ძალოსანმა რაფაელ ჩიმიშკიანმა ქართული სპორტის ისტორიაში დაუვიწყარი ფურცლები ჩაწერა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 11-ჯერ მსოფლიო რეკორდსმენმა, სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერმა, თბილისის საპატიო მოქალაქე რაფაელ ჩიმიშკიანმა თითქმის ერთი საუკუნე იცოცხლა და 25 სექტემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სახელოვანი სპორტსმენის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩიმიშკიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა:
“მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონ რაფაელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”.
რაფაელ ჩიმიშკიანი XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 1952 წელს, ჰელსინკში, მსოფლიო რეკორდით გახდა, სამჭიდის ჯამში 337,5 კგ დაძლია. დავით ციმაკურიძე, მზია ჯუღელი და რაფაელ ჩიმიშკიანი იყვნენ პირველები, ვინც საქართველოდან ოლიმპიური ოქროს მედლები დაისაკუთრეს.
რაფაელ ჩიმიშკიანი 1929 წლის 23 მარტს თბილისში დაიბადა. მამამისი, არკადი ჩიმიშკიანი, რკინიგზის სამმართველოში ცვლის უფროსად მუშაობდა, დედა ნინო ბერიძე – დიასახლისი იყო. ძმა სურენი რაფაელზე სამი წლით იყო უფროსი.
რუსთაველის ძეგლთან, გაბაშვილის ქუჩის N5-ში მდებარე ერთ თბილისურ ეზოში ახოვანი ჭაბუკი, მსახიობი ვანო ტურიაშვილი ცხოვრობდა. ყოველ დილით, მე-2 სართულის აივანზე თვითნაკეთი შტანგით ვარჯიშობდა, შემდეგ ეზოში ჩადიოდა და ზამთარ-ზაფხულ ონკანთან ცივი წყლით იკაჟებდა დაკუნთულ სხეულს. ამის შემყურე ეზოს ბავშვები ცდილობდნენ, მისთვის მიებაძათ, მათ შორის იყოს რაფაელ ჩიმიშკიანიც.
მომავალი ოლიმპიური ჩემპიონის ნატვრა იყო, ძია ვანოსავით ძლიერი ყოფილიყო. ამ სურვილმა მერვე კლასელი ბიჭი “დინამოს” დარბაზში მიიყვანა. მწვრთნელ პავლე გუმაშიანის ჯგუფში ჩაწერეს და 3-თვიანი ვარჯიშის შემდეგ, რუსეთის ქალაქ გორკში (ამჟამინდელი ნიჟნი ნოვგოროდი) საკავშირო პირველობაზე გაიყვანეს.
როგორც თავად რაფაელ ჩიმიშკიანი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, შეჯიბრის მონაწილეებს შორის, ასაკითაც და ტანითაც ყველაზე პატარა იყო. მის წონაში 30-ზე მეტი ძალოსანი გამოდიოდა. მართალია, მაშინ მე-9 ადგილი დაიკავა, თუმცა ეს დღე მისთვის დაუვიწყარი გახდა. მიზეზი კი დაჯილდოებისას დიქტორის სიტყვებია: მჩატე და ქვემსუბუქი წონის ძალოსნებო, დაიმახსოვრეთ რაფაელ ჩიმიშკიანის სახელი – თბილისში თქვენი ელვა და მეხი იზრდებაო.
გორკში პირველად შეხვდა მსოფლიო ჩემპიონსა და რეკორდსმენს, გიორგი ნოვაკს.
“სასტუმროს დერეფანში პატარა, ჩასხმული ტანის კაცმა ჩაგვიარა. ეს ნოვაკიაო, მითხრეს ბიჭებმა. ასეთი დაბალი კაცი მსოფლიოს ჩემპიონი როგორ გახდა-მეთქი, წამომცდა უნებურად. – შენ ხომ გოლიათი მყავხარო, – მიპასუხა…”, – იხსენებდა ჩიმიშკიანი.
დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ ნოვაკი ცირკში მოღვაწეობდა და, როცა თბილისში ჩამოვიდოდა, აუცილებლად რაფაელთან სტუმრობდა.
ორ წელიწადში ჩიმიშკიანი (1948 წლის მიწურულს) ლენინგრადში (ამჟამიდნელი სანქტ-პეტერებურგი) საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. საკავშირო ჩემპიონატზე მან სახელოვან სპორტსმენებს — ევროპის მაშინდელ ჩემპიონ ივან აზდაროვსა და საკავშირო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულ დიმიტრი დონსკოის აჯობა და მჩატე წონაში (56 კგ) პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
ჩემპიონმა საბჭოთა კავშირის პირველობებზე ორჯერ მეტი ოქროს ჯილდო მოიხვეჭა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს ხომ თვლა არა აქვს. 11-ჯერ მსოფლიოს, 13-ჯერ კი საკავშირო რეკორდები გააუმჯობესა.
ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ორგზის მეორე პრიზიორი. მან ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი ექვსჯერ მოიგო, ერთხელ კი მეორე პრიზიორი გახდა. 1951 წელს ჩიმიშკიანმა მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონობა იზეიმა.
როცა ევროპის ჩემპიონატი პირველად მოიგო, საფრანგეთიდან დაბრუნებულს ჯერ რკინიგზის სადგურზე, მერე კი ბინასთან უამრავი ხალხი დახვდა.
“იმ დღეებს რომ ვიხსენებ, ცრემლით მევსება თვალები. როგორი ბედნიერი იყვნენ ჩემი უბნელები: მე, მათთან ერთად ვერაზე გაზრდილი ბიჭი, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გავხდი”, – ამბობს რაფაელ ჩიმიშკიანი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ჰელსინკში მოპოვებული ოლიმპიური ოქრო ჩიმიშკიანს ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა.
“თუნდაც იმიტომ, რომ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულის სახელი მარადიულია და იგი ყოველთვის ჩემპიონად რჩებაო”, – ამბობდა მან.
აი, რას ყვებოდა ჰელსინკის ოლიმპიადის შესახებ:
“საბჭოთა კავშირის ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელები – იაკობ კუცენკო, ნიკოლაი შატოვი და ალექსანდრ ნაზაროვი არმიელები იყვნენ და დიდ შეჯიბრებებზე ყოველთვის თანაკლუბელების გაყვანას ცდილობდნენ. ჰელსინკშიც ჩემს წონაში სვერდლოვსკელი ძალოსანი ნიკოლაი საქსონოვიც წამოიყვანეს – მისი გაჩემპიონობა სურდათ. ჩემდა ჭირად, ფინეთში გამგზავრების წინ ფილტვების ანთება დამემართა. როგორც ავადმყოფი, მატარებლის ბოლო ვაგონში გამამწესეს, რომელსაც “წითელი ჯვარი” ეწერა. ჩემი მეგობრები – გივი კარტოზია და ვახტანგ ბალავაძე გვერდიდან არ მომშორებიან. ჰელსინკში რომ ჩავედით, რამდენიმე დღეში ჩიტივით ვიყავი. ფორმაც აღვიდგინე, მხოლოდ ჩემდამი მწვრთნელების დამოკიდებულება მაღიზიანებდა. განერვიულებულმა ოლიმპიურ ფიცარნაგზე გამოსვლა დაბალი შედეგით დავიწყე – აჭიმვაში ტრინიდადელმა როდრეი უელკისმა 7,5 კილოგრამით გამისწრო. მეორე მოძრაობაში – ატაცში საგრძნობლად გამოვასწორე მდგომარეობა. ორჭიდის ჯამში დავწინაურდი. ამ დროს ჩემთან მოვიდა გივი კარტოზია. დამამშვიდა. – აბა, შენ იცი, არ შეგვარცხვინო, ჩემპიონობის გარეშე სოფელში არ დაბრუნდე, საქართველოში ოქროს წაღებაში კი მე და ვახტანგ ბალავაძე შეგეშველებითო, – მითხრა. მერე მკლავი მკლავზე მომადო და სამჯერ ერთი და იგივე გაიმეორა – “ჩემი ძალა – შენ”! უნებურად გამეცინა, სტრესული მდგომარეობა საერთოდ მომეხსნა”.
