საზღვარგარეთ მოღვაწე ახალგაზრდა ქართველ პიანისტ ნინო გვეტაძეს შთამბეჭდავი საერთაშორისო კარიერა აქვს. წარმატებით მართავს სოლო კონცერტებს მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, უკრავს წამყვან მუსიკოსებთან ერთად. მის რეპერტუარში არის, როგორც ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტის და რახმანინოვის, ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები. გამოშვებული აქვს 4 სოლო დისკი. ნინოს ჩანაწერებს ძალიან ხშირად გადასცემენ ევროპის ქვეყნების რადიო და სატელევიზო ეთერით. არის სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი. 2010 წელს, პრესტიჟული Borletti-Buitoni Trust ჯილდო გადასცეს.

526e772944f2b

ნინო გვეტაძე თბილისში დაიბადა. ყავს მეუღლე, ცნობილი მუსიკოსი ლევან ცხადაძე და ორი მცირეწლოვანი შვილი. საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს ხშირად ესტუმროს მშობლიურ ქალაქს. მისი ჩაწერაც ერთ-ერთი მორიგი სტუმრობისას მოვახერხეთ. 20 მაისს, ნინომ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. Dalma News-ი პიანისტ ნინო გვეტაძეს ესაუბრა.

– როგორ შემოვიდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?

– ოჯახში მუსიკოსები არ მყავს, მაგრამ სახლში ფორტეპიანო გვედგა. 4 წლის ასაკში ჩემით დავიწყე მელოდიების შექმნა. პატარა სიმღერებს ვუკრავდი. შემდეგ დედამ შემიყვანა ნიჭიერთა ათწლედში, სადაც 11 წლის განმავლობაში, ქალბატონ ვერონიკა თუმანიშვილთან ვსწავლობდი.

– რა დატვირთვით მეცადინეობდით?

– ბავშვობაში დღეში 2-3 საათის განმავლობაში ვუკრავდი. ძალიან ბევრი არასდროს მიმეცადინია. მაღალ კლასებში საშუალოდ 5 საათს ვატარებდი როიალთან, მაგრამ დღეს უკვე, გააჩნია დატვირთვას,   კონცერტების სიხშირეს და რეპერტუარს. ზოგჯერ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში მომიწიოს ინსტრუმენტთან ჯდომა.

– რას უთმობთ მეტ დროს, ტექნიკაზე მუშაობას, თუ შესრულებას?

– ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომელი კომპოზიტორის, რომელ ნაწარმოებზე ვმუშაობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოვყვე ის ამბავი, რომლის გადმოცემაც კომპოზიტორს სურდა. ტექნიკური სირთულე არის ფუნდამენტი, რაც პირველ რიგში უნდა გადალახო. ამას მოჰყვება სტრუქტურაზე, ბგერაზე მუშაობა, ყველაფერი ლოგიკურად რომ ჟღერდეს. ყოველთვის ვცდილობ პირველ რიგში დავაყენო კომპოზიტორის ჩანაფიქრი. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა შემსრულებელი ინდივიდუალურია. ჩვენეული ხედვა გვაქვს, გადმოცემის ჩვენეული უნარი, სწორედ ამის სინთეზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან შორს არ უნდა წახვიდე იმ იდეისგან, რაც კომპოზიტორს ჰქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა აუცილებელია შენი ხედვაც გადმოსცე, ამის გარეშე ძალიან მოსაწყენი იქნება.

– პირველი კონცერტი და პირველი ემოცია, როდესაც მაყურებლის წინაშე წარსდგექით?

– პირველად 7 წლის ვიყავი, როდესაც კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ორკესტრთან ერთად დავუკარი, რევაზ ტაკიძის დირიჟორობით. შევასრულე ჰენდელის კონცერტი, ფამაჟორი. ეს ჩემთვის დიდი ზეიმი იყო.

– ალბათ, ძალიან ნერვიულობდით?

