პროფესიით ბიოლოგი ნინო ქურდაძე, აშშ-ში 2004 წლიდან მოღვაწეობს. ის იმ თაობის წარმომადგენელია, რომლებმაც სტუდენტობის საუკეთესო პერიოდი გაყინულ აუდიტორიებსა და ბიბლიოთეკებში გაიარეს. სწავლის დასრულების შემდეგ კი, უპერსპექტივობის განცდისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო უცხოეთს მიაშურეს. სამშობლოში მეუღლის და სამი შვილის დატოვება მოუხდა, მაგრამ წარმატებას არ დაუგვიანია.
ხატვა და ხელსაქმე ბავშვობიდან იტაცებდა და სწორედ ამ გატაცების წყალობით გაიკვალა კიდეც გზა. ამბობს, რომ ამერიკამ კარგად მიიღო და მალე საკუთარი ნამუშევრები სოლო, თუ ჯგუფურ გამოფენებში წარმოადგინა. 2008 წელს შექმნა საკუთარი კომპანია, რომელიც კომპანია “ვლად ნითვეარის” ქვეკონტრაქტორია და ასრულებს შეკვეთებს ისეთი დიზაინერებისთვის, როგორიცაა კაროლინა ჰერერა, ოსკარ დე ლა რენტა, სპენსერ ვლადიმირი და ა.შ.
ქალბატონ ნინოს არ უყვარს სამომავლო გეგმებზე საუბარი, ამიტომ Dalma News-ი მის წარსულსა და შემოქმედებაზე საუბრით შემოიფარგლა.
– გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ. სად დაიბადეთ?
– დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დედა პროფესიით ქიმიკოსია, მამა ინჟინერი. დავამთავრე 162 -ე საშუალო სკოლა. მყავს მეუღლე და სამი შვილი, რომლებიც ჩემთან ერთა, ამერიკაში ცხოვრობენ. საქართველოში მშობლები მყავს.
– ყველაზე ლამაზი მოგონება, რომელიც ბავშვობაში გადაგხდათ და არასდროს გავიწყდებათ?
– ბავშვობასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. ერთს ნამდვილად გამოვყოფ. ბაბუა წარმოშობით ხაშურიდან იყო და ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდით. ერთხელ შეგვკრიბა შვილიშვილები, ნათესავებისა და მეზობლის ბავშვები და ტყეში წაგვიყვანა სასეირნოდ, თან წინასწარ გვითხრა: – ტყეში, ერთ ადგილას კანფეტების ხე იზრდება და ნეტა თუ მივაგნებთო. მოკლედ, მივდივართ, ვთამაშობთ, გვიყვება ბაბუა სხვადასხვა ამბებს და უცებ დავინახეთ კანფეტების ხე. დახუნძლული ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული კანფეტებით, რომლის მსგავსი მაღაზიებში არ იყიდებოდა. მაშინ, დაახლოებით 5-6 წლის ვიქნებოდი და ეს შთაბეჭდილება დღემდე მომყვება.
– პროფესიით ბიოლოგი ბრძანდებით, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
– ვიცოდი, რომ ბიოლოგებს ძალიან კარგი პრაქტიკა ჰქონდათ, ხშირად უწევდათ მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მიყვარს მოგზაურობა, საგანიც მაინტერესებდა და მინდოდა, რაღაც მეცნიერული ექსპერიმენტები ჩამეტარებინა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 7 წლის განმავლობაში ვიმუშავე მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის ინსპექციის ლაბორატორიაში.
– როდის წახვედით აშშ-ში?
– პირველად აშშ-ში ერთთვიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 1999 წელს ჩამოვედი. ემიგრაციაში კი 2004 წლიდან ვიმყოფები. მინდოდა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შემეცვალა.
– ძნელია მიგრანტის ცხოვრება?
– რა თქმა უნდა, არ არის ადვილი. განსაკუთრებით პირველ ხანებში, როცა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო, ყველაფერი უცხოა, გენატრებიან სამშობლოში დარჩენილი ახლობლები. ნამდვილად რთულად გადასატანია ემოციური თვალსაზრისით.
– რა ასაკიდან გაგიტაცათ ხატვამ?
– ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ უფრო ინტენსიურად, დაახლოებით 22 წლის ასაკში დავიწყე ხატვა.
– ხელსაქმე ვინ გასწავლათ?
– ხელსაქმე დედისგან ვისწავლე. ძალიან ნიჭიერი დედიკო მყავს. ქსოვს, კერავს, უკრავს ფორტეპიანოზე, სიმღერებსა და ლექსებს წერს. 6 წლის ვიყავი პირველად, დედაჩემის დახმარებით თოჯინას კაბა რომ მოვუქსოვე.
– როგორ მოვიდა წარმატება ამერიკაში?
– მართალი გითხრათ, ცოტა მეხამუშება სიტყვა “წარმატების” ხმარება ჩემთან მიმართებაში. ზოგადად წარმატება, ალბათ, შრომის ლოგიკური შედეგია. პირველი გამოფენა 2004 წელს მქონდა სოჰოში მდებარე “Grant Gallery”-ში, სადაც ჩემი 3 ნახატი გამოიფინა.
– როგორ იბადება მუზა, ნამუშევრების შექმნისას რაზე უფრო მეტად ფიქრობთ, ემოციაზე, ფორმაზე, ფერებზე თუ მაყურებელზე?
– ემოცია, განცდა და ვიზუალური შთაბეჭდილება ერთად, ალბათ, გადაიქცევა მუზად. ალბათ, ემოცია მკარნახობს ფორმასაც და ფერსაც.
– ვინ არის თქვენი შემოქმედების მთავარი შემფასებელი?
– ჩემი შვილები.
– უფრო ცისფრის და ლურჯ ტონებს გამოვყოფ.
– რომელი მხატვრის შემოქმედება გიყვართ და რატომ?
– ბავშვობაში გატაცებული ვიყავი ქართველი მხატვრების, ლადო გუდიაშვილის, ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის შემოქმედებით. მომწონს იმპრესიონისტები. იყო ასეთი პატარა წიგნი ” მზე ოქროს ჩარჩოში”, რომელშიც სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები იყო თავმოყრილი. ლამის ყოველ დღე ვათვალიერებდი იმ წიგნს, ისეთ ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე იქ თავმოყრილი მასალა.
– რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად მენატრება ბავშვობა.
– წელიწადის დროების მიხედვით რომ შეიძლებოდეს ადამიანის დახასიათება, თქვენ წელიწადის რომელი დრო იქნებოდით?
– განწყობის მიხედვით, ალბათ, წელიწადის ყველა დროს მოვირგებდი. შესაძლოა უფრო გაზაფხული იყოს ჩემს ხასიათთან ახლოს.
– რით განსხვავდება ამერიკული ცხოვრება ქართული ყოფისგან?
– ამერიკაში სხვა ტემპია, სხვა მასშტაბი. აქ დროს სხვა ფასი აქვს. მომწონს აქაურობა. მომწონს ადამიანებს შორის დამოკიდებულება.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი