სომხეთის პრემიერ მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამ კვირაში მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო დსთ-ს სამიტში და შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
პუტინი და ფაშინიანი შეხვედრაზე ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს, სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ და მიმდინარე თვის ბოლომდე კიდევ ერთხელ შეხვდებიან ყაზანში, სადაც ფაშინიანი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავა.
რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის ლიდერებმა?
შეხვედრის წინა დღისით, სამი ქვეყნის ექსპერტებს აინტერესებდათ, იქნება თუ არა შეხვედრა პუტინი-ფაშინიან-ალიევის ფორმატში, რადგან აზერბაიჯანის ლიდერიც მოსკოვში იმყოფებოდა? თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა გასცა და განაცხადა, რომ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჯერ არ გეგმავენ სამმხრივი შეხვედრის გამართვას ბაქო-ერევნის კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამავე დროს, მან საკმაოდ საყურადღებო განცხადება გააკეთა:
„რუსეთი არ შეწინააღმდეგებია ასეთი ფორმატის იდეას. თუმცა ზოგიერთმა მხარი არ დაუჭირა“, – განაცხადა უშაკოვმა. კონკრეტულად ვინ იყო ამის წინააღმდეგი, ფაშინიანი თუ ალიევი, – საიდუმლო რჩება.
რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, ოფიციალური პრესრელიზების მიხედვით, საკმაოდ კონსტრუქციულ და პოზიტიურ ნოტაში წარიმართა. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოს რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შეიძლება რეკორდული გახდეს და 14-16 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, მაშინ როდესაც შარშან 7,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2,5-ჯერ გაიზარდა. პუტინის თქმით, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან ენერგიულად და წარმატებით ვითარდება.
„თუ ამ ტემპით ვივლით, ეს ნიშნავს, რომ წელს სავაჭრო ბრუნვამ შეიძლება 14-16 მილიარდ დოლარს მიაღწიოს – ეს კი რეკორდული მაჩვენებელია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ სომხეთის ეკონომიკაში რუსეთი წამყვანი უცხოელი ინვესტორია. დღემდე დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა ვანხორციელებული და ის, რაც ხდება სამთავრობათაშორისო კომისიისა და ბიზნესსაბჭოს ფარგლებში, შესაბამის კარგ შედეგს იძლევა.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გასული თვეების განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობას აქტიური პოლიტიკური დიალოგი უწოდა და გაიხსენა, რომ ერევანში შეხვედრები და დისკუსიები რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან და ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკთან ერთად გაიმართა.
სხვათა შორის, კრემლში შეხვედრის წინ, ვლადიმერ პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია თანმიმდევრული აქტივობები. თანაც ყველა სფეროში, რომელიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს.
„მოუთმენლად ველი ერევანსა და მოსკოვს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთქმედების ერთობლივ გააქტიურებას, ასევე მრავალფეროვანი დიალოგის განვითარებას, რომელიც ეფუძნება ურთიერთგაგებას, ნდობასა და ჩვენი სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სად ხარ, “მსოფლიოს გზაჯვარედინო“?
ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს წარუდგინა თავისი ამბიციური პროექტი, სახელწოდებით „მსოფლიოს გზაჯვარედინები“ და მას შესაბამისი ბროშურა გადასცა. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო კომუნიკაციას სომხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის გავლით, რომელიც იმუშავებს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ. უკვე დსთ-ს ხელმძღვანელების შეხვედრაზე ფაშინიანმა პუტინსა და მის დანარჩენ კოლეგებს წარუდგინა პროექტის არსი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ სომხეთი მზადაა უზრუნველყოს საკუთარი ტერიტორიის გავლით, ზემოაღნიშნულ ქვეყნებში, ასევე აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში,
სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთის, მგზავრების, მილსადენების, კაბელის გავლა.
რაც შეეხება თავად მშვიდობას – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ის ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ფაშინიანმა კრემლში განაცხადა, რომ ერევანი მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმების ურთიერთშეთანხმებულ პუნქტებს, საკამათო ფორმულირების მოხსნის გარეშე, რადგან 80% შეთანხმებული კონტენტი საკმარისია ხელმოწერისთვის და წინსვლის გასაგრძელებლად, ალიევმა კი ხაზგასმით აღნიშნა:
„შეთანხმება მაშინ გაფორმდება, როცა ყველაფერზე შევთანხმდებით”, ხოლო კითხვაზე: “როდის?” მხრების აჩეჩვით უპასიხა: ალბათ, წელსო.
კრემლის შეხვედრა შეთანხმებების კონტექსტში
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად სახელმწიფოს მეთაურებმა რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს. მათ შორის გამორჩეულია შეთანხმება სომხეთისა და ირანის საზღვარზე მესაზღვრეების საქმიანობის შესახებ. კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან რუსი მესაზღვრეები სომხეთისა და ირანის საზღვარზე მდებარე ყარჩევანის საგუშაგოზე სამსახურს შეწყვეტენ.
„2025 წლის 1 იანვრიდან სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარები მონაწილეობას მიიღებენ სომხეთ-ირანის და სომხეთ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრების დაცვაში, ხოლო სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მთლიანად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალები იქნებიამ“, – წერს ბაღდასარიანი სოციალურ ქსელებში და დასძენს, რომ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსი მესაზღვრეების სამსახურისთვის.
ფაშინიანმა გაიმეორა ადრე გაჟღერებული აზრი იმის შესახებ, რომ ყველა ყველა განცხადება, თითქოს „სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე მესამე ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ კომუნიკაციების უსაფრთხოება, რეალობას არ შეესაბამება. სახელმწიფოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმავე ქვეყნის სუვერენული ვალდებულებაა. ეს ჩვენი საქმეა, რომელსაც გარანტირებულად ვასრულებთ“. კონკრეტულად ვის გულისხმობდა ნიკოლ ფაშინიანი „მესამე ქვეყნებში“, ალბათ, გასაგებია.
ის საკითხები, რომლებიც სომხეთისა და რუსეთის ხელმძღვანელებს მოსკოვში არ განუხილავთ, აუცილებლად განიხილება ყაზანში თვის ბოლოს: ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა, რომ მიწვეულია BRICS-ის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც, სხვათა შორის, ალიევიც იქნება. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია სამმხრივი შეხვედრა, რომელიც მოსკოვში არ შედგა, ყაზანში გაიმართოს.
ლინა მაკარიანი