ბოლო დღეებში საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა დაფიქსირდა. პირველ დეკემბერს აშშ დოლართან ლარის კურსმა 2,61-დან 2,63 შეადგინა, დოლარის ყიდვა კი 2,66-დან 2,70 კურსით იყო შესაძლებელი. იმავდროულად ლარის ოფიციალური კურსი რეალურზე 17 პუნქტით დაბალი იყო.
როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში, შექმნილი ვითარების კომენტირებისას აცხადებენ, სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება განპირობებულია არა “ფუნდამენტური ფაქტორებით”, არამედ აშშ დოლარის მიმართ “აჟიტირებული მოთხოვნით”. ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ აჰყვნენ პანიკას და უახლოეს დღეებში დაელოდონ ლარის კურსის დასტაბილურებას და ეროვნული ვალუტის გამყარებას.
საქართველოს ეროვნულ ვალუტას საინტერესო პერიოდი უდგას, მისი არასტაბილური კურსი ქვეყნის მოსახლეობისთვის ბუნებრივი მოვლენაა ჯერ კიდევ 2014 წლიდან. ლარი ხან უფასურდება, ხან მყარდება, მაგრამ მუდმივ მაჩვენებელს ვერა და ვერ მიაღწია. ექსპერტები ლარის კურსზე საუბრისას მისი გაუფასურების მიზეზებს განმარტავენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ საგარეო ფაქტორებთან ერთად ამაზე გავლენას ახდენს მსხვილი ტრანსაქცია, რომელიც “თი ბი სი” ბანკმა, სხვა, არანაკლებ დიდი ბანკის, ბანკ “რესპუბლიკას” შეძენით განახორციელა. ხოლო ექსპერტების ნაწილი, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხანგრძლივ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრობს, ასევე არჩევნების მეორე ტურზე (8 და 30 ოქტომბერს), რომლებიც საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვა.
ექსპერტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ. ნაწილს მიაჩნია, რომ სხვა გარეშე ფაქტორებთან ერთად, ამის მიზეზია ის მსხვილი ტრანზაქცია, რაც “თიბისი” ბანკმა “რესპუბლიკა ბანკის” ყიდვისას განახორციელა და არჩევნები, რომელიც ფულს ხარჯვის ერთ-ერთი პერიოდია. ამ მოსაზრების მხარდამჭერთა აზრით, იმისათვის, რომ არჩევნების პირველ ტურამდე ეს გაუფასურება მოქალაქეებს არ შეემჩნიათ, მთავრობამ 180 მილიონი დოლარი გაყიდა. ანუ ხელოვნურად შეუშალა ხელი ლარის სწრაფ გაუფასურებას, რადგან ეს პოლიტიკურ შედეგზე აისახებოდა. დღეს კი, ეროვნული ვალუტის კურსის ხელოვნურად შენარჩუნება საჭირო აღარ არის და “ეროვნული ბანკი” სავალუტო რეზერვებს აღარ ყიდისო.
ეკონომიკის სფეროში ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ ლარის კურსის სტაბილიზაციაში ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი ეკისრება, რაც ადგილობრივი წარმოების აღორძინებასა და ექსპორტზე ორიენტირებული დარგების წახალისებაში მდგომარეობს, რათა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდეს სავაჭრო დეფიციტი.
Dalma News-ის კითხვაზე რა იქნება ის მაქსიმუმი, სადამდეც შესაძლებელია ლარის გაუფასურება, ვახტანგ ჭარაიას აზრით, 2017 წლის დასაწყისიდან ლარი კვლავ დაიწყებს გამყარებას, თუმცა ეს არი იქნება ის ნიშნული რომელიც 2014 წელს გვქონდა.
“მცურავი სავალუტო კურსის შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელია ზუსტი რიცხვის დასახელება, უფრო მეტიც, თუ გავითვალისწინებთ რომ საქართველოში ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს დიდწილად კომერციული ბანკების “მადა” და დროდადრო წარმოქმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი განაპირობებენ, ზუსტი პროგნოზი ფაქტობრივად შეუძლებელია”, – აცხადებს იგი.
ლარის კურსზე ნეგატიური ზემოქმედების ერთ-ერთ ფაქტორად ახალგაზრდა ექსპერტი “თიბისი ბანკისა” და “რესპუბლიკის” შერწყმასაც განიხილავს, თუმცა არა გადამწყვეტ მოვლენად.
არსებულ ვითარებაში სკეპტიკოსები გამოსავალს ლარის უფრო მყარი, ევროთი ან დოლარით ჩანაცვლებაში ხედავენ და მიაჩნიათ, რომ ლარის კურსის მუდმივი ცვალებადობა საქართველოში ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს. ექსპერტების ნაწილი კი ხელისუფლებისგან ეკონომიკაში არსებული სტრუქტურული და მაკროეკონომიკური პრობლემების აღიარებას ელის. მათთვის ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი ინვესტიციების ნაკლებობასა და ექსპორტის შემცირებაში მდგომარეობს.
ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმის იდეას ბევრი არ იზიარებს და ასგზის უაზრობად მიაჩნიათ ქვეყანა, თუ ის რომელიმე ეკონომიკური ჯგუფის წევრი არ არის, სადაც საკუთარი ვალუტის ქონას, ან ადმინისტრირებას აზრი არა აქვს, გადავიდეს სხვა ქვეყნის, ან სხვა ჯგუფი ქვეყნების ვალუტაზე.
“სხვისი ვალუტით ადგილობრივი ეკონომიკის მართვა შეუძლებელია, ისევე როგორც კალათბურთის ბურთით ტენისის თამაში. ლარის გაუფასურებაზე მოქმედებს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორები. დღეისთვის ყველაზე მწვავე პრობლემებია: საგარეო ვაჭრობის მკვეთრად ნეგატიური სავაჭრო ბალანსი და საგარეო ვალის მომსახურება, ამას ემატება აჟიოტაჟი და ბანკების მხრიდან მოგების მაქსიმიზაციისთვის ყველანაირ ხრიკებზე წასვლა, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ჩათრევის გზითაც”, – მიაჩნია ვახტან ჭარაიას.
ეროვნული ვალუტის სტაბილურობის საკითხში პასუხისმგებლობას იგი საქართველოს ეროვნულ ბანკს აკისრებს, რაც კანონმდებლობითაც ეკისრება, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამტარებელს და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტს. ვახტანგ ჭარაია გამართლებულად არც იმას მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში დარეზერვების ნორმა 15-დან 20%-მდე გაზარდა.
ინფლაციის დონე…
2016 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,5%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) – 0,2% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,1%-ით გაიზარდა. ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების 0,7% მატებამ, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,22% პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა (5,3 პროცენტი) შაქარსა და სხვა ტკბილეულზე, ასევე რძის პროდუქტებსა და კვერცხზე (3,0%) და ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (1,8%) ქვეჯგუფებზე. ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე კი ფასები 9,6% შემცირდა. ფასების 2 %-იანი ზრდა გვაქვს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რაც თვის ინფლაციაში 0,20 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ასევე სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (8,6 პროცენტი).
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ის, რაც დღეს სავალუტო კურსთან დაკავშირებით ხდება, დიდწილად არის აჟიოტაჟისა და ტრანსფორმირებული მოლოდინების შედეგი.
წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ექსპერტთა ნაწილმა, წმინდა პოლიტიკური ოპოზიციური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ცალსახად მიიჩნია წინასაარჩევნო ქმედებად და ლარის კურსის ხელოვნურ დაჭერად შეფასდა. მას შემდეგ რაც, ამ თეზისმა მედიასივრცეში გადაინაცვლა, შეიქმნა მოლოდინი, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლარის გაუფასურება უნდა დაწყებულიყო.
პროფესორ გიორგი ცუცქირიძის აზრით, დიდწილად ამ ტრანსფორმირებული მოლოდინების შედეგია, რომ ადამიანები, მათ შორის, მეწარმეთა ნაწილი, უცხოურ ვალუტას ყიდულობს იმის მიუხედავად სჭირდებათ თუ არა.
“ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება დროებითია, თუ იგი არ მომდინარეობს მაკრო ფაქტორების სერიოზული ცვლილებებიდან, ან დისბალანსიდან, მათ შორის, საგადამხდელო ბალანსის პოზიციიდან. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკაში არის სერიოზული პრობლემები და ეკონომიკის ვარდნა გრძელვადიან ხასიათს ატარებს, მაშინ ვერც ეროვნული ბანკი და ვერც მთავრობა ცალ-ცალკე ვერაფერს გააწყობს ეკონომიკის ძირეული სტრუქტურული ტრანსფორმაციის და ანტიკრიზისული მენეჯმენტის გარეშე”, – მიაჩნია პროფესორს.
მისივე თქმით, ლარი სექტემბრიდან მოყოლებული 5% არის გაუფასურებული და არანაირი წინაპირობა მისი მკვეთრი გაუფასურებისა არ არის.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე, მთავრობას ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის რეკომენდაციებს აძლევს და ურჩევს, საგარეო ფაქტორების იმედი ნაკლებად ჰქონდეთ, რადგან, მსოფლიო ეკონომიკაში სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის. მისი აზრით, მთავარ პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის კურსები სტაბილური ვერ იქნება და ექსპორტის სავარაუდო ზრდაც საეჭვოა! ასე რომ, მხოლოდ სწორი საშინაო პოლიტიკა რჩება, რომელიც კონკურენტულ სფეროებში საკუთარი წარმოების გაძლიერებისაკენ იქნება მიმართული.
დემურ გიორხელიძის შეფასებით, რაც ბოლო წლების განმავლობაში ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, ან პროფესიული უვიცობაა, ან მიზანმიმართული ბოროტება და სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ხალხის ძარცვის სტაბილურ ინსტრუმენტად არის გამოყენებული. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაც.
მისივე თქმით, ქართული ეკონომიკის სტრუქტურა დეფორმირებულია, რადგან მაკროეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი მიზანი – სწრაფი ეკონომიკური ზრდა და არსებული დისპროპორციების გასწორებაა, რაც ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას. ლარის კურსის აღმა-დაღმა “ხეტიალი” ამ მცდარი პოლიტიკის შედეგიც არის, თუმცა, ექსპერტის აზრით, მას ძალიან სერიოზული ფუნდამენტური პრობლემები და კიდევ უფრო მეტი სუბიექტური მიზეზები განაპირობებენ. იგი ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის მთავრობას, სავალუტო “დერეფნის” დაწესებას ურჩევს.
“ლარის გამყარების უსაშველო იდიოტური მცდელობების ნაცვლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს “დერეფნის” დაწესებაზე, ანუ სტაბილიზაციის ღონისძიებების გატარებაზე. ეს მომენტალურად მოხსნის ლარის კურსის დიდი ამპლიტუდით რყევის მოლოდინებს, ბიზნესს კი, საკუთარი ოპერაციების გათვლის საშუალებას მისცემს. ბიძგს მისცემს ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაჩენას და ადგილობრივ წარმოებას ეკონომიკურად გამართლებულს გახდის.
“დერეფნის” დაწესება მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ “ეროვნული ბანკი” მოაწესრიგებს აღრიცხვას და ეცოდინება ყოველდღიური მოთხოვნა ლარზეც და დოლარზეც. ლარის კურსი დადგენილ “დერეფანში” იქნება “ჩაკეტილი” და რხევებსაც ამ საზღვრებში გააკეთებს. სავალუტო რეზერვების ინტერვენცია განსაკუთრებულ შემთხვევებში განხორციელდება, თუ მოთხოვნა დოლაზე “შოკური” იქნება”, – მიაჩნია დემურ გიორხელიძე.
ექსპერტის განმარტებით, დიდია სხვაობა ლარის “გამყარებასა” და “სტაბილიზაციას” შორის და არაგონვრულია იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში გაამყარო ეროვნული ვალუტა და ამით ძირი გამოუთხარო ადგილობრივ წარმოებას.
დღეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ლარისადმი ნდობის გაჩენა და ნეგატიური მოლოდინების მოხსნა. ქვეყანაში ასევე არსებობს ფულის მასისა და ეკონომიკის მოცულობის შეუსაბამობის პრობლემა. ექსპერტის აზრით, მთავარი არა ინფლაციის კონტროლია, არამედ ეკონომიკურ ზრდაზე ფიქრი.
ასეა თუ ისე, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ალტერნატივა არ აქვს, ეროვნული ვალუტის კურსის ხელოვნურად შეკავება კი, ქვეყანას საგარეო ინვესტიციებზე დამოკიდებულს გახდის. მთავრობაში აცხადებენ, რომ ლარი ცოცხალი ორგანიზმია და საგარეო, თუ საშინაო პროცესებზე ადეკვატურად რეაგირებს. შეძლებს თუ არა ხელისუფლება ამ თეზისების მოსახლეობამდე მიტანას, სადაც უმუშევრობა კვლავ ნომერ პირველ პრობლემად რჩება, თუ გაგრძელდება დიდი იმპორტიორების ლობირებისა და ხელშეწყობის პოლიტიკა, დროს გვიჩვენებს. მანამდე კი, მოსახლეობა წლის ბოლოს ფასების კატასტროფული ზრდის მოლოდინშია.
გიორგი ქართველი, სპეციალურად Dalma News-თვის