თბილიში, რუსთაველის თეატრის უზარმაზარი შენობის სარდაფში, რუსთაველის გამზირის N 19 -ში მე-7 წელია, ერთი პატარა თეატრი ფუნქციონირებს. თეატრის სახელწოდება მისამართის გამეორებაა – “რუსთაველის 19”. ნამდვილად არის ამ ყველაფერში ორიგინალურობა, პრაქტიკულობა და სისადავე. თეატრის ხელმძღვანელი და სულის ჩამდგმელი, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილია. მან, წლების წინ, ქართული თეატრის ისტორიაში პირველი დამოუკიდებელი თეატრი – “ძველი სახლი” დააარსა, მანამდე იყო სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ-სტუდია “მეტეხის თეატრი”, რომელსაც 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა.
სანდრო მრევლიშვილს ცნობილი რუსი რეჟისორის, თბილისში დაბადებული, გიორგი ტოვსტონოგოვის სკოლა აქვს გამოვლილი. მისი გამორჩეული და განსაკუთრებული ხელწერა, მაყურებელს არავისში შეეშლება. მისთვის თეატრი საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებაა, ამისთვის არ სჭირდება ფართო სივრცეები, ხელისგულისოდენა სცენაც კი ჰყოფნის, რომ სათქმელი და იდეა მაყურებლამდე მიიტანოს, მთავარია მსახიობი იყოს გულწრფელი.
Dalma News-ი გთავაზობთ რეჟისორ სანდრო მრევლიშვილთან ბოლო ინტერვიუს, რომელიც მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩავწერეთ. მრევლიშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 2019 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი, სპექტაკლზე მუშაობდა და მსახიობებთან დისტანციურად არატებდა რეპეტიციებს.
– რა არის თქვენთვის თეატრი?
– ჩემთვის თეატრი არის თვითგამოხატვისა და საზოგადოებასთან საუბრის საშუალება.
– ახალგაზრდული თეატრი შექმენით ძალიან დიდი ხნის წინ. რა იყო მისი შექმნის მიზანი?
– ეგ დიდი ხნის წინ იყო. 1970 წელს გავაკეთე საკურსო სპექტაკლი “მოდი ვნახოთ ვენახი”, რომელშიც 7 ნოველა გავაერთიანე. იმდენად კარგი სპექტაკლი გამოვიდა, რომ შემოგვთავაზეს არ დავშლილიყავით. გვერდში დაგვივდგა კომკავშირი, პარტიული ხელმძღვანელობა და შეიქმნა თეატრი. ადგილი გამოგვიყვეს მეტეხის ტაძარში. სხვათაშორის მაშინ ამ ფაქტს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საზოგადოება აპროტესტებდა ეკლესიასი თეატრის გახსნას. ჯერ ერთი ტაძარი მიტოვებული იყო, მის გარშემო ტერიტორიაზე რა ხდებოდა კაცმა არ იცის. ჩვენ მოვუარეთ მაშინ, დავასუფთავეთ იქაურობა. თეატრალურ დასს პირველ ხანებში ძალიან გაუჭირდა იქ დამკვიდრება. საჭირო იყო კომუნიკაციების მიყვანა, სტილისტურად ძნელი იყო თეატრის საჭიროებებზე შენობის მორგება, მაგრამ ახალი საშუალებები გამოვნახეთ. წლების შემდეგ, როცა უკვე შესაძლებელი გახდა კვლავ აღდგენილიყო წირვა ეკლესიებში ზოგადად, ჩვენ ეკლესია ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩავაბარეთ საპატრიარქოს.
– შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია დანგრევას გადაარჩინეთ?
