საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს მიუახლოვდა. ქვეყანა წელს მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა კვლავ „ნაციონალური მოძრაობაა“. ხელისუფლება არჩევნებზე ქუდზე კაცს ეძახის.
ერთი მხრივ „ქართულ ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის იბრძვის და საკუთარ ამომრჩეველს სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას ჰპირდება, მეორე მხრივ – ნაციონალების ფრთის ქვეშ ჩამოყალიბებულ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს კოალიციური მთავრობა სურთ და ძალებს არ ზოგავენ არჩევნების შემდგომი არეულობისა და რევოლუციური სცენარისთვის. დანარჩენი პოლიტიკური ძალები, მათ შორის, კონსერვატორები და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთგული ამომრჩევლის იმედად არიან.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება 23 ოქტომბერს, დედაქალაქში, ტრადიციულად, თავისუფლების მოედანზე გამართა. მანამდე, 20 ოქტომბერს იყო ოპოზიციისა და „თბილისი პრაიდის“ ერთობლივი მარში. ერთი სიტყვით, მეტოქეებმა ერთმანეთს ძალები დაატოლეს და მხარი მოუსინჯეს. ახლა მისი აღმატებულება ქართველი ხალხის ჯერია, ვის გამოუცხადებს ის ჭარბ ნდობას.
ამ არჩევნების კიდევ ერთი გამოწვევაა მსოფლიოში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება. ქვეყნის რეგიონებში გამართული შეხვედრების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შემაჯამებელი სიტყვა თავისუფლების მოედანზე წარმოთქვა. მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ევროინტეგრაცია, ეს არის ხელისუფლების სამი ძირითადი დაპირება მომავალი 4 წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ „ქართული ოცნება“ კვლავ ხელისუფლებაში დარჩება.
„ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო კამპანია ბერა ივანიშვილმა დახურა, ისევე, როგორც 2012 წელს. უცვლელი იყო ბერას სიმღერაც და დასკვნითი სიტყვის ავტორიც. ბიძინა ივანიშვილი თბილისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ათეული ათასობით ადამიანს დაჰპირდა, რომ 12 წლის განმავლობაში მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლას ლოგიკურ კულმინაციამდე – ევროინტეგრაციამდე მიიყვანს. ივანიშვილის პროგნოზით, საქართველოს ევროკავშირის წევრობა 2030 წლისთვის გარდაუვალია.
“ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ მოქალაქეებს 12-წლიანი მმართველობის ანგარიში ჩააბარა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გააკეთონ ომსა და მშვიდობას, მონობასა და თავისუფლებას, სიღარიბესა და კეთილდღეობას შორის. ბიძინა ივანიშვილი ტრიბუნიდან ხალხს ესაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტზე, გასამმაგებულ ეკონომიკაზე, მუდმივად პროგრესირებად მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და მიღწევებზე, რომლებიც საერთაშორისო რეიტინგებში აისახა.
თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ უამრავ ადამიანს ამბიციურ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.
„მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 130 მლრდ ლარს მიაღწევს, ქვეყნის ბიუჯეტი 40 მლრდ ლარს გადააჭარბებს, შევქმნით 200 ათას ახალ სამუშაო ადგილს, საშუალო ხელფასი 3500 ლარს მიაღწევს, ხოლო სიღარიბე 4%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების ერთგულება, ქვეყნის სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ასევე, ის მთავარი გზავნილებია, რომლებიც სცენიდან „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს ორგზის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა. მან შეკრებილ მოსახლეობას სააკაშვილი რეჟიმის წლები კიდევ ერთხელ შეახსენა და დასძინა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ბიძინა ივანიშვილმა თავგანწირვისა და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი მისცა ყველას.
„გვერდს ვერ ავუვლი უცხო ქვეყნების მსახური აგენტურის „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულ, ბოროტ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა საშინელი უბედურებები, ჩაგვრა, ძალადობა, ტერორი, შიში, ომი, ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, 300 ათასი გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქე, ათასობით გაუბედურებული ოჯახი, რეჟიმის მიერ ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, უდანაშაულო პატიმრები, მათ მიერ შექმნილ ჯოჯოხეთურ ციხეებში ადამიანების წამება ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით, ტანჯვა, გაუპატიურება ადამიანების, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, მედიის მიტაცება და დახურვა, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ბიზნესის რეკეტი, ქონებების წართმევა და სხვა უამრავი სისტემური დანაშაულები, რაც ყოველდღიურობა იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად შეკრებილ მოსახლეობას მადლობა მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმაც გადაუხადეს.
