დიდი გაურკვევლობა გამოიწვია თითქმის ორი წლის წინ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” რიგებიდან რამდენიმე დეპუტატის გასვლამ. ეს ფაქტი მაშინ, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ყურადღების ცენტრშიც კი მოექცა. ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა მაშინ, “ოცნებიდან” გასულ დეპუტატებს საქართველო-ამერიკის პარტნიორობისთვის ძირის გამომთხრელები უწოდა, ხოლო ქართულმა ოპოზიციამ ეს ფაქტი მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკური კურსის – დასავლეთიდან რუსეთისკენ ცვლილებად შეაფასა.
ჯერ კიდევ წლინახევრის წინ Dalma News-თან საუბრისას ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ სუბარის, ხუნდაძის, ყაველაშვილის, მაჭარაშვილისა და კიდევ 10 დეპუტატის “ოცნებიდან” წასვლა სხვა არაფერი იყო, თუ არა “ოცნების” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და მმართველ ძალაზე განაწყენებული ელექტორატის საკუთარ ორბიტაზე შენარჩუნების მცდელობა.
დეპუტატების ამ ჯგუფმა მაშინ, თავიანთ გაერთიანებას საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა” უწოდა და თანამოაზრეები შემოიკრიბა, მათ შორის, რამდენიმე ანალიტიკოსი და “ოცნების” სიით სხვადასხვა დროს საკრებულოებში მოხვედრილი პოლიტიკოსები. რაც მთავარია, “ოცნებიდან” გასვლით დეპუტატებს არ დაუტოვებიათ საპარლამენტო უმრავლესობა და თავს კვლავაც მმართველი პარტიის თანამოაზრედ აცხადებენ, იმ განსხვავებით, რომ სურთ საჯაროდ გამოიტანონ მნიშვნელოვანი თემები, რასაც სახელისუფლებო პარტიის მანდატით ვერ ახერხებდნენ. მათი მიზანია, საქართველომ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები და არა რომელიმე ქვეყნის საელჩოს მითითებით.
წელიწადნახევრიანი საქმიანობის შემდეგ „ხალხის ძალა“ საზოგადოებრივი მოძრაობიდან პარტიად გარდაიქმნა. მათი მთავარ მიზანი და ამოცანა უცვლელია – პოლიტიკურ კულუარებში მიმდინარე პროცესებზე მოქალაქეების ინფორმირება და ამ გზით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.
“ხალხის ძალა” შექმნის დღიდან ცალკეული უცხოელი პარტნიორებისა და მესამე სექტორის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. მათ ანგარიშზეა 2023 წლის მარტის მოვლენებიც. მაშინ პარლამენტში მათ მიერ ინიციირებულ “უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს” ქვეყანაში მასობრივი მღელვარება და ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციამ “ხალხის ძალის” აღნიშნულ კანონპროექტს “რუსული კანონი” უწოდა, მმართველი პარტია კი, იძულებული გახდა კანონპროექტი უკან გაეწვია.
“ხალხის ძალა” ახლა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. მათი მთავარი გეგმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სივრციდან გაქრობა და ამ პარტიის გასამართლებაა.
18 მარტს ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გახდა. ასევე, აირჩიეს 8 წევრისგან შემდგარი მთავარი კომიტეტი. ორი დღის შემდეგ კი, კომიტეტის სხდომაზე პარტიის მმართველობითი რგოლი დაამტკიცეს. პარტიის გენერალური მდივანი – დიმიტრი ხუნდაძე, აღმასრულებელი მდივანი – გურამ მაჭარაშვილი, პოლიტიკური მდივანი – მიხეილ ყაველაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი – ეკა სეფაშვილი, რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე იქნება.
მთავარი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარტიის სამოქმედო გეგმა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, პარტიის რეგიონული სტრუქტურის ჩამოყალიბება და რეგიონებში ლიდერების შეხვედრები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან.
როგორც „ხალხის ძალის“ ლიდერები აცხადებენ, მათი პარტია არის ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში. ეს არის პარტია, რომელმაც წლინახევრის განმავლობაში გაცილებით მეტი საქმე გააკეთა, ვიდრე უკვე არსებულმა პარტიებმა და მხოლოდ ამ საქმეების მერე ფორმირდება პარტიად.
“ჩვენ ვიმყოფებოდით 30-წლიან ჩაკეტილ წრეში, სადაც არსებობდა კლიშეები, რომლებზეც შეხების უფლება არ ჰქონდა ადამიანს, სადაც არსებობდნენ აქტორები, რომლებზეც გადაბრუნებული სიტყვის თქმის შემთხვევაში საზოგადოების მტრად გაცხადებდნენ”, – ამბობს “ხალხის პარტიის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.
როგორც ლიდერები განმარტავენ, “ხალხის ძალა” შეიქმნა იმ იდეით, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, რაც მათივე აზრით, დიდ გამბედაობას საჭიროებს თანამედროვე საერთაშორისო დიპლომატიაში.
“ოპოზიციაში ცდილობენ დიდ ტურბულენტობაში მოაქციონ ქვეყანა და შეაჩერონ ეკონომიკური წინსვლა. შემდეგ კი, ამაზე აპელირებით მოითხოვონ ხელისუფლების ცვლილება. ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ესაა – “ნაციონალური მოძრაობა”, უნდა გასამართლდეს, რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით სწრაფად და მარტივად წავა ქვეყანა წინ”, – აცხადებს დავით კაჭარავა.
