“ზეზვა და მზია სელფის იღებენ”, – ამ ლოგოთი გაიხსნა მეცნიერებისა და ინოვაციების მეტად საინტერესო კვირეული თბილისში. მეცნიერების სფეროში მსგავსი ღონისძიება პირველია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავკასიაში. კვირეულის მიზანია წარმოაჩინოს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და ფართო საზოგადოებას ქართველი და უცხოელი მკვლევარების მიღწევები გააცნონ. რაც მთავარია ამ სფეროთი დააინტერესონ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.
გამორჩეულია კვირეულის ლოგოც, ქართველი ხელოვანის, ბაჩა ხოფერიას (Dr. Love) ურბანული ხელოვნების ნიმუში – “ზეზვა და მზია იღებენ სელფის”. ავტორის შთაგონების წყაროა დმანისში აღმოჩენილი პირველი ადამიანის ნაშთები. კვირეულის ლოგო განასახიერებს მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების სიმბოლურ გზას უხსოვარი დროიდან დღემდე. ზეზვა და მზია გვახსენებს, რომ მეცნიერება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ცნობილმა ამერიკელმა პალეო-არტისტმა ჯონ ანტონი გურჩიმ დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნა ქანდაკება, რომელიც ზუსტი მეცნიერული ასახვაა იმისა თუ, როგორ გამოიყურებოდა უძველესი ადამიანი 1,8 მილიონ წლის წინათ.
კვირეულის ფარგლებში მისი პრეზეტნაციაც მოეწყო. ეს თავის ქალა პირველია, რომლის მიხედვითაც მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომია შეისწავლონ (თავის ქალის ტვინის მოცულობა დმანისელებს შორის ყველაზე მცირეა (546 სმ.), რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. მას წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს). ეს ნიმუში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალაა.
დმანისის კოლექცია მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას დააკვირდნენ და შეისწავლონ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პოპულაცია. ინფორმაცია დმანისის აღმოჩენების შესახებ არაერთხელ გაუშუქეიათ ისეთ სამეცნიერო და პოპულარულ გამოცემებში როგორებიცაა: Science, Independent, National Geographic, Le Figaro, New York Times, BBC, CNN, Guardian და სხვა.
2013 წელს Science-ში დაიბეჭდა სტატია “სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია” – სტატიის თანაავტორები ქართველი მეცნიერები დავით ლორთქიფანიძე, აბესალომ ვეკუა და ანი მარგველაშვილი არიან. გეტყვით იმასაც, რომ 2000 წლის მსოფლიოს ათ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენათა შორის დმანისის პალეოანთროპოლოგიური მონაპოვარი მესამე ადგილზე დასახელდა.
პალეო-არტისტი ჯონ გურჩი გამოირჩევა თავისი ნამუშევრების სამეცნიერო სიზუსტითა და რეალისტური ასახვით. პალეონტოლოგიასა და ანთროპოლოგიაში მიღებული აქვს აკადემიური გამოცდილება. გურჩის ნამუშევრები წარმოდგენილია სმითსონიანის (აშშ), ჩიკაგოსა და ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმებში. მის მიერ შექმნილი რეკონსტრუქციები არაერთხელ უჩვენებიათ National Geographic-ის, სმითსონიანის და BBC-ს დოკუმენტურ ფილმებში. ასევე, გვხვდება ისეთი გამოცემების გარეკანზე როგორიცაა: National Geographic, Discover და Natural History. ჯონ გურჩის მიერაა შექმნილი ნამუშევრები ცნობილი ფილმისათვის “იურული პერიოდის პარკი” და სხვა.
თბილისის საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში სამეცნიერო გამოფენის გახსნა სიმბოლურად დაემთხვა 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს, ხოლო დახურვა 17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს. გამოფენის პარალელურად, რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბისა და 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება გაიმართა. კერძოდ, კონფერენციები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები და გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სამეცნიერო კაფეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვა. აღსანიშნავია, რომ 1988 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მეცნიერებისა და მშვიდობის საერთაშორისო კვირეულის შესახებ რეზოლუცია და მონიშნა მისი ჩატარების ვადები. გაერომ დაჟინებით მოუწოდა წევრ ქვეყნებს მეცნიერთა შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისაკენ.
თბილისის კვირეულში მონაწილეობდნენ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მაიკროსოფტი – საქართველო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, შპრინგერის გამომცემლობა, აგრეთვე მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან.
კვირეულის ერთ-ერთი საინტერესეო ნაწილი იყო ცერნ-ის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა – “ცერნი დღეს” და “LHC ინტერაქტიული გვირაბი”. გამოფენა პირველად გაიმართა კავკასიის რეგიონში და დამთვალიერებელს შეუქმნა წარმოდგენა ამ მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე. CERN-თან მჭიდროდ თანამშორმლობს ქართული უნივერსიტეტები, ცერნ-ის პროექტებში ჩართულნი არიან ქართველი პროფესორები და სტუდენტები. აი რას ყვება საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერი, CERN-ის მკვლევარი სოფო პატარაია:
“ეს არ არის ფანტასტიკა, ეს CERN-ია… სამეცნიერო ორგანიზაცია, ლაბორატორია, რომლის მიზანია იმის გაგება, რისგან შედგება მატერია, როგორია მისი ელემენტარული შემადგენელი ბლოკები, რა ურთიერთქმედები არსებობს მათ შორის? ასევე იმის გაგება, როგორ შეიქმნა მატერია არაფრისგან და დღემდე როგორ მოაღწია… დიდი ადრონული ამაჩქარებელი ისეთი რთული სისტემაა, ჩემთვის დღემდე საოცრებაა, რომ ადამიანმა მისი გაკეთება შეძლო”.
შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე, 27 კილომეტრის სიგრძის გვირაბში გადის წრიული ამაჩქარებელი, რომელიც მუდმივად -271 გრადუსამდეა გაციებული და მძლავრი ელექტრომაგნიტური ველით აჩქარებს და ერთმანეთს აჯახებს ელემენტარულ ნაწილაკებს, პროტონებს. შეჯახების დროს ენერგია იმდენად მაღალია, რომ დიდი აფეთქების (13, 8 მილიარდი წლის წინ) ანალოგიურ პირობებს ქმნის, რომელიც ფიზიკოსებს უნიკალურ საშუალებს აძლევს, ფიზიკის კანონები და სამყაროს განვითარების ეტაპები შეისწავლონ.
ღონისძიების ორგანიზატორებს არც ბავშვები დავიწყნიათ და მათთვის სპეციალურად მოამზადეს მიკროელექტრონიკისა და პროგრამირების კუთხე, სადაც ისტრუქტორის დახმარებით შეეძლოთ მიეღოთ პირველადი ცოდნა მიკროელექტრონიკასა და რობოტოტექნიკაზე. მაგრამ მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ცერნ-მა. სპეციალურად მოწყობილ იატაკზე სკოლის მოსაწვლეებმა ე.წ. პროტონული ფეხბურთიც ითამაშეს.
“სანამ აქ მოვიდოდი, ცერნ-ზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მიმდინარეობდა კველევები. ახლა დაწვრილებით გავიგე თუ, როგორ შეიქმნა პროტონების დაჯახების შედეგად სამყარო და რა პროცესები განვლი მან დიდი აფეთქებიდან დღემდე. აგვიხსნეს სიქსის ველის შესახებ და რომ არსებობდა ნაწილაკები, რომლებიც აქამდე არ იყო აღმოჩენილი. გავიგეთ, როგორ მუშაობს ნაწილაკის ამაჩქარებელი და სხვა”,- ყვებიან ბავშვები.
გამოფენაზე დამთვალიერებელს საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ საგამოფენო ნაწილის ფარგლებში დამთვალიერებელს სხვადასხვა თემატური სტენდი შესთავაზა. სამეცნიერო ტექნოლოგიური ინოვაციების მხრივ წარმოდგენილი იყო სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მონაწილე ინოვატორების და მეცნიერების მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტები, როგორიცაა MEMOGRAM-ი. ასევე მოეწყო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სტენდი GeoLab. სტენდზე წარმოდგენილია დრონი, გუგლ გლასი და ვირტუალური რეალობის სათვალეები – ოკულუსი, დამთვალიერებელს მათი მოსინჯვა ადგილზე შეეძლო.
კვირეულის გახსნის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება და საქართველო მსოფლიოს იმ წამყვან ქვეყნებს შეუერთდება, სადაც ამგვარი ფესტივალები იმართება.
როგორც პრემიერი აცხადებს, განათლება საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან განათლებული თაობის გარეშე წარმოუდგენელია ისეთი სიძნელეების გადალახვა, როგორიც არის უმუშევრობა, ეკონომიკა. „სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მეცნიერების ხელშეწყობას“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მალე ხელი მოეწერება ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტ 2020″-ის ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულებას, რაც ქართველ მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააღრმაონ საერთაშორისო თანამშრომლობა, მოიზიდონ დამატებითი თანხები და აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები.
შორენა ქარჩავა