ფერმერებმა, ხორცით მოვაჭრეებმა და გადამყიდველებმა თავისას მაინც მიაღწიეს: საქონლის მხოლოდ ლიცენზირებულ სასაკლაოებზე სავალდებულო დახოცვის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლა ისევ გადაიდო. ამის შესახებ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ პაშინიანმა განაცხადა. ქვეყნის მთავრობამ ზემოთ აღნიშნული საკითხის განხილვა პირველ ივლისამდე უნდა გადადოს. ეს არ ეხება ერევანში არსებულ სუპერმარკეტებს და საზოგადოებრივი კვების პუნქტებს. ამასთანავე, მინისტრთა კაბინეტი განიხილავს ყველა წინადადებას, დაიწყება სასაკლაოების დათვლა და კარტოგრაფიული შემოწმება.
“გარდა ამისა, სასაკლაოებისთვის ყველა საჭირო პირობა შეიქმნება. 6 თებერვლამდე შესაძლებელი იქნება ახალი წინადადებების წარდგენა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სომხეთში, 16 იანვრიდან მესაქონლეობის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და 15 იანვარს ამოქმედებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდნენ. დედაქალაქის ცენტრიდან საპროტესტო ტალღა ავტომაგისტრალების გადაკეტვაში გადაიზარდა. მთავრობის გადაწყვეტილების ამჟამინდელი გადახედვა – ხორცის მწარმოებლების და რეალიზატორების ერთგვარ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ხორცის ბაზარზე გარკვეული დაბრკოლებები და უსიამოვნებები მაინც შეიქმნა.
ყველაფერი იმის ბრალია, რომ ახლად დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უკვე სამი წელია განიხილება, საკმაოდ “მკვახეა”. შედეგად ხორცის მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა რადიკალური ნაბიჯი გადადგეს – მოაწყვეს მიტინგები, დემონსტრაციები და ხორცის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრნენ. “საქონელს საერთოდ აღარ დავხოცავთ და მორჩა!” – გაიძახოდნენ მესაქონლეები მთავრობის სახლის შენობის წინ.
გასაგებიცაა: სქემა “ხორცის მწარმოებელი – გადამყიდველი – დისტრიბუტორი” – აქამდე ამ სფეროში მონაწილე ჯაჭვის თითოეული რგოლისთვის ყველაფერი სავსებით ხელსაყრელი იყო და წლების განმავლობაში საკმაოდ მოქნილი საქმიანი ურთიერთობები ჰქონდათ. გადამყიდველები ხორცს მესაქონლეებისგან ყიდულობდნენ და ფასზეც თანხმდებოდნენ. ახალი წლის წინა დღეებშიც საქონელს საერთოდაც მათთვის “მოსახერხებელ” მაღალ ფასში ყიდდნენ. გადამყიდველები ხშირად ფასს კიდევ უმატებდნენ, თუმცა, საერთო ჯამში, სრულ ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. როდესაც ბაზარზე ახალი მონაწილე – სასაკლაო – გამოჩნდა, მესაქონლეების “მშვიდობაც” შეირყა. ახალი სტრუქტურა არამარტო ტრადიციული ბაზრის წყობას ვერ შეერწყა, არამედ სოფლად მომუშავე მესაქონლეებს წილში ჩაუჯდა. სწორედ ამან საკმაოდ ბუნებრივი პროტესტი გამოიწვია.
ამავდროულად, პარლამენტარებმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ 2017 წელს დაამტკიცეს. 2017 წლის ოქტომბერში, სომხეთის რესპუბლიკის სახალხო საკრებულოში, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, იშხან კარაპეტიანმა, „სურსათის უვნებლობის შესახებ“ და “ვეტერინარიის” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წარდგენისას განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ჯარიმის ფორმას და მოცულობას: “ფიზიკური პირებისთვის დაწესებულია ჯარიმა 20 ათასი დრამი, ხოლო თანამდებობის პირებისთვის – 100 ათასი დრამი”.
უცნაურია, რომ ეს ფაქტი აღნიშული სფეროს ყველა წარმომადგენლისთვის ცნობილი არ იყო. მით უფრო, რომ გამოქვეყნებული კანონი ძალაში 2018 წლის ივლისში უნდა შესულიყო, თუმცა, 2019 წლის ზაფხულისთვის ახალი წესები, ჯერ კიდევ უმოქმედო იყო. მხოლოდ წინა წლის პირველი აგვისტოდან სავალდებულო გახდა საზოგადოებრივი კვების პუნქტებისთვის სერთიფიცირებული ხორცის სასაკლაოდ შეძენა. ამ სიახლეს კვების ჯაჭვის ყველა ოპერატორი ტოტალურად 2020 წლის 15 იანვრამდე უნდა მოეცვა. თითქოს, მოსალოდნელი ცვლილებების გასაცნობად დრო საკმარისად იყო, მაგრამ ხორცით მოვაჭრეები და მესაქონლეები აცხადებენ, რომ ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ და საკუთარი კონტრარგუმენტები მოჰყავთ, რომელთაგან მთავარი სასაკლაოების უკმარისობაა. და ეს მართლაც ასეა!
მართლაც რომ უცნაური ვითარებაა. ჯერ კიდევ 2017 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა იშხან კარაპეტიანმა განაცხადა:
“სასაკლაოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 18 მოქმედი სასაკლაო მოწესრიგდა და ახლა ისინი მოთხოვნად სტანდარტებს შეეფერებიან. აშენდა 2 პრაქტიკულად ახალი სასაკლაო, რომელიც მზად არის ექსპლუატაციისთვის, ხოლო აღნიშნული პროექტის ფარგლებში კიდევ 21-ის აშენება იგეგმება. გარდა ამისა, 30-მა მესაკუთრემ სასაკლაოების საკუთარი სახსრებით აშენებაზე მზადყოფნა გამოთქვა. ამგვარად, უახლოეს მომავალში, სომხეთში საკმარისი რაოდენობის სპეციალიზებული და სურსათის უვნებლობის სტანდარტების სასაკლაოები იარსებებს”.
საინტერესოა, რომ სამი წლის შემდეგაც კი, ეს “ახლო მომავალი” არ დადგა. დღეისათვის რესპუბლიკაში მხოლოდ 25 სასაკლაო მუშაობს, თუმცა, მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად 70 სასაკლაოა საჭირო! სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურში დარწმუნებულები არიან, რომ ოცი პუნქტი უახლოეს ორ თვეში ამუშავდება, ხოლო კიდევ 20 სასაკლაო პროექტირების ეტაპზეა. თუმცა, მსგავსი ეფექტურობის დაჯერება, წარსული რეალობიდან გამომდინარე, რატომღაც ძალიან რთულია. ამ ფაქტს ეჭვქვეშ აყენებენ ადგილობრივი მესაქონლეებიც. მათ, ზოგადად, ინოვაციების ინიციატორების მიმართ საკმაოდ ბევრი ბუნებრივი და სამართლიანი შეკითხვა ჰქონდათ.
ერთ-ერთი შეკითხვა მოქმედი სასაკლაოების ადგილმდებარეობას შეეხება, რომლებიც ძირითადად ერევნის გარე უბნებშია განლაგებული. ” სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურის მონაცემების თანახმად, სასაკლაოები რესპუბლიკაში ერევნის გარშემოა თავმოყრილი: კოტაიკის ოლქში 11, მასისში – 1, ეჩმიაძინში -2″,- წერს Sputnik Армения. დედაქალაქიდან მოშორებით სასაკლაო ძალზედ ცოტაა. ამ მხრივ, მხოლოდ კაპანს გაუმართლა – იქ ორია. აპარანში, ვანაძორში, ალავერდიდან არც ისე შორს, დილიჟანში და ეხეგნაძორში – თითო-თითო. რაც შეეხება, შირაქის, გეგარკუნის და სისიანის ოლქებს, სადაც შედარებით უფრო მსხვილი მესაქონლეობაა, სასაკლაოები საერთოდ არ არის! მართალია, არც ისე დიდია ჩვენი ქვეყანა, თუმცა ხარის ჩრდილოეთიდან დედაქალაქის გარეუბნამდე ჩამოყვანა, არც თუ იოლი საქმეა. ამას კიდევ სასაკლაოს მომსახურების ფასსაც თუ დავუმატებთ, როგორც ადგილობრივი გლეხები ამბობენ, მესაქონლეობა წამგებიანი საქმე იქნება.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა კონკრეტული ციფრები დაასახელეს: საქონლის ტრანსპორტირება ცალკეულ შემთხვევებში დაახლოებით 30 ათასი დრამი ჯდება. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასა და სასაკლაოების მფლობელებს შორის 16 იანვარს ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, სასაკლაოების მომსახურება შემდეგნაირად შეფასდა: ერთი სული მსხვილფეხა საქონლის მოკვლა და ხორცის დანაწევრება 10 ათასი დრამი, წვრილფეხა – 3,5 ათასი დრამი, ღორის – 5 ათასი დრამი.
