მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის ყველაზე მასშტაბური – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია. ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის საშიშროების გამო, 2020 წლის დასაწყისიდან ციებ-ცხელებას განიცდის. კრიზისი აისახება უდიდეს საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნაზეც. ექსპერტების ნაწილი ამის მიზეზად ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით OPEC + -ის (OPEC – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციის გარეთ მდებარე ქვეყნების ორგანიზაციები: რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი) წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმების ჩაშლას ასახელებენ. საუდის არაბეთის მიერ, ნავთობის ექსპორტის ფასების მიზანმიმართულ შემცირებასთან ერთად, მსოფლიო ბაზარზე დაეცა “შავი ოქროს” ფასი. რამდენიმე კვირის წინ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, 2008 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ყველაზე ცუდი შედეგები. ყველაზე დიდი ვარდნა – 145 პუნქტით, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო. შესაძლებელია, რომ ეს 2020 წელსაც განმეორდეს.
კოროვირუსის პანდემიის გამო, ნავთობზე მოთხოვნილება ისედაც შემცირებულია, რადგან დაავადების გავრცელების საფრთხის გამო, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ შეზღუდა გადაადგილება და ერთმანეთთან კომუნიკაცია. იკლო ავიარეისებისა და სარკინიგზო გადაზიდვების რიცხვმაც, რამაც პროდუქტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. Bloomberg-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ნავთობის ფასი 21%-ით არის შემცირებული. 2 მარტს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა მოხსენება, სახელწოდებით “კორონავირუსის დროებითი ეკონომიკური შეფასება: ეკონომიკა საფრთხეშია”, რომლის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა, კორონავირუსის გამოჩენამდე სუსტი, მაგრამ სტაბილური იყო. მათივე ანალიზის თანახმად, მსოფლიო მშპ, Covid-19– ის გავლენის გამო, შესაძლოა 2.4% –მდე შემცირდეს და 2020 წლის პირველ კვარტალში უარყოფითი შედეგები აჩვენოს.
“ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” დირექტორი, ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბის გამოწვევაა, რომლის მსგავსი კაცობრიობას აქამდე, არ ახსოვს. ის არ არის ეკონომიკისთვის ტიპიური პრობლემა და მსოფლიო ეკონომიკაში მის ნეგატიურ გავლენაზე პასუხის გასაცემად მსოფლიო ჯერ მზად არ არის.
“ცალკეულმა ქვეყნებმა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ გარკვეული ქმედებები განახორციელონ, გამოყონ სახსრები, მხარში დაუდგნენ ბიზნესს და ა.შ. მაგრამ, ის თუ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვირუსი, რა შედეგები ექნება მას საბოლოო ჯამში მსოფლიო ეკონომიკაზე, ამაზე ჯერ პასუხის გაცემა არავის შეუძლია. იმედი ვიქონიოთ, რომ კარგი ამინდების დადგომასთან, ან ვაქცინის გამოგონებასთან ერთად პრობლემა მოგვარდება. რეცესიასთან მიახლოვებული ჩვენ ჯერ არ ვართ. რეცესია არის, როცა ეკონომიკა ეცემა, ჯერჯერობით საუბარია ზრდის ტემპის შენელებაზეა და არა ვარდნაზე”, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
ბუნებრივია, როცა პანდემიის შიშით ქვეყნები, ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ კარანტინს და საზღვრებს კეტავენ, ეს ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას და ცვლის მომხმარებლის ქცევას. მოსახლეობის მხრიდან ხარჯვის ნაწილი მცირდება. ყოველდღიურ სამუშაოზე დასაქმებულები კი შემოსავალს კარგავენ და სხვა. ჭარაია არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი სცენარი ამ მიმართულებითაც წავიდეს, მაგრამ იმედოვნებს, რომ უკიდურესი სცენარის განვითარებას არ დაუშვებენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობები და ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციები.
ექსპერტის მოსაზრებით, კორონავირუსის დაძლევაში პასუხისმგებლობა დღეს თითოეულ ადამიანს ეკისრება. მოსახლეობაში პანიკას კი, მთავრობის მხრიდან მეტი მკაცრი გადაწყვეტილებები მოჰყვება. საქართველოში, ოპოზიციური პარტიების მხრიდან უკვე გაისმა მოწოდებები, რომ შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებამ, ყველაფერთან ერთად, ბიზნესის გადარჩენაზეც იზრუნოს და მათ გადასახადები შეუმცირონ. ასეთ მოწოდებებს არ ეთანხმება ვახტანგ ჭარაია და მიაჩნია, რომ პირიქით, ბიზნესმა დღეს ამ ბრძოლაში თავისი წვლილი უნდა ჩადოს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების ტემპის გამო, წითელ ზონად ევროპის ის ქვეყნები ცხადდება, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტია დასაქმებული. არსებობს მოლოდინი, რომ სეგმენტები, სადაც საქართველოს მთავრობა გაუჭირდება რეაგირება, არის ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირება. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს ხელისუფლებამ მოსთხოვს იტალიის, გერმანიის, ესპანეთის მთავრობებს, ქართველი ემიგრანტების დასაქმებაზე ზრუნვა, მაშინ, როცა თავად, ევროკავშირის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლას უჩერებს.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს მკაცრი ზომების გატარება. იმ დროს, როცა აშშ ერთი თვით წყვეტს მიმოსვლას თავის სტრატეგიულ პარტნიორ ევროპასთან, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს აგვიანებს ბიზნესის ხელშეწყობისა თუ საბიუჯეტო შემოსავლების არდაკარგვის გამო. მისივე თქმით, საქართველო მცირერიცხოვანი ქვეყანაა და აქ ვირუსის გავრცელების ტემპები, შესაძლოა, სრულიად სხვაგვარი იყოს.
“როგორც ჩანს, ძალიან რთული მდგომარეობაა, ამერიკელებმა ჩაკეტეს ევროპასთან მიმოსვლა. ევროპაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, კრიზისი ჯერ გავლილი არ არის. საქართველოშიც უნდა ველოდოთ ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. ხალხმა სიფრთხილის ზომებს უნდა მიმართოს. მარტო ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მონდომება არაფერს შველის. საჭიროა მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები. ჯერ კიდევ 2 კვირის წინ, როდესაც მოვისმინე, რომ არ იგეგმებოდა იტალიასთან ფრენების შეჩერება, ვამბობდი, რომ უნდა ჩაიკეტოს საზღვრები. ახლაც აგვიანებს საქართველო ხელისუფლება. ყველაზე გამაღიზიანებელი ზედაპირული განცხადებებია”, – განუცხადა Dalma News-ს გიორხელიძემ.
მისივე თქმით, დღეს, ეკონომიკურ კრიზისზე მეტად მნიშვნელოვანია პანდემიიდან მომდინარე საფრთხე, რომელი ადამიანებს და მთელს ქვეყნებს ემუქრება.
“ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც კი შეიძლება ქვეყნებს დაემართოს. ჩვეულებრივი საომარი მდგომარეობაა, სადაც მოწინააღმდეგე უხილავია”, – ამბობს ექსპერტი.
ნავთობის ფასზე კორონავირუსის გავლენას რაც შეეხება, დემურ გიორხელიძეს განსხვავებული პოზიცია აქვს. მისი მოსაზრებით, კორონავირუსი ამ შემთხვევაში საბაბად გამოიყენეს. საქმე გვაქვს მიზანმიმართულ სანავთობე ომთან, რომელიც უამრავ ქვეყანას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. დაპირისპირება მიმდინარეობს საუდის არაბეთსა და OPEC-ის ქვეყნებს შორის. დასავლურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ამ დაპირისპირებაში პირველ რიგში აშშ-ს ფიქალური ნავთობის ინდუსტრია ზარალდება. დაბალი ფასის გამო გამოთავისუფლებულ ადგილს კი, ერთმანეთს საუდის არაბეთი და რუსეთი ეცილებიან.
“ძალიან მძიმე, დაუნდობელი და უკომპრომისო პროცესი მიდის, რაც აშშ-ს ურტყამს. დააკვირდით საფონდო ბაზრებს. შარშან, ფიქალის გაზში დაკავებული ათობით მსხვილი ამერიკული კომპანია გაკოტრდა. ახლაც, უკვე ცუდი შედეგები აქვს, რამდენიმე დიდ კომპანიას. დარჩენილებს უზარმაზარი ვალი დაედოთ, ამიტომ ეს ვითარება ხანგრძლივი დროით თუ შენარჩუნდა, ბუნებრივია, ნავთობის ფასების ვარდნა გაგრძელდება. როცა ეკონომიკური ომია, ფასები ხელოვნურად ეცემა და არა ე.წ ბაზრის რეგულირებით. დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ამ ომში გამარჯვებული და უკან დამხევი მხარე გამოჩნდეს. ეს შესაძლოა საკმაოდ რთული პროცესი იყოს”, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.
ნავთობზე დღეს არსებულ მსოფლიო ფასებს თუ გადავხედავთ, საქართველოს ფასებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ჩვენთვის არაფერი იცვლება. ექსპერტ დემურ გიორხელიძის თქმით, ფასები საქართველოში, დღეს, იმაზე უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ, როცა ბარელი ნავთობი 145 აშშ დოლარი ღირდა. ეს სფერო საქართველოში, ხელისუფლებისგან მიშვებული და მხარდაჭერილია.
“დღეს, ფასები ფაქტობრივად, განახევრებული უნდა იყოს. მალე 30 აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვა ბარელი ნავთობის ფასი და ვნახავთ, რომ საქართველოში არაფერი შეიცვლება. ნავთობი კატასტროფულად გაიაფდა და საწვავის ფასი საქართველოში პრაქტიკულად არ იცვლება. ეს არის ოლიგოპოლიების მიერ საკუთარი ხალხი ძარცვის შესანიშნავი საშუალება”, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.
შ. ქარჩავა