საქართველოში ტურისტულმა ნაკადმა თვალშისაცემად იმატა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვრიდან ქვეყანას 6,954 მილიონი უცხოელი ესტუმრა, რაც 18,4%-ით, ანუ 1,081 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათ შორის, 3,243 მილიონი შეადგინა იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში 24 საათისა და მეტი დროის განმავლობაში იმყოფებიან, რაც 27,6%-ით , ანუ 701,371 ათასით აღემატება 2016 წლის 11 თვის ანალოგიურ მონაცემებს. 2017 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს ყველაზე ხშირად აზერბაიჯანის (+10,9%), სომხეთის (+14,9%), რუსეთის (+33,4%), თურქეთის (-3,2%) და ირანის (+121,1%) მოქალაქეები სტუმრობდნენ.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, 2017 წლის პირველ და მეორე კვარტალში ტურიზმის წყალობით ქვეყანამ 1,1 მილიარდი აშშ. დოლარის სარგებელი მიიღო, რაც 2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 26%-ით, ანუ 225 მილიონი აშშ.დოლარით მეტია. იმავდროულად 2017 წლის პირველ და მეორე კვარტალში, ტურიზმის წილმა ქვეყნის მთიანი შიდა პროდუქტის 6,7% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 8,8%-ით აღემატება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, შარშანდელთან შედარებით ქვეყანაში გაცილებით მეტი ტურისტია შემოსული, თუმცა, გასაანალიზებელია მთელი რიგი სისუსტეები რაც არსებობს ინფრასტრუქტურის, მომსახურების, ტრანსპორტის, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ექსკურსიამძღოლების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. მან აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა და მოახლოებული ზამთრისა და მომავალი წლის ზაფხულის სეზონისთვის სათანადოდ მომზადება მინისტრთა კაბინეტს უკვე დაავალა.
“ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს ტურისტული სეზონი უპრეცედენტოდ გრძელია. პრაქტიკულად, ტურისტების ნაკადი არ გაჩერებულა. თბილისი დღეს ისევ სავსეა ტურისტებით. შარშან შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით მეტი ტურისტი გვყავს. მომავალი ზაფხულის სეზონისთვის აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები და სისუსტეები, რაც გამოითქვა ტურისტების მხრიდან”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ორიენტირებულია სერვისების გაუმჯობესებაზე და მომსახურების დახვეწის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს ტურისტების – სახელმწიფოს სტუმრების შეფასებებს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ის წარმატება, რომელიც საქართველოს უკვე აქვს ტურიზმის სფეროში, კიდევ უფრო განავითარებს ქვეყანას და ასი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიაჩნია, მცირე, ოჯახური ტიპის სასტუმროების განვითარება, რათა ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს.
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ და შევქმნათ სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე, მნიშვნელოვანი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს მთის კურორტები, – გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი. მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომლის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.
გარდა ამისა, საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვების შემთხვევაში, ხელისუფლება საქართველოში ათეულ ათასობით ტურისტის ჩამოსვლას ელის.
ხშირად რეალური სასურველისგან მკვეთრად განსხვავებულია. სათანადო ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობას ბევრი ადგილობრივი ტურისტული კომპანია უჩივის. Dalma News-სთან საუბრისას, ბევრმა მათგანმა უკმაყოფილება გამოთქვა ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებითაც. მიაჩნიათ, რომ ტურიზმის განვითარებისთვის, მხოლოდ კონფერენციების გამართვა არ არის საკმარისი, საჭიროა რეალური მუშაობა, სათანადო სარეკლამო რგოლების დამზადება და სულ ცოტა, ისეთი სერვისების გაუმჯობესება, როგორიც არის საზოგადოებრივი ტუალეტები, გზებზე ტრაფარეტები და რაც მთავარია სისუფთავე.
გერგეთის მთა, რომელიც ყველა ტურისტის ფოტოში ხვდება, დანაგვიანებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ზოგან 3-4 წლის წინანდელი ნაგავიც არ არის გატანილი. თვეში ერთხელ დეპარტამენტმა ამ ტურისტული ადგილების მონიტორინგი, რომ ჩაატაროს და ადგილზე ნახონ რა ხდება, არ იქნება ურიგო. იქნებ ხე მოჭრა ვიღაცამ, იქნებ სადმე ბოლომდე ჩაუქრობელი კოცონი დატოვეს. გზებზე ტრაფარეტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მძღოლებს აწუხებთ. ბევრგან, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დადგმულ ტრაფარეტს ნახავთ.
ჟურნალისტი მიხეილ ვარძელაშვილი, არც თუ დიდი ხანია ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს, თუმცა, პრობლემებსა და მიღწევებზე საინტერესო ინფორმაცია დაუგროვდა. მისი თქმით, ტურიზმი საქართველოსთვის არ არის ახალი ხილი, უბრალოდ დღეს ის გაცილებით პრიორიტეტულია. აქამდე ხელისუფლებას ეგონა, რომ ამ სფეროს თვითდინებაზე მიშვება შეიძლებოდა და ის თავისით დაარეგულირებდა ყველაფერს, რომ არც სასტუმროს მშენებლობის ხელშეწყობა, არც რესტორნებისა და სასტუმროების პერსონალის სათანადოდ მომზადება იყო საჭირო.
მისივე თქმით, 5 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით პროგრესი ყველა მიმართულებით შეინიშნება და ამას თვითონ ტურისტებიც აღიარებენ. მაგრამ სერიოზულ პრობლემას წააწყდა მომსახურების თვალსაზრისით.
“მაგალითად, რესტორნებში ზოგან, განსაკუთრებით რეგიონებში, არ მოსწონთ, რესტორანში ათ ტურისტზე ნაკლები, რომ შევიდეს და თითომ, 20 ლარზე ნაკლები ღირებულების მენიუ შეუკვეთოს. ამგვარი სისულელეები აბსოლუტურად გაუგებარია ტურისტებისთვის, იმიტომ, რომ მსგავსი არსად ხდება. ადამიანი მენიუს მიხედვით წყვეტს რა აიღოს”, – აცხადებს ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი მიხეილ ვარძელაშვილი.
მისი აზრით, ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ სფეროში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც არასდროს არიან ნამყოფი ევროპის რომელიმე ქვეყნის რესტორანსა, თუ სასტუმროში. არ უნახავთ, როგორ მიმართავენ ტურისტებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ კლიენტის მიმართ და ა.შ. რეგიონებში პრობლემაა ასევე, ენობრივი ბარიერი. იქაურ რესტორნებში ძალიან ჭირს როგორც ინგლისური, ასევე რუსული ენის მცოდნე პერსონალი. ამ პრობლემის მოგვარებას გიდები იღებენ საკუთარ თავზე და ხშირ შემთხვევაში თარჯიმნის ფუნქციასაც ასრულებენ.
“კრიტიკა ყველას არ ეკუთვნის. არის რესტორნები, საიდანაც კმაყოფილები გამოდიან ტურისტები, ძირითადად ეს პრობლემა არის რეგიონებში. უცხო ენის ცოდნა რა თქმა უნდა უკეთესია, მაგრამ ეს თანხებთან არის დაკავშირებული, რესტორნების მეპატრონეებს კი არ სურთ თარჯიმანზე ფული დახარჯონ. ახალგაზრდებმა, მეტ-ნაკლებად იციან ინგლისური. გარდა ამისა, არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ძალიან მარტივი ინგლისურით საუბრობენ და მათთან კომუნიკაციისთვის ენის მაღალ დონეზე ცოდნა, სულაც არ არის აუცილებელი”, – მიაჩნია მიხეილ ვარძელაშვილს.
დღეს, არანაკლებ სერიოზული პრობლემაა რუსული ენის მცოდნე გიდები, არადა, არაოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ რუსეთიდან ჩამოდის. სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან განსხვავებით, რუსი ტურიტები გაცილებით, დიდი ხნით რჩებიან საქართველოში დასასვენებლად, ჩამოდიან ოჯახებით, მეგობრებთან ერთად, საკუთარი ავტომობილებით.
“ტურისტების ნაკლებობას არ ვუჩივით. ზაფხულში, მარტო ჩვენ კომპანიას, დღეში 10 ტური ჰქონდა. ნაკადი არც ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ შემცირებულა. ზამთრის ტურებზეც ველით ზამთრის კურორტების მოყვარულებს. ტურისტულმა კომპანიებმა და რესტორნებმა პერსპექტივაზე უნდა იმუშაონ. ისე უნდა მოიქცნენ, რომ ერთმა ტურისტმა მომავალში 10 ჩამოიყვანოს”, – მიაჩნია ექსკურსიამძღოლს მიხეილ ვარძელაშვილს.
Dalma News-ი დაინტერესდა, ძირითადად რის სანახავად ჩამოდიან საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეები? როგორც მიხეილ ვარძელაშვილმა გვითხრა, რუს ტურისტებს, გამომდინარე იქიდან, რომ ქრისტიანები არიან, ძირძველი ქართული ეკლესიები და წმინდა, რელიგიური ადგილები აინტერესებთ. არაბული ქვეყნების წარმომადგენლები კი, ძირითადად საქართველოს ბუნებით ინტერესდებიან.
ტურიზმის განვითარების თემა, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის, ყოფილი ვიცეპრემიერის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაშიც მოხვდა. იგი აქცენტს ქვეყნის დედაქალაქში კულტურული ტურიზმის განვითარებაზე აკეთებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ტურისტულ მარშრუტებში აქტიურად იყოს წარმოდგენილი თბილისში არსებული მუზეუმები, რათა ისინი ქალაქის შემოსავლის წყაროდ იქცნენ.
კახა კალაძის თქმით, ყველა განვითარებული ქვეყნის დედაქალაქში მუზეუმები ქალაქის შემოსავლის წყაროა და არა დოტაციური, ამიტომ ისინი, ახალი მიზიდულობის წერტილად უნდა იქცნენ. ასეთი წერტილები კი თბილისში დაახლოებით 27 -ია, აქედან 9 მუზეუმი მუნიციპალურია და დღემდე რეაბილიტაციას ელოდება.
სპეციალურად Dalma News-ისთვის მოამზადა შორენა პაპაშვილმა
Шорена Папашвили (Тбилиси) специально для Dalma News