“მე არც ისე ბევრი საქონელი მყავს. სულ რაღაც სამი ძროხა და თითოეულში 360 ათასი დრამი მაქვს გადახდილი. მათ გამოსაკვებად რეგულარულად 1200 დრამის ღირებულების მშრალ კომბინირებულ საკვებს ვყიდულობ, გარდა ამისა, ერთ კილო ქერში 170 -მდე დრამს ვიხდი. საქონლის ტრანსპორტირებასა და სასაკლაოში მინიმუმ 30 ათასი დრამი რომ გადავიხადო, 20 ათასი დრამიც არ დამრჩება! რისთვისღა უნდა ვიშრომო და ვიწვალო? იმისთვის, რომ ჩემი მოგების დიდი ნაწილი სასაკლაოს დავუტოვო?”, – ამბობდა აქციის ერთ-ერთი აღშფოთებული მონაწილე.
მისივე თქმით, ახალმიღებული კანონპროექტით გათვალისწინებული დათმობა, რომელიც ითვალისწინებს სამ საქონელზე ნაკლების 30 კმ-მდე მანძილზე უფასოდ ტრანსპორტირებას, არაფერს ნიშნავს. სოფლის მოსახლეობა ამ “შეღავათს” სკეპტიკურად უყურებს, ისევე, როგორც ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში გაჟღერებულ სხვა დანაპირებს. მოსახლეობა ეჭვობს, რომ მათ გაცრუებას ყოველ ნაბიჯზე შეეცდებიან.
“თუ შეიძლება მითხარით, რატომ არ უნდა ვხედავდე, რამდენს იწონის ჩემი საქონელი? ან ხორცის დანაწევრებისას, რა დარწმუნებული ვიქნები, რომ ჩემი საქონელი მომცეს და არა – სხვისი?! ან სრულად მომცეს, თუ არა?!”, – ამბობდა ერთ-ერთი გლეხი.
გარდა ამისა, გლეხებს ისიც აინტერესებთ, რა ელის დაკოჭლებულ, ან ექსტრემალურ ვითარებაში გარდაცვლილ საქონელს, რომლის სასაკლაოზე გადაყვანა ვერ მოხერხდა? ეს ის საკითხებია, რომლებიც “სასაკლაოების გადაწყვეტილების” მიღებამდე უნდა განხილულიყო და გათვალისწინებულიყო, მით უფრო, რომ შესაბამის უწყებებს ამისათვის თვეები კი არა, წლები ჰქონდათ!
ამასთანავე, სანამ საპროტესტო აქციის მონაწილეები თავიანთ უფლებებს იცავდნენ, ხორცპროდუქტების მომხმარებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ სავალდებულო სასაკლაოების შემოღება ხორცის ფასზე აისახება და ხორცპროდუქტები ძალიან გაძვირდება. “სომხეთში სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლობის გათვლებით, ხორცის თვითღირებულება (სასაკლაოსა და ტრანსპორტირების გათვალისწინებით) 120-დან 160 დრამამდე გაიზრდება”,- იტყობინინება Sputnik Армения.
სააგენტო «Кавказский узел»-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის “ორბელის” ექსპერტმა, ეკონომისტმა პანდუხტ მარტიროსიანმა განაცხადა: “მაღაზიებში ხორცის ფასი სულ რაღაც 100-200 დრამით მოიმატებს, რადგანაც სასაკლაოს მომსახურების ფასი ხორცის თვითღირებულების დაბალი პროცენტია…”.
შესაძლოა, ვიღაცისთვის 200 დრამი ფული არ არის, მაგრამ საშუალო შემოსავლის მქონე უამრავი მომხმარებელისთვის ეს “კაპიკეპი” დიდი ტვირთია ოჯახის ბიუჯეტისთვის. რა თქმა უნდა, ყველა შემდგომი შედეგით – მათთვის ხორცი სულ უფრო იშვიათი სიამოვნება გახდება. თუმცა, ხორცის ფასის უცვლელად შენარჩუნებაზე ჯერ კიდევ 2017 წელს საუბრობდნენ. კერძოდ, 2017 წლის იანვარში, გაზეთ “ახალი დროს”- სთვის მიცემულ ინტერვიუში სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ოგანეს მკრტჩიანმა, ხორცის გაძვირებასთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზე განაცხადა: “განზრახული გვაქვს, რომ შემუშავდეს და ჩაემატოს საკითხები, რომლის თანახმადაც მთავრობა სასაკლაოებისთვის შეღავათებს გამოყოფს და შედეგად, არ დაზიანდება სამომხმარებლო ჯიბე”. გაურკვეველია, სად გაქრა ეს ინიციატივა. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი “რეანიმაცია” და განხორციელება აუცილებელია.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სომეხი კანონმდებლები ვითარებას არსებული ფაქტის მიხედვით აფასებენ და არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და კანონების შედეგები. ფერმერებთან 21 იანვარს შეხვედრის შემდეგ, საპარლამენტო ფრაქციამ “ჩემი ნაბიჯი” განაცხადა, რომ მთავრობას ცვლილებებს წარუდგენს. ხოლო დეპუტატმა რუსტამ ბაკოიანმა განმარტა:
“არსებობს მანძილის, მშობიარობის, ზოგჯერ საქონლის ტრამვირების საკითხები, როდესაც საჭიროა საქონლის სასწრაფოდ დახოცვა და დანაწევრება, მის სასაკლაოზე წაღებას კი ვერ ასწრებენ…”ბაკოიანი ხორცის გადამყიდველების საკითხსაც შეეხო: “მათ ინტერესებიც გასათვალისწინებელია… ქვეყანაში ხორცის 500 გადამყიდველია. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათ სამსახურები არ უნდა დაკარგონ”… მან ასევე დასძინა: “მეხორცეებს მოძრავ სასაკლაოებში მუშაობის საშუალება ექნებათ. ისინი სოფლებს შორის ივლიან და თავიანთ საქმეს გააკეთებენ. თუმცა სასაკლაოების არსებობა ჩვენს ქვეყანაში უბრალოდ აუცილებელია”.
სომხეთის რესპუბლიკის სახალხო კრებაზე გამოსვლისას საქონლის სასაკლაოების შესახებ საუბრისას სახელმწიფოს მეთაურმა ნიკოლოზ პაშინიანმაც იგივე აზრი გამოთქვა: “უნდა გადავიდეთ თუ არა სასაკლაოების სისტემაზე? ერთმნიშვნელოვნად -კი! რადგანაც ეს ჯანდაცვის პრობლემების გარდა ქვეყნის იმიჯის საკითხიცაა…”. არავინ დაობს. ცივილიზებული, ყველა წესებისა და კანონების შესაბამისობაში არსებული სასაკლაო ადგილობრივი მომხმარებლების დიდი ხნის ოცნებაა. “ძროხის თუ ცხენის ხორცი, მომწამვლელი, თუ ჯანსაღი, ახალი, თუ დიდი ხნის წინ დაკლული”,- ეს ის საკითხებია, რომლებიც თითოეულ მომხმარებელს ხორცის მაღაზიების დახლებიდან ხორცპროდუქტების შეძენისას აინტერესებს. ამ სფეროში წესრიგი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა დამყარებულიყო, თუმცა არ ღირს ხელის ერთი მოსმით ხორცის სარეალიზაციო ყველა წერტილის გაქრობა. სოფლებში, ვინც მესაქონლეობით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახს, მძიმედ შრომობენ – უმკლავდებიან საქონლის დაავადებებს, საქონლის შესაძენად აღებულ კრედიტებს, ინფლაციასაც კი… და ხშირად, ხორცის თავის ფასში გაყიდვაც უწევთ. ამიტომ სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების გასამკაცრებლად მიღებულ თითოეულ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას მესაქონლეების ისედაც რთული ყოფის, კიდევ უფრო დამძიმება შეუძლია.
“დილიდან დაღამებამდე ლუკმა პურის და ოჯახის გამოსაკვებად დაუღალავად ვშრომობთ! საქონელს თავს ვევლებით, ყოველდღიურად ვზრუნავთ მათზე და მთლიანად საქონლის სუნად ვართ გაჟღენთილები ისე, რომ ამ სუნის მოსაშორებლად ყველაზე მძაფრი ოდეკოლონიც არ გვშველის. ახლა კი, ამ სასაკლაოებით მთელი ჩვენი ნაშრომის წართმევა სურთ?! შემოსავლის სხვა წყარო ჩვენ არ გაგვაჩნია!…” – განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ეს სულისშემძვრელი სიტყვები გულწრფელ თანაგრძნობას იწვევს. მართლაც, რომ არა სოფლის მესაქონლეები, ფერმერები და გლეხები, რა უნდა გვეჭამა შორეულ ქალაქებში?!…
ირინა გრიგორიანი