საქართველოს მოსახლეობა შეგუებულად იტანს იმას, რომ ხელფასები აქ, ევროპულზე ბევრად დაბალია, ხოლო ფასები ევროპულზე ბევრად მაღალი. საქართველოში დიდი ხანია, სრული მონოპოლიაა გამეფებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების სფეროში. ამას ადასტურებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2024 წლის იანვრის შუა რიცხვებში გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც 2023 წლის აპრილში ჩატარდა.
ევროპის ქვეყნებთან შესადარებლად გამოყენებულია საქართველოს ბაზარზე არსებული ორი მონოპოლისტი ოპერატორის – „მაგთიკომისა” და „სილქნეტის” მომსახურებების ფასები. სწორედ ეს 2 კომპანია ფლობს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტს, ასევე, ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტს.
როგორც ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, საქართველოში ტარიფები ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1 795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.
2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს. ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტმომსახურებებზე. მომხმარებლების მიერ ონლაინში გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.
„ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან, აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა“, – წერია დასკვნაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ოჯახების, საშუალოდ, 55% 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი სიჩქარით სარგებლობს, მათგან 19 ქვეყანაში ოჯახების 40%-ზე მეტი აღნიშნული სიჩქარის ინტერნეტს იყენებს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს – 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ვინაიდან მისი ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით მაღალია.
რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტმომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ მაღალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალი მოცულობის ოპტიკური ინტერნეტი სტანდარტულ იურიდიულ შეთავაზებებში ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის.
კომბინირებული შეთავაზებების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ოჯახისთვის ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებიდან ყველაზე იაფი პაკეტების ღირებულება ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რასაც რეგიონების შემთხვევაში ოპერატორების მიერ შეთავაზებული სააქციო ფასები განაპირობებს.
„უფრო კონკრეტულად, კომბინირებულ შეთავაზებებში აბონენტებისთვის ტელევიზიის 20 არხისა და ოპტიკური 25 მბ/წმ-იანი სიჩქარის ინტერნეტპაკეტის ღირებულება, 24 ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში – 43%-ით, ხოლო თბილისში 24%-ით უფრო ნაკლებია. ტელევიზიის 30 არხისა და 100 მბ/წმ-იანი მაღალი სიჩქარის ოპტიკური ინტერნეტპაკეტი კი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში – 35%-ით, ხოლო თბილისში 30%-ით ძვირია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, კვლევა ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Strategy Analytics-მა (Teligen, TechInsights) საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განახორციელა.
„ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
არის კიდევ სხვა კვლევაც. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, SME Policy Index-ის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რეკომენდებულ ზღვარს, კერძოდ, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2%-ს აღემატება და 2.35%-ს შეადგენს. ამასთან კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა წარმოადგენს.
კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული კომპანიების უმრავლესობა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობს. OECD-ის თანახმად, მსხვილი კომპანიების თითქმის 80%-ს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე (30 მბ/წმ-ზე მეტი) აქვთ წვდომა, საშუალო კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი – 54%-ს, მცირე კომპანიებისთვის კი 38%-ს შეადგენს. აღნიშნული არაპროპორციული გადანაწილება და არათანაბარი გარემო, კვლევის მიხედვით, ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემების შედეგია ის, რომ ქვეყანაში ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი OECD-სა და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
„ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს უკვე მიაღწია, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების, ასევე ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდისთვის, რათა მომხმარებლებმა უფრო სწრაფი ინტერნეტის მიღება შედარებით დაბალ ფასად შეძლონ“,– აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მთავარი მონოპოლისტები – „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“ გამოეხმაურნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი კვლევის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ.
როგორც „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ტარიფების დიდი უმრავლესობა, ევროპულ საშუალო მაჩვენებლებზე უფრო იაფია; ყველა მობილური ინტერნეტ პაკეტი 13%-დან 56%-მდე უფრო იაფია, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი; საქართველოში ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტ პაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა (რომლითაც აბონენტების 98% სარგებლობს) 5%-დან 17%-მდე უფრო იაფია, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი;
„სილქნეტის“ მფლობელთა აზრით, საქართველოში მოქმედი ტარიფების ნეგატიური ფორმით წარმოჩენა ემსახურება კომისიის მხრიდან მობილური და ფიქსირებული ბაზრების წინასწარი (ex-ante) რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას, რაც მომავალში აუცილებლად გამოიწვევს საინვესტიციო გარემოს გაუარესებას. თუმცა, იმედოვნებენ, რომ კომისიასთან შეძლებენ თანამშრომლობის სწორი ფორმის გამონახვას.
