ქალაქ ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლოსთან არსებულ, ქართული ქორეოგრაფიული ცეკვის ანსამბლ “ნანილას” იტალიელი მაყურებელი უკვე კარგად იცნობს. 2011 წელს, ტოსკანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მოთხოვნით, საქართველოს საპატრიარქომ ფლორენციაში მამა ანდრია (ლაცაბიძე) მიავლინა და ემიგრანტებს საშუალება მიეცათ, უცხო მიწაზე წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მოესმინათ. შედეგად შეკრიბეს მგალობელთა გუნდი, რამდენიმე წლის შემდეგ კი, ქართველი ემიგრანტების მონდომებისა და ენთუზიაზმის წყალობით, 2013 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ნანილა”, რომელიც აკურთხა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა, მეუფე აბრაამმა (გარმელია).
მომღერალთა გუნდს სათავეში ჩაუდგა მუსიკალური ხელმძღვანელი ნანა ჩიხიაშვილი, ხოლო მოცეკვავეთა ჯგუფს – ცნობილი ქორეოგრაფი რიტა სიმსივე. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მაკა მონიავა იყო, რომელიც უკვე დაბრუნდა სამშობლოში.
“ნანილა” სვანურ იავნანას ნიშნავს. 2017 წლის ნოემბერში ანსამბლს 4 წელი უსრულდება. ეს არც თუ დიდი დროა ანსამბლისთვის, რომ ცნობადი გახდეს, მაგრამ “ნანილამ” სახელის მოხვეჭა ძალიან მოკლე დროში შეძლო. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, ემიგრანტი მოცეკვავეები უკვე წარმატებით გამოდიან სხვადასხვა ფესტივალებზე, მართავენ საქველმოქმედო კონცერტებს და ეხმარებიან მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები არც 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის მიმართ დარჩენილან გულგრილნი, რასაც მაშინ ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ანსამბლის მომღერალთა გუნდმა, საგანგებოდ გამართა გალობისა და ხალხური სიმღერის საღამო და შემოსული თანხა წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გადაირიცხა. 12 თებერვალს კი “ნანილამ” საქველმოქმედო კონცეტრი ქართული მრევლის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ცუცქირიძის დასახმარებლად გამართა, რომელიც მძიმედ არის ავად.
“2014 წლიდან ვმონაწილეობთ საქველმოქმედო კონცერტებში: პიზაში, ფლორენციაში, მანტოვაში, ემპოლში, ვენეციაშ, სკანდიჩში. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად იხარჯება ქველმოქმედებისთვის. „ნანილამ“ ორი ბინა უყიდა გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია დააფინანსა. იტალიურ პრესაში არაერთი სტატია დაიწერა ჩვენს ანსამბლზე. ვსარგებლობთ პოპულარობით, რამდენიმე ფესტივალში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, ერთ-ერთზე საპატიო სტუმრად მიგვიწვიეს. ვემზადებით ვენეციის საერთაშორისო ფესტივალისთვის, მაისში. მთელი გულით და სულით ვმუშაობთ, რომ საქართველომ ჩვენით იამაყოს”,- განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას რიტა სიმსივემ.
ცეკვა მთელი სამყაროა…
რიტა სიმსივეს, სამშობლოში წარმატებული პროფესიული კარიერისა და ორი არასრულწლოვანი შვილის დატოვება ოჯახური პირობების გამო მოუხდა და უკვე 10 წელია, იტალიაში მომვლელად მუშაობს. ცეკვის მიმართ უსაზღვრო სიყვარული, მას გაუსაძლისი ნოსტალგიის გადალახვაში ეხმარება. თავად 6 წლის ასაკიდან ცეკვავს და ამბობს, რომ ცეკვა მისთვის მთელი სამყაროა.
სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა აკაკი ვასაძის სახელობის ქუთაისის საგანმანათლებლო სასწავლებელში ქორეოგრაფიის ფაკულტეტზე, სადაც პედაგოგად დატოვეს და 1989 წლიდან 2007 წლამდე იმუშავა. მოცეკვავეთა არაერთმა თაობამ გაიარა მის ხელში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით. ქუთაისში, ასევე, მუშაობდა პეტრიწის სახელობის დამოუკიდებელ ინსტიტუტში ლექტორ-ქორეორგაფად; 2003 წლიდან 2007 წლამდე კი, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში. გაფორმებული აქვს, რამდენიმე სპექტაკლი ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიურ და ნიღბების თეატრებში. 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა თანამედროვე და მსოფლიო ხალხთა ცეკვის ანსამბლ “გრაციას”, რომელსაც არაერთ ფესტივალსა და კონკურსში აქვს გამარჯვება მოპოვებული. ანსამბლმა იმოგზაურა ესპანეთში, იტალიაში, ბულგარეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში. ასევე, ხელმძღვანელობდა ქუთაისი #2 საჯარო სკოლასთან არსებული ქართული ცეკვის ანსამბლ “ორნატს”.
“2007 წელს კი, ეს ყველაფერი დასრულდა და წამოვედი იტალიაში, რაც დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში და დღემდე ვნანობ. ჩემი მეუღლე ძალიან ავად იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვში მკურნალობდა, ხერხემლის თიაქარის დიაგნოზით. მისთვის არ შეიძლებოდა ფიზიკური დატვირთვა. გადავწყვიტე სამუშაოდ საზღვარგარეთ წავსულიყავი. მაშინ მეგონა, 2 წლით წამოვიდოდი, გარკვეული თანხის მოგროვებას შევძლებდი და დავბრუნდებოდი უკან. 2010 წლის თებერვალში მეუღლე გარდამეცვალა, დამრჩა ორი მცირეწლოვანი ვაჟი, რომლებიც გზაზე მარტოს უნდა დამეყენებინა”… – აცხადებს ქალბატონი რიტა.
ცეკვის სიყვარულმა ის მძიმე დეპრესიისგან იხსნა და მისცა შესაძლებლობა უცხო ქვეყანაშიც ქართული საქმეს ეკეთებინა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, კვირის ბოლოს მთელი ენთუზიაზმით მიემგზავრება ფლორენციაში, რომ ანსამბლ “ნანილას” მოცეკვავეებთან რეპეტიცია ჩაატაროს. ანსამბლში მისვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ქართველი ემიგრანტები ცეკვავენ, 12 გოგონა: მაია სიმონიშვილი, თამუნა გულედანი, თამუნა მანაგაძე, თეონა ყურაშვილი, თეონა ფირცხალავა, ლელა ჟვანია, ლელა გურული, მაია ღვედაშვილი, მარი ზაქარაშვილი, ნანა ჩიხიაშვილი, ნინო სვანიშვილი, თიკო საბანოვი და 5 ვაჟი: ბორის წულაია, ნოდარ მსხვილიძე, ბაქარ ლომიძე, ფირუზი აფციაური და ბესო ბაშალეიშვილი.
“ეს სამრევლოსთან არსებული ანსამბლია და ყველას შეუძლია მოვიდეს, როგორც პროფესიონალ მოცეკვავეს, ასევე მოყვარულს. კვირაში ერთხელ მეცადინეობით, ძნელია ანსამბლის აკადემიურად მომზადება, მაგრამ დაუღალავი შრომით ამას ვაღწევთ. ჯერჯერობით ანსამბლში მხოლოდ ქართველები ვართ”, – ამბობს რიტა სიმსივე და აღიარებს, რომ მოცეკვავეების მიმართ ძალზედ მომთხოვნია. არც თავად ზოგავს თავს და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს.
“ძალიან მომთხოვნი ვარ, რადგან ჩემს უკან მაყურებელია. ძალიან ბევრს ვშრომობთ. სიმკაცრის შედეგია ის, რომ 6 სრული ცეკვა გვაქვს, რომლითაც გამოვდივართ კონცერტებზე. ესენია: აჭარული „განდაგანა“, ცეკვა “ქალაქური”, “რაჭული”, “ნარნარი”, „მთიულური“ და “ცეკვა ქართული”, რომელიც ბოლო 2 კონცერტზე, 28 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ვიცეკვე. მეგონა პირველად ვიდექი სცენაზე. მეცოდება ის ადამიანი, ვისაც არასდროს უცეკვია და ეს გრძნობა არ გამოუცდია”, – ამბობს იგი.
პატარა საქართველო ფლორენციაში…
პროფესიონალი მოცეკვავე მაია სიმონიშვილი, წლების წინათ სამშობლოდან სამუშაოდ უცხო ქვეყანაში რომ მიდიოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ისევ დადგებოდა დრო, როცა საყვარელი საქმით დაკავდებოდა, რომ ისევ შეძლებდა ეროვნულ სამოსში შემოსილს ქართული ეროვნული კულტურა გაეცნო უცხოელი მაყურებლისთვის და რომ მისი პედაგოგი კვლავ რიტა სიმსივე იქნებოდა. ახლა კი სჯერა, რომ სასწაულები ხდება.
“წლების წინ, როდესაც ემიგრანტთა რიგებს შევუერთდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო და საყვარელ საქმეს გავაგრძელებდი, ისევ შევძლებდი ჩემი შემოქმედებით გამეცნო ჩემი ქვეყნის ისტორია, ტრადიცია და ფოლკლორი იტალიელებისთვის. აღმოჩნდა რომ ოცნებები ხდება. არქიმანდრიტმა ანდრიამ (ლაცაბიძე) მარგალიტებივით გაბნეული უამრავი ნიჭიერი ქართველი ერთად შეკრიბა. რიტა სიმსივე, საქართველოში ჩემი ლექტორი იყო. ალბათ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ისევ მისი მოსწავლე ვიქნებოდი და ისიც ემიგრაციაში. მას ეს საქმე ძალიან უყვარს, თავს არ ზოგავს. “ნანილა” ჩემი პატარა საქართველოა. მახარებს მისი წარმატებები. კიდევ ბევრი მადლიანი და კეთილი საქმე გვეკეთებინოს ყველა წევრთან ერთად”,- ამბობს მაია სიმონიშვილი.
Dalma News-ი შეეცადა თავისი ერთგული მკითხველისთვის შეძლებისდაგვარად გაეცნო ის გოგონები, თუ უკვე ქალბატონები, რომლებიც სამშობლოს და ოჯახს მოწყვეტილები ცდილობენ ქართული ეროვნული კულტურის პოპულარიზაციას და უშრეტი ენთუზიაზმის წყალობით სასიკეთო საქმესაც აკეთებენ.
ნინო სვანიშვილი ანსამბლ “ნანილას” ყველაზე ახალგაზრდა წევრია. მისი მშობლები უკვე მრავალი წელია ფლორენციაში ცხოვრობენ და მუშაობენ. სკოლის დამთავრებისთანავე ნინოც თან წაიყვანეს. როგორც ნინომ გვითხრა, “ნანილას” კონცერტებს ყოველთვის ადევნებდა თვალს და მათთან ცეკვაზეც ოცნებობდა. ეს სურვილი ერთი წლის წინათ აუსრულდა და მისი დებიუტი ქალაქ სპოლეტოში ერთ-ერთ კონკურსზე შედგა, სადაც “ქალაქურით” წარსდგა. მეორე გამოსვლა კი, უკვე 2017 წლის 12 თებერვალს ჰქონდა. ძალიან ნერვიულობდა და პასუხისმგებლობის გრძნობა არ ტოვებდა, მაგრამ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა.
“რამდენიმე ადამიანმა მითხრა: – სცენაზე პროფესიონალი მოცეკვავესავით ცეკვავთ და დიდი ემოცია მოგვაქვთ მაყურებლამდეო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ პროფესიონალები, უმრავლესობამ აქ ისწავლა ცეკვა, მაგრამ ყველამ ერთად შევძელით ის, რომ ასეთი კომპლიმენტები მივიღეთ. მადლობელი ვარ “ნანილას” თითოეული წევრის, ჩემი თბილად მიღებისთვის. პირველ რიგში კი, რიტა მასწავლებლის, რომ მომცა საშუალება მეგრძნო ის სიამაყე და ბედნიერება, რასაც უცხოელი მაყურებლის წინაშე მოსვლისას ვგრძნობთ”,- ამბობს ნინო სვანიშვილი.
