სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბოლო საკვირაო ქადაგებაზე საქართველოდან ქალების საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას მანკიერი წესი უწოდა და ქართველ დედებს სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. პატრიარქის აზრით, საქართველოში ადამიანი უმუშევარი არ უნდა იყოს და, თუ ერთი საქმე არ გაუმართლებთ, სცადონ მეორე, მესამე, მეათეც კი… ერთი სიტყვით ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ოჯახები არ დატოვონ.
“საქართველოში მანკიერი წესი შემოვიდა, დედები ტოვებენ ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩება სახლში. ყველაზე დიდი ქომაგი ადამიანისა და დამხმარე არის ჩვენი დედამიწა. ღმერთმა მოგვცა ჩვენ დედამიწა ისეთი მადლიანი, რომ როცა ადამიანი მიწაზე იშრომებს, ბედნიერი იქნება. საქართველოსთანა ქვეყანა მსოფლიოში არ მოიძებნება. ამიტომ დაბრუნდით სახლში და იშრომეთ, სახლში უკეთესია. ერთმა საქმემ თუ არ გაგიმართლათ, მიხედეთ მეორეს, მესამეს, მეათეს. არ შეიძლება ასეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უმუშევარი იყოს ადამიანი”, – ბრძანა ილია მეორემ.
არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან წასული მიგრანტების რაოდენობა 1 600 000-ს აჭარბებს, მათი 65% კი ქალია. ემიგრანტების ოჯახების დიდი ნაწილის შემოსავალს ფულადი გზავნილები შეადგენს. ყოფილა წლები, როცა ემიგრანტების ფულადი გზავნილების რაოდენობა ქვეყნაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზეც გადაუჭარბებია. საქართველოდან ქალების მიგრაციის ძირითადი მიზეზი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობებია. ქალები საკუთარი ოჯახებისა და შვილების მომავლის გადასარჩენად მიდიან, ამ ფონზე კი საქართველოს პატრიარქის მოწოდება ემიგრანტმა ქალებმა და მათი ოჯახის წევრებმა უკიდურეს ცინიზმად მიიღეს, ილია მეორეს კი ქალთმოძულე უწოდეს.
განაწყენებულმა ქალბატონებმა საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც პატრიარქის საკვირაო ქადაგებას შემდეგი ტრანსფარანტებით უპასუხეს: “ქალი შრომობდა და მამაო ჯიპიდან ჭკუას არიგებდაო”; “29 მილიონზე მეტი საპატრიარქოს ბიუჯეტიდან არის მანკიერება”; “მიგრანტი ქალები – გმირი ქალები”; “დედაჩემი მიგრანტია, პატრიარქი – ქალთმოძულე”; “ჯიპზე ამხედრეული სამღვდელოება, ეს არის მანკიერება”.
აქციის მონაწილეთა შეფასებით, ილია მეორის ეს ქადაგება იდეოლოგიის ნაწილია, რომელიც ქალის მდგომარეობას მიზანმიმართულად აკნინებს და მიაჩნიათ, რომ პატრიარქი ქადაგებებისას უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს, რადგან ბევრ ადამიანს აყენებს შეურაცხყოფას. საპროტესტო აქციის მონაწილეები პატრიარქის მიმართ პატივისცემასაც ავლენდნენ და ცდილობდნენ შეფასებებში ზომიერება არ დაეკარგათ, თუმცა თითეული მათგანის თვალებში უდიდესი ტკივილი და წყენა იკითხებოდა.
“არ მინდა შევურაცხვყო პატრიარქი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის მაგალითია. უბრალოდ მგონია, რომ სანამ ასეთი საჯარო ფიგურა ქალთმოძულეობით სავსე განცხადებებს გააკეთებს, ცოტა მეტად უნდა დაფიქრდეს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ქართველი ემიგრანტების თემაზე ყურადღება ილია მეორემ მანამდეც გაამახვილა. ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქმა სამშობლოში დაბრუნებისკენ ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდა, რათა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს წინსვლას მოახმარონ. “ჩვენი ახალგაზრდობა უცხოეთში მიდის და იქ მოსამსახურეებად მუშაობს, როცა სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და ჩვენს მიწა-წყალს იკავებს”, – განაცხადა ილია მეორემ.
ქართველი დედები, რომლებიც წლების განმავლობაში ოჯახებს არიან მოწყვეტილები და შვილების გაზრდას უცხო ქვყნებიდან, ინტერნეტით ადენებენ თვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღვარის სიტყვების მიმართ ცხადია გულგრილნი ვერ დარჩებოდნენ. მათ ხომ ყველაზე მეტად სტკივათ და უჭირთ ოჯახების დატოვება და ქვეყნის სულიერი ლიდერისგან გამხნევებას ელიან, ნაცვლად ამისა კი კრიტიკა მოისმინეს.
ილია მეორის სიტყვებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელშიც. ვინმე Rusudan Vashakidze წერს: ახლა გაახსენდათ უცხოეთში წასული ქალბატონები ერსაც და ბერსაც, 25 წელია ასე წვალობენ, დატოვეს ქვეყანა, ოჯახი, შვილები, რომ კაპიკი კაპიკს მიაწებონ და თავიანთ ოჯახებს ელემენტარული საზრდოს შეძენის საშუალება ჰქონდეთ. ცოტა ცინიკურია დღეს მენტორით მოწოდება, ვინ სად უნდა წავიდეს და რატომ. ყველას თავისი გზა აქვს, სად და რას შეაფარონ თავი? პასუხიც არავის აქვს და არც ნუგეშს იძლევა ვინმე.
Ann Lobzhanidze: ნეტა მართლა ჰგონია ვინმეს რომ ქალებს ეხალისებათ შვილების, ან ოჯახის დატოვება და ცხრა მთას იქეთ მუშაობა? დედები სკაიპით რომ უმღერიან შვილებს იავნანას და ისე აძინებენ, ან თავისი თავისთვის არაფერი რომ არ ემეტებათ და მთელ დანაზოგს საქართველოში გზავნიან. ან წლების შემდეგ, რომ ჩამოვლენ და ახლიდან იწყებენ ცხოვრებას?!
ცხადია სოციალურ ქსელებში გაცილებით კრიტიკული შეფასებებიც გაკეთდა. მათი უმეტესობა ეკლესიაში არსებულ მანკიერებებსა და ჯიპით მოსეირნე სამღვდელოების კრიტიკას შეიცავდა.
ქალბატონი ხათუნა 11 წელია იტალიაში ცხოვრობს და ამბობს, რომ ემიგრაციაში წასვლა მისთვის ოჯახის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. როდესაც მეუღლე უმუშევარი დარჩა ოჯახს ძალიან გაუჭირდა თავის გატანა. მცირეწლოვანი გოგონები დედას დაუტოვა გასაზრდელად, საკუთარი სახლი გაყიდეს და ცოლ-ქმარი იტალიაში წავიდნენ სამუშაოდ. ია-ვარდით მოფენილი მათთვის არც იტალიაში ცხოვრება ყოფილა, წლებია ხათუნა იქაურ მოხუცებს უვლის და ახალგაზრდა ქალი უმძიმეს სამუშაოს ასრულებს. მეუღლე მშენებლობაზე მოეწყო. ამასობაში შვილები უდედოდ იზრდებიან. სამშობლოში დაბრუნებას მხოლოდ იმის გამო ვერ ბედავს, რომ არ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე და შეძლებს თუ არა ოჯახის რჩენას სამშობლოში. ქალბატონ ხათუნას მიაჩნია, რომ მდიდარს ყველა მაძღარი ჰგონია და ამიტომ არის, რომ ფუფუნებაში მყოფნი სხვების ჭკუის სწავლებას არ ერიდებიან.
საინტერესოა რა შედეგს მივიღებთ ემიგრანტები სამშობლოში მასობრივად თუ დაბრუნდებიან, როგორია მათი ფულადი გზავნილების წილი ქვეყნის ეკონომიკაზე და რამდენად ეხმარებიან ქვეყანას ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებაში?
ეკონომისტები თანხმდებიან მოსაზრებაზე, რომ, თუ ემიგრანტების უმრავლესობა ქვეყანაში დაბრუნდება და გადმორიცხვების რაოდენობა საგრძნობლად მოიკლებს, მაშინ ეს შეამცირებს ქვეყნის ეკონომიკის კეთილდღეობას, გაზრდის უმუშევრობის მაჩვენებელს და კიდევ უფრო დაამძიმებს ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებელს, გარდა ამისა, ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად აისახება ეროვნულ ვალუტაზე.
ექსპერტების აზრით, ემიგრანტი ქალების მიმართ გაკეთებული მსგავსი განცხადებები რეალურ მდგომარეობას ვერ შეცვლის, რადგან საზოგადოების მთავარი ღირებულება ოჯახისა და შვილების რჩენაა. გარდა ამისა, საქართველო არ არის გამონაკლისი, დღეს ზოგადად, მსოფლიოშია ტენდენცია, რომ ადამიანები სამუშაოდ უფრო მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მიდიან, იმიტომ, რომ იქ უფრო მაღალი შემოსავალია და უკეთესად შეუძლიათ სამშობლოში არჩინონ ოჯახები.
შორენა პაპაშვილი