მსოფლიოში ცნობილი რუსი დირიჟორისა და მევიოლინე ვლადიმერ სპივაკოვის კონცერტი, სომხეთის კულტურულ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან მოვლენად იქცა და დიდი წარმატება ხვდა წილად არამხოლოდ ერევანში, არამედ გიუმრიშიც. აღსანიშნავია, რომ ეს სულაც არ არის მისი სტატუსისა და მრავალრიცხოვანი ჯილდოების დამსახურება. მთავარი, რაც ვლადიმერ სპივაკოვმა თან ჩაიტანა, იყო სითბო და სიყვარული მასპინძელი ქვეყნისადმი. თუმცა, მისივე აღიარებით, ეს არის ორმხრივი განცდა, რომელსაც იგი ყოველი ვიზიტის დროს გრძნობს.
ერევანში დაგეგმილო შეხვედრების წინა დღეს მაესტრომ სომეხ ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ სომხეთი დიდი ხანია ჩემი სახლია. არაერთხელ ჩამოვსულვარ როგორც სოლისტი და დირიჟორი “მოსკოვის ვირტუოზებთან” და რუსეთის ეროვნულ ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად. ჩემი ოჯახი ყოველთვის თქვენს გვერდით იყო მწუხარებაშიც და სიხარულშიც. ბოლო წლებში სომხეთს რთული დროება უდგას. სომეხი ხალხის ტკივილს ჩემი გულიც იზიარებს.
სხვათა შორის, 1988 წლის სპიტაკის კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაზარალებულ სომხეთში ჩავიდა. ხოლო მომდევნო წლის მარტში, მან პირველი კონცერტი გამართა ლენინაკანში. ადგილობრივი მაცხოვრებლების მოგონებების თანახმად, ეს იყო მიცვალებულთა რეკვიემი და ლენინაკანელებისთვის პატივის მიგება.
მისი ამჟამინდელი ვიზიტის დროს, ვლადიმერ სპივაკოვი ტრადიციულად საქველმოქმედო კონცერტით წარსდგა და მაყურებელს სომხურ ენაზე ” ყველას ბედნიერება და ბედნიერ წელთა სიმრავლე უსურვა”.
ვარდან აჩემიანის სახელობის გიუმრის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რუსეთის ფედერაციის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის შესრულებით გაისმა ნაწყვეტები ჩაიკოვსკის ოპერიდან “ევგენი ონეგინი”, ბალეტებიდან “გედების ტბა” და “მაკნატუნა”, ასევე ხაჩატურიანის სუეტა ლერმონტოვის დრამა „მასკარადის“ მიხედვით.
ერევანში სპივაკოვი ერევნის სარეაბილიტაციო ცენტრ “ჯარისკაცის სახლს” ეწვია, სადაც სამხედრო მოქმედებების დროს დაშავებულ სომეხ სამხედროებს ეხმარებიან. იგი 44-დღიანი ომის გმირებს გაესაუბრა, მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ ნანახმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და საქველმოქმედო თავშესაფარს “სინათლის სხივი” უწოდა.
იმავე საღამოს იგი ხაჩატურიანის სახელობის დიდი დარბაზის სცენაზე საქველმოქმედო კონცერტით წარსდგა და სცენაზე, “ჯარისკაცის სახლის” ყოფილ პაციენტებთან ერთად სომხური “კოჩარი” იცეკვა, რაც არა მხოლოდ აღმაფრთოვანებელი, არამედ დიდებული სანახავი იყო. ახალგაზრდა გმირებმა, რომლებიც მძიმე ჭრილობების შემდეგ არ დანებდნენ და ბედის საწინააღმდეგოდ სიარულიც და ცეკვაც ხელახლა ისწავლეს… პროთეზებით.
“ყველაფერი გამოგივათ!”, — გაამხნევა მუსიკოსმა ბიჭები აუდიტორიის აპლოდისმენტების თანხლებით. აღსანიშნავია, რომ კონცერტიდან მიღებული შემოსავალი, როგორც გამოცხადდა, სარეაბილიტაციო ცენტრის საჭიროებებისთვის გადაირიცხა.
ასევე, ერევნის ფილარმონიაში ახალი სოციალურ- ჰუმანიტარული პროექტი «Armenia 301» დაიწყო . ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორსა და “ჯარისკაცის სახლის” თანადამფუძნებელს არმენ მურადიანს მიაჩნია, რომ ეს არა მხოლოდ “ლამაზი საქციელია”, არამედ ბევრად უფრო მეტი.
“შემთხვევითი არ არის, რომ ეს საქველმოქმედო კონცერტი არის „ჯარისკაცის სახლის” პროგრამის „სომხეთი 301“ დასაწყისი. სომეხი ჯარისკაცის გვერდით დგომა, ასეთი საქველმოქმედო საქმის მხარდაჭერა ნიშნავს იყო არა მხოლოდ სომეხი ხალხის დიდი მეგობარი, არამედ მართლაც დიდი ჰუმანისტი. ღრმა მადლიერებას გამოვხატავთ მაესტრო სპივაკოვის მიმართ, რომელიც მრავალი წელია თავისი საქმიანობით მხარს უჭერს სომეხ ხალხს”, —დასძინა მან და იქვე აღნიშნა, რომ “ჯარისკაცის სახლი” იწვევს ყველა სომეხს და სომეხი ხალხის მეგობარს, გაერთიანდნენ სარიანის ნახატის “სომხეთის” გარშემო, რათა ერთობლივად „შექმნან“ ახალი ტილო.
ზემოთ აღნიშნული ნახატი პროექტის სიმბოლოდ შეგნებულად შეირჩა. მხატვრის ჩანაფიქრით, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის იდეა გაჩნდა, რომლის გარეშეც შეუძლებელია საკუთარი სულის პოვნა.
ემოციურად გამოეხმაურა მხატვრის შვილიშვილი რუზან სარიანი, რომელმაც სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე შემდეგი სიტყვები დაწერა:
“ამაღელვებელი იყო მარტიროს სარიანის სურათის სიკეთისა და იმედის ასეთ ჩარჩოში ნახვა. ერის გაერთიანება შესანიშნავი იდეაა! შესანიშნავი კონცერტი! ბრავო! მაესტრო სპივაკოვი — ერთ-ერთი ყველაზე ბრძენი, კეთილი და ნიჭიერი ადამიანია. ვამაყობთ და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მეგობარი გვყავს”.
სომხეთიდან კი მაესტრომ თან პატარა ვიოლინო წაიღო, რომელიც მას სარეაბილიტაციო ცენტრში აჩუქეს. ეს განსაკუთრებული მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელიც “ჯარისკაცის სახლის” სახელოსნოში ოპერაციების დროს დაჭრილი ჯარისკაცებისგან ამოღებული ჭურვის ფრაგმენტებიდან ჩამოასხეს. დიდი მუსიკოსისა და სომეხთა უანგარო მეგობრისთვის ამ განსაკუთრებული მუსიკალური ინსტრუმენტის გადაცემის &სდაწყვრტილება ყველამ ერთად მიიღო – პაციენტებმაც და სამედიცინო პერსონალმაც — იმდენად დიდი იყო სპივაკოვის ქველმოქმედებისთვის მადლობის გადახდის სურვილი. რა თქმა უნდა, რკინის ვიოლინოზე დაკვრა შეუძლებელია, მაგრამ როგორც ჯარისკაცის სახლში ამბობენ, მის ლითონის სხეულში მთელი სომეხი ერის უსაზღვრო მადლიერება ჟღერს.
ნათელა ოგანიანი