დამოუკიდებელი საქართველოს მე-19 და პარტია “ქართული ოცნების” V პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წარმატებულ და “ოცნების” გუნდის ერთ-ერთი გამორჩეულ ლიდერად მოიხსენიებენ. მის ქარიზმატულობასა და უშუალობაზეც ხშირად საუბრობენ. გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს, ყველასთვის მოულოდნელად გადადგა და პარტიის რიგებიც დატოვა. მიზეზი პირდაპირი ეთერით გასულ საგანგებო ბრიფინგზე, რამდენიმე სიტყვით ახსნა, – გუნდთან ერთ საკითხზე ვერ მიაღწია შეთანხმებას.
ეს ერთი საკითხი არის ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, – მისი დაპატიმრება. სწორედ იმ დილით, როცა შსს-ს წარმომადგენლებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გადამალულ ნიკა მელიას განჩინება მიუტანეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან წასვლის განცხადებას წერდა.
გახარიას მოსაზრებით, მაშინ, როცა ქვეყანა ებრძვის პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია პოლიტიკურ პოლარიზაციას, “მთავარი ოპოზიციური პარტიის” (როგორც ნაციონალები უწოდებენ თავს) ლიდერის დაკავება, რომელსაც წინა დღით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, პარლამენტმა კი დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა, მიუღებელი და არადროულია.
ერთი შეხედვით ყველაფერი აბსურდულად ჟღერს. გახარიას წასვლა ბევრმა უპასუხისმგებლობად და ღალატად შეაფასა, თუმცა, მოვლენებს სხვა კუთხით თუ შევხედავთ, შესაძლოა გახარიას ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო გადატრიალების აღსაკვეთად გადადგმული ერთადერთი სწორი ნაბიჯი აღმოჩნდეს.
მე-19 პრემიერის საქციელი შეფარვით მოიწონა პრეზიდენტმა და 9 თვის წინ მისთვის “უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება” გაიხსენა, როდესაც პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად გამოცხადებული ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას მიმართ ამნისტია გამოსცა.
პრეზიდენტის თქმით, მაშინ, როდესაც 31 ოქტომბრის ლეგიტიმურად ცნობილი საპარლამენტო არჩევნების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როცა ქვეყანაში იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა, დაპირისპირება, როცა ოპოზიციის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს ქვეყანაში საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება და პარტიები საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ, საჭიროა დათმობაზე წასვლა. თუმცა იქვე დასძინა, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის არის მზად.
როგორც ჩანს, გახარიამ კონსტრუქციულობა ვერ დაინახა ნაციონალების ოფისში, ნიკა მელიას დასაცავად შეკრებილი სხვადასხვა პარტიის ლიდერების განწყობაში. უფრო მეტიც, 17 თებერვალს, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ პიკს მიაღწია. ყველა პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ სპეცრაზმსა და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მომხდარიყო, რაც მაღალი ალბათობით, სამოქალაქო დაპირსპირებაში გადაიზრდებოდა. გახარიას, ხომ ისედაც მძიმე ტვირთად ექცა ე.წ გავრილოვის ღამის მოვლენები, როცა პარტიული ლიდერების წაქეზებით პროტესტანტების მიერ პარლამენტის შენობაზე განხორციელებული შტურმი სპეცრაზმმა რეზინის ტყვიებით დაშალა. მაშინ ბევრი ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.
გიორგი გახარიამ მსგავსი საშიშროება 2019 წლის მოვლენებიდან წელიწადნახევრის თავზეც იგრძნო და დიდი ალბათობით მიხვდა, რომ ოპოზიცია, რომელსაც ხელს აძლევდა ვითარების ესკალაცია, ადამიანების სიცოცხლის ფასადაც არ დაიხევდა უკან. ხელისუფლება კი, ნებსით თუ უნებლიეთ მათ თამაშს თამაშობდა. საჭირო იყო შოკური ეფექტი. ლიდერი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ კი არ მიდიოდა, არამედ მოდიოდა, საკუთარი პარტიაც კი, ფაქტის წინაშე დააყენა.
გიორგი გახარიას გადადგომით გამოწვეული სიხარული ოპოზიციაში იმდენად დიდია, რომ ერთმანეთის მიყოლებით უხდიან მადლობას.