– თეატრის შექმნა რომ გადავწყვიტეთ, მაშინ თბილისის მთავარი არქიტექტორი იყო ოთარ ლითანიშვილი, მასთან მივედი და ვთხოვეთ რაიმე სარდაფი. მან მითხრა, – ვიცი თქვენი წამოწყების შესახებ, მეტეხის ტაძარში შედით, ამით დიდ საქმეს გააკეთებთო. გავიდა წლები და გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მითხრა, რომ მეტეხის ტაძარში ახალგაზრდული თეატრის შექმნამ მეტეხის ტაძარი გადაარჩინაო. იმ ხანებში საქართველოში ვიზიტით მყოფ ერთ-ერთ პარტიულ ლიდერს თვალში მოსვლია მეტეხის ეკლესიის ტერიტორია და უთქვამს, – ამ ადგილას პროპაგანდისტული ადგილი უნდა იყოს, ეს ქალაქში ისეთი ადგილიაო. მეტეხის ტაძარი ერთხელ თეატრისა და კინოს მხატვარმა, დიმიტრი შევარდნაძემ გადაარჩინა დანგრევას და მეორე ვიყავით ჩვენ. ძველი თბილისის აღდგენა ჩვენ დავიწყეთ.
– როგორ მიიღო მაყურებელმა თქვენი თეატრი?
– სპექტაკლებზე დასწრება კარგი იყო. სპექტაკლების გარდა იმართებოდა სხვადასხვა მუსიკალური საღამოები, შემდეგ, როცა დაიწყო “თბილისობის” დღესასწაულის აღნიშვნა, ჩვენ ვიყავით პირველი მერცხლები. რამდენი ჩხუბი მაქვს გადატანილი მეტეხის უბნის ადგილობრივ აბორიგენებთან, ძალიან არ უნდოდათ, რომ იქ კულტურული კერა გაჩენილიყო, ამაზე სერიოზული კონფლიქტები გვქონდა უბნის ბიჭბუჭებთან. ჩვენ მათ შეხვედრების ადგილი წავართვით.
– შემდეგ თქვენ შექმენით თეატრი “ძველი სახლი“…
– რომ გამოვედი მეტეხის ტაძრიდან, შენობის გარეშე დავრჩით. მე ჩემი საკუთარი სახლი გადავაკეთე პატარა თეატრად და ვუწოდე მას მეტეხის თეატრი, სტილისტურად ის ჰგავდა მეტეხის ტაძარს. სხვათა შორის ძალიან კარგი სპექტაკლები დავდგით მე და სხვა რეჟისორებმაც, ასე, რომ თეატრმა სიცოცხლე გააგრძელა.
– თქვენი თეატრისთვის დამახასიათებელია ის, რომ მაყურებელი ძალიან ახლო დისტანციიდან უყურებს მსახიობს, მინიმუმამდე არის დაყვანილი მათ შირის ზღვარი. ეს თქვენი პრინციპია, თუ უბრალოდ ამგვარად მოხდა?
– ჩემი პრინციპია, მსახიობი მაყურებლის ხელის გულზე. სხვათა შორის, მეთოდოლოგიურად არის ძალიან საინტერესო, იმიტომ, რომ გამორიცხავს ტყუილს. თუ მსახიობი ყალბია, იმ წუთშივე ჩანს. ეს ჯგუფი, რომელიც ახლა მყავს, ჩემი მოწაფეები არიან და შევეცადე ამ პრინციპებზე გამეზარდა, რომ მაყურებლის წინაშე ყოველთვის მართლები ყოფილიყვნენ. ამჟამად მაქვს თეატრი “რუსთაველის 19”. დავდგით სპექტაკლი “უსაზღვრობა დროთა”, რომელიც გაკაქტიონ ტაბიძეს ეძღვნება და მისი შემოქმედების მიხედვითაა აგებული. ეს სპექტაკლი საინტერესოა იმითაც, რომ აქ თამაშობენ სხვადასხვა თაობის მსახიობები და ორივე ჩემი ნამოწაფარები. გალაქტიონის როლს ასრულებს მსახიობი აკაკი ხიდაშელი, რომელიც თავის დროზე მეტეხის თეატრში თამაშობდა.
