თვითმკვლელობა, ოჯახური ძალადობა, მოზარდებს შორის სისასტიკე, ის თემებია, რომლითაც საინფორმაციო გამოშვებების დაწყება და მაყურებლის მუდმივ სტრესში ყოფნა ქართულ ტელევიზიებს დიდი ხანია წესად ექცათ. გადადიხარ ერთი არხიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე და გექმნება განწყობა, რომ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ცუდად არის, სადაც ყველაფერი ინგრევა და არაფერი შენდება, არაფერი კეთდება. ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც კანონიც და სამართალიც ერთი ოლიგარქის, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, ყოველ შემთხვევაში ამას გვარწმუნებს, რამდენიმე ტელეარხი.
ქვეყანაში, სადაც ერთნი უსაშველოდ მდიდრდებიან, ძირითადი მოსახლეობა კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს ერთმანეთი სძულთ და სიყვარულის ადგილი აღარ რჩება. ანალოგიური და ხშირად, ბევრად ცუდი ვითარებაა ქართულ ინტერნეტ მედიასივრცეში, სადაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ე.წ ფეიკნიუსებიც ემატება. ერთია, რომ მედიას სჭირდება რეიტინგი, მაგრამ მეორეა, როდესაც საერთო მსჯელობის საგნად აქცევენ ისეთ თემებს, რომლებიც, ძალიან ნაკლებად უნდა იყოს მოზარდებს შორის განხილვის საგანი.
საქართველოში არსებული მედიაისტერია ნაკარნახევია, თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური განწყობიბებით და ემსახურება თუ არა კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს, ამასთან დაკავშირებით Dalma News-ი შეეცადა პასუხები სფეროს სპეციალისტებისგან მიეღო.
ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი დიმიტრი ნადირაშვილი: – გეთანხმებით სრულებით, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთაა. ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს პოზიტივი, ხოლო ოპოზიცია ნეგატივის წარმოჩენას ცდილობს. ქართულ საზოგადოებას სჭირდება არა პოლიტიკური დაკვეთა, არამედ რეალობის ობიექტური ხედვა და რეალისტური დაკვეთა. საზოგადოებას სჭირდება ერთი მხრივ რეალობის დანახვა, მეორე მხრივ ამ რეალობაში იმ პოზიტივის დანახვა, რომელიც არსებობს. ეს პოზიტივი ავითარებას სამყაროსადმი ადამიანის დამოკიდებულებას. უნდა დავინახოთ პოზიტიურად ის, რაც სამყაროში არსებობს და მეორე მხრივ ვიყოთ კრიტიკულები. 4-5 ტელეარხი, სწორედ გამადიდებელი ლუპით აშუქებს ჩვენს რეალობაში არსებულ ნეგატიურს და აქედან გამომდინარე ამახინჯებს ჩვენს რეალობას. ეს ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე.
ჩვენი ფონი არის პოზიტიური, ჩვენი საზოგადოება ვითარდება პოზიტიურად და ასეთი გზავნილი უნდა იყოს მოსახლეობისადმიც, რომ ჩვენ ვვითარდებით, ჩვენ პროგრესს განვიცდით. საამაყო გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი – კორონავირუსთან ბრძოლაში წამყვან ქვეყნებს შორის ვართ, სადაც მოსახლეობა ნეგატიურ გავლენას არ განიცდის. აქედან გამომდინარე გასაშუქებელია ჩვენი რეალობა, როგორც წარმატებული. არ ვართ მიჯაჭვული საავადმყოფოებში სუნთქვის აპარატებზე და ვახერხებთ ცხოვრებას ნორმალურად. ეს არის კონტრასტული იმ სამყაროსი, რომელშიც ვცხოვრობთ. აშშ, რუსეთი, ჩვენი უშუალო სამეზობლო მძიმე მდგომარეობაშია კორონავირუსთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფო კი დიდი წარმატებით გამოირჩევა.
ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე: – სამწუხაროდ, დიდი ხანია, ქვეყანაში პოლიტიზირებული მედია გვყავს. ვსაუბრობთ პოლიტიზირებულ პოლიციაზე, ჯარზე, განათლებაზე და ვამბობთ, რომ არ შეიძლება მათი პოლიტიზირება, ამ დროს ყველაზე უფრო მძიმე ზონა – მედია, პოლიტიზირებული გვაქვს. სკოლა მოქმედებს ბავშვზე, ჯარი – ჯარისკაცებზე, მედია კი, საზოგადოების ყველა ფენის ცნობიერებაზე მოქმედებს. ეს მხოლოდ ჩვენი რეალობა არ არის, არის ქვეყნები, სადაც მედიასაშუალებები, იმთავითვე, პოლიტიკური პარტიების საკუთრება იყვნენ. ცნობილი იყო, რომელი მედიაგამოცემა, რომელ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნოდა. თავიდანვე ჩაავლეს პოლიტიკოსებმა მედიას ხელი, მთელს მსოფლიოში.
ობიექტური მედიის პრობლემა დღეს, აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის წინაშეც დგას. მრავალი წლის წინ, აშშ-ს საელჩოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ობიექტური მედია ინდივიდუალური სახით არ არსებობს, ყველა მედია სუბიექტურია, სახელმწიფოს ვალი ის არის, რომ მოქალაქეს წვდომა ჰქონდეს ყველა ტიპის მედიაზე, რათა ადამიანმა თვითონ გამოიტანოს დასკვნა, თუ რა ხდება ობიექტურად. ამას ამბობს აშშ-ს წარმომადგენელი, სადაც თითქოს ეს თემა გადაწყვეტილი უნდა იყოს. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება მაშინ, როცა მედია ფინანსურად სუსტია.
– ერთია პარტიული მედია, ხოლო მეორე, როცა მედიაგამოცემები რეიტინგის მოპოვებას ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირებით ცდილობენ. დგას თუ არა, ხშირად, ასეთი თემების უკან პოლიტიკური ინტერესები?
რამაზ საყვარელიძე: – ნეგატიური ინფორმაცია იწვევს ფსიქიკურ დაძაბულობას და ნევროტულობის საკმაოდ მაღალ დონეს აჩენს. ამასთან დაკავშირებული კვლევები უცხოეთში ხშირად, ჩვენთან მცირე რაოდენობით ტარდება. ნევროტულობა არ არის იოლი რამ, სტრესი მოქმედებს გულ-სისხლ- ძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ადამიანის იმუნიტეტზე, ანუ ანგრევს მთელს ორგანიზმს. ამისკენ მიდის ნებისმიერი სტრესი და ერთ-ერთი ყველაზე სტრესოგენული არის ტელევიზია. ტელევიზიების გადაქცევას სტრესორებად, პოლიტიკური ფუნქცია ჰქვია. თუ ტელევიზიამ განახა, რომ ქვეყანა ცუდად არის, ვისი ბრალია? ხელისუფლების. ე.ი ვის უნდა მისცე ხმა? – ოპოზიციას.
დიმიტრი ნადირაშვილი: – უკანასკნელი ცნობები, რომელიც დღეში სამჯერ გადაიცემა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე პოზიტივით იწყებოდეს და არა ნეგატიური ცნობებით. პრობლემატურ თემებზე უნდა იყოს პროფესიული მსჯელობა და არ ხდებოდეს პოლიტიკური დაკვეთის ნაწილი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დაკვეთები არსებობს, როცა არსებობს პოლიტიკური პრესა, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებლობაში და ანალიტიკურ-ობიექტურ პრესაში უნდა იყოს მინიშნებები, როგორ დამთავრდა ეს თუ ის რეალობა; რეალობა გაშუქდეს ობიექტურად და დაისვას ხოლმე წერტილები. საზოგადოება ელოდება ასეთ წერტილებს. ამ ფონზე თუ გაჩნდება ყვითელი პრესა, ის განხილული იქნება არა ობიექტურად, არამედ სენსაციურად. დღეს ობიექტური და ყვითელი პრესა ერთმანეთშია არეული და ეს არის ჩვენი ტრაგედია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ რუბიკონს გადავლახავთ.
