თურქეთიდან სომხეთში გაიქცნენ პროკურორები ზაქარია ოზი და ჯალალ ქარა, რომლებსაც სამშობლოში ფეთხულახ გიულენის (ისლამისტური საზოგადო მოღვაწე, რომელიც ამდროისთვის აშშ-ში ცხოვრობს) მოძრაობის მხარდაჭერასა და უკანონო ბანდფორმირებების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო Anadolu თურქული პროვინცია არტვინის გუბერნატორ ქემალ ჯირიტაზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროს ინფორმაციით, პროკურორებმა საქართველო მოგზაურობისას ღამის გასათევ პუნქტად გამოიყენეს, შემდეგ კი გადაკვეთეს სომხეთის საზღვარი, სადაც ამ დრომდე იმყოფებიან.
ზაქარია ოზი და ჯალალ ქარა დიდ კორუფციულ სკანდალს იძიებდნენ, რომელიც თურქეთში 2013 წლის დეკემბერში გაჩაღდა, როდესაც სპეცოპერაციის მსვლელობისას, კორუფციაში, კონტრაბანდასა და ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით რამდენიმე ათეული მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ბიზნესმენები და რამდენიმე მინისტრის შვილები.
2014 წლის თებერვალში თურქეთის პროკურატურამ, ყველა დაკავებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება კონფისკაციისას ამოღებული ფულადი სახსრები დაებრუნებინათ, თურქული “ჰალგ ბანკის” ექს-ხელმძღვანელის სულეიმან ასლანისთვის, ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მუამარ გიულერის ვაჟისთვის ბარიშ გიულერისთვის.
გარდა ამისა, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს ინფორმაცია სომხეთში თურქი პროკურორების მიმალვის შესახებ.
“ჩვენ არ გვაქვს მსგავსი ინფორმაცია”, – განაცხადეს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში, იტყობინება Panorama.am-ი.