კორონავირუსის პანდემია სირიაში სომხეთის ჰუმანიტარული მისიისთვის, ერთი შეხედვით, ხელის შემშლელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც გაირკვა, სირიის არაბულ რესპუბლიკაში ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში პირველად ჩასული სამხედრომოსამსახურეების და მედიკოსების ჯგუფი თავის კეთილ საქმეს წარმატებით ასრულებს. ექსტრაორდინალური ვითარების მიუხედავად მისია სრული დატვირთვით სრულდება. ამის შესახებ Dalma News-ს განაღმვებისა და ექსპერტიზის ჰუმანიტარული ცენტრის პრესმდივანი, კარინე ახნაზარიანი ესაუბრა.
“ცხადია, პანდემიის გამო, რომელიც სირიაშიც გავრცელდა, გარკვეული სირთულეები და შეზღუდვებია. თუმცა ჩვენი სპეციალისტები სირიის ალეპოში ჰუმანიტარულ მისიას მაღალ დონეზე განაგრძობენ. ივნისის შუა რიცხვებში სომხეთში რიგით მეოთხე ჰუმანიტარული მოქმედებების ჯგუფი დაბრუნდა. სირიაში კი მორიგი, მეხუთე ჯგუფი გაემგზავრა, რომელიც სირიელ ხალხს უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში დაეხმარება”, – განაცხადა კარინე ახნაზარიანმა და იქვე დასძინა, რომ სირიის არაბული რესპუბლიკიდან ჩამოსვლისთანავე სომხურმა “დელეგაციამ” კორონავირუსზე მყისიერი ტესტები ჩაიტარეს.
მიუხედევად იმისა, რომ პასუხები ნეგატიური იყო, მისიის 77-ვე წევრი თვითიზოლაციაში იყო. კარანტინის ვადა პირველ ივლისს ამოიწურა და ამ დროის განმავლობაში Covid-19 არავის დაუდასტურდა.
რაც შეეხება სირიაში მყოფი თანამემამულეების ჯანმრთელობას, როგორც ახნაზარიანმა განაცხადა, ამ მიზნით, ჰუმანიტარული ჯგუფის მუდმივი დისლოკაციის მთელ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გამნაღმველები, ისე ექიმები ინფექციისგან დასაცავი ყველა საჭირო ინდივიდუალური საშუალებით არიან აღჭურვილები. რაც შეეხება სამუშაოების დროს დაინფიცირების შესაძლებლობას, ამის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგანაც ჩვენი ექიმები ინფიცირებულ პაციენტებთან შემხებლობაში არ არიან, თანაც გამნაღმველები ტრიალ მინდორში მუშაობენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა არ აქვთ. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი თანამემამულეები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად ასრულებენ.
ამგვარად, მეხუთე ჰუმანიტარული მისიის ექიმები ეპიდემიის გავრცელების პირობებში 646 ადგილობრივ მცხოვრებს დაეხმარნენ. საერთო ჯამში კი, 2019 წლის თებერვლიდან მოყოლებული დღემდე, სამედიცინო დახმარება 13 772 პაციენტს აღმოუჩინეს. ექიმები განსაკუთრებული დაძაბულობით ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების დროს მუშაობდნენ. ამჟამად სროლები მეტ-ნაკლებად შეწყდა, თუმცა სამედიცინო დახმარება ადგილობრივებს მაინც სჭირდებათ. კარგია, რომ ჯგუფში სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან – ქირურგები, თერაპევტები, სტომატოლოგები, გინეკოლოგები და პედიატრები.
სომეხი გამნაღმველები დაუღალავად შრომობენ
“მხოლოდ ივნისში ჩვენმა გამნაღმველებმა 2450 კვ/მეტრის ტერიტორია გაწმინდეს. აღმოაჩინეს ВОГ-17-ის ტიპის სამი ნაღმი, ასევე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მასალა. სირიაში ყოფნის წელიწადნახევრიან პერიოდში ჩვენმა სამშვიდობოებმა 185 209 კვ/მეტრის ტერიტორია განაღმეს, აქედან 142 ათასი კვ/მეტრი უკვე გადაეცა სირიის ხელისუფლებას“, – დასძინა ახნაზარიანმა.
განაღმული ტერიტორიების ადგილობრივი მთავრობისთვის გადაცემის ცერემონიალი 25 მაისს ალეპოში გაიმართა. სირიის ხელისუფლებას გადაეცა იმის დამადასტურებელი სერთიფიკატები, რომ 2020 წლის დასაწყისიდან, დაახლოებით 51 ათასი კვ/მეტრის ფართობის მიწა განთავისუფლდა ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან. ოპერაციების დროს 200-ზე მეტი საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს.
„გაზაფხულზე დაწყებული სამუშაოების დროს, პანდემიის გავრცელების პირობებშიც კი, სომეხმა გამნაღმველებმა 5 ჰა ფართობის მიწა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაწმინდეს. ამ ტერიტორიაზე მრავალი ყუმბარა, სხვადასხვა კალიბრის ტყვია, ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს“, – განაცხადა სელთიფიკატის გადაცემის ცერემონიალზე ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენელმა არკადი ტონოიანმა.
ასეთი შედეგი სავსებით მოსალოდნელიც იყო, რადგანაც სირიაში საუკეთესოთა შორის საუკეთესო ჯგუფი გაემგზავრა, რომლის გამოცდილებათა ჩამონათვალშია ავღანეთის, ერაყის, ლიბანის, კოსოვოს და მალის სამშვიდობო მისიები. ჩვენი გამნაღმველების მოღვაწეობის მინიმალური სტაჟი 3 წელია, მაქსიმალური – 10-15 წელი.
“ჯგუფში არიან ბიჭები, რომლებიც ჰუმანიტარულ განაღმვით სამუშაოებს 2002 წლიდან ასრულებენ და ახლა, ბევრი მათგანი ხელმძღვანელების პოსტზე დიდი პატივით ასრულებს აღნიშნულ “ცხელ წერტილში” მათ წინაშე დასახულ ამოცანებს”, – განაცხადა სირიაში განაღმვითი ჰუმანიტარული ჯგუფის ხელმძღვანელმა გრიგორ ბასენციანმა.
ბასენციანი ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც სირიაში სამშვიდობო ჯგუფის მუშაობის ზედიზედ ორი ვადით – 8 თვით იმუშავა და სახლში ცოტა ხნის წინათ, ივნისის შუა რიცხვებში დაბრუნდა. დანაღმულ ველებზე ბევრი რამის თვითმხილველი გახდა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კვლავაც მზად არის სირიულ რეალობას დაუბრუნდეს.
“როგორი სახის ჭურვი და ნაღმი არ მინახავს: ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო, ВОГ-17-ის ტიპის გამოუყენებელი ჭურვები, მინი-სამიზნეები, ავიაბომბების ნარჩენები და გაზის ავზებში დამზადებული ხელნაკეთი ასაფეთქებლები”, – ამბობს რესპოდენტი.
— განაღმვის თვალსაზრისით, რომელია უფრო რთული და საშიში?
— ასაფეთქებელი მოწყობილობების უშუალო განეიტრალებას სირიული მხარე ახდენს. ჩვენი ამოცანაა – აღმოჩენა, ნაღმის, ან ასამოქმედებელი ჭურვის ადგილმდებარეობის აღნიშვნა, რათა ადგილობრივი მოსახლეობა გავაფრთხილოთ და ყველა მონაცემი ადგილობრივ მთავრობას გადავცეთ. თავად ნაღმების და ჭურვების აღმოჩენის პროცესი ძალზედ სახიფათოა, რადგანაც თითოეული ნაბიჯი – გაურკვევლობაში გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ ეს სამუშაო სიფრთხილეს და მაქსიმალურ პროფესიონალიზმს საჭიროებს. მით უფრო, რომ მოწინააღმდეგემ მინდვრის დასანაღმად „გულდასმით იშრომა“. კარგია, როცა ერთი და იგივე ტიპის ნაღმები გვხდება, მაგრამ როდესაც ნაღმები შერეული ტიპისაა, ძალიან დიდი დაკვირვება და ყურადღებაა საჭირო, რათა ნაღმების მძებნელი მოწყობილობის განსხვავებული ხმები გავარჩიოთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც უბრალოდ პროფესიულ ალღოს გადავურჩენივართ…
— და მაინც, ინციდენტების გარეშე შეუძლებელია. როგორც ვიცი პირველ სამუშაოებზე ერთ-ერთი გამნაღმველი აფეთქდა.
— დიახ, ეს უბედურება ვაან თადევოსიანს დაემართა. ნაღმმა ტერფი მოაგლიჯა. საბედნიეროდ, ოპერაციების წარმატებით ჩატარდა და ახლა იგი ჩვენი შეიარაღებული ძალების რიგებში თავის მისიას ასრულებს. მისი შემთხვევა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნებისმიერი გამნაღმველის სამუშაო ისევე არაპროგნოზირებადია, როგორც ნებისმიერ ცხელ წერტილში ყოფნა. ის, ვინც ნაღმებს, ან ნებისმიერ ასაფეთქებელ ნივთიერებას ამზადებს, მთელ თავის ფანტაზიას რთავს იმაში, რომ ასაფეთქებელი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.
გარდა ამისა, ტერორისტებმა საშიში ასაფეთქებელი ნივთიერებებით გაზის ავზებიც გაავსეთ და ასეთი ხელნაკეთი ასაფეთქებლები უამრავია. ასევე გვხდება ჩვეულებრივი ჭურვები და ელექტროდეტონატორიანი ასაფეთქებლები, რომლებიც შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს…
— რა რაოდენობის საბრძოლო მასალაა თქვენი ჯგუფის ანგარიშზე?
