იანვრის მეორე ნახევარში თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ქართული წარმომადგენლობის დაკვეთით, კავკასიის რესურსების კვლევითი ცენტრის (CRRC) მიერ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რასაც შედეგად პოლიტიკოსების და ექსპერტების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ქვემოთ წარმოგიდგენთ ქართველი პუბლიცისტ ირაკლი ჩხეიძის მასალას, რომელიც სააგენტო EADaily-ში გამოქვეყნდა.
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ორი მსოფლიო ომი მოხდა, რომლებმაც ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ისტორიკოსები დღესაც ვერ ასახელებენ ზუსტ, თუნდაც რეალურთან მიახლოებულ ციფრს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მეოცე საუკუნის მთავარი მიღწევა ის არის, რომ მესამე მსოფლიო ომი აღარ მოხდა, რომელიც კაცობრიობის არსებობის ისტორიას ბირთვულ წერტილს დაუსვამდა. ახლა ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეული უახლოვდება დასასრულს და ჩვენდა სამწუხაროდ, მთელს პლანეტაზე საინფორმაციო ომი მძვინვარებს.
მეოცე საუკუნის ბოლოს შეერთებულ შტატებში საბოლოოდ და სამუდამოდ დამყარდა უინსტონ ჩერჩილის მიერ ნაწინასწარმეტყველები Pax Americana, რომელმაც თავისი ბრიტანული ანალოგი შეცვალა. ამერიკელებმა დაიჯერეს, რომ ამიერიდან ისინი მსოფლიოს ბედის განმგებელნი და კანონმდებლები, მოსამართლეები,ჟანდარმები, გადასახადების ამკრეფები არიან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი გათვლებში შეცდნენ. რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მას უგულებელყოფენ და ზურგს აქცევენ, იმის ნაცვლად, რომ მორჩილად გაიღიმოს, ნაწილებად დაიშალოს და თავისი ბუნებრივი რესურსების მართვა ცივილიზებულ კაცობრიობას გადააბაროს, პირიქით, ბრწყინვალებას და პარტნიორული ლიდერის სტატუსს იძენს, წელში იმართება და თავისი ისტორიული მისიის – ნაპოლეონის, ჰიტლერის და სხვების სახით მსოფლიო ბატონობის მაძიებლებს გადაულახავ დაბრკოლებად მოევლინოს – შესრულებას იწყებს.
ცხადია, ცივილიზებული დასავლეთი უკვე თითქმის სრულად დამარცხებული მოწინააღმდეგისგან ბინძურ ხრიკებს არ მოელოდა. რუსეთის სამხედრო გზით გაჭყლეტა – თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგანაც ე.წ. ლიბერალებმა თავისი მმართველობის დროს, ბირთვული ფარი სრულად ვერ გაანადგურეს. გამოსავალი მხოლოდ ინფორმაციულ ომშია, რისთვისაც მილიარდობით დოლარი დაიხარჯა და იხარჯება უამრავ ქვეყანაში რუსოფობიის გასაღვივებლად.
ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყოფილი რესპუბლიკა – საქართველოა. საინტერესოა, რა წარმატებას აღწევენ რუსოფობები ამ ქვეყანაში? აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ მთელს ქვეყანაში ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 60% (გამოიკითხა 2298 ადამიანი – EADaily) ევროპულ მისწრაფებებს იზიარებს, ხოლო 29% – ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან შეერთებას უჭერს მხარს. ერთი შეხედვით, დასავლეთი იმედიანად უნდა იყოს, თუმცა მონაცემების ღრმა ანალიზი, რამდენადმე განსხვავებულ სურათს იძლევა.
დასაწყისისთვის უნდა ითქვას, რომ NDI საქართველოში ბოლო დროს ყველაზე განხილვადი საკითხია. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აბსოლუტურად არაობიექტურია. საქართველოში ყველამ შესანიშნავად იცის, რომ ამ ორგანიზაციას არა მხოლოდ გამოკითხვებს, არამედ სასურველ საბოლოო შედეგებსაც უკვეთავენ.
იმ ფაქტს ნამდვილად ვერ უარვყოფთ, რომ უკვე მესამე ათწლეულია საქართველოს მოსახლეობა მწვავე ანტირუსულ პროპაგანდაში ცხოვრობს. ამ ფონზე წარმოდგენილ ციფრებს თუ გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვა არც თუ ადვილია. NDI-ს მიერ დასმული შეკითხვაც კი ტაქტიკური ხრიკი – ერთგვარი მახეა რესპოდენტებისთვის, რომლებმაც მკაფიო და კატეგორიული არჩევანი უნდა გააკეთონ დასავლეთს და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის. ანკეტაში შეკითხვა სხვაგვარად რომ იყოს ფორმულირებული და არ იყოს აშკარა წინააღმდეგობა ერთსა და მეორე მხარეებს შორის, შედეგიც სხვაგვარი იქნებოდა.
არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი – წინა გამოკითხვისგან განსხვავებით, ევროპული მისწრაფებების მოზიარეთა რაოდენობა 5%-ით ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ ევრაზიულ ინტეგრაციას მხარს 24% უჭერდა, ახლა – 29%.
საინტერესოა ისიც, რომ საქართველოში გამოკითხულთა 36%-ს მიაჩნია, რომ სამხედრო ძლიერების დონით აშშ რუსეთს ბევრად აღემატება, ხოლო 41%-ს მიაჩნია, რომ სამხედრო თვალსაზრისით სწორედ რუსეთია ამერიკაზე ძლიერი. ამასთანავე, ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი 700 მილიარდი აშშ.დოლარია, ხოლო რუსეთის – 47 მილიარდი აშშ.დოლარი. როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლეობას თვალებიც აქვს და ყურებიც, ასევე მომხდარის გაანალიზების უნარიც. ამგვარად, სირიის მოვლენებმა აჩვენა, რომ სისხლიანი ომების ხარჯზე ფულის მოხვეჭა შესაძლებელია, მაგრამ ომში ფული კი არა, ის ადამიანები იმარჯვებენ, რომლებიც სამშობლოს ფულზე არ ჰყიდიან.
ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა შემცირების ტენდენციამ საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც განაცხადა, რომ საშიშროებას ვერ ხედავს, რადგანაც მას გრძელვადიანად არ მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია საკმაოდ გრძელვადიანია და ევროკავშირისთვის ყველაზე ნეგატიური ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობა თანდათანობით იხსნის “ვარდისფერ სათვალეებს”. ცხადია, ოპონენტები იტყვიან, რომ ეს “რუსული პროპაგანდის” შედეგია. NDI აცხადებს, რომ გამოკითხულთა 53% საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობას აღიარებს, 29% ევროკავშირის, ხოლო 28% აშშ-ს პროპაგანდაზე საუბრობს. ამას კიდევ უფრო საინტერესო ცნობა მოჰყვება: რესპოდენტთა 53%-ს მიაჩნია, რომ რუსულ პროპაგანდას ქართული ტელეარხები ეწევიან, ხოლო 32%-ს მიაჩნია, რომ ამას პოლიტიკური პარტიები აკეთებენ.
საინტერესოა, რომელ ქართულ ტელეარხზეა საუბარი, როდესაც თბილისში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ტერორისტების შესახებ ამბობდნენ, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსი, თავისი საარჩევნო მიზნებისთვის მოსახლეობის რუსეთისადმი დამოკიდებულებაც იყენებდა, თუმცა მათ არჩევნებში სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწიეს, რადგანაც მოსახლეობამ მათი გულწრფელობის არ დაიჯერა. ასე, რომ ვერც პოლიტიკოსები იქნებიან რუსული პროპაგანდის გამავრცელებლები.
ყურადღება უნდა მივაქციოთ კიდევ ერთ ფაქტორს. თუ ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური ელიტისთვის წმინდა საკითხია, უბრალო ადამიანისთვის მას სულ უფრო მეტად ჩრდილავს სიღარიბის, სიღატაკის და მზარდი სკეპტიციზმის პრობლემები. ყოველივე ამის შემდეგ, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის წარმატებების პროპაგანდა არის მხოლოდ თავად ცხოვრება და რეალობა. ასე რომ დამნაშავეების ძიებაში დროის ხარჯვა არ ღირს.
პუბლიცისტი ირაკლი ჩხეიძე, სპეციალურად EADaily-სთვის