– რაც უფრო პატარა ხარ, უფრო ნაკლებად აღიქვამ რასთან გაქვს საქმე. დაკვრა ძალიან მიყვარდა, მუსიკა ძალიან მომწონდა და ვერ ვხდებოდი, რატომ უნდა მენერვიულა. რაც უფრო იზრდები, უფრო აღიქვამ გარემოს. სანამ ბავშვი ხარ, ძალიან მარტივია ყველაფერი.

– რა არის საჭირო წარმატებისთვის, შრომა, თუ იღბალი?  

– ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. უშრომელად ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ გამართლების გარეშეც ძალიან ძნელია. წარმატება ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი და იმედია, არ გავჩერდები. თვითკმაყოფილება დამღუპველია, საჭიროა შრომა, თავდადება და საქმისადმი სიყვარული.

– საყვარელი ნაწარმოები, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ასრულებთ არასამუშაო დროს?

– ძალიან მიყვარს ბეთჰოვენის მეოთხე კონცერტი, რაღაც ჩემეულია. მიყვარს შოპენი, დებიუსი, თუმცა გააჩნია პერიოდს და ნაწარმოებს, იმას, თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში.

– როდის წახვედით საზღვარგარეთ?

– დაახლოებით 10 წელია ამსტერდამში ვცხოვრობ. 2004 წელს წავედი სასწავლებლად ჰოლანდიაში. ჯერ ჰააგის კონსერვატორიაში, 2 წლის შემდეგ კი ამსტერდამის კონსერვატორიაში ვსწავლობდი. სწავლის გაგრძელებაში ძალიან დამეხმარა, ჩემი პედაგოგის, კომპოზიტორისა და პიანისტის ნოდარ გაბუნიას ქალიშვილი, მევიოლინე ნატო გაბუნია, რომელმაც ჰოლანდიაში სპონსორი მაპოვნინა. იმ პერიოდში ძალიან ძნელი იყო დამფინანსებლის შოვნა.

– ყველაზე მეტად, რომელი ქვეყანა მოგწონთ?

– ხშირად ვამბობ, რომ მაქვს ორი სახლი – საქართველოში და ჰოლანდიაში. ძალიან მიყვარს ამსტერდამი. ბევრგან ვარ ნამყოფი, ძალიან ბევრი კარგი და ჯადოსნური ადგილი არსებობს მსოფლიოში. მადლობელი ვარ ჩემი პროფესიის, რომ ხშირად მიწევს მოგზაურობა, რაც ძალიან მიყვარს.

– რა არის თქვენთვის თბილისი?

– თბილისი არის სახლი, ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც მიყვარს, რომლებმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. აქ, როგორც კი ჩამოვდივარ, ვგრძნობ, რომ სახლში ვარ. ყველა ქალაქს აქვს თავისი კარგი და ცუდი. ვისურვებდი, უფრო მეტი ყურადღება მიექცეს განათლებას, რადგან განათლების და პროფესიონალიზმის გარეშე ძალიან ძნელია მყარი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება. მინდა რომ საინტერესო, ლაღი და მრავალფეროვანი იყოს თბილისი. მსოფლიოს სხვა ქალაქებთან შედარებით, თბილისში ძალიან მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა. აუცილებელია, რომ გავუფრთხილდეთ იმ გარემოს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და სადაც მომავალი თაობა იზრდება.

– რამდენად ხშირად ახერხებთ სამშობლოში ჩამოსვლას?

– როდესაც მიწვევენ, სიამოვნებით ჩამოვდივარ. 2 წლის წინათ, დირიჟორ ვახტანგ კახიძესთან ერთად შევასრულე ბრამსის მეორე საფორტეპიანო კონცერტი, ასევე, შეძლებისდაგვარად ვსტუმრობ თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალს. ვცდილობ ხშირად ჩამოვიდე ხოლმე.

– ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს თუ უკრავთ საზღვარგარეთ გასტროლებისას?

– ვცდილობ კომპოზიტორების ფართო სპექტრი მოვიცვა, კლასიკოსებით დაწყებული, თანამედროვე კომპოზიტორებით დასრულებული. ასევე, ვუკრავ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, მაგალითად ნოდარ გაბუნიას აქვს არაჩვეულებრივი საფორტეპია ნოციკლები, ასევე, კამერული მუსიკა, რომელსაც ძალიან ხშირად ვასრულებ. ვცდილობ მრავალფეროვანი რეპერტუარი მქონდეს გამომდინარე იქიდან, როგორი სეზონი მელის. თუ დისკის პრეზენტაციაა, მაშინ სოლო კონცერტი მთლიანად აგებულია დისკის რეპერტუარზე.

– თქვენი აზრით, ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს აქვთ პერსპექტივა იყვნენ წარმატებულები?

– ყველას აქვს პერსპექტივა, ვისაც უყვარს თავისი საქმე და თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. დარწმუნებული ვარ პედაგოგები თავს არ ზოგავენ და ყველანაირად ხელს უწყობენ ნიჭიერ სტუდენტებს, თუმცა, ძალიან ძნელია ჩვენი პროფესიის ადამიანმა დიდ წარმატებას ქვეყნიდან გაუსვლელად მიაღწიოს, იმიტომ, რომ უნდა იმოგზაურო, უნდა ისწავლო, გაიფართოვო შენი ხედვა. ახალგაზრდების პერსპექტივას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. თავის დროზე ჩემთვისაც რომ არ შეეწყოთ ხელი, შეიძლება არაფერი არ გამომსვლოდა.

radio1.ge

– თქვენი მეუღლე კლარნეტისტია. ერთი პროფესიის ორი ადამიანი ოჯახში, ეს კარგია, თუ ცუდი?

– რა თქმა უნდა, კარგია. სხვა პროფესიის რომ ყოფილიყო ჩემი მეუღლე, შეიძლება გაგებით ვერ შეხვედროდა ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულებას, იმ თავდადებას, რასაც ეს პროფესია საჭიროებს, ან კონცერტის შემდეგომ შთაბეჭდილებებს ღიად და ადვილად ვერ გავუზიარებდი, ვერ ვისაუბრებდი მასთან ისეთ თემებზე, რაზეც მე და ლევანმა შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ვისაუბროთ. არის შემთხვევები, როდესაც ერთი პროფესიის მქონე წყვილს არ გამოსდის ურთიერთობა და კონფლიქტამდე მიდიან, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ჩვენ პირიქით, ერთმანეთს ვეხმარებით.

– რომელი უფრო პოპულარული ხართ?

– საქართველოში ლევანი. ის ძალიან ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, იმისთვის, რომ აღიზარდოს კარგი და განათებული თაობა.

– დატვირთული გრაფიკის პირობებში, როგორ ახერხებთ დროის გამონახვას ოჯახისთვის?

– კარგი დაგეგმვა უნდა ყველაფერს. წინასწარ ვიცით ჩვენი განრიგი, როდის, სად ვუკრავთ და აქედან გამომდინარე ვცდილობთ ჭკვიანურად ავაწყოთ მთელი წელი. მშობლებიც გვეხმარებიან. ოჯახი და საქმე, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– 2017 წელი გასტროლებით საკმაოდ დატვირთული გაქვთ… 

– თბილისში ჩამოსვლამდე ვიყავი რომში, სადაც ვატიკანის კონსერვატორიაში ჩავატარე მასტერკლასები და გავმართე სოლო კონცერტი. ზამთარში ვარშავის ფილარმონიაში გამოვედი, ასევე ჰააგის სამეფო ორკესტრთან ერთად დავუკარი… სეზონი მართლაც დატვირთულია, ყველა კონცერტის ჩამოთვლა გამიჭირდება.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი