საქართველოში, უკანასკნელი 6 წელია, განქორწინებები გახშირდა. მარტო მიმდინარე წლის დასაწყისში ოფიციალურად დაქორწინებული 10,5 ათასი წყვილიდან დაახლოებით 5,3 ათასი განქორწინდა (საქართველოს მოსახლეობას დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანი შეადგენს), ამის შესახებ ინფორმაციას ქართული მედია ეროვნული სტატისტიკური სამსახურის, “საქსტატის” მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“წყვილები, ყველაზე ხშირად, თბილისში განქორწინდებიან. 2019 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, დედაქალაქში სამი ათასზე მეტი ქორწინება დაფიქსირდა, ხოლო განქორწინება -1,8 ათასზე მეტი”, – ნათქვამია “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის შემდეგ მაღალი მაჩვენებელი იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც დაქორწინდა 1,7 ათასზე მეტი და განქორწინდა 919 წყვილი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იგივე პერიოდში ქორწინება გააფორმა ათასზე მეტმა, ხოლო განქორწინება – 429 წყვილმა.
ქორწინება-განქორწინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში, სადაც მიმდინარე წელს 37 წყვილი განქორწინდა.
“2019 წლის განქორწინებების მაჩვენებელი დიდად არ განსხვავდება 2018 წლისგან, რომლის ანალოგიურ პერიოდში 5 ათასზე მეტი განქორწინებაა დაფიქსირებული. მაგრამ ამ მონაცემებს თუ შევადარებთ ბოლო 10 წლის სტატისტიკას,მაშინ განქორწინებების მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი”, – ნათქვამია კვლევაში.
“საქსტატის” ინფორმაციით, კვლევაში განხილულია მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემები, ამიტომ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი წყვილი სამოქალაქო ქორწინებას ანიჭებს უპირატესობას და არიან ისეთები, რომლებიც დაშორდნენ, მაგრამ ოფიციალურ განქორწინებას არ აფორმებენ.
რაც შეეხება 2018 წელს, ამ პერიოდის განმავლობაში რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 23 202 იყო (2017 წელს – 23 684, ხოლო 2016 წელს – 25 101), ხოლო რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა – 10 288. საქართველოში ქორწინებისთვის შედარებით პოპულარული სეზონი შემოდგომაა, ამ სეზონზე ქორწინების რეგისტრაციის 32% მოდის.
ქორწინებათა რაოდენობის შემცირების პარალელურად, ბოლო წლებში პირველი ქორწინების ასაკი გაიზარდა. “საქსტატის” თანახმად, 2008 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 25 წელი იყო, ხოლო მამაკაცებისთვის – 28,8 წელი; 2018 წელს ქალების ასაკმა 27,7 წელს მიაღწია (2016 წელს – 27,2 და 2017 წელს – 27,4), ხოლო მამაკაცების – 30,4 წელს (2016 წელს – 30,1 და 2017 წელს 30,2).
ქართველი დემოგრაფების აზრით, საქართველოში ქორწინებათა რაოდენობის შემცირების ტენდენცია განპირობებულია იმით, რომ ქვეყნის მოსახლეობა იზიარებს ევროპაში მიღებულ “გვიანი” ქორწინების პრაქტიკას.