2019 წლის ბოლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში გაურკვეველი წარმოშობის პნევმონიის აფეთქება დაფიქსირდა. დაავადება კორონავირუსის ახალ ტიპს მიაკუთვნეს, რომელსაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 თებერვალს COVID-19 უწოდა.
სტატიის დაწერის პერიოდში, მთელს მსოფლიოში კორონავისურით დაინფიცირებული იყო 120 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი – 4 ათასამდე. აზერბაიჯანში დაავადება 15 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 500 – კარანტინში იმყოფება.
იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გავლენა მოახდინა კორონავირუსმა აზერბაიჯანის ცხოვრებაზე, Dalma News-ის კორესპონდენტი ექსპერტებს გაესაუბრა.
პოლიტოლოგ ილგარ ველიზადეს მიაჩნია, რომ კორონავირუსმა აზერბაიჯანის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არეულობა შეიტანა. კერძოდ, გაუქმდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის ნავთობის მეორე საერთაშორისო სამიტი Argus და ბაქოს VIII გლობალური ფორუმი.
ამგვარი ცვლილებები გარკვეულწილად ხელს უშლის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ დიალოგს. თანაც ეს მხოლოდ აზერბაიჯანის პრობლემა არ არის.
“აზერბაიჯანი ბოლო წლები სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების ცენტრად იქცა. ახლა კი, კორონავირუსის გამო, თავის ამ ფუნქციას ვეღარ შეასრულებს”,- განაცხადა პოლიტოლოგმა.
პოლიტიკური კონტაქტების გაუქმება, ან ვიზიტების გადადება, ცხადია აზერბაიჯანს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის განხორციელებაში უშლის ხელს. ყველაფერი, რაც ამჯერად ხდება, გარკვეულწილად პოლიტიკური კარანტინია,- მიაჩნია ილგარ ველიზადეს.
ფაქტობრივად, ყველაფერი პოლიტიკურ კარანტინშია და ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ ვითარება მალე გამოსწორდება,- დასძინა ველიზადემ.
თავის მხრივ, პოლიტოლოგმა ტოფიკ აბასოვმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ფაქტორი დღეს უსაფრთხოების მთელ გლობალურ სისტემაზე ახდენს გავლენას. გარდა ამისა, მან ხალხში სერიოზული პანიკა გამოიწვია. ეს განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში შემავალ ხალხს ეხება.
აზერბაიჯანში, რომელსაც ირანთან – სადაც დაავადების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეპიცენტრია – ტრანსსასაზღვრო ზონა აქვს, ცხადია უსაფრთხოებაზე ღელავენ, ფიქრობენ საკუთარი მოსახლეობის დაცვაზე და ამ ქვეყნებს შორის ხალხის მოძრაობის ყველა შესაძლებელ შეზღუდვაზე, – დასძინა პოლიტოლოგმა.
“აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში დესტაბილიზაცია არ არის“,- განაცხადა მან და დასძინა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყველა სანიტარულ-ჰიგიენური სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი, ხოლო ინფიცირებულების და კარანტინში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ქვეყანაში, მინიმალურია.
ქვეყნის სამედიცინო სამსახურები საერთო ვითარებას აკონტროლებენ, რაც შესაბამისად ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე აისახება, – განაცხადა რესპონდენტმა. ერთადერთი, რაც მისი აზრით, რთული გასაკონტროლებელია – ე.წ. ფეიკ-ამბებია. მისი თქმით, სოციალურ ქსელში ინფიცირებულების და მათი კრიტიკული მდგომარეობის შესახებ დღეს, სხვადასხვაგვარი ჭორები ვრცელდება, რაც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სერიოზული პანიკის გავრცელებას უწყობს ხელს.
თუმცა, ოპერატიული შტაბი, რომელიც მინისტრთა კაბინეტების საფუძველზე შეიქმნა, კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაციას დროულად აწვდის და შედეგად პანიკური განწყობილების შეკავებაც შესაძლებელი ხდება, – დასძინა აბასოვმა.
ეკონომიკის რუსული სკოლის UNEC-ის დირექტორის მოადგილე, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელშარ მამედოვი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ კორონავირუსი აზერბაიჯანის ეკონომიკას ზარალს მიაყენებს. თუმცა, ამასთანავე, არ ღირს მისი მასშტაბების არ გათვალისწინება.
ეკონომისტის თქმით, კორონავირუსის გავლენა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე, ძირითადად იმ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან საზღვრების ჩაკეტვაში გამოიხატება, როგორებიცაა ირანი და საქართველო.
ეს ნაბიჯი გამოიწვევს ფასების ზრდას, ძირითადად ირანიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე. სამამულო პროდუქტები კი, რომლებიც ირანულის ანალოგია, საზღვრების ჩაკეტვის და მათზე მოთხოვნის გაზრდის შემდეგ, აუცილებლად გაძვირდება, – განმარტა მან.
“არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები შექმნილ ვითარებაში ხელის მოთბობას აუცილებლად შეეცდებიან”, – დასძინა ელშარ მამედოვა.
ყველაზე მეტად, მამედოვის თქმით, აზერბაიჯანული ეკონომიკა შეიძლება დააზარალოს იმ დარტყმამ, რომელსაც კორონავირუსი ნავთობის ფასს მიაყენებს. ნავთობი აზერბაიჯანის მთავარი საექსპორტო პროდუქტია და ამ თვალსაზრისით, ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება სერიოზულად დაზარალდეს, – დაასკვნა ეკონომისტმა.
ალექსანდრა ზუევა
მურად ორუჯევის ფოტო