მიუხედავად იმისა, რომ მზის ენერგიის გამოყენებას სომხეთში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მით უფრო, რომ სომხეთის ხელისუფლებამ განახლებადი ენერგეტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ მზის ენერგეტიკა გამოაცხადა, ეს საკითხი ქვეყანაში მაინც ბურუსით მოცულია.
სომხეთის ბუნებრივი რესურსების და ენერგეტიკის სამინისტროს სპეციალისტების თქმით, რესპუბლიკას მზის ენერგიის გამომუშავების საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ერთი კვ.მეტრის ზედაპირზე წელიწადში საშუალოდ 1720 კვტსთ/მ მზის ენერგიას გამოიმუშავებს. სხვათა შორის, საშუალო ევროპული მაჩვენებელი დაახლოებით 1000 კვტსთ/მ-ია. ამასთანავე, სომხეთის ტერიტორიის 25%-ს წელიწადში 1850 კვტსთ/მ-ის მზის ენერგია აქვს.
ალტერნატიული ენერგიის მიღებით სომხეთში პირველად 2006 წელს დაინტერესდნენ, ხოლო 2014 წელს პროექტს მხარი სახელმწიფომ დაუჭირა და მთავრობამაც დაამტკიცა. ამ უკანასკნელს მიაჩნია, რომ სომხეთი მალე სრულად გადავა ენერგეტიკის ალტერნატიულ წყაროზე.
სომხეთის ბუნებრივი რესურსების და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აიკ არუთუნიანი სომხეთში განახლებადი ენერგიის პოტენციალს 8 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. მისივე თქმით, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების, მექანიკური დანადგარების და მოწყობილობების გაიაფების ფონზე, ორიოდე წელიწადში შესაძლებელი იქნება მზის ენერგიის ჰიდროენერგეტიკის შექმნა. ამას ადასტურებს სომხეთში არსებული რამოდენიმე ათეული კვტ-ის ძალის მქონე ორი დიდი მზის სადგური, მზის 2 ათასზე მეტი წყლის გამაცხელებელი სისტემა.
“2017 წლის ბოლომდე მზის სადგურებზე კვოტების შევსებას ველით. 3,5 მგვტ-ზე უკვე მივიღეთ შეკვეთა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვოტების ფარგლებში მზის ელექტროსადგურების მფლობელები მომავალში, მათ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის გაყიდვებზე საშეღავათო ტარიფებს მიიღებენ. ჩვენი გათვლით, ისინი მზის ენერგეტიკაში ჩადებულ ინვესტიციებს უკვე რამდენიმე წელიწადში აინაზღაურებენ, რაც ამ სფეროსადმი დიდ ინტერესს განაპირობებს”, – დარწმუნებულია არუთუნიანი.
თავის მხრივ, სომხეთის ეროვნულმა კრებამ მიიღო “ენერგოდაზოგვის და განახლებადი ენერგეტიკის შესახებ კანონში” შესწორებები, რომელიც გათვლილია უახლესი ტექნოლოგიის დანერგვასა და მზის ენერგიის გამოსაყენებელი საწარმო ძალის შექმნაზე.
მზის ენერგოსადგურების დასამონტაჟებლად საჭირო პირობების შექმნით და ინვესტორების ლიცენზიის მიღების მოთხოვნისგან განთავისუფლებით, სომხეთის ხელისუფლება გეგმავს ენერგიის მოხმარება და მისი ხარჯები 2020 წლამდე, 38%-ით შეამციროს. სომხეთის მთავრობის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, რესპუბლიკაში მზის ექვსი ელექტროსადგური უნდა აშენდეს: თალინში, გავარინში, მეც მასრიკში, დაშტადემში და მერძავანში. ამ მიზნით, პროგრამისთვის 129 მილიონი აშშ.დოლარი უნდა გამოიყოს.
სომხეთის განახლებადი ენერგეტიის და ენერგოდაზოგვის ფონდის დირექტორის თამარა ბაბაიანის შეფასებით, სომხეთში ყველაზე დიდი “მზის პროექტი” მეც მასრიკში 50 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელების სადგურის მშენებლობაა. 50 მილიონი აშშ.დოლარის ღირებულების სადგურის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და დაახლოებით 40 უცხოელი ინვესტორი დაინტერესდა. თუმცა, საუკეთესო შემთხვევაში, მშენებლობა მხოლოდ 2018 წელს დაიწყება.
სომხეთის ხელისუფლებას არც საერთაშორისო ორგანიზაციები ჩამორჩებიან. მზის ენერგიის გამოყენების მიზნით, განახლებადი ენერგიის და ენერგოდაზოგვის ფონდმა მსოფლიო ბანკის და გლობალური ეკოლოგიური ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროგრამა “სომხეთში თანამედროვე ფოტოელექტრო ენერგიის განვითარების მხარდაჭერა”. “განახლებადი ენერგეტიკის გაფართოვების პროგრამის” ფარგლებში დამტკიცდა საინვესტიციო პროგრამა სომხეთში 110 მეგავატამდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის სახსრების გამოსაყოფად.
სინამდვილეში საქმე არც ისე კარგადაა, როგორც ეს სომეხი მოხელეების მოხსენებებიდან იკვეთება. სომეხი ასტროფიზიკოსის, პედაგოგისა და დოცენტის აშოტ მელკონიანის თქმით, მზის სათბური ენერგეტიკა სომხეთში მართლაც სწრაფად ვითარდება, თუმცა მხოლოდ იმპორტირებული მოწყობილობების ბაზაზე.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში ირწმუნებიან, მზის ენერგეტიკის განვითარება დამოკიდებულია ტექნოლოგიების გაიაფებასა და იმაზე, რომ საბოლოო პროდუქტი სწორედ სომხეთშია. თავად მელკონიანმა ორი, საკმაოდ მარტივი მოწყობილობა-ბოილერი გამოიგონა, სადაც მზის მეშვეობით წყალი ცხელდება. 12 კგ-იან ჩანთაში 25-30 წთ-ში 12 ლიტრი წყალი 40-45 გრადუსამდე ცხელდება. მეორე ვარიანტი – 38 ლიტრიანი ავზი, რომელსაც ფანჯრის ფორმა აქვს, იგივე ტემპერატურამდე 2-2,5 საათში ცხელდება. ერთი სახლის თავზე დამონტაჟებული 120-130 ლიტრის მოცულობის ასეთი ავზი, მთელი ოჯახისთვის საჭირო ელ.ენერგიას გამოიმუშავებს.
მეცნიერის თეორიული და პრაქტიკული გამოგონებების თანახმად, მისი ეფექტიანობა 80%-ს უტოლდება. თუმცა, მთავარი მელკონიანის ბოილერების ფასია. წყლის გამაცხელებლის პირველი, უფრო მოქნილი ვარიანტი 110 ათასი, ხოლო მეორე ვარიანტი – 130 ათასი დრამი ჯდება. ამასთანავე, ჩინეთიდან და თურქეთიდან, იმპორტირებული, მაგალითად კომპანია Arpi Solar -ის და სხვადასხვა გამოფენაზე წარმოდგენილი ანალოგები, ზომების და ფუნქციების მიხედვით, 300-დან 900 ათასი დრამი ჯდება.
“მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები მთელი ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობის მანძილზე მაინტერესებდა. თავის დროზე მზის ენერგიის საფუძველზე წყლის ტრადიციული გამაცხელებლის დამზადება ვცადე. ბევრი ფიქრის და გათვლების შემდეგ, გადავწყვიტე, წყალში შუქის მშთანთქავი ელემენტი-ბოილერი დამემონტაჟებინა. საბედნიეროდ, პრაქტიკული სამუშაოები წარმატებით დასრულდა”, – ამბობს მელკონიანი.