კომპანია „მაგთიკომის“ ხელმძღვანელები კომისიას მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მათი შეფასებით, აღნიშნული ხორციელდება კვლევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის გამოყენებით, რითაც კომისია ცდილობს საქართველოში ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს დარგისთვის შესაძლო დამაზიანებელი ქმედებების გამართლებას.
რაც მთავარია „მაგთიკომიც“ ირწმუნება, რომ მათი ფასები ევროპულზე ბევრად დაბალია. თუმცა, რეალობა სულ სხვაზე მეტყველებს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია Dalma News-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ სფეროში არის სრული დახშულობა და განუკითხაობა ტარიფების ზრდის მიმართულებით. რეგიონებიბს მოსახლეობას უხარისხო ინტერნეტი მიეწოდება, ამ სფეროს მომკითხავი არ ჰყავს.
ნიკა შენგელიას თქმით, ან არ არსებობს სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, რომ დაალაგოს ვითარება და მოსახლეობას შესთავაზოს ოპტიმალური ფასები, ან საქმე გვაქვს მაღალჩინოსნების მიერ “დაკრიშულ” მონოპოლიებთან, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებით მაღალ ფასებს ინარჩუნებენ.
“საქართველოში ბიზნესის მფარველობის პრობლემა არ ახალია. პატარა თუ საშუალო კომპანიებს, ყველას მაღალი ფასი უკავიათ, ისინიც არ კარგავენ მოგების მარჟას. პატარა კომპანიები ვერ დაწევენ ფასებს, რომ დაწიონ, ფაქტობრივად, მონოპოლიური სისტემა დაახრჩობს მათ, ამიტომ ცდილობენ თავიანთი აბონენტები შეინარჩუნონ შედარებით დაბალი ფასით, მაგრამ დაბალისიჩქარიან ინტერნეტს აწვდიან. საქართველოში მთავარია ის, რომ მფლობელები გახდნენ მილიონრები. რაღაც რეგულაცია უნდა არსებობდეს”, – აცხადებს ნიკა შენგელია.
მისივე თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევას არაფერი მნიშვნელოვანი რეაგირება არ მოჰყოლია. კრება დარჩა მხიარული. არ მოგვისმენია პასუხი მთავარ კითხვაზე, რატომ არის შეთანხმებულად მაღალი ფასები? ექსპერტის აზრით, უნდა არსებობდეს შესაბამისი კანონი, რომ 20%-ზე მაღლა არ უნდა ემატებოდეს თვითღირებულებას.
“საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლებამ მიმართოს ზომებს. მაგრამ, თუ ხელისუფლების წევრების ჯიბეში შედის მაღალი ტარიფებით მიღებული მოგება, მაშინ ცხადია, არავინ იქნება განმკითხველი. სახელმწიფო მოხელეებთან დაახლოებული პირები არიან ამ ბიზნესში, უბრალოდ ეს ადამიანები არ ჩანან, როგორც არ ჩანან ელ.ენერგიის გადამცემი შუამავალი კომპანიები, სანაოსნო სააგენტოები, რომლებიც საქართველოს პორტებში შემოსულ გემებს ემსახურებიან და სხვა. ეს ყველაფერი არის ელიტარული ბიზნესი, რომელიც გარკვეული კასტას ხელშია”, – ამბობს ნიკა შენგელია.
ინტერნეტი დღეს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ოჯახში რამდენი წევრიც არის, იმდენი ადამიანი იყენებს ინტერნეტს ინფორმაციის მისაღებად თუ სწავლისთვის. პანდემიის პერიოდმა კიდევ უფრო გაზარდა აბონენტების რიცხვი, შესაბამისად, კომპანიებმაც კარგი მოგება ნახეს. გარდა ამისა, არის ფარული ზონირება, ანუ კომპანიებს განაწილებული აქვთ ზონები, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, სადაც მხოლოდ კონკრეტული პროვაიდერი ოპერირებს და აბონენტს, ფაქტობრივად არ აქვს არჩევანი და იძულებულია ძვირიან ტარიფებს დათანხმდეს.
ამასობაში, კიდევ ერთი მონოპოლისტი შემოდის ბაზარზე. მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაღალი ტარიფებისა და დაბალი სიჩქარის ინტერნეტის თემის აქტუალიზაცია მოახდინა, რამდენიმე დღეში გამართა პრეზენტაცია და აბონენტებს 5G ინტერნეტის საქართველოში დანერგვა მიულოცა.
კომუნიკაციების კომისიამ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად ოპერატორებისთვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა” მიიღო.
შორენა პაპაშვილი