონახი და მისი ხორც-საკეპი
– მოგწონს შენი გმირი?
– მე მას ისეთს ვიღებ, როგორიც არის, უფრო მეტიც, კოულმენი თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს. დაობლებული დასავლეთი 90-იანი წლების თბილისს მაგონებს. მახსოვს, ერთხელ, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭები ვიყავით, მოსკოვის პროსპექტზე მივდიოდით და დავინახეთ როგორ გამორბოდა ორი ახალგაზრდა, რომლებიც ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ. ჩვენ გავოგნდით, იქვე ჩამოვჯექით და ვუყურებდით – ერთმანეთს თუ მოახვედრებდნენ. აი, ასეთია რეალობა. პრობლემა შენობაში და ასფალტში კი არ არის, არამედ ჩვენში, შიგნით. დაობლებული დასავლეთი – ეს არის საზოგადოება წესების გარეშე. დაობლდა – ე.ი. სული ეშმაკს მიჰყიდა. ძალიან ვაფასებ მაკ-დონახს, რადგან ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ არსებობს ბუნების კანონები, რომლებსაც ვერსად გაექცევი.
– პიესაში გერლინი სინათლის სხივია ბნელ სამყაროში. პირადად რას განიცდით ამ გმირის მიმართ?
– ჩემი გმირი – შეყვარებული ბავშვია, – ამბობს გელინის როლის შემსრულებელი შორენა ზუბიაშვილი.– მას პირველად უყვარს და მისი სიყვარულის ობიექტი მღვდელია. გელინი ტრაგიკული პერსონაჟია. იგი ფულს აგროვებს და მთელ თანხას მედალიონში ხარჯავს. უოლში კი თავს იკლავს, საკუთარ სიცოცხლეს მსხვერპლად სწირავს სიყვარულს, მშვიდობას და რწმენას. შესაძლოა, ამან იმდენად ღრმა კვალი დატოვოს გერლინის ცხოვრებაზე, რომ ვეღარასოდეს შეძლოს შეყვარება. ვფიქრობ, პიესას გაგრძელება რომ ჰქონდეს, იქ გერნილი აღარ იქნება. ჩემის აზრით, ის თავს მოიკლავდა. ჩემს გმირს შესაძლოა არასოდეს არავის ყვარებია – არც მამა, არც დედა და როდესაც შეუყვარდა მამაკაცი, ნახა რამხელა ტკივილი მოიტანა ამან. ამიტომ ასკვნის, რომ სიყვარულს მხოლოდ ტკივილი მოაქვს და ის არავის სჭირდება. ამიტომაც შეიძლება მისი პირველი იმედგაცრუება ფატალურად დასრულდეს.
სერგეი, შენ და შენი კოლეგა ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ძმებს ანსახიერებთ. ცხოვრებაში თქვენ სხვადასხვა ეთნოსს – ქართულს და სომხურს მიეკუთვნებით. ამან რამე გავლენა მოახდინა თქვენს თამაშზე?
– გარკვეული პაექრობა იყო. ვახო ამას ხედავდა,- ამბობს სერგეი. – მე და თემო ფირცხელაშვილმა ეს მანამ ვერ შევამჩნიეთ, სანამ თვითონ არ აღნიშნა. ურთიერთდამოკიდებულების კოლორიტი, განსხვავებული აზროვნება. რეჟისორი ამაზე მშვიდად მუშაობდა. საბოლოოდ ძალიან დავახლოვდით და დავმეგობრდით. ძალიან კომფორტულია, როდესაც პარტნიორთან თვალებით ურთიერთობ. მისი თვალები ბევრად უფრო მეტს გაძლევს, ვიდრე სიტყვები.
– შენთვის ეს, ქართულ ენაზე შესრულებული პირველი როლია. რთული იყო?
– დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს, რადგან მე სომხური თეატრის მსახიობი ვარ და რუსულად ვფიქრობ. იცოდე ქართული ენა და ადვილად საუბრობდე ამ ენაზე, არ ნიშნავს იმას, რომ სცენაზე გამოსვლას და თამაშს მარტივად შეძლებ. კოლეგები დიდ მოთმინებას იჩენდნენ ჩემს მიმართ, რადგანაც მე მათთან შედარებით ტექსტის დამახსოვრება უფრო მიჭირს. მსგავსი შემთხვევა მაქვს სომხურ თეატრშიც. ეს ორი ენა ჩემთვის ერთნაირად ადვილიც არის და რთულიც. მე ქართულ ენაზე ვარ გაზრდილი და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ქართულ სპექტაკლში მეთამაშა. ეს ენა ძალიან მომწონს.
– როგორც ფიქრობ, მაკ-დონახს დრამატურგია უფრო ძლიერია, თუ კინემატოგრაფია?
– მე ანფასიდან უფრო სრული ვარ, თუ პროფილიდან? ნებისმიერი მხრიდან სრული ვარ. ხომ არსებობენ უნივერსალური ადამიანები, რომლებიც კარგად უკრავენ, კარგად მღერიან და ლექსებსაც საუკეთესოდ კითხულობენ? მაკ-დონახს ყველაფერი შესანიშნავად გამოსდის. მაგალითად, “In Bruges” – მისი გმირები ყბადაღებული არამზადები არიან, მაგრამ როგორი მომხიბვლელები! სწორედ ეს არის რომანტიკა. ამაშია ბედნიერების სურვილიც. ეს ყველას გვსურს. უბრალოდ, თითოეული ჩვენთაგანი თვითრეალიზების სურვილს ისე იკმაყოფილებს, როგორც ეს წარმოუდგენია.
– და მაინც, სიყვარულს ყველა ეძებს…
– დიახ, ყველა მისი ნაწარმოები სიყვარულის და რწმენის არარსებობაზეა. ის, რასაც ადამიანი ზურგს აქცევს. ეს არის თვითრეალიზების მაღალი ფორმა. სინდისს არასოდეს შეუწუხებიხართ მაშინ, როდესაც იცოდით ვინ იყო მართალი, მაგრამ დუმდით?
– როგორ არა…
– თქვენ ხომ საკუთარ თავს აქციეთ ზურგი. არასოდეს გქონიათ მომენტი, როდესაც სხვისი დაჩაგვრის უფლება სხვას არ მიეცით, მაგრამ ეს თავად გააკეთეთ. ის მე მახვედრებს, რამდენად ნაგავი ვარ. კოულმენი კი არა – მე. ამის მიუხედავად პატივისცემას და სიყვარულს ვითხოვ. როდესაც ბავშვს კუთხეში აყენებენ და არ უხსნიან მიზეზს. ეს ადამიანები ბავშვობიდან ისჯებოდნენ, მაგრამ არ იციან რატომ. აგრესიის გამოვლენა – ბოროტებაა. მაგალითად, ბავშვმა ხოჭო მოკლა – ეს რა არის, ინტერესის გამოვლენა? ქაბაბის მოსამზადებლად საჭიროა ფარშის მომზადება. ხორცი ხორც-საკეპში უნდა გაატარო. ვფიქრობ, მაკ-დონახი ყველას ხორც-საკეპში გვატარებს იმისათვის, რომ ჩვენგან რაღაც მოამზადოს. ხორც-საკები კი თავად მაკ-დონახია.
ეკატერინე მინასიანი