წინ კიდევ ახალი ნერვიულობა ელოდა. აკვრის პირველ ცდაზე 132,5 კილო შეუკვეთა. მწვრთნელებმა 130 კილოგრამზე მეტის უფლება არ მისცა. საქსონოვმა კი ჩემი შეკვეთილი წონა აკრა და დაწინაურდა.
“ვგრძნობდი, რომ მწვრთნელები ჩემპიონობისთვის საქსონოვს ამზადებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეორე ცდაზე ხელი მომეცარა, თუმცა ღმერთი მაღალია და ყველაფერს ხედავს. მესამე ცდაზე 135 კილოგრამი ავკარი და სამჭიდის ჯამში 337,5 კილოგრამით მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდი დავამყარე”, – იხსენებდა სახელოვანი ძალოსანი.
ოქროს ბედი საქსონოვის ბოლო ცდას უნდა გადაეწყვიტა. მან 140 კილო ვერ დაძლია. ამგვარად ოქროს მედალი რაფაელ ჩიმიშკიანს ერგო.
“ოლიმპიურ სოფელში გვიან ღამით მივედი. ბიჭებს არ ეძინათ – მელოდებოდნენ. გახარებულმა გივიმ და ვახტანგმა ავტობუსიდან საწოლამდე ხელში აყვანილი მიმიყვანეს”, – ვკითხულობთ ჩიმიშკიანის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
ქართველ სპორტსმენებთან ყოველთვის თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. თბილისში დაბადებულსა და გაზრდილს მთელი საქართველო უყვარდა. როგორც თავად ამბობდა, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ მოსკოვსა და ერევანში ოქროს სასახლეებს ჰპირდებოდნენ, მაგრამ მშობლიური თბილისისთვის, თავისი უბნელებისთვის არასდროს უღალატია.
“მე ხომ დედა გურული მყავდა, ბერიძის ქალი. ორმოციანი წლების მიწურულიდან ვმეგობრობდი ისეთ სახელოვან სპორტსმენებთან, როგორებიც იყვნენ გივი კარტოზია და ვახტანგ ბალავაძე, ნოდარ ჯორჯიკია და ოთარ ქორქია, გაიოზ ჯეჯელავა და გრიშა გაგუა, და ბევრი სხვაც. ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით. დღესაც ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების თანადგომა და იმედი ნუ მომიშალოს ღმერთმა”, – ასეთი იყო ცნობილი და სახელოვანი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის განწყობა.
რაფაელ ჩიმიშკიანს სპორტის რაინდის წოდება 2012 წლის 23 მარტს მიენიჭა. 1973 წლიდან საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი იყო. 2021 წლის 23 მარტს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის თბილისის ღია პირველობა დაარსდა.
შ. ქარჩავა
«Мама у меня из Гурии, из рода Беридзе. В конце сороковых годов я дружил с такими прославленными спортсменами, как Гиви Картозия, Вахтанг Балавадзе, Нодар Джорджикия, Отар Коркия, Гайоз Джеджелава, Гриша Гагуа и многие другие. Мы были вместе и в беде, и в радости. И сегодня, слава Богу, чувствую поддержку наших именитых спортсменов», – таким был настрой прославленного тяжелоатлета Рафаэля Чимишкяна.
23 марта 2012 года Рафаэль Чимишкян был удостоен звания «Рыцаря спорта». С 1973 года он был арбитром международной категории. Совсем недавно, 23 марта 2021 года, решением мэрии Тбилиси был учрежден тбилисский открытый чемпионат по тяжелой атлетике имени Рафаэля Чимишкяна.
Ш. Карчава