ფერწერული ნამუშევრების კოლექციონერობა, მხოლოდ მატერიალურად უზრუნველყოფილებს შეუძლიათ, თუმცა არც ეს არის საკმარისი და საჭიროა ასევე ფერწერის არა მხოლოდ გაგება, არამედ მისი სიყვარული. იგივე მოეთხოვებათ არტ-დილერებსაც, რომლებიც კოლექციონერებს სასურველი ნივთის პოვნაში ეხმარებიან. ორიგინალურის ყალბისგან და ყალბის კომერციული ტილოსგან გარჩევის ანბანი დიდი ხანია შეისწავლა ამ სფეროს სპეციალისტმა, ტერლემეზიანის სკოლის კურსდამთავრებულმა სამველ ავარისიანმა.
კაპიტალიზმის ზვიგენები
სამველის თქმით, ფერწერული ნამუშევრების კოლექციონერი არის, როგორც კაპიტალიზმის ზვიგენი. ამ ადამიანებს თავიანთი კოლექციების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორც ბიზნესისადმი, თუმცა მათ შორის განსხვავება ქველმოქმედებაა, უფრო ზუსტად – მხარდაჭერა. მდიდარ კოლექციონერს ძალიან ადვილად შეუძლია, ამის სურვილი თუ აქვს, დამწყები და უცნობი მხატვრის ნამუშევრების მსოფლიოში გავრცელება. საერთოდ კი, ფერწერა ხელოვნების სპეციფიკური სახეობაა და ხშირად მხატვარს, გარდაცვალების შემდეგ აღიარებენ. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. დღეს ბევრი მხატვარი თავის წარმატებას სწორედ ამა თუ იმ კოლექციონერს, ამ შემთხვევაში მეცენატს უნდა უმადლოდეს.
აბსოლუტურად მართალია: ფერწერული და ხელოვნების სხვა ნამუშევრების კოლექციონერობა და მათი ავტორის წინსვლა პარალელური პროცესია, თუ რა თქმა უნდა იგი იმ ადამიანის თვალთახედვაში მოხვდა, რომელსაც შეუძლია და სურს კიდეც მისი გაპიარება. ამისთვის კოლექციონერი აწყობს მის გამოფენებს, უკვეთავს სტატიას შესაბამისი თემატიკის გამომცემლობაში და რაღა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მის მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას, ყველა ტილოს ყიდულობს. მოთამაშის მთელი ინტერესი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მან პირველმა დაინახოს და აღმოაჩინოს სხვებისგან განსხვავებული და პერსპექტიული მხატვარი. როგორც სამველი ამბობს: “უნდა შეგეძლოს მხატვრის შემოქმედების შეფასება იმისგან დამოუკიდებლად, თუ მასზე რამდენის გამომუშავება შეიძლება, ან რამდენად სწრაფად მოხდება ეს”.
თითოეულს თავისი მეთოდი აქვს, მაგრამ ფერწერული ნამუშევრების სერიოზული შემგროვებლებისთვის მთელი რიგი საერთო წესებიც არსებობს. თუ კოლექციონერი ობიექტურია და საკუთარ გემოვნებაში ეჭვი ეპარება, არ სურს, ან ვერ ხედავს მისი განვითარების საშუალებებს, თუ იგი მთლიანად ექსპერტებს ენდობა, თუ იგი საკუთარი კოლექციის, ან მისი გარკვეული ნაწილის დემონსტრირებას გაურბის, ასეთ შემთხვევეში წარუმატებლობა გარანტირებულია, ყოველ შემთხვევაში, თუ საუბარი თანამედროვე ხელოვნების კოლექციებზეა.
ნაკლებად ცნობილი, თანამედროვე ავტორების ნამუშევრების კოლექციონერობის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ კოლექციონერები მხოლოდ საკუთარ გემოვნებას, აღქმის უნარს და შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველებას უნდა ენდონ. თუ ტილო კოლექციონერის სულში, რაღაც კვალს არ ტოვებს და მის შესახებ ვერაფერს ყვება, ასეთი მხატვრის არჩევა არ ღირს. მეტყველი სურათები – ჭეშმარიტი ხელოვნების ნიშანია და თავად მხატვარიც თავის სფეროში განსაკუთრებული უნდა იყოს. ის დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც მხატვრები სენტიმენტალურ განმარტოებით ქმნიდნენ სურათებს, მეცენატები კი მათ გარშემო ფეხის ცერებზე დადიოდნენ.
დღეს, თუ მხატვარი არ ასწავლის მეცენატს ცხოვრებას და პირადი თვალსაზრისით რაიმე საინტერესოს არ წარუდგენს, ან თავად არ აღიარებს ზედმიწევნით საკუთარ შემოქმედებას, საეჭვოა მისმა ნამუშევრებმა ვინმე გაამდიდროს – ან ფულით, ან ემოციით. აქედან გამომდინარე, კოლექციონერები აქტუალურ ფერწერულ ნამუშევრებს კი არ ეძებენ, არამედ – აქტუალურ და ორიგინალურ მხატვრებს. ეს თანამედროვეობის უნივერსალური წესია.
სომხური ფერწერის კოლექციონერები
სამველი პირადად იცნობს მსოფლიოს, რამდენიმე სერიოზულ კოლექციონერს, რომლებიც სომხური კლასიკური და თანამედროვე ფერწერით ინტერესდებიან. ასეთი ადამიანი, არც ისე ბევრია, მაგრამ მათ შორის უნდა დასახელდნენ ამერიკელი ჯეფრი ენგელსი და ჯიმი ბარტონი, რომლებიც სომხეთში იყვნენ. ენგელსი სომხეთის მაშინდელ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანსაც კი შეხვდა.
