საქართველოს მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. საქართველოს საკითხს ამჯერად დრო აშშ-ის სენატში დაეთმო, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მოწმის სტატუსით წარდგა.

თავის სიტყვაში გიგაურმა ქართველი ხალხის სახელით ისაუბრა და დახმარება სთხოვა ამერიკელ მოკავშირეებს. მისი თქმით, ქართველები კარგად აცნობიერებენ, რომ თავისუფლება მარტივად არ მოდის და მას მოპოვება სჭირდება. თავისი სიტყვების დასადასტურებლად საქართველოს ისტორია მოიშველია, რომელიც ქართველთა ბრძოლებისა და თავგანწირვის მაგალითებითაა სავსე. გიგაურმა ამერიკელებს განუმარტა, თუ რატომ აქვთ ტერმინის – „უცხოური აგენტის“ მიმართ ასეთი მიუღებლობა. ამ შემთხვევაშიც მან ქართველი ხალხი მოიშველია და აღნიშნა, რომ ქართველებისთვის სიტყვა „აგენტი“ დამამცირებელია და საბჭოთა რეპრესიებთანაა ასოცირებულიო.

„ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის ოცნების დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ. ქართველ ხალხს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები უჭერენ მხარს; მკაფიო გზავნილებით ესაუბრებიან ქართველ ავტოკრატებს; ამხნევებენ მათ, ვინც დემოკრატიას იცავს; სანქციებს უწესებენ მათ, ვინც დემოკრატიას აზიანებს; ამ მხარდაჭერას გულითადად აფასებს თითოეული ქართველი, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა და ჩაგვრა მიუღებელია“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ფილოსოფიის თანახმად, საქართველოს ტიპის ქვეყნებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით ავტოკრატები აძლიერებენ რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და ძირს უთხრიან პარტნიორობას აშშ-ს და ევროკავშირთან. ამიტომ, გიგაურმა მიმართა ამერიკელ სენატორებს, არ შეწყვიტონ ქართული არასამთავრობო სექტორის დახმარება. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები პირველად პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთში, რამაც უზრუნველყო დაუბრკოლებელი გადასვლა კონსოლიდირებულ ავტოკრატიაზე.

„ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე აშშ-მა უნდა გააკეთოს, ნაცვლად საქართველოს მოქალაქეებისა, რომელთა გააზრებული არჩევანია თავისუფლება ავტორიტარიზმის ნაცვლად. მთავარი ისაა, რომ იქ, სადაც დემოკრატიის მხარდამჭერი ძლიერი მოძრაობები არსებობენ, ხოლო ამერიკასთან პარტნიორობას რუსეთის მსგავსი ქვეყნები უქმნიან საფრთხეს – რასაც ახლა საქართველოში ვადევნებთ თვალს – მოქალაქეების დემოკრატიული მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდაჭერა, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, გადამწყვეტი რეფერენდუმია. მართალია, საქართველოში ანტისამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონის შემოღებას, სახალხო წინააღმდეგობა მოჰყვა, ხელისუფლებამ ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მკაფიო გაფრთხილების მიუხედავად, კანონი მაინც მიიღო, რაც საქართველოში რუსული ყაიდის მმართველობის დასამყარებლად სჭირდებათო.

ეკა გიგაურის აზრით, თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს.

ეკა გიგაურის აშშ-ს სენატში გამოსვლა საქართველოში ღალატისა და დასმენის აქტად შეფასდა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ის, რაზეც გიგაური საუბრობდა, კრებითი რადიკალური ოპოზიციის პოზიციაა. ასევე იმ გარე აქტორების სახეა, რომლებიც საქართველოში მშვიდობასა და სტაბილურობას ებრძვიან.

26 ოქტომბრის არჩევნების მიმართ განსაკუთრებული მოლოდინები „ქართული ოცნების“ ლიდერებსაც აქვთ, მათი აზრით, ამ არჩევნებით ყველაფერს საკადრისი და ღირსეული პასუხი გაეცემა, ხოლო „ღალატისა და ომის პარტია“ გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს.

რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის აზრით, გიგაურის „დასმენის აქტზე“ არანაკლებ შემაშფოთებელია საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების მიერ გაკეთებული განცხადებები. მისი თქმით, როცა სენატორები სიძულვილის ენას იყენებენ და დეზინფორმაციის, სიძულვილის კამპანიის ნაწილი ხდებიან, ეს კატეგორიულად მიუღებელია და შეურაცხმყოფელია საქართველოსთვის.

„ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ უფლება აქვთ, ზემოდან გვიყურონ, რადგან ამაყი და თავისუფალი ერი ვართ. არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ქვეყანა და მისი ღირსეული ლიდერები მსგავსი ტექსტებით მოიხსენიონ. ამ ადამიანებს ან ბოდიშის მოხდა მოუწევთ, ან იმ შედეგების პატივისცემა, რაც 26 ოქტომბერს დადგება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც. მან შეშფოთება გამოხატა იმ ტერმინების მიმართ, რომლებსაც ცალკეული სენატორები და კონგრესმენები იყენებენ.

„არ შეიძლება, უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში“, – აღნიშნა კობახიძემ.

Ираклий Кобахидзе

„არ შეიძლება, უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესი საქართველოსთვის სამაგალითო ინსტიტუცია იყო წლების განმავლობაში. დღეს კი, ამ უმნიშვნელოვანეს და ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში კულტურის ხარისხის შემაშფოთებელი მასშტაბით შემცირებას ხედავენ. რაც შეეხება სენატორ რიშს, როგორც საქართველოს პრემიერი ამბობს, ის ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი იყო და ამისთვის ჩამოვიდა თბილისში 2012 წელს.

„უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე როგორც მათ მეგობარ სააკაშვილს, მოუწიათ არჩევნების შედეგების აღიარება. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში „ნაცმოძრაობის“ მხარდასაჭერად, თუმცა, საბოლოო ჯამში, წავიდნენ საქართველოდან დამარცხებული, რადგან მათმა ფავორიტმა პარტიამ არჩევნები წააგო. რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების კრიტიკას – ნული. ამოიღეთ რომელიმე განცხადება, სადაც რიში და შაჰინი აკრიტიკებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას. 2012 წლამდეც და შემდეგაც ისინი რჩებოდნენ „ნაცმოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერებად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო, მელამ მოწმედ თავისი კუდი მოიყვანაო. მისივე თქმით, გიგაური დანიშნულია ამერიკიდან, მას ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს.

„გიგაური ამბობს კიდეც, რომ მას ქართველი ხალხის აზრი არ აინტერესებს, მთავარია, მისი პატრონის აზრი. შესაბამისად, იქ გიგაური გამოვიდოდა თუ სენატორი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ რა ნაბიჯებიც გადადგა ხელისუფლებამ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მიმართულებით, მისთვის მისაღებია და მას, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, დისკომფორტს არ უქმნის.

„არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა ნიშნავს იმას, რომ თუ კი აქამდე შეფარვით არსებობდა მტრის ლაშქარი, რომელიც გარედან ფინანსდებოდა და ქვეყნისთვის არასასურველ პროექტებს ახორციელებდა, ახლა ღიად გამოიკვეთა. ასეთი მაქსიმუმ 15 ორგანიზაცია იყოს ქვეყანაში და ქმნიან ისეთ სურათს, თითქოს მთელი არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემა იყო „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება. ეს არის პრობლემა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ უნდა ემსახურონ უცხო ძალის ინტერესებს, თუ კი ამაში ფულს გიხდიან. ამ ორგანიზაციებისთვის არის ყველაფერი ეს პრობლემა, დანარჩენი არავისთვის“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე აზრით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში შეიქმნება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, გიგაურისა და მის მსგავს ორგანიზაციებს საქართველოში არსებობა გაუჭირდებათ.

„30 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში დარეგისტრირებული. 200 მილიონიანი ფონდიდან, რომლის შექმნაც პრემიერმა დააანონსა, კონკურსების წესით დაფინანსდებიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებისთვის იმუშავებენ. როგორ შეიძლება ფინანსდებოდეს არასამთავრობო ორგანიზაცია იმისთვის, რომ მთავრობა შეიცვალოს და ხელისუფლება დაამხოს, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური პროექტი. შიდა პოლიტიკა არ შეიძლება ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს. „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ ამას აღკვეთს კონსტიტუციის შესაბამისად. საკანონმდებლო ბაზა იქნება სწორედ იმუნიტეტი ხელისუფლებისთვის, რომ თავი დაიცვას გარე ჩარევებისგან“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

 გიორგი ცუცქირიძე

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე კი მიიჩნევს, რომ არჩევნებში ჩარევა პირდაპირი და ირიბიც, სხვაგანაც მომხდარა, დღესაც ხდება, თვით ლიბერალური დემოკრატიის ოაზისად მონათლულ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. აშშ-ში, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ლამის მთელი მეინსტრიმული მედია იმის მტკიცებაშია, თუ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტება რა აპოკალიფსურ პერსპექტივას უქადის ამერიკას და დანარჩენ სამყაროს. მაგრამ, ის რაც საქართველოს მაგალითზე ხდება, ცუცქირიძის აზრით, აშკარად ცდება ვერბალური ზეგავლენის დაშვებულ თუ დაუშვებელ ფორმებს.

მისივე თქმით, ასეთი ღია და უხეში ფორმით სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, არა თუ მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, უკრაინაშიც არ ყოფილა, როდესაც იანუკოვიჩის მთავრობა მაიდანის გზით მოიცილეს თავიდან. ანალიტიკოსის აზრით, რაც უფრო მოახლოვდება ოქტომბრის არჩევნები, მით უფრო მეტად იზრდება გარედან ჩარევის გეოგრაფიაც და არეალიც.

„ქართველი ხალხის სახელით ვისმენთ ამერიკელი და ევროპელი ყოფილი თუ მოქმედი კანონმდებლების და მაღალჩინოსნების მოწოდებებს ოპოზიციის მხარდასაჭერად, რა დროსაც ქართული ოცნების გამარჯვება ლამის ეროვნულ კატასტროფად და ევროპული პერსპექტივის დახშობად სახელდება! ზემოქმედების ეს ფორმა არა იმდენად ოპოზიციის მხარდასაჭერად კეთდება ან სახელისუფლებო პარტიაზე პრესინგისთვის, არამედ ქართველ და პირველ რიგში ე.წ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზეა გათვლილი. ეკა გიგაურის სენატში მოხსენების ორგანიზებაც, დემოკრატიის მდგომარეობაზე საქართველოში ამ პოლიტიკის ნაწილია“, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ამომრჩევლის 25 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, არც გარეთ ატყდებოდა ასეთი ამბავი.

შორენა ქარჩავა