„მაკდონალდს საქართველო“ ელტონ ჯონის გამო სკანდალში გაეხვა. ცნობილია, რომ კვების ობიექტი – რესტორნების ქსელი „მაკდონალდსი“ დიდი ხანია ეწევა საგამომცემლო საქმიანობას. საკუთარი გემოვნებით გამოსცემენ წიგნებს და მოზარდებში ავრცელებენ. სკანდალური აღმოჩნდა ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, მომღერლისა და პიანისტის – ელტონ ჯონის ბიოგრაფიის შემცველი ბროშურა, რომელიც არასრულწლოვანთა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი, ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ლგბტ პროპაგანდად აღიქვა. სოციალურ ქსელში მოქალაქეების კრიტიკულმა შეფასებებმა პოპულარული რესტორნების ქსელ “მაკდონალდსის” ადმინისტრაციაში დაბნეულობა გამოიწვია.
16 ივნისს, “მაკდონალდს საქართველომ” ელტონ ჯონის ბიოგრაფიის შემცველი ბროშურის გამოცემისთვის, ჯერ ბოდიში მოიხადა, სოციალურ ქსელში შესაბამისი განცხადებაც გავრცელდა, მოგვიანებით კი, პოსტი გაქრა და განცხადება შეცვლილი შინაარსით გამოქვეყნდა. “მაკდონალდსის” განცხადების პირვანდელ ვერსიაში, ელტონ ჯონის ბროშურასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება იყო წარმოდგენილი, რომ თითქოს,”მაკდონალდს საქართველოს” აღმასრულებელმა გუნდმა შეცდომა თარგმნის დროს დაუშვა, არ იყო გათვალისწინებული კონტექსტი. პირველი განცხადების წაშლის შემდეგ, გამოჩნდა მეორეც, სადაც “მაკდონალდსის” ადმინისტრაცია წინა პოსტის ბუნდოვანების გამო, ბოდიშს იხდის. მათივე შეფასებით, „მაკდონალდს საქართველოს“ მისამართით გავრცელებული ბრალდებების მიზანია კომპანიისა და მისი დამფუძნებლის რეპუტაციის შელახვა.
როგორც ირკვევა, კვების ობიექტ „მაკდონალდს საქართველოს“ დღემდე 300 000-მდე წიგნი აქვთ რეალიზებული.
“ვამაყობთ, რომ წვლილი შევიტანეთ ბავშვების კითხვით დაინტერესებაში. ადამიანების ძალა არის მრავალფეროვნებაში. სამწუხაროა როდესაც პროპაგანდა იყენებს ადამიანების სქესსა თუ ორიენტაციას მათი დისკრედიტაციისთვის, ამახინჯებს კონტექსტს და ხელს უწყობს ჩაგრულთა კიდევ უფრო ჩაგვრას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, Happy Meals Reader-ის საგანმანათლებლო პროგრამა გლობალურად ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ცნობილი ადამიანების ცხოვრებისა და წარმატების ისტორიების გაცნობას და ამით “ერთგვარად წახალისებას, რომ შრომითა და ცოდნით მათაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა”. წიგნებში მოთხრობილია ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესახებ, ერთ-ერთი ბოლო გამოშვება მუსიკოსებს – არეთა ფრანკლინსა და ელტონ ჯონს ეხება. წიგნები ყველა ქვეყნის „მაკდონალდსისთვის“ ერთნაირი კონტენტით ჩინეთში იბეჭდება და დაუშვებელია მისი შინაარსის ან კონტექსტის შეცვლა.
განცხადება გააკეთა “მაკდონალდსის” მფლობელმა, თემურ ჭყონიამაც. მისი თქმით, პოსტის პირვანდელი ვერსია, სადაც კომპანიის დირექცია ელტონ ჯონის შესახებ ბროშურების გავრცელებისთვის ბოდიშს იხდიდა, მასთან შეუთანხმებლად გავრცელდა და სოციალური ქსელიდან მისი მოთხოვნით წაიშალა.
“არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური “მაკდონალდსი” აკეთებს. უბრალოდ, ზოგს უნდა გაიგოს, რომ პროპაგანდაა… შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან ამ თემას, არ ვიცი”, – განაცხადა ჭყონიამ.
ელტონ ჯონის თემამ „მაკდონალდს საქართველო“ ხელისუფლების კრიტიკის არეალშიც მოახვედრა. “ქართული ოცნების” ლიდერებმა ჭყონია არასრულწლოვანებს შორის, ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულეს.
„მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ბაღებში უკვე და სკოლებში, უცხოეთში. ეს ჩვენთან არ მოხდება. დაუშვებელია, მიუღებელია, სკოლებში და ბაღებში და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა. რაც ვნახეთ, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, “მაკდონალდსში” მიმდინარეობდა ბავშვებში სწორედ ეს პროპაგანდა. ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი კამპანია”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა ჭყონიასა და მისი კომპანიის დირექციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ხოლო პასუხი, რომ ეს ყველაფერი გლობალური კამპანიის ნაწილია – მიუღებელი.
„ამიტომ ჩვენთანაც უნდა მივიღოთ? ასე არ მოხდება! მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“მაკდონალდსი” გააკრიტიკა თბილისის მერმა კახა კალაძემაც და განაცხადა, რომ ქვეყანაში „სიბინძურის პროპაგანდა” დაუშვებელია.
“ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ხმა. ეს არის დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნისგანაც, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ და არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ სიბინძურის პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში“, – განაცხადა კალაძემ.
პრემიერის განცხადებას მოქალაქეებიც გამოეხმაურნენ. მათი უმეტესობის აზრით, ლგბტ პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა გამოცხადდეს პედოფილიად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მშობლები ქუჩაში გამოვლენ და ხელისუფლება მწვავე პროტესტს მიიღებს:
“კანონით აკრძალეთ ეგ მარაზმი საქართველოში, თორემ ვერც ერთი საპოლიციო დანაყოფი და სპეცრაზმი ვერ გაგვაჩერებს მშობლებს. მერე მართლა ნახავთ ხალხის გაგიჟებას. ერთხელ და სამუდამოდ თქვით უარი ამათ უზნეო შემოჩეჩებულ გარყვნილების დაკანონებაზე. აკრძალეთ კანონით!”;
“კანონით დასჯადი გახდეს LGBT პროპაგანდა და ეს შეეხოს ყველას, მათ შორის, თქვენს ტელევიზიასაც! მეტიც, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა უნდა გამოცხადდეს პედოფილიად და მკაცრად უნდა იყოს დაისაჯონ ყველა!”
“მაკდონალდსი” კვებისა და გართობის ცენტრია. წიგნებისთვის ბიბლიოთეკა არსებობს. იქ წაიკითხავს თუ რამ დააინტერესებს. “მაკდონალდსმა” ფასები დასწიოს და ბავშვები დააპუროს”;
“ლგბტ პოლიტიკური ტექნოლოგიაა ადამიანების მართვის მიზნით, რადგან საზოგადოება რომ მართო მას მორალური საყრდენები უნდა დაუნგრიო და ბოლომდე გაათახსირო”, – წერენ მოქალაქეები ფეისბუქში.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, გარკვეული წრეები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ დაანგრიონ ქართული, მეტწილად ტრადიციონალისტური საზოგადოების სოციალური ბირთვი, მათ შორის, წარმოდგენები ოჯახსა და მის სქესობრივ სტრუქტურაზე. ეს პროცესი აწყდება საზოგადოების ორთოდოქსული ნაწილის ბუნებრივ წინააღმდეგობას. ერთი მხრივ, ეს ნორმალურია პლურალისტურ საზოგადოებაში, მეორე მხრივ, ქმნის ფასეულობათა კონფლიქტს, საიდანაც სამოქალაქო კონფლიქტამდე შორი არაა.
“ისევე, როგორც სხვაგან, ჩვენთანაც საბაზისო საზოგადოებრივი კონსტრუქციების რღვევა, თუკი, თუნდაც სადმე ის წარმატებულია, იწვევს სოციალური ენერგიის მასშტაბურ გამოთავისუფლებას, რომლის მიზანია საზოგადოების ახალი სტრუქტურების ფორმირება, ამას ხვდება მოწინააღმდეგეთა კონტრ რეაქცია. მგონი, არავის დარჩებოდა შეუმჩნეველი, რომ ბოლო პერიოდში, ჩვენი საზოგადოებრივი ინსტიტუტები სხვებისგან ნასესხებ თარგებზე იკერება”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
“მაკდონალდს საქართველოს” მიმართ პროტესტი გამოხატეს ახალდაფუძნებული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წევრებმა. მათ 18 ივნისს, “ფრანკლინის კლუბის” ღონისძიება გააპროტესტეს და “მაკდონალდსი” ამ ორგანიზაციასთან ერთ კონტექსტში მოიხსენიეს. კლუბმა 2 წლის თავი „კოკა-კოლას“ ძველ ქარხანაში აღნიშნა, რაც აქციის მონაწილეების თქმით, სიმბოლურია, რადგან კომპანია ბოლო პერიოდში, ანტიქართულ ქმედებებს ეწევა.
როგორც სახალხო მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარაშვილი აცხადებს, “ფრანკლინის კლუბი” არის მავნებლური, ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ქვეყნის გარედან და მიმართულია იმისკენ, რომ ახალგაზრდები და ბავშვები ქვეყანაში პროვოკაციისთვის, არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ.
“ამ ქვეყანაში არ დავუშვებთ არც რევოლუციას, არც რევოლუციური პროცესებისთვის ჩვენი შვილების, ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეების გამოყენებას და არც მათზე იმგვარ ზემოქმედებას, რაც გააკეთა თემურ ჭყონიამ და მისმა კომპანიამ, ანუ, სცადა მალულად ძალიან ცუდი ფორმით ჩვენს ბავშვებზე ზემოქმედება, როდესაც პირდაპირ ლგბტ პროპაგანდა ჩადო ისეთ პროდუქტში, რომელიც არის ხელმისაწვდომი და განკუთვნილი ბავშვებისთვის“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” თავმჯდომარე ზვიად ტომარაძის მოსაზრებით, “მაკდონალდს საქართველოს” ე.წ საგანმანათლებლო საქმიანობა მსოფლიო ლგბტ პროპაგანდის ნაწილშია, მაგრამ პრობლემა არის ის რომ „კოკა-კოლას“ მფლობელმა, ნაცვლად იმისა, რომ მისი კომპანიის საქციელზე ბოდიში მოიხადოს, პირიქით, საზოგადოების დიდ ნაწილს ჩამორჩენილებს უწოდებს.
“ალბათ, არ იცის ჭყონიამ, რომ სულ ახლახან, მაისის ბოლოს აშშ-ი, ლუდის – bud light-ის მწარმოებელი კომპანია სკანდალში გაეხვა და 27 მლრდ აშშ დოლარი იზარალა. მიზეზი ის არის, რომ რეკლამა ტრანსგენდერს გააკეთებინეს, რის გამოც, ამ ლუდზე ამერიკელმა მომხმარებელმა უარი თქვა. ასევე, მაღაზიათა ქსელმა „ტარგეტმა“, რომელმაც დაახლოებით იგივე სახის ქმედება ჩაიდინა, რაც ჭყონიას “მაკდონალდსმა”, 10 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა, იმიტომ, რომ ამერიკის მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილი აღარ შედიოდა ამ კომპანიის მაღაზიებში“, – განუცხადა Dalma News-ს ზვიად ტომარაძემ.
მისივე შეფასებით, ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ეს ჭყონიას პირველი გალაშქრება არ არის. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჭყონიას პოზიციას საქართველოს მოსახლეობის მხრიდან 2021 წელს პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობა ერთმანეთს „კოკა კოლასა“ და „მაკდონალდსის“ პროდუქციის ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.
“ბევრი წერდა ახლაც, სოციალურ ქსელში, რომ აპირებდნენ ბოიკოტი გამოეცხადებინათ „მაკდონალდსისთვის“. საზოგადოებას რა რეაქციაც ექნება, ისე მოიქცევიან თემურ ჭყონიაც და სხვა ბიზნესმენებიც. მათთვის მთავარია მატერიალური კეთილდღეობა, ამას თუ დაემუქრება საფრთხე, ისინი, რა თქმა უნდა, უკან დაიხევენ და ბოდიშსაც მოიხდიან”, – აცხადებს ტომარაძე.
რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან რეაქციას, ზვიად ტომარაძის აზრით, “ქართული ოცნების” ლიდერებს მკვეთრად გამოხატულ დაპირისპირებაში შესვლა ჯერჯერობით არ სურთ და მხოლოდ განცხადებებით იფარგლებიან. მიზეზი საგარეო პოლიტიკაშია. ქვეყანას სურს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამიტომ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას, რამაც შესაძლოა ამ პროცესს ხელი შეუშალოს, ხელისუფლება ერიდება.
Dalma News-ის საჭიროა თუ არა კანონის მიღება, რომელიც ლგბტ პროპაგანდას აკრძალავს, ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც არა მხოლოდ ჰომოსექსუალებზე, არამედ ჰეტეროსექსუალებზეც გავრცელდება. არავის უნდა ჰქონდეს საკუთარი სექსუალური მადის საჯარო დემონსტრირების უფლება.
“ჩვენ მიღებული გვაქვს ბავშვთა კოდექსი, რომელიც პირდაპირ კრძალავს ბავშვისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მას დაუზიანებს ფსიქიკას. ყველაფერს აქვს თავისი ასაკი, თუ როდის უნდა მიაწოდო ბავშვს ესა თუ ის ინფორმაცია. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, თუ იქნება სურვილი. ეს თვითონ ხელისუფლებამ უნდა მოინდომოს, მაშინ არაფერი შეუძლებელი არ იქნება”, – აცხადებს ზვიად ტომარაძე.
შორენა პაპაშვილი