100-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლი გაიფიცა. მძღოლების თქმით, მათი პროტესტი იმას უკავშირდება, რომ დასვენების დღეებისა და დღესასწაულების დროს, 55 ლარის ოდენობის დღიურ გეგმურ საფასურს ვერ იხდიან, რის გამოც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” წინაშე ვალი აქვთ.
გაფიცული მძღოლები კომპანიისგან საფასურის შემცირებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ აქციას იქამდე გააგრძელებენ, სანამ კომპანიის წარმომადგენლები მათთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ.
როგორც kvira.ge წერს, მძღოლები კომპანიის მხრიდან დაშინების ფაქტზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათ სამსახურის დაკარგვით დაემუქრნენ.
“თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობა კი, მძღოლების აქციას საბოტაჟის მცდელობას უწოდებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა დავით ასანიძემ განაცხადა, გაფიცული მძღოლების უმეტესობა სხვადასხვა დროს დაჯარიმდა და მათი პროტესტი სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. “ეს არის ის ხალხი, რომლებსაც, ასე თუ ისე, რაღაც დარღვევები აქვთ და იმ დარღვევების ჩამოწერა უნდათ. ზოგი დააჯარიმეს იმისთვის, რომ სიგარეტს ეწეოდა, ზოგს კონდიციონერი არ ჰქონდა ჩართული, ზოგი გადასახადს არ იხდიდა და ა.შ.”, – განაცხადა ასანიძემ.