— ალეპოში გატარებული 8 თვის განმავლობაში 80-85 ჩვეულებრივი და 3 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 10 გამოუყენებელი ჭურვი და ამდენივე ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოვაჩინეთ. გარდა ამისა, ჩვენმა ჯგუფმა ავიაბომბების ნარჩენებიც იპოვა. აღნიშნულ პერიოდში ჩვენმა ბიჭებმა 53 ათასი კვ/მეტრი ფართობის ტერიტორია განაღმეს. განსაკუთრებით საშიში სამუშაოები დასახლებულ პუნქტთან ახლოს ჩატარდა. ერთ-ერთი სახლი კი საერთოდ მინდორში იდგა და ოთხივე მხრიდან ნაღმებით იყო გარშემორტყმული. ჩვენ ის ტერიტორიაც გავათავისუფლეთ და მოპირდაპირე მხარეს არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მეპატრონეები გამუდმებით მადლობებს გვიხდიდნენ და ჩვენს წამოსვლამდე მათ თავიანთი საცხოვრებლის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული ჰქონდათ, გარემონტება დაიწყეს.
— როგორი დამოკიდებულება აქვს ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენი სამხედრო კონტიგენტის მიმართ ?
— ძალიან მეგობრული, დიდ მადლიერებასა და თანაგრძნობას გამოხატავენ. ჩვენმა დიასპორამ სირიაში კარგი სახელი შეიძინა. ამიტომ, როგორც კი ვინმეზე – მაღაზიაში, ან ქუჩაში -გაიგებენ, რომ სომეხია, ცდილობენ დაეხმარონ. სირიელები იწყებენ ნაცნობ სომხებთან რეკვას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გვასიამოვნონ. ცხადია, ეს დამოკიდებულება ორმხრივია – ჩვენი ბიჭები ადგილობრივი ბავშვების გახარებას ცდილობენ. ბევრი საკუთარი ხარჯით ყიდულობს ტკბილეულს, სათამაშოებს და ყოველთვის, როდესაც “მინდორზე” მიდიან, მიმდებარე სოფელში მცხოვრებ ბავშვებს ჩუქნიან. წელს, 1 ივნისს, კამპანია “ღიმილის გორაკის” ფარგლებში, სომხეთის ჰუმანიტარული განაღმვებისა და ექსპერტიზის ცენტრის ინიციატივით, ბავშვთა სახლს ვესტუმრეთ და სურსათი, სათამაშოები და სასკოლო ნივთები მივუტანეთ. დახმარება საკმაოდ ხშირად ჩამოდის, სამედიცინო დახმარება – ალეპოს კლინიკებისთვის – ყოველთვიურად.
— 2019 წლიდან მოყოლებული დღემდე, რამდენიმე ჰექტარია განაღმული. უჩანს ამ სამუშაოს დასასრული? ოდესღაც თუ შეძლებენ სირიელები შიშის გარეშე ცხოვრებას?
— რთული საკითხია. დიახ, ამ მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა სირიაში ძალიან ბევრი დანაღმული ველია, რასაც სრულად გასასუფთავებლად საკმაო დრო დასჭირდება. ამ ეტაპზე სირიის ხელისუფლება – რომელიც გასანაღმ მონაკვეთებს გვაძლევს – პირველ რიგში ყურადღებას დასახლებულ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიებზე ამახვილებს. ერთ-ერთი ბოლო ჩვენი მიღწევა იმ ტერიტორიის გასუფთავება იყო, სადაც ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებია ჩაყრილი. ამის გამო, უახლოეს სოფლებში დიდი ხნის განმავლობაში ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა. ჩვენი სამუშაოების დასრულების შემდეგ ბოძებიც და ხაზებიც გამოცვალეს და მოსახლეობას ელ.ენერგიის მიწოდება აღუდგა.
— თუ შეიძლება მითხარით, არ გეშინიათ?!
— (იცინის). უფრო სწორედ, ძალიან ვშფოთავ — იმდენად საკუთარ თავზე არა, რამდენადაც ბიჭებზე, რომლებიც შორს, დანაღმულ ველზე მიდიან. ძალიან ვღელავ, რადგანაც, ღმერთმა დაგვიფაროს და, რამე შეცდომა რომ დაუშვან, მთელი ცხოვრება თავადაც სანანებლად ექნებათ და – მეც. ამიტომ მხოლოდ მაშინ ვმშვიდდები, როდესაც ისინი ბრუნდებიან – სრული შემადგენლობით, ჯანმრთელები და უვნებლები. ასევე სიმშვიდე მოაქვს იმას, როდესაც გაივლი აბსოლუტურად უდანაშაულო ხალხის მშვიდობიანი მომავლისკენ მიმავალ მორიგ გზას, როდესაც ხედავ სირიელების სახეებს, ბავშვების ბედნიერ თვალებს. დამიჯერეთ, ეს ძალზედ ძვირფასი რამ არის…
ირინე გრიგორიანი