კოვრონავირუსით დაინფიცირებულებს საქართველოში, დიდი ხანია 5-ნიშნა, ხოლო გარდაცვლილების საერთო რაოდენობას 4-ნიშნა ციფრებში გამოსახავენ. პანდემიის გავრცელები ტენდენცია შემოდგომის სეზონის დაწყებასთან და ზამთრის მოახლოებასთან ერთად მხოლოდ იმატებს. 15 სექტემბერს სანახევროდ განახლებულმა სასწავლო პროცესმა, სულ რაღაც ერთ თვეში, კვლავ დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებდა საყოველთაო კარანტინი აღარ იქნებოდა და უხილავ მტერს წერტილოვანი დარტყმებით შეებრძოლებოდნენ, აშკარა გახდა, რომ მსოფლიო პანდემია პლანეტა – დედამიწის ბინადართა მიმართ, არც თუ გულმოწყალე ყოფილა.
საქართველოში 28 ნოემბრის 00:00 საათიდან 31 იანვრის ჩათვლით ახალი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. შეზღუდვები შემსუბუქდება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში, რაც იმას ნიშნავს, რომ იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. 3-15 იანვარი, ქვეყნის მასშტაბით, უქმე დღეებად გამოცხადდა. არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. იკრძალება ღამის საათებში ქუჩაში გადაადგილება, როგორც ტრანსპორტით, ისე ქვეითად – 21:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე. 28 ნოემბრიდან თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გაჩერდა, როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი – რკინიგზა, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსები.
შეზღუდვა არ მოქმედებს მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე. ფუნქციონირებას განაგრძობენ აგრარული ბაზრები, ხოლო რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ. დაიხურა ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. დროებით შეჩერდა სპორტული, სახელოვნებო და კულტურული სტუდიების საქმიანობა. გაჩერდა სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროები. საქართველოს სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად იმუშავებენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რომელიც კორონავირუსგადატანილთა სიაში მოხვდა, ქვეყანაში ვითარება რთულია, თუმცა მართვადი. მთავრობის, მოქალაქეებისა და ექიმების ამოცანაა, საქართველო დაუბრუნდეს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც აგვისტომდე იყო, ანუ იმ პერიოდს, როცა ეპიდემიის მართვის კუთხით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.
“მსოფლიოში ეპიდემიის რეკორდული ზრდა არის, განსაკუთრებით – ევროპაში. ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო ეპიდემიის მართვაში ეკონომიკასთან ერთად ბალანსის დაჭერა, რაც შემდეგ გადაიზარდა ადაპტაციაში. წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოს შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ პანდემიასთან ბრძოლაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ 2-თვიანი კონკრეტული გეგმა შეიმუშავა, იმსჯელეს ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებთან, ეკონომისტებთან, ექიმებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და საერთაშორისო მრჩევლებთან ერთად. შედეგად გადაწყდა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპზე მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის 1 მლრდ 1 მლნ ლარი დაიხარჯოს. საერთო ჯამში სახელმწიფო 0,5 მლნ-ზე მეტ ადამიანს უნდა დაეხმაროს.
მოქალაქეებზე ზრუნვის პროგრამის საერთო ბიუჯეტი კი 545 მლნ ლარს შეადგენს. ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით განხორციელდება კომუნალური ხარჯების სუბსიდირება (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება), რისთვისაც 270 მლნ ლარია გათვალისწინებული; 1200 ლარიან დახმარებას მიიღებენ სამსახურდაკარგული პირები, ხოლო ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. ბიუჯეტი – 150 მლნ ლარი; 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბიუჯეტი – 30 მლნ ლარი; 6 თვის განმავლობაში ფულად დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები – თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, ასევე შშმ პირები. ბიუჯეტი – 97 მლნ ლარი.
საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერ-იანვრის განმავლობაში. ხოლო, რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 515 მლნ ლარს შეადგენს, ისინი საშემოსავლო გადასახადის შეღავათით ისარგებლებენ (1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერ-მაისის პერიოდში), ბიუჯეტი – 260 მლნ ლარი.
ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს მთლიანად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი – 45 მლნ ლარი; გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. 40 მლნ ლარი მოხმარდება 2020 წელს დაწყებული მიკრო გრანტების პროგრამას. 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რისთვისაც კიდევ 100 მლნ ლარი დაიხარჯება. საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერ-იანვრის პერიოდში.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე პირადად ესწრებოდა ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპისთვის ფულადი დახმარებების განაწილებაზე მსჯელობას. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს თანხა მათი რეკომენდაციის მიხედვით გაენაწილებინათ და არა საკუთარი შეხედულებისამებრ. შესაბამისად, პრიორიტეტად სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა განისაზღვრა. შეხვედრებზე მსჯელობა მიმდინარეობდა იმაზე, დახმარებები 6 თვეზე გაწერილიყო – 200 ლარობით, თუ ერთ თვეში მიეცათ 1 200 ლარი. მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა კატეგორიულად მოითხოვეს, რომ მათ მიერ გამოყოფილი დახმარება გაცემულიყო ყოველთვიურად, რადგან ერთჯერადად მიცემული თანხა ადამიანებმა, შესაძლოა, ერთიანად დახარჯონ.
ხანგრძლივი მსჯელობა მიმდინარეობდა იმაზე, დაეხურათ, თუ არა რესტორნები, რომლებიც ისედაც გადაეწყვნენ კოვიდერულაციებზე.
“იანვრიდან გაგრძელდება იმ ადამიანების დახმარება, ვინც სამსახური დაკარგა, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლებს. ეკონომიკური შეზღუდვების გამო იკლებს შემოსავალი და შეუძლებელია ბიუჯეტმა ამდენი აიტანოს. მთავრობას, თუ კიდევ აპირებს დახმარებები გაცემას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კონსულტაციები მოუწევს”, – განუცხადა Dalma News-ს ოთარ ანგურიძემ.
მისივე თქმით, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოს ფულს აძლევენ, თან კარნახობენ რაში უნდა დახარჯონ ის და რაში არა.
ოთარ ანგურიძე მიიჩნევს, რომ პანდემიის II ტალღასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესება ხელისუფლებამ დააგვიანა და ლოქდაუნი არჩევნების დასრულებისთანავე უნდა გამოეცხადებინა. თუმცა ამას ხელი პოლიტიკურმა პროცესებმა შეუშალა, რასაც შედეგად გადატვირთული ჯანდაცვის სექტორი, გადავსებული საავადმყოფოები და დამძიმებული ეპიდვითარება მოჰყვა.
“პატარა ქვეყანა ვართ და ჯანდაცვის სექტორი ვერ უძლებს ასეთ დატვირთვას, მით უმეტეს, რომ მსგავსი ეპიდემია საქართველოში ჯერ არ გვქონია”, – აცხადებს ექსპერტი.
მისივე მოსაზრებით, შეზღუდვების შედეგს ზუსტად 2 კვირაში უნდა ველოდეთ. 12 დღე სწორედ ის პერიოდია, როდესაც, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების თქმით, ინფიცირებულებს აღარ ექნებათ ვირუსის გავრცელების საშუალება და პანდემია უკან დაიხევს.
ოპოზიციის მიერ ხელახალი და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, რაც შეეხება, ოთარ ანგურიძის თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს. ეს კარგად აქვს გააზრებული ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას და ცდილობენ, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ კრიზისი, რადგან მათი გამარჯვების ერთადერთი შანსი ამ ზღვარზე გადის.
“იმ შემთხვევაში თუ მთავრობა პროცესების მართვას თავს ვერ გაართმევს, ბუნებრივია ოპოზიციას ექნება მეტი შანსი, მოვიდეს ხელისუფლებაში”, – აცხადებს ანგურიძე.
იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ერთი მხრივ პანდემიას ებრძვის, ხოლო მეორე მხრივ პოლიტიკურ კრიზისში ეფლობა, თუ ვინმეს ინტერესებში შედის მოსახლეობის სულ მცირე – კეთილგანწყობა, ალბათ, პირველ რიგში ხელისუფლების. Dalma News-ის კითხვაზე, რამდენად წარმატებით ართმევს „ქართული ოცნების“ მთავრობა თავს არსებულ გამოწვევას, ოთარ ანგურიძემ განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და გაავლოს შუალედი რადიკალურად განსხვავებული პოზიციის მქონე მოსახლეობას შორის, ისე, რომ ყველას ინტერესი მეტ-ნაკლებად იყოს დაცული, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
ბუნებრივია, შეზღუდვების მიმართ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი პოზიცია არსებობს, ნაწილი კმაყოფილია, ბევრი – უკმაყოფილო. არიან ისეთებიც, რომლებიც დიდი მონდომებით ცდილობენ დაამკვიდრონ განწყობა: – შიმშილით სიკვდილსა და კორონავირუსით სიკვდილს შორის განსხვავება არ არის.
შორენა პაპაშვილი