ორდღიანი “ბოიკოტის” შემდეგ, მცხეთის ჯვრის მონასტრის კარიბჭე, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის კვლავ გაიხსნა. 14 იანვარს, მონასტრის ბოქლომით ჩაკეტვის გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო. მიზეზი, გარემოვაჭრეებია.
როგორც თავად ამბობს, 21 წელია ჯვრის მონასტერში მოღვაწეობს. სურს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდეს და გარკვეული იერსახე მიეცეს. ქალაქ მცხეთის მერიას რამდენჯერმე მიმართა, იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა, მაგრამ უშედეგოდ. 14 იანვარს კი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, ტაძრის კარიბჭე ბოქლომით ჩარაზა და ქალაქის მერიაზე გაბრაზებულმა ჯავრი მრევლსა და ტურისტებზე იყარა.
“მორჩილებს ვუთხარი, – თუ რამეს გკითხავენ, უპასუხებთ, რომ ტაძარი დაკეტილია, ხოლო მიზეზი მცხეთის მერმა იცისო. რატომ მიგვიყვანეს ამ ზომამდე? ვიყავით კვირიკაშვილთან, რომელმაც დაურეკა ზურაბ ალავიძეს (ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი), რომ ეს პრობლემაა ჯვრის მონასტერთან, რაღაც უნდა ვიღონოთ, გავაკეთოთ, რომ მოწესრიგდესო, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოწესრიგდა”, – აცხადებს კონსტანტინე ჯინჭარაული.
მისი თქმით, სამლოცველოს დაკეტვის გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან არ შეუთანხმებია. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მამა კონსტანტინეს ფინანსური ინტერესი ამოძრავებს და სურს მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობიდან შემოსავალი მიიღოს. ვითარების გასარკვევად მოვაჭრეებმა, რამდენჯერმე ითხოვეს მამაოსთან შეხვედრა, მაგრამ უშედეგოდ.
მომხდარს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა, პრობლემად გარემოვაჭრეები დაასახელა და განაცხადა, რომ მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან.
“მონასტერი დროებით დაიკეტა, მიზეზი სწორედ გარემოვაჭრეებია. იქ არის ძალიან მოუწესრიგებელი მდგომარეობა, დახლები, რომელიც ამახინჯებს გარემოს და მას მონასტრისათვის შეუსაბამოს ხდის. გარემოვაჭრეების ასეთი სიმრავლე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მონასტრისთვის”, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
მისივე ინფორმაციით, ჯვრის მონასტერს სხვადასხვა რანგის სტუმრები სტუმრობენ. დიდია ტურისტების მხრიდან ინტერესიც. ბუნებრივია, წინამძღვარი გარემოს მოწესრიგებას რომ ითხოვდესო.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯვრის მონასტრის საძმომაც გაავრცელა და ვითარებას ნათელი მოჰფინა. სამლოცველოს კარიბჭის ჩარაზვა, პროტესტისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ერთგვარი ფორმა ყოფილა, რათა პრობლემის გარშემო მათი კონსოლიდაცია მოეხდინათ და საკითხი ერთობლივი ძალისხმევით გადაეწყვიტათ.
საძმოს წევრებმა საზოგადოებას, მსოფლიო მართლმადიდებელ სამყაროში მცხეთის ჯვრის მონასტერის ისტორია და მისი დანიშნულება შეახსენეს. რომ ის, მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული მორწმუნეთათვის სათაყვანებელი ადგილია და მისდამი პატივისცემით მოპყრობა ათეისტურ პერიოდშიც კი ვლინდებოდა. რომ ჯვრის მონასტისადმი ზრუნვა სახელმწიფომ ითავა, წლების განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებდა. როგორც ჩანს საძმოს წევრებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ. კერძოდ ის, რომ ის რაც ისტორიისა და სახელმწიფოს საკუთრებაა, უპირველესად ხალხის არის და სარესტავრაციო სახსრები, რაც ქვეყნის ბიუჯეტიდან იხარჯება, სწორედ ხალხის ჯიბიდან მიდის. სანაცვლოდ კი მრევლმა, ტაძრის წინამძღვარისგან სიკეთის, მადლიერებისა და სიყვარულის მაგალითი უნდა მიიღოს.
ტაძრის საძმოს წევრები კი ამბობს, რომ გარემოვაჭრეები კანონის წინააღდეგ მიდიან, არ ემორჩილებიან მცხეთის საკრებულოს მიერ გამოცემულ აკრძალვას და უკანონო საქმიანობას ეწევიან. მათ დაიკავეს საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისთვის მოწყობილი ავტოსადგომი და ტერიტორიაზე განუკითხაობა და ანტისანიტარია სუფევსო.
Dalma News-ი ვითარების გარკვევას მცხეთის მერიაში შეეცადა, სადაც აცხადებენ რომ ვერ ჩაერევიან მონასტრის საქმეში და წინამძღვარს ვერ მიუთითებენ, როდის გახსნას კარიბჭე და როდის დაკეტოს. თუმცა ამბობენ, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ ის სულ სხვა შინაარსისაა. კერძოდ, პრობლემას მორატორიუმი ქმნის.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, დიდი ხანია მცხეთაში გამოცხადებული მორატორიუმის უარყოფით მხარეებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, სერიოზულ ზიანს აყენებს ტურიზმის განვითარებას. მორატორიუმის გამო, ქალაქში ყველა სახის მშენებლობა შეჩერებულია, მოსახლეობას არ აქვს უფლება ააშენონ სასტუმროები და კვების ობიექტები. შეუძლებელი ხდება ელემენტარული კომუნიკაციების გამართვა.