ბარტონის და ენგელსისთვის სომხური ფერწერა მათი კოლექციონერული გატაცების ნაწილია. ისინი მსოფლიო დონის ძალზედ ძვირადღირებულ ფერწერულ ნამუშევრებს ფლობენ.
სომეხ მხატვრებზე კონცენტრირებული ყველაზე სერიოზული კოლექციონერი თურქეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი, “ქარხნების, გაზეთების, მატარებლების” მფლობელი, სტამბულელი ონო აივაზი (ოვანეს აივაზიანი) არის.
შესაძლოა, აბსოლუტური ფინანსური და მორალური დამოუკიდებლობის და უდიდესი გამბედაობის და პრინციპულობის მფლობელი უნდა იყო, რომ სტამბოლის ცენტრში სომხური ფერწერის პროპაგანდა გაბედო. საერთოდ, ამ ქალაქში ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობა არც ისე განვითარებულია, გალერეები შედარებით ცოტაა, გამოფენები კი, ყველაზე წარმომადგენლობითი, “სტამბოლი-ექსპოს” და სტამბოლის ბიენალეს დროს ეწყობა.
სამველის თქმით, პარიზმა, როგორც ხელოვნების მსოფლიო ცენტრმა, დიდი ხანია უკანა პლანზე გადაინაცვლა. იგი ნიუ-იორკმა შეცვალა, რომლის ავტორიტეტიც დიდი ხნის განმავლობაში შეურყეველი იყო. დღეს კი, ნიუ-იორკის ლიდერობა ჰონგკონგმა დაიკავა. სწორედ იქ, აზიის ცენტრში იქმნება ფერწერის და არა მხოლოდ, ზოგადად სახვითი ხელოვნების თანამედროვე ტენდენციები. ნიუ-იორკში წელიწადში შესაძლოა 30-40 გალერეა დაიხუროს და იმდენივე გაიხსნას, ჰონკონგში კი ვითარება ბევრად უფრო სტაბილურია.
დავუბრუნდეთ ისევ ონო აივაზს. მისი ინტერესების სფეროს, სომხური კლასიკური ფერწერული ნამუშევრები და ზოგიერთი თანამედროვე მხატვარი წარმოადგენს. ბევრი ასეთი მხატვრის სურათებს, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ აივაზი ყიდულობს. კლასიკოსებს შორის იგი უპირატესობას ანიჭებს: ბაშინჯაგიანს, მარკოს გრიგორიანს, პოლ კირაკოსიანს. სამველი ამბობს, რომ აივაზს სარიანთან და აივაზოვსკთან კავშირი ვერ დამყარდა. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ.
აივასოვზკის ტილოსთან დაკავშირებით სამველმა ერთი ისტორია გაიხსენა. ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას აივაზს თვალში აივაზოვსკის ნაშრომი მოხვდა, სადაც ასახულია თურქების მხრიდან მორიგი დარბევის დროს, სომხების გემიდან გადაყრის ეპიზოდი. აივაზს სურდა ტილოს შეძენა იმ მოტივით, რომ ასეთი შინაარსის სურათი აუცილებლად სომეხთან უნდა ინახებოდეს. სამველი გამყიდველებს დაუკავშირდა და პირობებზე შეთანხმდნენ. ამ ყველაფერს ორი დღე დასჭირდა. ტილოს შესაძენად მისული სამველის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აივაზოვსკის ნახატი გაყიდული დახვდა.
ეს უიშვიათესი დამთხვევაა, რადგანაც აივაზოვსკის ტილოებზე ღამის რიგები არ დგას, თუნდაც მათი ძალიან მაღალი ფასის გამო. ამჯერად ონო აივაზს არ გაუმართლა, თუმცა მისი პიროვნებიდან გამომდინარე, თავისას მაინც მიაღწევს და აივაზოვსკის ამ სერიიდან სურათს მაინც შეიძენს.
ფერწერული ნამუშევრების კოლექციონერი გარკვეულწილად მოთამაშეა. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების ნიმუშების შეგროვება სახიფათო საქმიანობაა, რადგანაც თან ახლავს უდიდესი ხარჯები, ქურდობები, ყაჩაღობა და მკვლელობაც კი. სწორედ კერძო კოლექციონერების სახელები ისმის სხვადასხვა თაღლითობების, გაყალბებების და კანონის სხვადასხვაგვარი დარღვევების საქმეებში.
საერთოდ, გაგება “შემგროვებელი” და “კოლექციონერი” განსხვავებული არსის მატარებლები არიან. ნებისმიერი რამის შეგროვება შეიძლება: მარკების, ასანთის კოლოფების, ან “მატრიოშკების”. კოლექცია კი თემატურად, განსაკუთრებულად შერჩეული, მაღალი მხატვრული დონის და შეუდარებელი ხარისხის ორიგინალური ნაშრომებია. გარდა ამისა, კოლექციონერს უნდა შეეძლოს სხვის სასარგებლოდ თავისთვის ყველაზე სასურველ ტილოზეც კი თქვას უარი. მაგალითად, ონო აივაზს არ შეუძლია იმ ტილოების შეძენა, რომლებიც მაგალითად ერმიტაჟის საკუთრებად ითვლება, სამაგიეროდ, მის კოლექციაში ერმიტაჟის ექსპონატებისთვის შესაფერისი სურათებიც არის.
მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა