რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ოქტომბერში, 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.0%-მდე შეამცირა, ხოლო გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით, 2.7%-მდეა შემცირებული.
IMF-ის შეფასებით, გლობალური ფინანსური კრიზისისა და პანდემიური კრიზისის შემდეგ, ამჟამად ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკური ვითარებაა.
მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშით 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.8%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული, თუმცა 11 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში 1.8%-იანი კლება ფიქსირდება. მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება ინფლაცია, თუმცა პიკი 2022 წლის ბოლოსთვის 8.8%-ის ფარგლებში დაფიქსირდება.
რაც შეეხება 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ის ისევ 9.0%-იან ნიშნულზეა; აგრეთვე უცვლელია 2027 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი და ის ისევ 5.2%-ს შეადგენს.
“უარესი ჯერ კიდევ წინ არის. მოსახლეობის დიდი ნაწილი რეცესიას 2023 წელს იგრძნობს. გლობალური ეკონომიკის მესამედი ორი კვარტლის განმავლობაში მშპ-ის შემცირების წინაშე აღმოჩნდება; აშშ-ის, ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკა კი შენელებას განაგრძობს”, – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების განმაპირობებელი მიზეზები რუსეთ-უკრაინის ომი, პანდემია, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გაღრმავება, ენერგორესურსების, სურსათისა და საკვები პროდუქტების გაძვირება და მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდაა.
ეკონომიკის სფეროში ექსპერტის ნიკა შენგელიას შეფასებით, საქართველოში მშპ 2010 წლის შემდეგ საგარეო ვალების საფუძველზე იზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმოდგენილი ციფრები სახარბიელოა, მაგრამ მოსახლეობა კეთილდღეობას ვერ გრძნობს.
ნიკა შენგელია მომავალი წლისთვის საქართველოს ეკონომიკაში ორნიშნა ზრდას არ ელოდება და ვარაუდობს, რომ 2021 წელთან შედარებით მშპ-ს 4%-დან მაქსიმუმ 6 %-მდე ზრდა დაფიქსირდება. ხოლო არსებული ორნიშნა ზრდა შოკური ეფექტის შედეგია, რაც გამოიწვია რეგიონალურმა ომმა, მიგრაციამ და მიგრანტებისა და ქართველი ემიგრანტების მიერ ქვეყანაში შემოტანილმა ფულმა.
“ეკონომიკის ზრდა, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ძირითადად იყო აღებული საგარეო ვალებით, ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები. ინფრასტრუქტურული პროექტები ახლაც ხორციელდება, იგივე რიკოთის გზა, კახეთის შემოვლითი გზა, ეს ყველაფერი კეთდება არა ბიუჯეტიდან, არამედ აღებული სესხის ხარჯზე”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.
მისივე შეფასებით, ქვეყანამ შეძლო პოსტკოვიდური ვითარებიდან გამოსვლა. 2024 წლისთვის იგი ტურისტული ნაკადის სრულად აღდგენას პროგნოზირებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რაიმე ახალ რეგიონალურ ომში არ გაეხვევა.
“საგარეო პოლიტიკურმა რისკებმა ამ დრომდე საქართველოსთვის დადებითად იმოქმედა. საქართველო არ შეუერთდა სანქციებს. ჩვენ რუსეთიდან ვსარგებლობთ იაფიანი ნავთობპროდუქტებით, იაფი ხორბლით. მაგრამ ახლა, როცა ამტკიცებენ უკვე სანქციებს და ევროკავშირი აპირებს მესამე ქვეყანას დაადოს სანქციები, აქ უკვე ვხედავ საშიშროებას, თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინ უკვე გაიზრდება ფასები და ამის ხარჯზე იქნება ეკონომიკის 6%-მდე ზრდაც, ანუ ინფლაციის ხარჯზე. თუმცა ეს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახება, იმიტომ, რომ ყველაფერი გაძვირდება”, – აცხადებს ნიკა შენგელია.
შედარებით ოპტიმისტური მოლოდინები აქვს ექსპერტ ოთარ ანგურიძეს. მისი მოსაზრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას და პროგნოზებში სიფრთხილეს იჩენს, რაც რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონლიქტით არის განპირობებული.
“ომიდან გამომდინარე არაპროგნოზირებადი ვითარება შეიქმნა ევროპაში. კატასტროფულად უფასურდება ევრო. შეიძლება ითქვას რეკორდებს ხსნის, რაც ევროსთვის საკმაოდ დამანგრეველი მომენტია”, – განუცხადა Dalma News-ს ეკონომიკის სფეროში ექსპერტმა ოთარ ანგურიძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი, თუ მსოფლიო ბანკი მსგავსი ტიპის პროგნოზებს, ტრადიციულად წლის დასაწყისში და წლის ბოლოს აკეთებენ. ოთარ ანგურიძის განმარტებით, წლის დასაწყისის პროგნოზი ყოველთვის დაბალია, იმიტომ, რომ ურჩევნიათ არ გარისკონ და ცდომილების შეთხვევაში მაღალი ზრდა დაფიქსირდეს, ვიდრე ვარდნა.
ექსპერტის პროგნოზით, საქართველოში მშპ-ის რეალური ზრდა შესაძლოა 5,8%-ზე მეტიც იყოს, არც იმას გამორიცხავს, რომ “წინა წლის მსგავსად, 2022 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაიხუროს”.
“იმავე პროგნოზში საუბარია იმაზე, რომ უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელს ევროპასა და აზიის კონტინენტზე და მსოფლიოში ვიქნებით მეორე ადგილზე. საუბარია 2022 – 2027 წლებზე. კარგი წელი გვაქვს, ტურიზმმა გადააჭარბა პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს. კარგი დინამიკა გვაქვს ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისითაც. მართალია იმპორტის დროს ფული ქვეყნიდან გადის, მაგრამ ეს კარგი არის იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად მყიდველუნარიანია ჩვენი მოსახლეობა. თუ ქვეყანაში არ იქნება ფული იმპორტი ვერ გაიზრდება“, – აცხადებს ანგურიძე.
მისივე თქმით, იმპორტის ზრდა ნებისმიერ სიტუაციაში გვიჩვენებს, რომ მოხმარება არის გაზრდილი. ამასთან იზრდება ინვესტიციებიც და დღეის მონაცემებით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან მიახლოებული მაჩვენებელი.
მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა გამოვიდა პოსტკოვიდური ვითარებიდან, თუმცა არსებობს სხვა გამოწვევებიც. მაგალითად, უკრაინის ომის გამო, საქართველომ უკრაინის მიმართულებით ექსპორტ-იმპორტი შეამცირა. ყოველივე ამან საქართველოს ეკონომიკაზეც იმოქმედა, მაგრამ ექსპერტის აზრით, მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკამ თავისი დადებითი შედეგი გამოიღო.
“პანდემიის პერიოდში სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის თანამშრომლობამ საკმაოდ კარგი როლი ითამაშა და შემდგომ უკვე, ბოლო პერიოდში, მშვიდობის პოლიტიკამ. ჩვენს სამეზობლოში თითქმის ყველა ქვეყანა საბრძოლო ვითარებაშია, ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ საქართველოში ომი არ იქნება. ამის საფუძველზე მეზობელი ქვეყნებიდან – უკრაინიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ბიზნესებმა საქართველოში გარკვეული ტიპის კაპიტალი გადმოიტანეს. ბიზნესს სჭირდება სტაბილური, პროგნოზირებადი გარემო, ეს გვეხმარება ჩვენ კარგი ეკონომიკური შედეგების დადებაში“, – აცხადებს ოთარ ანგურიძე.
საუბარი იმაზე, თუ როგორ განვითარება პროცესები ახლო მომავალში ძნელი სათქმელია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ზამთრის სეზონზე, როგორი იქნება აშშ-სა და ევროპის სანქციების პოლიტიკა რუსეთის მიმართ. დღევანდელი მოცემულობა კი ასეთია – ევროპის და აზიის კონტინენტი დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთზე ენერგორესურსების თვალსაზრისით და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის, რომელიც რუსეთისგან ნავთობპროდუქტებს იღებს.
“რისკები საქართველოს ეკონომიკას ნამდვილად ელოდება, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს რისკები დაძლევადია. არ შევედით კომფროტაციაში არც განცხადებებით და არც ქმედებებით, ამან მოგვიტანა ის, რომ ქვეყანა იქცა მიზიდულობის ცენტრად რეგიონში, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსით. ნებისმიერი კრიზისი აჩენს ახალ შესაძლებლობებს. ეს კრიზისები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის”, – აცხადებს ექსპერტი.
შ. ქარჩავა