მცხეთაში სამშენებელო სამუშაოებზე სახელმწიფო მორატორიუმი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის ინიციატივითა და რეკომენდაციით 2018 წლის ბოლომდე გამოცხადდა. ნებისმიერი სახის მშენებლობა, პრივატიზაცია და გასხვისება, სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის თანაბრად აკრძალულია.
მცხეთის მერის განცხადებით, მთავარი წინააღმდეგობა ქალაქის ურბანული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არარსებობაა. გენგეგმის ჩამოყალიბების პროცესში, შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ექსპერტთა საბჭო უნდა ჩაერთოს. თუმცა, საბჭოს ჩამოყალიბება გაურკვეველი მიზეზთა გამო გაჭიანურდა, რაც გენერალური გეგმის 2019 ბოლომდე დასრულებას საფრთხეს უქმნის.
“გენგეგმა უნდა ითვალისწინებდეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, საპატრიარქოსა და მოსახლეობის ინტერესს”, – მიაჩნია ქალაქის მერს.
კონკრეტულად ჯვრის მონასტრის პრობლემას რაც შეეხება, როგორც მცხეთის მერიაში აცხადებენ, სურთ ბიოტუალეტების პრობლემის მოგვარება. დაწყებული მოლაპარაკებები კონკრეტულ კომპანიასთან, მაგრამ მორატორიუმის გამო, ამის უფლება და საშუალება არ მიეცათ. დისკომფორტსა და ანტისანიტარიას იწვევს ის, რომ მთაზე, სადაც მონასტერია აგებული, წყალი არ არის და მისი მიწოდება ქალაქის მერიას, სახანძრო მანქანებით უწევს. მერიაში იმასაც აღიარებენ, რომ გარემოვაჭრეებისთვის ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია.
“გარემოვაჭრეები აქ ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან. ასეთი დახლები ყველა ტურისტულ ქვეყანაში არსებობს. რა თქმა უნდა ტაძართან ახლოს ვაჭრობა მიუღებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში გარემოვაჭრეები, არც გზის სავალ ნაწილს იკავებენ და ტაძრიდანაც მოშორებით დგანან. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, მზადყოფნას გამოვთქვამთ, ამ ყველაფერს მოწესრიგებული სახე მივცეთ. თანამედროვე ტიპის სავაჭრო დახლები უკვე 2 წელია დგას მერიის შენობაში”, – განუცხადეს Dalma News-ს მცხეთის მერიაში.
ჯვრის მონასტრის პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ გიორგაძემაც გააკეთა. მისი შეფასებით, ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება, არც ასეთი სტატუსის ძეგლს და არც ზოგადად, ცივილიზებულ გარემოს შეეფერება. ამიტომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და მუნიციპალური განვითარების ფონდი შესაბამის პროექტზე მუშაობენ, რომლის განხორციელების შემდეგ ვითარება მოწესრიგდება. ასევე, სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განსაზღვრავს ადგილს, სადაც გარემოვაჭრეებს გადაიყვანენ.
ხალხის აზრი
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით Dalma News-ი ხალხის აზრის გაგებას შეეცადა და სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩაატარა. მოსაზრებები მრავლად გამოითქვა. ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკლესიასთან თუ სხვა ისტორიულ-კულტურულ ან ბუნების ძეგლთან ნებისმიერი ფორმის არაორგანიზებული ვაჭრობა კატეგორიულად მიუღებელია. მოქალაქეთა ნაწილის აზრით კი, ხალხური რეწვის ნიმუშებით, ხელნაკეთი ნივთებითა და სუვენირებით მოვაჭრეების ასეთ ადგილებში ყოფნა, ძალიან კოლორიტულია, თუმცა ამას ორგანიზებული სახე უნდა ჰქონდეს.
“არა და მორჩა! ვაჭრები ქრისტემ გამოყარა ტაძრიდან…”
“არაა საჭირო ტაძართან იყიდებოდეს სათამაშოები, ბუშტები, კევები და ა.შ”…
“ეკლესიის ეზოში რა და როგორ გაიყიდოს – ეკლესიის საქმეა. მიმდებარე ტერიტორია, მუნიციპალიტეტმა უნდა დაარეგულიროს. ჯიხურები უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარულ და სხვა მოთხოვნებს”.
“მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში შეხვდებით მუზეუმებთან და კულტურის ძეგლებთან სავაჭრო ობიექტებს, სადაც იყიდება ამ ძეგლების კულტურისთვის შესაბამისი ნივთები, თანაც სისუფთავის სრული დაცვით. ჩვენთან ამას არავინ აკონტროლებს, ლამის ხორცი და თევზი გაყიდონ”.
“ევროპაშიც არის სავაჭრო დახლები ტაძრებთან, რადგან ტაძარი ტურისტული ცენტრიცაა”.
“ეკლესიის ეზოებში ვაჭრობა არ უნდა იყოს, მიმდებარედ მაღაზიაში და არა ქუჩაში დასაშვებია და შეიძლება საჭიროცაა იყიდებოდეს ეკლესიის ფოტოები, სამახსოვრო სუვენირები, რომელიც მოსაგონარი იქნება ტურისტისთვის, ბუკლეტები საქართველოს ღირშესანიშნეობებზე. რაც საქართველოს და იმ ადგილს გააცნობს და დაამახსოვრებს ტურისტს”.
მცირე ისტორიული ექსკურსი
ჯვრის მონასტერი ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია. მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის ეკლესიებისა, იგი ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ის ორი მდინარის – მტკვრისა და არაგვის შესართავთან მთის წვერზე დგას. ქრისტიანობის მიღებისთანავე ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს “მცირე ჯვარს” უწოდებენ. დღეს არსებული ტაძარი VI ს-ის ბოლოს და VII ს-ის დასაწყისშია აგებული. ის იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის.
შორენა პაპაშვილი