“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი უცხოურ ფონდებსა და პარტნიორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ჩადება. ასევე, აპირებენ დღის სინათლეზე გამოიტანონ ფაქტები, რომლებიც დაადასტურებს საქართველოში რადიკალური პროცესების უცხოური ფულით დაფინანსებას.
როგორც გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული მონაწილეობს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების შეძენასა და ქართველი პოლიციელების დაწვის მცდელობაში; საქართველოს პარლამენტის საბოტაჟში; ავტომობილების დაწვასა და კრიმინალში; ლგბტ პროპაგანდაში და ა.შ.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იციან ლგბტ საკითხის მიმართ ქართული საზოგადოების შეურიგებელი პოზიცია, მაინც აფინანსებენ იმ მცირე ჯგუფებს, რომელთაც არავინ ეხება და რომელთა უფლებებიც ქვეყანაში დაცულია, მაგრამ, მათ, დამატებით, ლგბტ პროპაგანდა სურთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ფონდებსა და უცხოელ პარტნიორებს – ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის მონაწილეობას თავი დაანებონ”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს არის რუსულ ხმებზე სანადიროდ შექმნილი პარტია, რომელმაც კონსერვატორულად განწყობილი ამომრჩეველი უნდა მიიზიდოს. დაფარული არ არის ისიც, რომ „ხალხის ძალა“ არის საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენელი ნაწილი.
„ბნელი იდეების მატარებელი, ანტიდასავლური გზავნილი“, – ასეთია ოპოზიციონერი ლიდერების განწყობა.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ “ხალხის ძალის” მიერ წამოწეული საკითხები მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. ხალხის მოთხოვნაა ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უნდა გასამართლდეს. “ოცნებაში” მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ „ხალხის ძალასთან” თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს.
ექსპრეზიდენტს სააკაშვილის პოლიტიკური პარტიის გასამართლებასა და სამართლიანობის აღდგენას საქართველოს მოსახლეობა 2011 წლის შემდეგ ითხოვს, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” კოჰაბიტაციის გზა აირჩია, რის გამოც, საკუთარი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ ეს სურათი თვალნათლივ დაინახეს, როდესაც მათი მხარდაჭერილი კანდიდატი ლამის დამარცხდა. “ოცნებამ” დაკარგა მთავარი გამწევი ძალა, ე.წ. ძველი გვარდია, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, საზოგადოებაში ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანებისგან შედგებოდა. ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა ქართველი ელექტორატის დაკვეთა, რაც “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ ახსენდება ხოლმე. ამასობაში, “ნაციონალური მოძრაობა” არა თუ გასამართლდა, ის მთავარ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბდა, რომელიც ნებისმიერ ფასად ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუნდაც რევოლუციით.
ანალიტიკოს ლევან ალაფიშვილის აზრით, ჯერჯერობით ძნელია “ხალხის ძალას” პოლიტიკური პარტია ეწოდოს, ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით. მისი აზრით, ამ გაერთიანების პოლიტიკურ ასპარეზზე პარტიად გამოჩენა “ქართული ოცნების” ინტერესებშია. მიზანი არის ერთი – ის ხმები და მხარდამჭერები, რომელიც “ოცნებამ” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაკარგა მათ წინააღმდეგ რომ არ წავიდეს. გარდა ამისა, “ოცნებამ” ვერ შეძლო ელექტორატის იმ ნაწილის შემორიგება, რომლებიც “ძველ გვარდიას” გაჰყვა.
“ძველ მეოცნებეებს კატეგორიული მიუღებლობა აქვთ დღევანდელი პრემიერისა და მეოცნებეთა ახალი თაობის – კობახიძე-კალაძის კლანის მიმართ, რომლებმაც პარტიაში დომინანტობა ჩაიგდეს ხელში. სწორედ ამიტომ, „ხალხის ძალა“, როგორც ცალკე პოლიტიკური სუბიექტი და დამოუკიდებლად მოთამაშე ძალა ნაკლებად წარმომიდგენია უახლოეს მომავალში. ეს არის „ოცნების“ სატელიტი”, – განუცხადა Dalma News-ს ლევან ალაფიშვილმა.
მისივე აზრით, “ქართული ოცნების” ეს ბოლო მცდელობაა, რომ ნეიტრალური და კონსერვატორულად განწყობილი ამომრჩეველი ან სახლში არ დარჩეს, ან სხვას არ მისცენ ხმა. მანამდე ჰქონდათ სხვა მცდელობები – „პატრიოტთა ალიანსის”, ვასაძისა და “ალტ-ინფოს” სახით, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაამართლა.
„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ან სახეებს იმახსოვრებს, ან პოლიტიკოსების გვარ-სახელებს. არ აქვს მნიშვნელობა ხუნდაძე რაზე ილაპარაკებს, ერთი-ორჯერ გამოვა, იტყვის, – ქართველობა უნდა დავიცვათო, – მნიშვნელობა არ აქვს იმის იქით მის ქცევას”, – ამბობს ალაფიშვილი.
მისივე მოსაზრებით, ის, თუ რამდენად მაღალი იქნება 2024 წლის არჩევნებში ელექტორატის აქტიურობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ხელისუფლების ქცევაზეც.
“რას შემოგვთავაზებენ პოლიტიკური პარტიები, ამაზე იქნება დამოკიდებული არჩევნების ბედი“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
შორენა პაპაშვილი