“ახლა მეტი შანსი გვაქვს ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები. გაჩნდა შანსი, რომ შეთანხმების გზით წავიდეთ”, – აცხადებენ ოპოზიციაში, თუმცა, იქვე დასძენენ, რომ საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ.
ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი კი, თავის სტილში განაგრძობს მუქარას პოლიციისა და სპეცრაზმის მიმართ, რომ თითოეულის სახლში შევლენ, მათ მშობლებს და ოჯახის წევრებს მიაკითხავენ და ა.შ. მთავრობის მეთაური, რომელიც არ იზიარებდა მელიას ამ ვითარებაში დაკავების გადაწყვეტილებას და კონფრონტაციას, გადადგა, მაგრამ “ქართულ ოცნებაში” დარჩნენ ისინი, ვინც ამბობს, რომ კანონი უნდა აღსრულდეს.
პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით, სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, როგორც ნაციონალების, ისე “ქართული ოცნების” მხრიდან. ქვეყანაში დიდი ხანია მიმდინარეობს საინფორმაციო – სამოქალაქო ომი. ორივე მხარეს აქვს კარგად მართული სააგიტაციო-პროპაგანდისტური ტელევიზიები. ამ ორ პარტიას შორის მიმდინარე პროცესებმა უკვე მიიღო სამოქალაქო დაპირისპირების სახე. ასეთ ვითარებას კი, აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური ესკალაცია და ასეც მოხდა. პარტიები, რომლებსაც მესამე პოლიტიკური ცენტრი უნდა შეექმნათ მთლიანად “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ მოექცნენ. “ენმ”-მ და “ქართულმა ოცნებამ” ერთდროულად დაიწყეს რებრენდინგი. ორივე პოლიტიკური პარტიის მხრიდან გადამწყვეტი ბრძოლისთვის მიდიოდა მზადება.
მაისაიას აზრით, მელიას მიერ ელექტროსამაჯურის გადაგდება პოლიტტექნოლოგიური მანევრი იყო, რასაც “ქართული ოცნება” წამოეგო და გაება მახეში. სამაჯურის იდეამ გაამართლა. ტემპერატურამ აიწია და გაერთიანებული ოპოზიციის კონდომინიუმმა, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიიღო 31 ოქტომბრის არჩევნებით, “ქართული ოცნების” არაადეკვატური ქმედების საფუძველზე თავისი პოზიციების გამყარება დაიწყო. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია სახელმწიფოებრივი კრიზისი. ოპოზიციას ფერადი რევოლუციის მსგავსი გადატრიალების მოწყობა ჰქონდა დაგეგმილი.
ვახტანგ მაისაიას აზრით, გახარია მიხვდა, რომ ფაქტობრივად ძალოვანებს “ენმ”-ს ოფისზე იერიში უნდა მიეტანათ და სწორედ მას მოუწევდა პასუხისმგებლობის აღება, ამას მოჰყვებოდა საერთაშორისო იზოლაცია, მძაფრი საერთაშორისო რეაქცია და სხვა. ეს გადატრიალება საერთოდ მოხსნიდა “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციის თემას და ქვეყანა სამოქალაქო ომის წინაშე აღმოჩნდებოდა.
“დილით, 10 საათზე, როცა პოლიცია მივიდოდა მელიასთვის სასამართლო განჩინების გადასაცემად, ერთ საათში დაიწყებოდა შტურმი. ამას დაასწრო გახარიამ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოიხსნა და ჩაშალა მელიას დაკავების ოპერაცია. როცა იჭრები ოპოზიციური პარტიის ოფისში და არბევ, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც არიან (ოპოზიცია, როგორია ეს სხვა საკითხია), ბუნებრივია იქ მოხდებოდა სისხლისღვრა. ეს არის გადატრიალების მცდელობა ერთი და მეორე მხრიდანაც”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
თუმცა მეორე მხრივ, გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლით უნებლიეთ დაასხა წყალი ოპოზიციის წისქვილზე და ისინი გააქტიურდნენ. ინიციატივა გადავიდა ოპოზიციის მხარეს. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ავანსცენაზე შეყვანა კი, მაისაიას მოსაზრებით, სწორედ რომ დროული იყო.
ოპოზიციას უკვე დაწყებული ჰქონდათ მუშაობა ძალოვან სტრუქტურებზე და შესაძლოა 50 კაცი გადაებირებინათ. ისინი თუ დადგებოდნენ ოპოზიციის შენობაში, “ოცნების” საქმე დასრულდებოდა და ეს “ვარდების რევოლუცია 2” იქნებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი კი, დღეს, აკონტროლებს არმიას, ის არის თავდაცვის მოქმედი და ყოფილი შს მინისტრი. მას შეეძლო პოლიცია და ჯარი დაეკავებინა და რაც მთავარია, გახარიას შემდეგ “ოცნებაში” რეიტინგული პოლიტიკოსი ღარიბაშვილია.
“ეს ნაციონალებისთვის სრული შოკი აღმოჩნდა. ნაცმოძრაობის პარტიულ დაზვერვას, დამერწმუნეთ, რომ კარგად აქვს ნამუშევარი და ჰქონდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი “ოცნების” პოლიტსაბჭოდან დისტანცირებული იყო კალაძისა და კობახიძე-მდინარაძის კლანების მიერ. ესენი კი, ვითარებას ვერ მართავენ”, – ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალება არ ნიშნავს აუცილებლად ერთი ხელისუფლების მეორით ჩანაცვლებას. შესაძლებელია ხელისულება ძალაუფლების გამყარების მიზნით უკანონო ქმედებასაც მიმართავდეს.
“მაგალითად, როგორც სააკაშვილმა მოახდინა კონსტიტუციური გადატრიალება, როცა ჟვანია მოკლეს, მერაბიშვილი გამოვიდა და წამოაყენა ნულოვანი ტოლერანტობა, ამით სააკაშვილმა დიქტატურა გააძლიერა”, – აცხადებს მაისაია.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ გახარიას გადადგომის ფონზე საპროტესტო აქციების ახალი მასშტაბებით აგორებას შეძლებენ და ამით მოახდენენ ხელისუფლებაზე გავლენას. ხოლო, მელიასთან დაკავშირებული პერიპეტიების გამო, საერთაშორისო პარტნიორები პოზიციას უკვე ოპოზიციის სასარგებლოდ შეიცვლიან.
“ლიეტუვას ელჩი უკვე მივიდა ნაციონალების ოფისში მათთვის სოლიდარობის გამოსახატავად, რაც ჩემი აზრით, დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევა და ცალსახად პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვაა. როგორც ჩანს, მათ იმუშავეს საერთაშორისო პარტნიორებთან და იმედი აქვთ, რომ ამ პროცესების ფონზე, საერთაშორისო პარტნიორები უკვე მათ სასარგებლოდ გასცემენ რეკომენდაციებს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ ვადამდელი არჩევნებისკენ, რასაც მანამდე არ აკეთებდნენ”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, შემდგარ სახელმწიფოებრიობაზე თუ გვაქვს პრეტენზია, ერთი ადამიანის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულება არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფო კრიზისს. არავინ, თუნდაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არ უნდა იყოს კანონის მიღმა და კანონზე მაღლა. მეორე მხრივ, თუ ოპოზიციამ მიმდინარე პროცესების ფონზეც ვერ შეძლო ქუჩაში კრიტიკული მასის გამოყვანა, ეს იქნება იმის აღიარება, რომ მას საზოგადოებაში ნდობა არ აქვს.
“ოპოზიციას არც მანამდე ჰქონდა ნდობა. ის რას ეუბნება მოსახლეობას, – გამოდი ქუჩაში, იმისთვის, რომ მე მოვიდე ხელისუფლებაშიო. არავითარი პოზიტიური დღის წესრიგი, მათი მოწოდებების უკან არ ჩანს”, – ამბობს ანალიტიკოსი.
საბოლოო ჯამში ნაციონალებმა დადეს ნაღმი, რომელზეც “ქართული ოცნება” აფეთქდა. ახლა ჩნდება კითხვა, გაიზიარებს გახარია ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ბედს და გადავა ჩრდილში, თუ შექმნის პარტიას. ექსპერტების აზრით, გახარია არის კარგი მენეჯერი, შეუძლია საკმაოდ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ პარტიას არ შექმნი, თუ რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა არ დაიწყო მესამე პროექტი – ბახტაძე-გახარია.
შორენა პაპაშვილი