პოლიტიკურმა გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსმა”, ლოზუნგით “არა ოცნებას, არა ნაციონალებს”, თბილისის სპორტის სასახლის დარბაზში, 7 ივლისს, რამდენიმე ათასიანი, მორიგი საინფორმაციო აქცია გამართა. ალიანსის ლიდერებმა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საჭიროებასა და საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტზე ისაუბრეს. მათი აზრით, ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშეა, ეს ეხება სიღარიბეს, პოლიტიკურ კონფიგურაციას, დავით გარეჯის პრობლემას. ასევე, საქართველო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების საფრთხის წინაშე იმყოფება და საჭიროა არა ახალი კოცონების დანთება, არამედ უკვე არსებული ჩაქრობა.
პატრიოტების შეკრებას ესწრებოდა, როგორც რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა, ასევე დედაქალაქის მცხოვრებლები. ლიდერები აქციის მონაწილეებს, ერთმანეთის მონაცვლეობით მიმართავდნენ და შემდგომ სამოქმედო გეგმას აცნობდნენ.
როგორც ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განმარტა, ტრადიციის დარღვევისა და მხარდამჭერების შენობაში შეკრების მიზეზი, თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციაა, რომლის მონაწილეები შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს არ სურთ, მათი აქცია, ხელისუფლების მხარდამჭერ, კონტრაქციად განიხილებოდეს და პატრიოტების თავისუფლების მოედანზე გამოჩენით, ვინმე სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას შეეცადოს.
“თავისუფლების მოედანზე, ტრადიციულად არ ვიკრიბებით იმიტომ, რომ არ გვინდა სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენ მუდმივად უნდა შევიკრიბოთ. ჩვენს ყოველ შეკრებას უყურებს ხალხი, რომლებიც სახლში რჩებიან. შემდეგ შეკრებებზე კი, ისინიც გამოვლენ. ახალგაზრდების კონსოლიდაცია დღეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ტრიბუნიდან ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა.
ქართველი პატრიოტები სახელისუფლებო პარტია “ქართულ ოცნებას” ნაციონალებთან ალიანსში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პატრიოტების იმ რეზოლუციას, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას გულისხმობს და, რომელსაც საქართველოს 0,5 მლნ მოქალაქე აწერს ხელს. პატრიოტები მოითხოვენ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს, სადაც თავიანთ რეზოლუციას ხელმეორედ გაიტანენ.
“ძალიან ძნელია იმ პარლამენტში ჯდომა და იმ დამნაშავეების ატანა, რომლებმაც სულხან მოლაშვილი (კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე რედ.) აწამეს და მოკლეს. ძნელია იმის ატანა, როცა შენ წინ სხედან “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე ხელისუფლების მაღალჩინოსნები და თავს დაუსჯელად გრძნობენ”, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
აქცია, რომელიც თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, ფოლკლორული ცეკვის ანსამბლის, რამდენიმე საცეკვაო ნომრით დასრულდა.
Dalma News-ი “პატრიოტთა ალიანსის” სხვა წევრებსა გაესაუბრა. პარლამენტის დეპუტატმა ადა მარშანიამ 7 ივლისის შეხვედრა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ეროვნული სულისკვეთებით გამართული ეს აქცია იმ ტრაგიკული მოვლენების გამოძახილია, რაც 20-21 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა, როდესაც პოლიციამ საპროტესტო აქცია რეზინის ტყვიებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით დაშალა. (შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოსახლეობა, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, აქცია პოლიციასა და პროტესტანტებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად ათეულობით მოქალაქე და პოლიციის თანამშრომელი დაშავდა).
ადა მარშანიას შეფასებით, ხალხი აღარ ენდობა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რაც 20-21 ივნისის მოვლენებმაც დაადასტურა. თუმცა ამ პროცესების გამო, მეორე მხრივ, უკანა პლანზე გადაიწია დავით გარეჯის თემამ, რომელიც კვლავაც დარჩება ალიანსის დაჟინებული ყურადღების ცენტრში. მისივე თქმით, 20 -21 ივნისის ინციდენტმა, ასევე, დააზიანა ქართულ-რუსული მოლაპარაკებები და ორ ქვეყანას შორის ვითარების მოგვარების პერსპექტივა შორეულ მომავალაში გადასწია.
“ჯერ პარლამენტის ინციდენტი უნდა იყოს გამოძიებული. ეს პროკურატურის საქმე არ არის. პარლამენტში უნდა ჩატარდეს შიდა მოკვლევა. მივმართე პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძეს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაიდოს ობიექტური და სწორ დასკვნას, თუ რა და რატომ მოხდა 20 ივნისს. მათ კი მიპასუხეს, – თქვენ თუ რამე გაინტერესებთ ყველაფერი აპარატში შეგიძლიათ მოიკვლიოთო. ადამიანი, რომელსაც უნდა გაიგოს მართლა რა მოხდა, ის ქმნის შესაბამის კომისიას. მე ისედაც დიდი ხანია ამ ხელისუფლების ნდობა არ მაქვს. ქართველი ერის მაინც მოერიდოთ”, – განაცხადა Dalma News-თან საუბრისას ადა მარშანიამ.
“პატრიოტთა ალიანსის” კიდევ ერთი წევრი, პოლიტიკოსი ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ ქართულ საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს განწყობა, – არა “ნაცი”, არა “ოცნება”, რაც “ქართული ოცნების” ძალიან უსუსური მმართველობის შედეგია. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ თავის ამომრჩეველს, ვერც ერთი დანაპირები ვერ შეუსრულა, ვერ აღადგინა სამართლიანობა, ის “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტირებულ რეჟიმში განაგრძობს ყოფნას, რაც საბოლოოდ აზიანებს ქართულ სახელმწიფოებრიობას.
“ძალიან მძიმე პროცესებს ვადევნებთ თვალს ქალაქის ქუჩებში, რაც საბოლოოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას ვნებს. “ნაცების” პათოსი დღეს, ცოტა სატირალია. დაავიწყდათ უახლესი ისტორია, როცა თავად არბევდნენ აქციებს, ხალხს ართმევდნენ ქონებას და ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვეოდა. დღეს, გამოდის ეს პოლიტიკური ძალა და იძახის, რომ ის არის ამის წინააღმდეგი. რამდენიმე წლის წინათ, ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მათი დანერგილია. მათი შემოტანილია რეზინის ტყვიები, მომწამვლელი აირები, რასაც მიტინგების დასაშლელად იყენებდნენ”, – აცხადებს ბეჟან გუნავა.
Dalma News-ის კითხვაზე, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თუ არა კრიზისიდან გამოსავალი, ბეჟან გუნავამ განაცხადა, რომ ქართული დემოკრატიისთვის ეს ეპოქალური მნიშვნელობის ცვლილებაა, რამაც ახალ სისტემას უნდა დაუდოს საფუძველი. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, ამ მოთხოვნით ის და მისი მეგობრები პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავდნენ იმისთვის, რომ მაშინდელ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის რეფორმა გაეტარებინა. მაგრამ მაშინ ამას ვერ მიაღწიეს.
ბეჟან გუნავას მოსაზრებით, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების სისტემა დღეს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. თუმცა ამ შემთხვევაში, მცირდება, როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე “ქართული ოცნების” შანსები, რომ საკუთარი ძალებით შექმნან კოალიციური მთავრობა. პოლიტიკოსის შეფასებით, ვერც ყოფილი და ვერც ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, უმრავლესობით ვეღარ გავლენ და შესაძლოა, საერთოდ აღარ იყვნენ პირველ ადგილზე გასული ძალა.
“20 ივნისს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და არა საფრთხე. “ნაციონალურ მოძრაობას” დღეს, არ გააჩნდა ის ძალა და მხარდაჭერა, რომ რევოლუცია შეძლოს. მეორე მხრივ, ძალიან გაუგებარი იყო ხელისუფლების ქმედება, როცა აქციაზე 800 ადამიანი დარჩა და მაშინ დაიწყეს აქციის დაშლა. კოჰაბიტირებულ ძალოვან სტრუქტურებში არიან პიროვნებები, რომლებმაც დაუკითხავად დაიწყეს ისეთი ქმედებები, რომელსაც, შეიძლება არაპროპორციული ვუწოდოთ”, – განუცხადა Dalma News-ს “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ბეჟან გუნავამ.
მისი თქმით, 20 ივნისის ღამით მიტინგის დარბევა “ქართულ ოცნებაზე” მეტად „ნაცმოძრაობას“ და “ოცნებაში” მოკალათებულ ნაციონალებს სჭირდებოდათ. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის პერსპექტივას, პოლიტიკოსის აზრით, ეს ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული თემაა ქართული სახელმწიფოსთვის.
“20 ივნისის შემდეგ, ქართულ ეკონომიკაში უცებ პრობლემები შეიქმნა – ტურისტების, ფულადი გზავნილების შეზღუდვა. “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის არევა და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა სურს. “პატრიოტთა ალიანსი” კი, ამას არ დაუშვებს და ნაციონალებს “ოცნებასთან” ერთად გავისტუმრებთ. ჩვენ ვართ პროქართული ძალა და მიგვაჩნია, რომ რუსეთთან საუბრის გარეშე, შეუძლებელია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაჭრა. ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ის ჩვენი მეზობელია. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გვირჩევს, რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ”, – აცხადებს ბეჟან გუნავა.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქეები თავს დაცულად ვერ გრძნობენ. ქვეყანას 70% -ზე მეტი სოციალურად დაუცველი ჰყავს, ოჯახები ბანკების მძევლები არიან, ლარის კურსი მერყეობს, შემოსავალი არ იზრდება, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ქვეყანაში სოციალური აფეთქება მოხდეს. ამ შემთხვევაში, კი ალიანსი ხალხის გვერდით დადგება და სოციალურ პროტესტს ჩაუდგება სათავეში.
“ჩვენ ვართ კონსტრუქციული ოპოზიცია, ჩვენი პრინციპია თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფიერება. თუ კი, ეს ხელისუფლებასთან შუამდგომლობით არ გამოგვივა, ხალხთან ერთად გამოვალთ ქუჩაში”, – აცხადებს ბეჟან გუნავა.
“პატრიოტთა ალიანსი” მომდევნო შეკრებას ბათუმში გამართავს. შემოდგომით კი, ქვეყნის დედაქალაქში, 200 000-კაციან აქციას გეგმავენ, და ამბობენ, რომ “მაშინ, ყველაფერი შეიცვლება”.
სპეციალურად Dalma News-სთვის მოამზადა შორენა პაპაშვილმა