– საინფორმაციო გამოშვებებში მოზარდებს შორის დანაშაულის თემების ტირაჟირებით ვახდენთ, თუ არა მათ პოპულარიზაციას, გვეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს იმაზე, თუ, რომელ თემას წამოვწევთ წინა პლანზე?
დიმიტრი ნადირაშვილი: – ჩვენი საზოგადოება ეთიკური და მორალური თვალსაზრისით დაუცველია. ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მკაცრი რეგულაციები, რადგან ვცურავთ თავისუფალ სამყაროში, სადაც უნდა გვქონდეს ჩვენი სტანდარტები. შესაძლოა, ეს იყოს ქართული სტანდარტები, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული ჩარჩოები რეალობის გასაშუქებლად. ამისთვის, გვჭირდება იმ სტანდარტების შემოღება, რომლითაც მიუღებელი იქნება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა. მოზარდების, თინეიჯერების ცხოვრებაში უხეშად ერევა მასმედია და ახდენს მათი ხედვის დამახინჯებას, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ფსიქოლოგსა და ფსიქოტერაპევტს მიმაჩნია, რომ დაუცველია საზოგადოება ასეთი მასმედიისგან, რომელსაც აქვს უფლება ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში და შეიტანონს დისონანსი იმ მოტივით, რომ ეს არის გასაშუქებელი რეალობა.
ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ის ცენზურა, რომელიც არსებობს ამერიკაში და ევროპაში და დავიცვათ მოზარდები, ბავშვი, თინეიჯერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემოვიღოთ ნორმები, რომლითაც მასმედიას არ ექნება ცდუნება, რომ შეიხედოს ადამიანების პირად ცხოვრებაში, რომ დააზიანოს პიროვნული ცხოვრება.
ასეთი ნორმები ევროპაში და ამერიკაში არის, როდესაც ადევს ცენზურის გფირი. ჩვენთან ასეთი პრაქტიკა არ არის. ეს არის არა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ადამიანის დაცულობა. პრივატული სფეროები საჭიროებს დაცვას და მასმედიის მხრიდან ფრთხილ დამოკიდებულებას. თუ ასეთი არ იქნება, ჩვენ ვიქნებით ძალიან დაუცველი საზოგადოება და უხეშად იქნება გაჩანაგებული ჩვენი პირადი ცხოვრება.
რამაზ საყვარელიძე: – საერთოდ, მოზარდები ტელევიზორთან დიდ დროს არ ატარებენ, ამიტომ მთელი ამ პრობლემატიკის ტელევიზორზე ჩამოკიდება არ არის გამართლებული. პრობლემა უფრო ღრმაა. თუმცა პრობლემის გამწვავებას ხელს უწყობს ის, რომ ეკრანიდან აგრესია მოდის. ასაკი, რაზეც გვაქვს საუბარი, აგრესიული და დაუნდობელი ასაკია. ამ ასაკის ახალგაზრდობა გულგრილობაზე წამსვლელია. ეს პრობლემა პოლიციის დონეზე არ გადაწყდება. წესით თანმიმდევრული, კარგად მომზადებული და დაფინანსებული გამოკვლევები უნდა არსებობდეს საიმისოდ, რომ მივხვდეთ, არ ხდება ჩვენი ახალგაზრდების სულიერ სამყაროში.
ეს ის ახალგაზრდობაა, რომელიც ძალიან ინტენსიურად იყენებს ნარკოტიკებს. ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთთან შეჯიბრებადობა სპორტით და არა აგრესიით, ეს ენერგიაც სპორტულ შეჯიბრებადობაში გადავიდეს. გარდა სპორტისა, არის განათლება. უნდა ეწყობოდეს კონკურსები და სხვა. ბევრი ქვეყანა ცდილობს, ახალგაზრდობის ინტერესებისა და ენერგიისთვის ისეთი კალაპოტი იპოვოს, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება. ამერიკა, რომ ამერიკაა, იქაც საკმაოდ გვიან მიაღწიეს ამას. ნარკომანია, რამდენი ხნის პრობლემაა, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით არავის შეუსწავლია ის, თუ, რატომ ხდებიან ახალგაზრდები ნარკომანები.
შორენა პაპაშვილი