2013 წელს გამომგონებელმა, მოწყობილობა სომხეთის ინტელექტუალური მემკვიდრეობის სააგენტოში სასარგებლო მოდელის სახით დააპატენტა. მისი გათვლებით, ბოილერის გამოყენება შესაძლებელია, როგორც საყოფაცხოვრებო მიზნით, ისე დახურული შენობის, მაგალითად, სათბურის გასათბობად. განსაკუთრებით გამოსადეგარი იქნება საგანგებო ვითარებების დროს ბანაკებში, ან საველე პირობებში. მოქნილი ვარიანტის გამოგონების მთავარი მიზანი – სამხედრომოსამსახურეების საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილებაა იმ დროს, როდესაც მათ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო არ აქვთ. მელკონიანის გამოგონებები დღეისათვის უკვე კერძო სახლებში გამოიყენება. სამი მოწყობილობა საგანგებო ვითარებების სამინისტროს აკადემიამ სამაშველო ქვედანაყოფებისთვის შეიძინა. საკუთარი სახლის თავზე ბოილერის დამონტაჟებას თავად გამომგონებელიც აპირებს.
მელკონიანმა საერთაშორისო კონფერენციებზე ორჯერ წარადგინა თავისი გამოგონებები. ისინი გამოფენილი ჰქონდა ერევანში „ექსპოს“ გამოფენაზე, სადაც რესპუბლიკის თავდაცვის და საგანგებო ვითარებების მინისტრების მოწონება დაიმსახურა.
“აზერბაიჯანის საზღვართან თავდაცვითი პოზიციის ხაზზე აღჭურვის მიზნით, თავდაცვის მინისტრმა მოწყობილობების გარკვეული რაოდენობის შეძენის განკარგულება გასცა. მათგან ახალ ამბებს ველი”, – განაცხადა გამომგონებელმა.
მეცნიერის შეფასებით, მზის ენერგიის საფუძველზე ელექტროენერგიის მიმღები მოწყობილობის ეკოლოგიური თვალსაზრისით დანერგვა, უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, სომხეთის მზის პოტენციალის შეუფასებლობა შეუძლებელია. მელკონიანის მიერ გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ჩატარებული კვლევების თანახმად, მზიანი დღეების რაოდენობა, განსაკუთრებით სომხეთის მაღალმთიან რაიონებში, სამასამდე აღწევდა.
“თანამედროვე მსოფლიოში გლობალური დათბობის და ჰაერის დაბინძურების დონის მატებასთან ერთად, მზიანი დღეები მინიმუმ 30%-ით გაიზარდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ თვალსაზრისით, სომხეთში არსებული ვითარება გლობალური ეკოლოგიური პრობლემის ნაწილია”, – დასძინა მელკონიანმა.
სომხეთის მზიანი პერსპექტივების თაობაზე პასუხისმგებელი მოხელეების ოპტიმისტური მოხსენებების მიუხედავად გამომგონებელი მეცნიერის პროგნოზები არც თუ დამამშვიდებელია. მელკონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ძირითადად იმპორტირებულ მოწყობილობებს იძენენ და ადგილობრივ ნაწარმზე ძალიან ცოტა თუ ფიქრობს.
მისივე თქმით, ეს იმ სამწუხარო საერთო პოლიტიკის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნიდან შემოტანილი საქონლის გაყიდვა უფრო მომგებიანია, ვიდრე საკუთარი, ძლიერი მოწყობილობის შექმნა. თუმცა, ეს მზის გამათბობელების და ბატარეების საბოლოო ფასზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება. იმ დროს, როდესაც თანამემამულე მოხელეებს მზიანი გეგმების განხორციელებაში სწორედ მაღალი ფასი აფერხებთ.
“თუმცა ნათელი მომავლის იმედს მაინც არ ვკარგავ. სწორედ ამიტომ ვამბობ უარს პერიოდულად უცხოელების მხრიდან წამოსულ შეთავაზებასა და მიწვევებზე. ბოლოს ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობამ ჰავაის კუნძულებზე მიმიწვია. ჩემი მისწრაფება და დიდი სურვილი ის არის, რომ ჩემი მოწყობილობები პირველ რიგში, სომხეთში გამოიყენონ. ვფიქრობ, ამისთვის სრული ენერგეტიკული და მთავარი პოლიტიკური წინაპირობა არსებობს”, – ამბობს მელკონიანი.
მოამზადა დავით სტეპანიანმა