– თქვენს თეატრს რთული პერიოდებიც ხშირად ჰქონია. იყო პერიოდი, როცა კვლავ შენობის პრობლემის წინაშე დადექით…
– 90-იან წლებში, ვანო ზოდელავა იყო თბილისის მერი და მისი ხელშეწყობით, ალექსანდრე ქვედა ბაღში დავდგი ძალიან საინტერესო თეატრალური ნაგებობა, ისე, რომ ხეებს არ შევხებივარ. ნაგებობა გლობუსს მოგვაგონებდა, სახელმწოდებაც “გლობუსი” დავარქვი. 2007 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ თეატრიდან გამიშვა და რატომღაც გააერთიანეს, “მეტეხის თეატრი” და “მინიატურების თეატრი” და დაარქვეს “გლობუსი”. ხელმძღვანელებად იმდენად უნიჭო ხალხი დააყენეს, რომ იმათ ვერაფერი გააკეთეს, შესაბამისად თეატრს დაფინანსება შეუწყდა, შენობა კი გაპარტახდა.
მაგრამ ქაღალდზე თეატრი დარჩა ნომინალურად და 2014 წელს კვლავ მიმიწვიეს თეატრის ხელმძღვანელად და ამ დროს უკვე მზად მყავდა ახალგაზრდა მსახიობების ჯგუფი თავისი რეპერტუარით, აღდგა თეატრის დაფინანსება და კვლავ დავიწყეთ ფუნქციონირება. დასმა ბინა დაიდო რუსთაველის ქუჩაზე N 19-ში და თეატრსაც ასე ეწოდა ” რუსთაველის 19″. მაგრამ შეიძლება მაქედანაც გაგვიშვან. სად წავიდეთ არ ვიცით.
– თქვენს ხელში მსახიობების ბევრმა თაობამ გაიარა. რით არის გამორჩეული თქვენი სკოლა?
– არ მინდა ამპარტავნებად გამომივიდეს, მაგრამ ძალიან ბევრი მსახიობი მუშაობდა ჩემთან, რომლებიც შემდგომ ცნობილები გახდნენ. თუ მათ ცოტა რამ წაიღეს ჩემგან ძალიან კარგი და მგონია, რომ წაიღეს. მსახიობური სიმართლე არის ძალიან კარგი.
– თქვენი ერთ–ერთი ბოლო ნამუშევარია სპექტაკლი “უსაზღვროება დროთა“, რომლის სცენარის ავტორიც და რეჟისორიც თქვენ ბრძანდებით, რა დოკუმენტურ მასალებს ეყრდნობით?
– სცენარი ძირითადად შევადგინე ლექსების, წერილებისა და გალაქტიონის უბის წიგნაკის გამოყენებით. ძალიან დამეხმარა ვახტანგ ჯავახაძის წიგნი “უცნობი”, იქ ბევრი დოკუმენტური ფაქტია მოყვანილია გალაქტიონის ცხოვრებიდან. არც ერთი ძირითადი სიტყვა ჩემს მიერ მოგონილი არ არის.
– სპექტაკლში ათამაშეთ მხოლოდ 2 მსახიობი, თქვენი მოწაფეების პირველი თაობისა და თანამედროვე თაობის წარმომადგენლები. რატომ გადაწყვიტეთ ასეთი ტანდემის შექმნა?
– ერთიც კარგი მსახიობია და მეორეც, ამიტომ გადავწყვიტე. იდეური დატვირთვა ჰქონდა ის, რომ აკაკი ხიდაშელი ძალიან მასშტაბური მსახიობია, თორნიკე კი ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და მოძრავია და დემონის როლი მოირგო.
– მუშაობის პროცესში მსახიობებს თუ შეაქვთ კორექტივები, თუ მთლიანად გემორჩილებიან?
– ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ერთად ვქმნით როლს. ერთგვარი რეჟისორული ხრიკია, სწორად შეარჩიო მსახიობი.
– როგორია თქვენი თბილისი?
– ჩემი თბილისი დამთავრდა 70-იანი წლების ბოლოს. ქალაქი ვითარდება ხან იქით, ხან აქეთ. ზოგს მოსწონს, ზოგს არა. თუ ის არ ჰგავს ჩემს ნოსტალგიას თბილისზე ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვილანძღო. საინტერესოა თანამედროვე ქალაქი. ამბობენ საცობებია ქალაქშიო. ეს პრობლემა ევროპის სხვა დიდ ქალაქებსაც აწუხებს. თბილისი ჩემია, როგორიც არ უნდა იყოს. ერთადერთი, რაც არ მომწონს თანამედროვე თბილისში, თოხს მოწყეტილი ხალხის მოძალება.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი