ქართველმა იმპორტიორებმა წინა თვესთან შედარებით მარაგი, არაოფიციალური მონაცემებით 30%-ით შეაიმცირეს. პრობლემა ბიზნესის თითქმის ყველა სეგმენტშია, მათ შორის, სურსათის სფეროშიც. იმპორტიორები შესაძლო გაძვირებაზეც საუბრობენ, მაგრამ რა მაჩვენებლით მოიმატებს ფასები და როდიდან გაძვირდება შემოტანილი პროდუქტი, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ბიზნესმენები შიშობენ, რომ მარაგის შემცირების გამო, შესაძლოა, რომელიმე პროდუქტი დეფიციტური გახდეს და შემდეგ მოულოდნელად გაძვირდეს, ამის მიზეზი კი უკვე არა დოლარის კურსი, არამედ ბაზარზე წარმოქნილი დეფიციტი გახდეს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია.
შპს “ამბარი” რუსეთიდან ფქვილის იმპორტს ახორციელებს. კომპანიის დირექტორის კობა დოქაძის თქმით, მარაგის კლების ტენდენცია მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდა და ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა არც ამ ეტაპზეა. “რეალიზაციამ აშკარად იკლო, მინიმუმ 20%-ით და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
იუხედავად იმისა, რომ ფქვილი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, მარაგის შემცირება ამ იმართულებითაც დაგვჭირდა. ფქვილი ისეთი სეგმენტია, რომ არ შეიძლება გაუყიდავი დარჩეს, თუმცა რეალიზაცია არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა სახარბიელო”, – ამობს კომპანიის დირექტორი.
ცვლილებაზე საუბრობენ იმპორტიორი კომპანია “ჯიდი ჰოლდინგშიც”, სადაც განმარტავენ, რომ ლარის კურსის გამო ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება. კომპანიის წარმომადგენელთა შეფასებით, ფასები არა მარტო იმპორტირებულ, არამედ ადგილობრივ ნაწარმზეც მოიმატებს, რადგან ადგილობრივ მწარმოებლებს ნედლეული საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში შემოაქვთ.