„თქვენ ასეთი მაგრები რომ არ ყოფილიყავით, ასე მაგრად რომ არ დაგვდგომოდით გვერდით იმ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც რამდენიმე ეტაპი მოვიგეთ, ვერ გავიმარჯვებდით და კიდევ გავიმარჯვებთ. 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის გულწრფელობის ოპოზიციაში არ სჯერათ. მართალია, მათ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად მისული ადამიანების სიმრავლე ვერ უარყვეს, თუმცა ამტკიცებენ, რომ ეს „ოცნების“ საარჩევნო ხმებში არ აისახება. მათი აზრით, ხალხი რეგიონებიდან თბილისში ძალით ჩამოიყვანეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა კი „ოცნების“ მხარდამჭერებს „დაღრეჯილი“ და „ნარკომანი“ უწოდა.
„სახეზე რომ აწერიათ არ ვიცი როგორ გითხრათ, აი, ზემოქმედების ქვეშ რომ არიან. მე რაც ვნახე ტელევიზორში, ეს ადამიანები არც ერთი არ იყო ფხიზელი, იყვნენ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ სავარაუდოდ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა, „ქართული ოცნების“ დასკვნითი ღონისძიების შეფასებისას ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში.
23 ოქტომბრის აქციის შემდეგ, ხელისუფლების ლიდერების აზრით, ყველა დარწმუნდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების მათი ამბიცია, არის რეალური. თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ეს აქცია იყო გზავნილი როგორც შიდა, ისე გარე ძალებისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს მშვიდობა.
აქციას ფეხდაფეხ მოჰყვა „გორბის“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები სადაც „ოცნებას“ 60,2% აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას” მასთან გაერთიანებულ პარტიებთან ერთად – 15,4%; გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას – 9.0%, მამუკა ხაზარაძის გაერთიანებას – 3.3 %; გიორგი გახარიას პარტიას – 2.9 %; „გირჩს” – 2.8 %.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის ნანა კაკაბაძის მოსაზრებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა არჩევანს აკეთებთ არა მხოლოდ ომსა და მშვიდობას, არამედ ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმსა და გიგა ბოკერიას ფსევდო ლიბერალიზმს შორის.
მისივე განმარტებით, ლიბერალიზმისგან განსხვავებით, ფსევდო ლიბერალიზმი ტოტალიტარიზმის ნაირსახეობაა. ის კრძალავს განსხვავებულ აზრს, სპობს ტრადიციულ ღირებულებებს და ამკვიდრებს ფსევდო ფასეულობებს, წინა პლანზე წამოწევს სქესობრივი თავისუფლების იდეას, ახალისებს სქესის არჩევის და შეცვლის უფლებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.
ნანა კაკაბაძე ასევე აუცილებლობად მიიჩნევს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას და ქართული ნიურნბერგის პროცესის მოწყობას. ამ თვალსაზრისით პარალელს ნაცისტურ გერმანიასთან ავლებს.
მისივე თქმით, რომ არა გერმანელი ფაშისტების მიმართ თავის დროზე ჩატარებული ნიურნბერგის პროცესი, ნაცისტურ პარტიას გერმანიაშიც დარჩებოდა სოლიდური რაოდენობის მომხრეები და შეიძლება ის დღესაც გერმანიის პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილე ყოფილიყო. მოკლე პერიოდში, გერმანიის გათავისუფლება ნაცისტური იდეოლოგიისგან, შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმ გარემოებით, ფაშიზმის მომხრეებს და მიმდევრებს არ დაუტოვეს ამ პარტიის რეანიმირებისა და ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა.
„ფაშიზმის განადგურებიდან გასული თითქმის 80 წლის შემდეგაც დევნიან იმ ფაშისტ დამნაშავეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ასეთი სახის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნიათ“, – ამბობს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ხშირად საყვედურობდნენ, რომ მან „ნაცმოძრაობა“ სპეციალურად შეინარჩუნა, რათა ამ კომპრომეტირებული პოლიტიკური პარტიის ფონზე, ხალხს უფრო გაადვილებოდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. თავის მხრივ, „ოცნების“ ლიდერები აპელირებდნენ იმაზე, რომ დასავლეთმა არ მისცა მათ თავის დროზე ნაცების გასამართლების საშუალება.
„ძნელია დაზუსტებით ამტკიცო, რომელი ვერსიაა სწორი, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურ ველზე ნაცების პარტიის დატოვებამ გამოიწვია მათთვის მხარდამჭერების შენარჩუნება და გასული 12 წლის მანძილზე ვერ მოხდა ამ პარტიის ჩანაცვლება ცივილიზებული, ქვეყანაზე მზრუნველი პოლიტიკური ძალით“, – განუცხადა Dalma News-ს ნანა კაკაბაძემ.
შორენა ქარჩავა