იგი ანსამბლის ხელმძღვანელს თავისი საქმის პროფესიონალად ახასიათებს, თუმცა, აღიარებს, რომ ძალიან მომთხოვნია და მაქსიმალურად ცდილობს, მოცეკვავეებმა საკუთარი შესაძლებლობები გააუმჯობესონ.
ნანა ჩიხიაშვილმა და თამუნა გულედანმა “ნანილაში” ცეკვა ორი წლის წინათ დაიყეს. ისინი ბავშვობიდან ცეკვავენ, მაგრამ ემიგრაციაში მყოფთ მივიწყებულიც კი ჰქონდა. ამბობენ, რომ ქორეოგრაფისგან ბევრი რამ ისწავლეს. სამშობლოდან წასულებს სურდათ ეპოვათ საკუთარი ადგილი, რადგან დიდი გონებრივი ძალისხმევა სჭირდება უცხო ქვეყანაში ცხოვრების განსხვავებულ პირობებთან შეგუებას.
“ემიგრაციაში ყოფნა არ არის ადვილი. დიდი გონებრივი ძალისხმევა სჭირდება აქაურ პირობებში არსებობას. ვცდილობთ მაქსიმალურად შევავსოთ ერთმანეთი. ერთი დიდი ოჯახი გავხდით. ქალბატონი რიტას პიროვნებაში ღრმად დევს ხელოვნების სიყვარული, რომელიც მკვეთრად შეიმჩნევა ყოველ რეპეტიციაზე. ჩვენ პირველ რიგში ვართ მეგობრები. გვაერთიანებს დიდი სიყვარულით გამთბარი ოჯახი – “ნანილა”, – ამბობს თამუნა გულედანი.
მისი თქმით, ცამეტი წლის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა სცენას, მაგრამ უცხო მიწაზე და ემიგრანტი ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლა მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. დარწმუნებულია, რომ იტალიაში ყველანი დროებით არიან ჩასულები და ადრე, თუ გვიან ანსამბლის დატოვებაც მოუწევთ, მაგრამ ყოველი ნაბიჯი ტკბილ მოგონებად დარჩებათ. მათ ერთი ნატვრა აერთიანებთ, დაბრუნდნენ სამშობლოში და იქ აკეთონ საყვარელი საქმე.
თეონა ყურაშვილის აზრით, სამშობლოდან შორს ყოფნა იოლი არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ამასაც ეჩვევა ადამიანი. იძენს ახალ მეგობრებს, განსაზღვრავს ახალ პრიორიტეტებს და მიჰყვება ცხოვრებას. მთავარი კი, მაინც ის არის, რომ წარმოადგენ შენს ქვეყანას და ყველაფერს აკეთებ, რაც მას სჭირდება. ეს კი, ქველმოქმედებაა.
“სწორედ ჩვენი თანამოძმეების გვერდში დასადგომად, ქართული კულტურის წარმოსაჩენად ვართ გაერთიანებულნი ანსამბლ “ნანილაში”. დროის სიმცირის მიუხედავად, პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმეს და ჩვენი გამოსვლები, სხვადასხვა ქალაქების სცენებზე, არაერთი მადლობის სიგელით არის დაჯილდოებული”,- აცხადებს თეონა ყურაშვილი.
ანსამბლის წევრები იტალიის სხვადასხვა ქალაქებში არიან გაფანტულები, კვირაობით კი, ფლორენციაში იყრიან თავს და რეპეტიციებს გადიან. “ნანილაში” პატარების ჯგუფიც აქვთ, სადაც იტალიაში დაბადებული ქართველი ბავშვები ეუფლებიან მშობლიური ცეკვის ილეთებს. ამ ბავშვებმა ქართული თითქმის არ იციან, ამიტომ ქალბატონი რიტა განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს, მათ მაქსიმალურად სწორად მიაწოდოს ქართული ცეკვის შინაარსი და ისტორია.
შორენა პაპაშვილი