რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის 2.54 ნიშნულს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებს და თუ ასე გაგრძელდა, სოციალური მღელვარების საშიშროება შეიქმნება. როგორც მან გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, მოსახლეობას სეხების 64% აშშ დოლარში აქვს აღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ, ან უარი უნდა თქვან გადახდაზე, ან გაყიდონ თუ რამე აქვს დარჩენილი.
ჯავახიშვილის თქმით, სამართლებრივად, ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან, უფრო მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა. “ეს გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია და სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა,” – აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, ლარის კურსის დასტაბილურების მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. ჯავახიშვილი დასძენს, რომ ხელისუფლებაში გარკვეულ ჯგუფს უმოჯბესად მიაჩნიათ, ეროვნულ ბანკს ბანკებზე ზემოქმედების იარაღი ჩამოერთვას და ფულადსაკრედიტო პოლიტიკით დაკავდეს.
“ჩემის აზრით კი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება პრობლემა იქნება, თუ ეროვნული ბანკი ბანკთა ბანკი არ იქნება. ეროვნული ბანკი ბანკების მამინაცვალი კი არა, მამა უნდა იყოს, მაგრამ ეს ჩემი აზრია და არ ნიშნავს, რომ აპრიორი სწორს ვამბობ”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთთან ინტერვიუში.