მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჟურნალ “ლიტერატურული სომხეთის” შეძენა რუსეთის იმ დიდ ქალაქებშია შესაძლებელი, სადაც სომხური სათვისტომო არსებობს. ჟურნალისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საუკეთესო სომხურ, რუსულ და სხვა ლიტერატურას აქვეყნებს, ეს ახალი მკითხველის მოძებნის კარგი შესაძლებლობაა.

“ლიტერატურული სომხეთი” სომხეთის მწერალთა კავშირის ერთადერთი სომხური რუსულენოვანი ლიტერატურულ-მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალია, რომელიც 1958 წლიდან გამოდის. 60-იან წლებში ჟურნალის გვერდებზე მანდელშტამის, ცვეტაევას, ბრიუსოვის, ვოლოშინისა და ბევრი სხვა მწერლის ნაწარმოებები ქვეყნდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ “ლიტერატურულ სომხეთს” რთული დრო დაუდგა, თუმცა აუდიტორიისა და მოცულობის დაკარგვის მიუხედავად, არსებობა მაინც განაგრძო. სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ გურგენ ბორიანი, გევორქ ემინი, კარენ სიმონიანი და სხვები. ამჯერად გავესაუბრეთ ალბერტ ნალბანდიანს, რომელიც ჟურნალს 1987 წლიდან ხელმძღვანელობს.

1277186387_lit_armenia-05-03-400x280

– როგორ უმკლავდება ჟურნალი ბეჭდვითი ორგანოსთვის ამჟამად არსებულ რთულ დროებას?

– სქელტანიანი ჟურნალებისთვის თავის გატანა რთულია. თუმცა, ბოლო სამი წელია სპონსორი გვყავს და ძალიან მადლიერები ვართ. ფინანსურად ფონდი “დარი” გვიჭერს მხარს. ასევე რამდენიმე წელიწადია სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო სუბსიდიებს გვაძლევს, თუმცა ამ სახსრებით ჟურნალის მთელი წლის განმავლობაში არსებობა შეუძლებელია.

– იმისთვის, რომ ჟურნალს მკითხველი ჰყავდეს, მის შესახებ ინფორმაცია უნდა არსებობდეს. რას აკეთებთ “ლიტერატურული სომხეთის” წინსვლისთვის?

– ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საბჭოთა პერიოდში ხელმომწერები მთელს კავშირში გვყავდა. მაშინ 10 ათასიანი ტირაჟით იბეჭდებოდა, ახლა – 500-ით. იგივე პეტერბურგში არსებობს ფირმა, რომელიც “ლიტერატურული სომხეთის” გავრცელებაზე მუშაობს. სხვათა შორის, ჩვენი ერთ-ერთი მუდმივი მკითხველი ოვანეს თუმანიანის შვილიშვილი – სურმა თუმანიანია. მისმა მეუღლემ შესანიშნავი წერილი მოგვწერა, სადაც ამბობს: “რა კარგია, რომ “ლიტერატურული სომხეთი” დღემდე არსებობს. რა კარგია, რომ მისი გამოწერა შეგვიძლია, რადგანაც ეს ცოცხალი კავშირია სომხეთთან, რომელიც ძალიან გვიყვარს”.

– ვის შეუძლია “ლიტერატურულ სომხეთში” ნაწარმოები გამოაქვეყნოს?

– ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი, ჯერ არგამოქვეყნებული ნაწარმოების მოტანა. ჩვენ მათ დიდი გულისყურით ვკითხულობთ და საუკეთესო ჟურნალის გვერდებზე იბეჭდება. ბევრი გვწერს საიტის მეშვეობით, გვთავაზობენ თავიანთ ტექსტებს. ეს კარგია…

– გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს ჰონორარს უხდით?

– 2016 წლის პირველ ნომერში, ​მჰერ მკრტჩიანის “მუდმივი მონოლოგი” გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, თარჯიმნის შრომა უნდა ავანაზღაუროთ. ჰონორარები არც ისე დიდია, მაგრამ მაინც ვიხდით.

– “ლიტერატურული სომხეთი” რუსულ ენაზე იბეჭდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თარჯიმნის შრომა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც მან ტექსტის მთავარი აზრი უნდა შეინარჩუნოს და მისი არსი ზუსტად გადმოსცეს.

– სწორად თარგმნა მუდმივი დავის საკითხია. განსაკუთრებით რთულია პოეზიის თარგმნა. თავის დროზე სამუილ მარშალმა ჰოვანეს თუმანიანის შესანიშნავი ნაწარმოები “ძაღლი და კატა” თარგმნა, რომელსაც შემდგომ დაუსრულებლად გადმოსცემდა საბჭოთა რადიო. ეს არის იმის მაგალითი, როდესაც თარჯიმანმა თავისებურად თარგმნა, მაგრამ ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

– როგორც ჩანს, თარჯიმნისთვის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს?

– რეცეპტი – ოქროს შუალედია. საუკეთესო თარგმანი ის არის, რომელიც ორიგინალს შეესაბამება და უმაღლეს მხატვრულ დონეზეა შესრულებული. თარჯიმანმა თითქმის შეუძლებელი უნდა შეძლოს. თითოეული ნაწარმოები მშობლიური ენის სივრცის ფარგლებში ცხოვრობს, იგი ამ ენაზეა შექმნილი. სხვა ენა – აბსოლუტურად სხვა ფილოსოფიაა. სწორედ მათი შეთავსებაა საჭირო. თუ საქმე ლექსს ეხება, მთავარია ინტონაციის პოვნა და მისი შენარჩუნება.

– “ლიტერატურული სომხეთისთვის” საინტერესოა ისეთი ავტორები, როგორიცაა მაგალითად, ცნობილი პეტერბურგელი მწერალი და ფილოლოგი ანდრეი ასტვაცატუროვი. მართალია, იგი წარმოშობით სომეხია, თუმცა მის ნაწარმოებებში ძნელად მოიძებნება რაღაც სომხური. ასევე ვალერი აირაპეტიანი, რომელიც შარშან პრემია “ნაცბესტის” ფინალისტი გახდა?

– ეს, მართლაც საინტერესოა. პირადად მე, ყოველთვის ვცდილობდი იმ სომხებთან ურთიერთობის შენარჩუნებას, რომლებიც სომხეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. თუკი ისინი მოისურვებენ, გამოგვიგზავნონ თავიანთი ნაშრომები, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ.

– მიმაჩნია, რომ რთულია ჟურნალს, მწერლებსა და მკითხველებს შორის ამ კონტაქტის დამყარება. ან ახალი ავტორებისა და მკითხველების მოზიდვა…

– წიგნების პრეზენტაციებს, მკითხველებისა და მწერლების შეხვედრებს ხშირად ვმართავთ. ამჟამად ერევანში იმყოფება რუსეთში ცნობილი მწერალი და სცენარისტი ანუშ ვარდანიანი, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა და უკან დაბრუნება აღარ უნდა. ცოტა ხნის წინათ, მასთან შეხვედრა გაიმართა.

– “ლიტერატურული სომხეთის” არსებობა იმის მაჩვენებელი ხომ არ არის, რომ არსებობენ ახალგაზრდა და პერსპექტიული მწერლები?

– რა თქმა უნდა. სომხეთში ბევრი ნიჭიერი ავტორია. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი სომეხი მწერალი – ლევონ ხეჩოიანი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნისადმი ინტერესი შემცირდა, თუმცა არსებობს ინტერნეტი და ელექტრონული წიგნები, რომლებსაც ნებისმიერი მსურველი გადმოიწერს, ბოლო დროს იგრძნობა, რომ რაღაც უკეთესობისკენ იცვლება.

– ეს რაში ვლინდება?

– ინტერესი, რომელიც ჩვენი სამუშაოსადმი ვლინდება, შესამჩნევად გაიზარდა. ბუკინისტებში წიგნები ცუდად იყიდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ წიგნი დღეს ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საბჭოთა პერიოდში. ხალხს უჭირს მისი შეძენა. კარგად მახსოვს დრო, როდესაც ადამიანები ღამეების განმავლობაში იდგნენ რიგში, რომ გამოწერილი გამოცემა შეეძინათ.

– ანუ, წიგნის შეძენის რაღაც მოდა არსებობდა…

– მოდაც არა… ეს იყო კითხვისადმი მიდრეკილება, ხალხს აინტერესებდა, პრესტიჟული იყო სახლში ბიბლიოთეკის ქონა, რადგან წიგნი ფასობდა.

– რა უნდა მოხდეს, რომ სომხეთში ადამიანებმა უფრო მეტად იკითხონ წიგნები?

– საჭიროა ადამიანების ცხოვრების წესი გაუმჯობესდეს, საჭიროა სომხეთის ეკონომიკა ლეთარგიული ძილიდან გამოვიდეს. მინიმალური ხელფასი სომხეთში 55 ათასი დრამია (დაახლოებით 120 აშშ.დოლარი), მშიერი ადამიანი კი წიგნებზე ვეღარ ფიქრობს.

– რუსეთში ამასთან დაკავშირებით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. ლიტერატურის წელმა მთელი რიგი ღონისძიებებით ჩაიარა, რაც მიმართული იყო კითხვის პოპულარიზაციისაკენ. მაგალითად, პროექტი «მიხაილოვის სასახლის წიგნების ხეივანი» (ლიტერატურული პარკი ღია ცის ქვეშ, სადაც იყიდებოდა წიგნები და ცნობილ მწერლებთან და რუსეთის კულტურის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართებოდა) სომხეთში რაღაც ამდაგვარი არსებობს?

– ჩვენთან სხვა რამ არსებობს, რაც რუსეთში არ არის. ეს არის წიგნის ჩუქების დღე, რომელიც კარგ ტრადიციად იქცა. ეს დღე ოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს – 19 თებერვალს აღინიშნება. ამ დროს გამვლელებს ჩვენს ჟურნალს ვჩუქნით. ბევრს ისიც კი უკვირს, რომ ეს ჟურნალი კიდევ არსებობს და სიამოვნებით გვართმევენ. გარდა ამისა, წიგნებს სამხედრო ნაწილებს ყოველწლიურად ვჩუქნით.

ესაუბრა ასმიკ ვანციანი