რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე საქართველოში რუსი ტურისტების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანია აგორდა. პოლიტიკურ გაერთიანება “ლელოს” შემდეგ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოვიდა ინიციატივით, რუს ტურისტებს საქართველოში დარჩენის უფლება ერთ თვემდე შეეზღუდოთ. ხოლო “ლელო” რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლის გამო, სავიზო რეჟიმის ამოქმედებას მოითხოვს. ასევე, ოპოზიცია მთავრობას სთავაზობს, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენასა და სამეწარმეო საქმიანობაზე შეზღუდვა დააწესოს.
ნაციონალების ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უნდა იყოს სპეციალური პუნქტი, სადაც რუსეთის მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ვალდებულება ექნება.
“რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეებმა 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაარეგისტრირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ვარკეთილის ან გლდანის ერთი მიკრორაიონი მხოლოდ უკანასკნელ 6 თვეში შეიძინეს. ამავე 6 თვეში 6 000-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმის კომპანია დააფუძნეს, ანუ საქართველოში ინდმეწარმეებად დარეგისტრირდნენ”, – აცხადებს “ენმ”-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.
იგი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, იმაში, რომ სათანადოდ არ კონტროლდება ქვეყანაში რუსების გადაადგილება, რაც ხაბეიშვილის შეფასებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა.
რუსი ეროვნების ტურისტების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას “ქართული ოცნების” მთავრობის ლიდერები მიზანმიმართულ ქსენოფობიურ და სამარცხვინო კამპანიას უწოდებენ.
“ვინმეს თუ ევროპელობა უნდა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.
ირაკლი კობახიძემ ზოგიერთი მედიასაშუალება დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, თითქოს, დღეისთვის საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ.
“რეალურად რომ ავიღოთ მონაცემები, 1%-იც არ იქნება. ჯამში, რაც შემოვიდა თავის გასულებიანად, არის 242 000 ადამიანი. წინა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები და სანქციები დავაწესოთ. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული და ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება”, – განაცხადა კობახიძემ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა რუსეთის ეკონომიკაზე. მისივე შეფასებით, ამ ორგანიზაციის არც ერთ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს.
“მათი მიზანია, როგორმე ხელი შეუწყონ ომის ვითარების გაღვივებას”, – აცხადებს კობახიძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. შემდეგ მოდიან სომხეთი და თურქეთი. ტურიზმის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციას ეყრდნობა.
მათივე ცნობით, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემებს დაახლოებით სამი ათასით ჩამორჩება. კერძოდ, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამდე, 2019 წლის ივლისში რუსეთიდან 159 063 მოქალაქე ჩამოვიდა, 2020-21 წლებში კი, პანდემიის შეზღუდვების გამო, 25 059 ადამიანი. შარშანდელთან შედარებით ცვლილება 525.5%-ია, 2019 წელთან შედარებით კი, -2.32%.
ამასთან, 2022 წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 118 ათასი შეადგინა; ჯამში, იანვარ-ივლისში ქვეყანაში 2 344 329 ვიზიტიორი შემოვიდა. ქვეყანაში მათი შემოშვების საკითხს საზღვარზე მესაზღვრე წყვეტს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის მარტში, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში გაუქმდა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციური პარტიების ინიციატივას წმინდა პოპულისტურ ნარატივს უწოდებს, რაც ყოველგვარი კრეატივის, გათვლებისა და ანალიზის გარეშე ემოციურ მუხტზეა აგებული.
როგორც Dalma News-ს გიორგი ცუცქირიძემ განუცხადა, ქვეყნები, რომლებმაც ტურისტული ინდუსტრია გაზარდეს, სავიზო რეჟიმს კი არ ამყარებენ, პირიქით, აუქმებენ.
“პრობლემა არ წყდება სავიზო რეჟიმის დაწესებით. ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური სარჩული. როცა ასეთ გადაწყვეტილებას ქვეყანა იღებს, მეორე ქვეყნისგან შეიძლება საპასუხო ნაბიჯები მოჰყვეს. როცა ასეთი მოწოდებები კეთდება, ანალიზი უნდა გაკეთდეს, რა საპასუხო ნეგატიური პროცესები ექნება ასეთ გადაწყვეტილებას. როგორ აისახება ეს ტურიზმის სფეროზე, ზოგადად ეკონომიკაზე და ა.შ”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, თუ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბევრი ადამიანი შემოდის აქ საცხოვრებლად და უძრავ ქონებას იძენენ, ყველა სახელმწიფოს და მათ შორის, საქართველოს აქვს ბერკეტი გააკონტროლოს აქ ბიზნესაქტივობა.
“რუსეთის მოქალაქეები აქ ბიზნესს თუ დაიწყებენ და გადასახადების გადამხდელები გახდებიან, ისევ ჩვენს ბიუჯეტში შევა ის თანხები და კონტროლიც შესაბამისი იქნება. კონტროლის დაწესება და ამ ნაკადების მართვა არის უკვე სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა გააკონტროლოს ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული ტურისტი რასისა თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად”, – ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, თურქეთი, რომელსაც უამრავი ომები ჰქონდა რუსეთთან, ყველაფერს აკეთებს დღემდე, რომ რუსი ტურისტების ნაკადი თურქეთისკენ გადაამისამართოს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია გადაჭარბებულს უწოდებს ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს, რომ წლეულს განსაკუთრებით ბევრი რუსი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ასეც რომ იყოს, სავიზო რეჟიმის შემოღება გარკვეულწილად შეაფერხებს ტურისტების შემოდინებას, ბევრით არა, მაგრამ მაინც შესამჩნევად.
შენგელიას თქმით, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 67 %-ით არის აღდგენილი ტურისტული სექტორი.
“ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გართულებული აქვთ რუსეთში ვიზის გარეშე შესვლა და საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული რუსეთის ვიზის აღება. თუ გაართულებენ მოსახლეობის ამ ნაკადის შემოდინებას, ტურისტულ სეზონზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, ტურისტი 2-3 კვირით შემოდის. ვინც აქ უძრავ ქონებას იძენს, მათ მიმართ შეიძლება იყოს გარკვეული მოთხოვნები. რუსეთის მოქალაქეებს ჩვენთან ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ, თუმცა ამ ვადების შემცირება შეიძლება”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.
რაც შეეძლება კითხვას, უკავშირდება თუ არა ლარის გამყარება ტურისტების შემოდინებას, ნიკა შენგელიას აზრით, ქვეყანაში, სადაც ეროვნული ვალუტა არის გამყარებული ტურისტების მიზიდულობა ნაკლებია, იმიტომ, რომ ტურისტებს დიდი ხარჯი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარებულია, კვება საქართველოში ძალიან გაძვირებულია.
ქვეყანა, რომელიც ტურიზმით ირჩენს თავს, დღეს არჩევანის წინაშეა, მიიღოს თუ არა რუსი ტურისტები? ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც ოპოზიციისგან საპირისპირო პოზიცია აქვს და ქსენოფობიურ განცხადებებს ემიჯნება, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ტურისტების იმ ნაკადს, რომელსაც საქართველო უარს ეტყვის სიამოვნებით გაუღებენ კარს რეგიონის სხვა ქვეყნები, შესაბამისად ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს დაკარგავს. მეორე მხრივ, რუსების მიმართ ქსენოფობიური განცხადებები, რაც უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებით არის განპირობებული, რიგით ადამიანებში შიშს აღძრავს და თავს შეიკავებენ შვებულების ისეთ ქვეყანაში გატარებისგან, სადაც დევნისა და აგრესიის ობიექტები გახდებიან.
გიორგი ქართველი