მომხმარებელთა უფლებების დარღვევა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქეები აწყდებიან. თავისუფალ მომხმარებელთა კავშირის (თმკ) ინფორმაციით, ყოველწლიურად დაახლოებით 2,5 მილიონი მომხმარებლის უფლებები ირღვევა. ამასთან, თანხა ზარალის ასანაზღაურებლად მინიმუმ 300 მილიონი მანათია. ასეთი მაღალი მაჩვენებელი არასრულყოფილი კანონმდებლობისა და მოსახლეობის დაბალი სამართლებრივი ცოდნის შედეგია.
Dalma News-ის რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში თმკ-ს ხელმძღვანელმა ეიუბ ჰუსეინოვმა მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად სირთულეებზე ისაუბრა.
– როგორია აზერბაიჯანში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მდგომარეობა?
– მომხმარებელთა დაცვის პრობლემა მთელ მსოფლიოში მეტ-ნაკლებად აქტუალურია. მაგრამ ხშირად მომხმარებლები იძულებულნი არიან თავიანთი უფლებები თავად დაიცვან. ამ სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების საერთო პრობლემა მწარმოებლებს, გამყიდველებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის კომპეტენტური და ცივილიზებული სისტემის არარსებობაა.
ამ მხრივ გამონაკლისი არც აზერბაიჯანია. 1995 წელს ქვეყანამ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი მიიღო. მას შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში, ბაზარი გაფართოვდა და სტრუქტურულად შეიცვალა, გაჩნდა გაყიდვებისა და მომსახურების ონლაინ პლატფორმები, ხოლო საკანონმდებლო ბაზა იგივე დარჩა. დღემდე ჯერჯერობით მხოლოდ შვიდი ცვლილება შევიდა, რომელიც მხოლოდ ბიზნესის ინტერესებს ეხება და არ არის მიმართული მომხმარებლის დაცვაზე. აზერბაიჯანის მომხმარებელთა კავშირმა საკანონმდებლო ინიციატივები სამინისტროებს და თავად პარლამენტსაც არაერთხელ შესთავაზა. ეს ჩვენს საზოგადოებას ბაზრის ყველა მონაწილეს შორის ურთიერთდამოკიდებულების მოწესრიგებაში დაეხმარებოდა, თუმცა, ჩვენს მიმართვებზე ჯერჯერობით ყურადღებას არავინ ამახვილებს.
ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულების ფონზე, მეწარმეები განებივრებულები და მომხმარებელზე არასაკმარისად ორიენტირებულნი არიან. მეორეს მხრივ, გასაკვირი არც არის, რომ ბიზნეს სტრუქტურები ხელისუფლების ნდობას ბოროტად იყენებენ, რადგან ქვეყანაში ისეთი პირობებია შექმნილი, რომ მეწარმეები თავს დაუსჯელად გრძნობენ. საქმე იმაშია, რომ კანონი სამეთვალყურეო სტრუქტურების მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე არაგეგმურ შემოწმებებს კრძალავს. თუ მომხმარებელი, მაგალითად, დაუკავშირდება სურსათის უვნებლობის სააგენტოს და უხარისხო პროდუქციის გაყიდვის თაობაზე აცნობებს, მაშინ სააგენტო ვალდებულია ამ საქმეზე იუსტიციის სამინისტროს მიმართოს. სამინისტრომ, თავის მხრივ, მწარმოებელს ან გამყიდველს მიღებული საჩივრის შესახებ უნდა შეატყობინოს და შემოწმების თარიღი აცნობოს. როგორც წესი, საჩივრის მიღებიდან ადგილზე ინსპექტირებამდე ერთი კვირა მაინც გადის. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში მეწარმე თაროებიდან უხარისხო პროდუქციის ამოღებას და დარღვევის ფაქტის დამალვას ახერხებს. შედეგად, ზარალში ისევ მომხმარებელი რჩება. ამიტომ კონტროლის ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურები უნდა მოვიშოროთ.
– მოსახლეობა ძირითადად რა საკითხებზე მიმართავს “თავისუფალ მომხმარებელთა კავშირს”?
– საკვები პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების შემდეგ, ლიდერობს მომართვები ელექტრონიკის მაღაზიებთან დაკავშირებით. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, მათ შორის მსხვილი ქსელური კომპანიები, მოგების გაზრდის მიზნით ზოგჯერ არაკეთილსინდისიერ ხრიკებს მიმართავენ. მაგალითად, ახლახან გვქონდა შემთხვევა, როდესაც მომხმარებელმა კრედიტით მაცივარი შეიძინა, სახლში ხარვეზი აღმოუჩინა და შეძენიდან მეორე დღეს დააბრუნა. თუმცა, რვა თვის შემდეგ მან დავალიანების გამო სარჩელი მიიღო. საინტერესო სწორედ ის არის, რომ მომხმარებელს საქონლის დაბრუნების აქტი ხელში ეჭირა, თუმცა საქმის დეტალებს არავინ გასცნობია. საბედნიეროდ, ჩვენ მისი უფლებების დაცვა შევძელით.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ მომხმარებელთა დაცვის სფეროში მიღწეული რომელიმე წარმატება?
– სულ ახლახან გავრცელდა ახალი ამბავი, რომელსაც მრავალი წელია ველოდებით. აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტომ სურსათის იმპორტის სფეროში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებს აცნობა, რომ იმპორტირებული პროდუქცია აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი ეტიკეტებისა და დასახელების გარეშე ქვეყანაში აღარ დაიშვება. ჩვენთვის ეს დიდი მიღწევაა. 20 წელია ვიბრძვით, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე შემოსული პროდუქცია ეროვნულ ენაზე იყოს მარკირებული. აქ პატრიოტული გრძნობები არაფერ შუაშია. საქმე ეხება კანონის დაცვას, რომელიც ამბობს, რომ თითოეულ მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს რა არის პროდუქტში, როდის შეიქმნა და ვადა როდის უმთავრდება. ენის არცოდნის გამო, ხშირად ადამიანებმა არ იციან რას ყიდულობენ. მეზობელ ქვეყნებში ეს მექანიზმი დიდი ხანია ჩამოყალიბებულია, ჩვენ კი ამ საკითხს მხოლოდ ახლა შევეხეთ. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გულდასაწყვეტია, რომ სავალდებულო ეტიკეტირებას ჯერჯერობით მხოლოდ საკვები პროდუქტები ექვემდებარება. სამრეწველო პროდუქცია, ტექნიკა, ქსოვილები და სხვა საქონელი აზერბაიჯანის ბაზარზე კვლავაც უცხო ენაზე ეტიკეტირებული შემოვა. მაგალითად, ირანულ მაღაზიებში, თითქმის ყველა პროდუქტზე, ვარგისიანობის ვადა და შემადგენლობა მითითებულია მხოლოდ სპარსულ ენაზე.
– თქვენი აზრით, როგორ უნდა დაიხვეწოს კანონი, რომ ბაზრის მონაწილეებმა მკაცრად დაიცვან მომხმარებელთა უფლებებზე საკანონმდებლო მოთხოვნები?
– აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. სულ ცოტა, ახლა აუცილებელია ანტიმონოპოლიური კომიტეტის გაყვანა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს კონტროლიდან. ეკონომიკის სამინისტროს მთავარი ამოცანაა – ბიზნესის განვითარება. აქ კი, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა დამოუკიდებელი საზედამხედველო საქმიანობა უნდა განახორციელოს. გარდა ამისა, აუცილებელია გამკაცრდეს კონტროლი ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, რომელმაც კანონის მიხედვით, მომხმარებელთა უფლებები უნდა დაიცვას. ისინი არ აწვდიან ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ, რასაც კანონი ავალდებულებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ისინი თავიანთ ოფიციალურ უფლებამოსილებებს ვერ უმკლავდებიან. ზოგადად, სახელმწიფო უწყებებს უნდა ახსოვდეთ, რომ შიდა ბაზარი მომხმარებლის ხარჯზე ვითარდება, ამიტომ, დაცული უპირველეს ყოვლისა, რიგითი მომხმარებლები უნდა იყვნენ და არა ბიზნეს სტრუქტურები.
– როგორ აფასებთ მოსახლეობის იურიდიული ცოდნისა და ინფორმირებულობის დონეს მომხმარებელთა დაცვის საკითხებში?
– არადამაკმაყოფილებლად. აზერბაიჯანის თავისუფალ მომხმარებელთა კავშირის სავარაუდო შეფასებით, ყოველწლიურად დაახლოებით 2,5 მილიონი მომხმარებელი აწყდება კანონდარღვევას. ზარალის ოდენობა მინიმუმ 300 მილიონი მანათია. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, მოსახლეობის დაბალი იურიდიული წიგნიერების შედეგია. აუცილებელია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. ამჟამად საჯარო საგანმანათლებლო სამუშაოები შეზღუდულად მიმდინარეობს. ყოველწლიურად, აზერბაიჯანის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კავშირი ქუჩის მსვლელობებს, მრგვალ მაგიდებს, საპრეზენტაციო გამოსვლებს და სხვა ღონისძიებებს აწყობს, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ეძღვნება. თუმცა, მხოლოდ ჩვენ, მოსახლეობის იურიდიული ცოდნის ამაღლებას და სამართალდარღვევებს აღკვეთას ვერ შევძლებთ. საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერა. კერძოდ, აუცილებელია, სახელმწიფომ მომხმარებელთა უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობის ზრდაში. მაგრამ რაც მთავარია და რაზეც არაერთხელ მისაუბრია, მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ უპირატესია არა ბიზნეს სტრუქტურები, არამედ მომხმარებლები და მათი უფლებები, რადგან ბაზარი სწორედ მათი წყალობით ვითარდება.
აისელ მამედოვა